ანდრონიკაშვილი ალექსანდრე სიმონის ძე(1871-20 მაისი 1923) თავადი, გენერალ-მაიორი (1917), 1917-18 მე-20 საარმიო კორპუსის შტაბის უფროსი, 1918-21 გენერალური შტაბის უფროსი და სამხედრო სკოლის უფროსი, წმ. გიორგის ოქროს იარაღი (1916). დაბადების ადგილი: სოფელი სიღნაღი, თელავის მაზრა.
დაამთავრა სანქტ-პეტერბურგში კონსტანტინეს მე-2 სამხედრო სასწავლებელი 1891 წელს და გენერალური შტაბის აკადემია 1905 წელს (1-ი თანრიგით).
ჯარში მსახურობდა 1889 წლიდან, ყარსის (თურქეთი) საციხოვნო არტილერიაში, მოგვიანებით ალექსანდროპოლის (ლენინაკანი) საციხოვნო არტილერიაში და, კავკასიის საალყო საარტილერიო პოლკში. 1906-1907 წლებში მსახურობდა ლაიბ-გვარდიის მე-13 ერევნის პოლკში. 1907-1908 წლებში მსახურობდა უსურიის ცხენოსანი ბრიგადის სამმართველოს უფროს-ადიუტანტად. 1908-1909 წლებში მსახურობდა დავალებათა ობერ-ოფიცრად ომსკის სამხედრო ოლქის შტაბში. 1909-1912 წლებში მსახურობდა უფროს ადიუტანტად 36-ე ქვეითი დივიზიის შტაბში. 1913 წელს მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება.
1912-1914 წლებში მივლინებული იყო ალექსეევსკის სამხედრო სასწავლებელში, ტაქტიკის კურსის მასწავლებლად. მონაწილეობდა (1914-1918) წლების პირველ მსოფლიო ომში. ომის დროს მსახურობდა მე-20 არმიის შტაბში. 1914-1916 წლებში დროებით ასრულებდა 75-ე ქვეითი დივიზიის შტაბის უფროსის მოვალეობას. 1916-1917 წლებში - იყო 298-ე მსტისლავის (ბელორუსია) ქვეითი პოლკის მეთაური, 177-ე ქვეითი დივიზიის შტაბის უფროსი. 1917 წლის 10 ივნისს დროებითმა მთავრობამ დანიშნა იგი მე-20 საარმიო კორპუსის შტაბის უფროსად. 1918-1921 წლებში მსახურობდა ქართულ ჯარში. იყო გენერალური შტაბის უფროსი, სამხედრო სკოლის უფროსი. 1921 წელს რუსეთთან ომის დროს მეთაურობდა ტფილისის ფრონტის კოჯორ-ტაბახმელის მონაკვეთს, და 1919-1924 წლების თებერვლის ბრძოლებში მიაყენა წითლების 21-ე არმიის ნაწილებს დიდი ზარალი. უკან დახევისას მეთაურობდა არიერგარდის ნაწილებს. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ 1921-1923 წლებში მსახურობდა საქართველოს წითელ არმიაში. იყო ქართული სამეთაურო კურსების უფროსი, საქართველოს წითელი არმიის სარდალი და ქართული წითელი არმიის სამხედრო სკოლის შტატიანი მასწავლებელი. 1923 წელს გადაიყვანეს რეზერვში. 1921 წლის ოკუპაციის შემდეგ ანდრონიკაშვილი გახდა ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი. 1923 წლის თებერვალში ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სტუდენტთა კომიტეტის წევრმა კ. მისაბიშვილმა გასცა სამხედრო ცენტრი. 1923 წლის 19 მაისს ალექსანდრე ანდრონიკაშვილი დააპატიმრეს. მასთან ერთად დააპატიმრეს სამხედრო ცენტრის წევრები: გენერალი კოტე აფხაზი (სამხედრო ცენტრის ხელმძღვანელი), გენერალი ვარდენ წულუკიძე, პოლკოვნიკი როსტომ მუსხელიშვილი, პოლკოვნიკი ელიზბარ გულისაშვილი, როტმისტრი ლევან კლიმიაშვილი, როტმისტრი სიმონ ბაგრატიონ-მუხრანელი, კაპიტანი ფარნაოზ ყარალაშვილი, იასონ კერესელიძე (გენერალ ლეო კერესელიძის უმცროსი ძმა), სიმონ ჭიაბრიშვილი, ივანე ქუთათელაძე და ნიკოლოზ ზანდუკელი. 1923 წლის 20 მაისს ისინი დახვრიტეს ტფილისში, დღევანდელი "ვაკის პარკის" ტერიტორიაზე. საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისათვის 1916 წელს დაჯილდოვდა წმინდა გიორგის ოქროს იარაღით. ქართველი გენერალ-მაიორი.