დავითი გამეფებისას 29 წლისა იყო. სოლომონ I–ის მიერ ტახტზე მემკვიდრედ გამოცხადებულ დავით არჩილის ძეს (მომავალი სოლომონ II) ამ დროისათვის 12 წელი შესრულებოდა და პაპის – ერეკლე II–ის კარზე იზრდებოდა. ამით ისარგებლა დავით გიორგის ძემ და პაპუნა და ზურაბ წერეთლების, ბერი წულუკიძის, კაცია II დადიანისა და გიორგი V გურიელის ხელშეწყობით გამეფდა.
დავითმა 1784 წლის თავი მეფედ გამოაცხადა და 26 აპრილს (ახ. სტ. 9 მაისი) დადო ფიცი, რომლის ძალითაც სოლომონ I–ის პოლიტიკის გაგრძელებას კისრულობდა. მის მომხრედ გამოდიოდა რუსეთიც, რომელსაც მეფემ იმავე წელს ქვეშევრდომობა სთხოვა. რუსეთის მთავრობა მაშინვე ჩაერია იმერეთის საქმეებში და 1784 წლის მაისში დავით გიორგის ძე და ერეკლე II მოარიგა: იმერეთის მეფე იძულებული გახდა, დავით არჩილის ძე თავის მემკვიდრედ გამოეცხადებინა, მისთვის საუფლისწულო მიეცა და სრულწლოვნების მიღწევის შემდეგ ტახტიც დაეთმო. დავით გიორგის ძე ცდილობდა, დიდ ფეოდალთა გავლენისაგან გათავისუფლებულიყო და თავისი ერთგულნი (ელიზბარ ერისთავი და სხვები) დააწინაურა. ამით პაპუნა წერეთელი, ბერი წულუკიძე და სხვა დიდი თავადები მტრად გადაიკიდა. იმერეთის რუსეთთან დაახლოებამ ოსმალეთი დააფრთხო და მან იმერეთის მეფედ ქაიხოსრო ლევანის ძე აბაშიძე გამოაცხადა. იმავე დროს, სტამბოლიდან ტახტის მეორე მაძიებელი, რაჭის ერისთავის ვაჟი, გიორგი ("ქიორ–ბეიდ" – ცალთვალად წოდებული) გამოემართა. ოსმალეთი აშკარად ამზადებდა დასავლეთ საქართველოში შემოჭრას. ამ რთულ ვითარებაში მეფემ გაბედულად იმოქმედა: შემოირიგა ზურაბ და პაპუნა წერეთლები და წულუკიძეს მორჩილება გამოაცხადებინა. 1785 წლის მიწურულს, რუსეთის აქტიური ჩარევის შედეგად, თურქეთი იძულებული გახდა უარი ეთქვა იმერეთში თავისი კანდიდატის გამეფებაზე. თუმცა, თურქთა მარბიელი რაზმების თარეში არ წყდებოდა. 1785 წელს მეფემ რაჭის ერისთავის ძე – გიორგი შემოირიგა და ახლად აღდგენილი რაჭის საერისთავო ჩააბარა; 1786 წელს კი წულუკიძის, წერეთლისა და დავით არჩილის ძის იმერეთში შემოსული ჯარი დაამარცხა. ეს ჯარი მეფის მოწინააღმდეგეებს ახალციხის ფაშა სულეიმანმა დაახმარა.
1784–1786 წლებში ქუჩუკ–კაინარჯის ზავის გამო რუსეთმა დასავლეთ საქართველოში თურქთა პრეტენზიებს აშკარა ძალა ვერ დაუპირისპირა. 1787 წლის ივნისში დავით II–ის რწმუნებებით აღჭურვილი ახალი ელჩი – ბესარიონ გაბაშვილი რუსეთს გაემგზავრა, მაგრამ პეტერბურგში მხოლოდ 1789 წელს ჩააღწია. 1787 წელს დავითმა საჯავახო გურიელს დაუმტკიცა.
1790 წელს დავით II ახალციხის ფაშას და ლევან აბაშიძის დახმარებით იმერეთში შეიჭრა და მოახერხა ტახტის ძალზე მცირე ხნით დაუფლება, თუმცა დავით არჩილის ძემ იმავე წელს დაიბრუნა ტახტი. 1791 წელს დავით II, ერეკლე II–ის შუამდგომლობით, იმერეთში დაბრუნდა და საუფლისწულო მამული მიიღო და ერთხანს იქ ცხოვრობდა. 1792 და 1794 წლებში, ლეკთა ჯარისა და მომხრე დიდებულთა დახმარებით, იგი კვლავ შეეცადა გამეფებას, მაგრამ დამარცხადა და ისევ ახალციხის საფაშოში გადაიხვეწა, სადაც 1795 წლის 11 იანვარს ყვავილით გარდაიცვალა. დაკრძალულია ჯრუჭის მონასტერში.