ჯორჯიკია კონსტანტინე(ჯაჯუ)(1885-1953) ჩაირიცხა ვალაბრის (საფრანგეთი) სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის აგრო-ბიოლოგიურ ფაკულტეტზე 1904 წელს.
1907 წელს დაბრუნდა სამშობლოში და ქუთაისის სკოლებში ასწავლიდა ფრანგულ ენასა და ბუნებისმეტყველებას; 1911 წლიდან იყო საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების ქუთაისის განყოფილების გამგეობის დამფუძნებელი წევრი; 1921-1931წწ. - სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმის დირექტორი; XXს. 10-იანი წლებიდან მისი მინიატურები, მოთხრობები და თარგმანები იბეჭდებოდა ჟურნალ-გაზეთებში - "სახალხო გაზეთი", "იმერეთი", "კოლხიდა", "სამშობლო", "გრდემლი", "ოქროს ვერძი" და სხვა; იმდროინდელი ქართული კრიტიკა მის შემოქმედებას მაღალ შეფასებას აძლევდა; 1914 წელს გამოვიდა მწერლის თხზულებათა პირველი კრებული; 1925 წელს - მეორე - "ფერადი მოთხრობები"; ავტორია აგრეთვე ფრანგული ენის სასკოლო სახელმძღვანელოებისა; 1931 წლიდან მოღვაწეობდა თბილისში, უმთავრესად პედაგოგიურ სარბიელზე (საქართველოს თეატრალური ინსტიტუტი, ყოფილი 23-ე სკოლა და სხვა); 1944 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე იგი თბილისის ვაჟთა I საშუალო სკოლის დირექტორი იყო; მან დიდი წვლილი შეიტანა სკოლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზისა და სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის გასაუმჯობესებლად, ფართო ასპარეზი დაუთმო მოსწავლეთა საგნობრივ, ლიტერატურულ, თეატრალურ და სხვა შემოქმედებას, ამასთან მოსწავლეებს უნერგავდა დიდსულოვნებასა და პატრიოტიზმს; დაჯილდოებული იყო სახელმწიფო ორდენებითა და მედლებით; საზოგადო მოღვაწე.
წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002.-გვ.1011-1012
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი
ბიბლიოგრაფია
- ფერადი მოთხრობები (ავტორი) // წ. 2. - ქუთაისი, ადგილობრივ მეურნეობის სტამბა, 1925. - 67გვ.
- თხზულებანი (ავტორი). - ქუთაისი, ნარგიზი, 1914. - 312გვ.
- http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00009889/