ისტორიული ჰერეთის ტერიტორიაზე, თანამედროვე კახის რაიონული ცენტრიდან ორი კილომეტრის მოშორებით, მდინარე ქურმუხის ხეობაში მდებარეობს ქურმუხის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, რომელსაც ადგილობრივი ქართველი მოსახლეობისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ქართულ და უცხოურ საისტორიო წყაროებში ტაძრის აშენების ზუსტი თარიღი ცნობილი არ არის.
თანამედროვე ისტორიოგრაფიაში ქურმუხის ეკლესიის აშენების, აღმშენებლის და დათარიღების შესახებ განსხვავებული მოსაზრებები არსებობს.
ქართულ საისტორიო წყაროებში ქურმუხის ეკლესია პირველად მოხსენიებულია ე.წ. მაღალაშვილისეული სახარების 1310 წლით დათარიღებულ მინაწერში. ამ წყაროში აღწერილია საქართველოს კათოლიკოს -პატრიარქ ექვთიმეს მის იურისდიქციაში მყოფ სხვადასხვა ეპარქიაში მოგზაურობა, მათ შორის გიშ-ქურმუხის ეპარქიაშიც. აღნიშნული მოგზაურობის დროს პატრიარქმა ექვთიმემ მოინახულა გიშ-ქურმუხის ეპარქიის ეკლესიები და ქურმუხის მთავარეპისკოპოსს კირილე დონაურს ყველა ეკლესიისთვის სახარების გადაწერინება დაავალა. როგორც ვხედავთ წყაროში მოხსენიებულია გიშ-ქურმუხის მთავარეპისკოპოსი, რაც იმას ნიშნავს, რომ ქურმუხის ეკლესია აღნიშნულ პერიოდშიც და შემდგომ საუკუნეებშიც ერთ-ერთი საეპისკოპოსო კათედრა იყო. ქურმუხის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე წყალგაყვანილობის ძველი სისტემა შეინიშნება. ეს ფაქტი იმაზე მეტყველებს, რომ აქ მონასტერი იყო და ბერები ცხოვრობდნენ. სხვა შემთხვევაში მთაში, საკმაოდ რთულ ადგილას სასმელი წყლის გაყვანა აუცილებელი არ იქნებოდა. წყალგაყვანილობის სისტემის მოშლა ქურმუხის ტაძრის, როგორც საეპისკოპოსო კათედრის და მონასტრის ფუნქციის დაკარგვამ გამოიწვია, რაც კახეთში შაჰ–აბასის 1614–1617 წლებში გამანადგურებელი შემოსევით და შემდგომ შეცვლილი პოლიტიკური ვითარებით იყო გამოწვეული.
ლიტერატურის ისტორიის ცნობილი ქართველი მკვლევრის ვ. კოტეტიშვილის აზრით, ქურმუხის ეტიმოლოგია მუხის კულტთან არის დაკავშირებული: „მუხის თაყვანისცემა“ ბევრგან იყო გავრცელებული. „მუხის ანგელოზი“ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში დღესაც იხსენიება, განსაკუთრებით კახეთში, ფშავ–ხევსურეთში, ქართლის ყრუ ადგილებში და ჯავახეთში, გარე კახეთში. ქურმუხის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე დღესაც არსებული მუხის ხეები იმაზე მიგვანიშნებს, რომ ქრისტიანობამდე ამ ადგილს საკულტო დანიშნულება ჰქონდა და მუხას სცემდნენ თაყვანს. როგორც საქართველოს სხვა კუთხეებში, ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ მუხის საკულტო ადგილზე ყველგან ღვთისმშობლისა და წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიები შენდებოდა. ქურმუხის ეკლესიის აშენებაც აღნიშნულ მოვლენასთან არის დაკავშირებული. ამ მოსაზრების ჭეშმარიტებას მოწმობს ის ფაქტიც, რომ ტაძარი ჯერ ღვთისმშობლის, შემდგომში კი წმინდა გიორგის სახელობის იყო. ქურმუხის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მუხის ტყე და ადგილობრივი ქართველების ხალხურ მეხსიერებაში ღვთისმშობლისა და წმინდა გიორგის შესახებ შემორჩენილი ლეგენდა–თქმულებებიც ამაზე მეტყველებს.
ქურმუხის წმ. გიორგის ეკლესიის შესახებ ცნობა შემონახულია VIII საუკუნის ანონიმურ მატიანეში, რომელიც ჩართულია ჯუანშერის ქრონიკაში. ამ ცნობის თანახმად, ჰერეთის აღმოსავლეთი ნაწილი შაქი ანუ შაკიხი VIII საუკუნის შუა ხანებში ქართლის ხელისუფალთა მფლობელობის ქვეშ არის მოქცეული. აქ მოღვაწეობს ქართლის ერისმთავარი არჩილი. ანონიმური მატიანე არჩილის წუქეთში მოღვაწეობის შესახებ წერს: „ არჩილ დაჯდა წუქეთს და აღაშენა კასრი“. კასრის ეკლესიის ნანგრევები დღემდე შემორჩენილია. იგი მდებარეობს კახის რაიონში, საყარაულოს მთაზე. მანვე „ აღაშენა ციხე – ქალაქი ნუხპატს – ორთა წყალთა შუა“. მონღოლების მიერ საქართველოს დაპყრობამდე გიშის საეპისკოპოსო კათედრა მხოლოდ გიშში იყო, როდესაც მონღოლებმა ეს მხარე დაიპყრეს და დასახლდნენ, მაშინ „მთავარეპოსკოპოსთაც თავისი კათედრა გადმოუტანიათ სოფელ კაკში, ქურმუხის წმინდა გიორგის ეკლესიაზე, რის გამო ისინი იწოდებოდნენ ხან გიშელ–ქურმუხელ მთავარეპისკოპოსად, ხან ქურმუხელ–გიშელად“.
დიდი ზეწოლისა და საფრთხის მიუხედავად ადგილობრივი ქართველები ფარულად ყოველთვის ქრისტიანები იყვნენ. 1860 წელს „კავკასიაში მართლმადიდებელი ქრისტიანობის აღმდგენი საზოგადოების“ წარმატებული მისიონერული მოღვაწეობა ზაქათალის ოლქში. 1860–1863 წლებში ზაქათალის ოლქში მართლმადიდებლურ სარწმუნოებაზე კვლავ მოქცეულთა რიცხვმა 20 ათასს მიაღწია. როგორც აღვნიშნეთ, ადგილობრივი ქართველი მოსახლეობა ფარულად ყოველთვის მართლმადიდებელი ქრისტიანები იყვნენ. აღნიშნული საზოგადოების აქტიურმა მხარდაჭერამ და მფარველობამ ხელი შეუწყო ღიად ეღიარებინათ მართლმადიდებლობა.
ზაქათალის ოლქში აღნიშნულმა საზოგადოებამ, ადგილობრივი ქართველი მოსახლეობის მხარდაჭერით აღადგინა და ააშენა რამდენიმე ეკლესია, რომელთა შორის ერთ–ერთი ქურმუხის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი იყო. აღნიშნული ეკლესიის აღდგენა მკვიდრი ქართველების დიდი ხნის სურვილი იყო. ისინი გარკვეული დროის განმავლობაში ტაძრის აღსადგენად ფულს აგროვებდნენ, შეგროვილი თანხა 600 მანეთზე მეტი და შემომწირველთა სია მღვდელ მიხეილ ყულოშვილთან ინახებოდა. ეს მნიშვნელოვანი დოკუმენტი სამწუხაროდ დაკარგულად ითვლება. მოსახლეობის მიერ შეგროვილი თანხის გარდა კავკასიაში მართლმადიდებელი ქრისტიანობის აღმდგენმა საზოგადოებამ ტაძრის აღსადგენად 3000 რუბლი გამოყო. ეკლესიის აღდგენის პროექტი შეადგინა დასახელებული ორგანიზაციის არქიტექტორმა ბილფელდმა. საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო საისტორიო არქივში დაცულია ქურმუხის ეკლესიის აღდგენასთან დაკავშირებული ყველა მნიშვნელოვანი დოკუმენტი. ტაძრის აღდგენით სამუშაოებზე კონტროლი საზოგადოების ინსპექტორს მისიონერ ლეონიდ ოქროპირიძეს დაევალა. ეკლესიის მშენებლობა 1891 წელს დაიწყო და 1894 წელს დასრულდა.
ადგილობრივი ქართველი მოსახლეობისათვის ქურმუხის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. მიუხედავად ამისა, ტაძარი დღეს უმოქმედოა. გიორგობის დღესასწაულის გარდა, ადგილობრივ ქართველებს სხვა დროს უფლება არა აქვთ ამ ეკლესიაში წირვა–ლოცვა აღავლინონ.
2004–2005 წლებში აზერბაიჯანის კულტურის სამინისტრომ ქურმუხის ტაძარს სარესტავრაციო სამუშაოები ჩაუტარა. აღდგენილ იქნა ტაძრის დამახინჯებული გუმბათი, რესტავრაცია გაუკეთდა ფანჯრებს, კედლებს და კარებს. ამ დროს მოხდა მნიშვნელოვანი ფაქტი: რეტავრაციის დაწყებამდე ტაძრის გუმბათიდან ჯვარი ჩამოიღეს, რომელიც აღდგენითი სამუშაოების დასრულების შემდეგ კვლავ უნდა აღმართულიყო, მაგრამ რაიონის ძეგლთა დაცვის ხელმძღვანელობამ ჯვრის აღმართვაზე უარი თქვა. რამაც, ადგილობრივი ქართველი მოსახლეობის აღშფოთება გამოიწვია. რამდენიმე დღიანი საპროტესტო აქციის შემდეგ მართლმადიდებელმა მოსახლეობამ ქურმუხის ტაძარზე საკუთარი ძალებით ჯვრის აღმართვა მოახერხეს.
2005 წლის ივლისში აზერბაიჯანის პრეზიდენტს ბ–ნ ილჰამ ალიევს და კულტურის მინისტრს ბ–ნ ფოლად ბულბულოღლის ადგილობრივმა მართლმადიდებელმა მოსახლეობამ 1200 კაციანი ხელმოწერით მიმართვა გაუგზავნა. ისინი ქურმუხისა და ალავერდის ეკლესიებში წირვა–ლოცვის აღვლენის ნებართვას ითხოვდნენ, რაც მათი კონსტიტუციური უფლებაა. ეს მიმართვები განხილულ იქნა აზერბაიჯანის კულტურის სამინისტროს ძეგლთა დაცვის განყოფილებაში. მათი პასუხი ადგილობრივი ქართველი მოსახლეობისათვის შეურაცმყოფელი იყო. ისინი ქურმუხის ტაძარს „ალბანურ ფირს“ უწოდებენ. იმავე დროს რაიონის გამგეობამ გაავრცელა ინფორმაცია ეკლესიის კონსერვაციისა და მუზეუმად გადაკეთების აუცილებლობის შესახებ. ეს ადგილობრივ რაიონულ გაზეთ შელალეში დაიბეჭდა. (შელალე, 2005, 17 სექტემბერი).
2006 წლის სექტემბერში აზერბაიჯანის კულტურის სამინისტრომ საქართველოს კულტურის სამინისტროსთან და საპატრიარქოსთან შეთანხმების გარეშე ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძრის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრები დაიწყო. გათხრილ იქნა ტაძრის საძირკველი, დაახლოებით ერთ მეტრ სიღრმეზე და ხუთ მეტრ სიგრძეზე. აღნიშნული არქეოლოგიური გათხრების დეტალური ანგარიში არ არის გამოქვეყნებული. გათხრების შედეგად „ცნობილი“ გახდა, რომ ტაძარი VIII საუკუნემდე მოქმედი იყო. ჩვენ ქართულ და უცხოურ წერილობით წყაროებზე დაყრდნობით დავასაბუთეთ, რომ აღნიშნული დასკვნა სინამდვილეს არ შეესაბამება.
ქურმუხის ტაძარს ადგილობრივი ქართველი მოსახლეობისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. სამწუხაროდ, მართლმადიდებელი მოსახლეობის სურვილის მიუხედავად დღემდე წირვა–ლოცვის აღვლენა იკრძალება.
ქურმუხის ეკლესიის, ღვთისმშობლისა და წმინდა გიორგის შესახებ ადგილობრივი ქართველების მეხსიერებაში რამდენიმე ლეგენდა–თქმულება შემონახულია.
გადმოცემის თანახმად, წელიწადში ერთხელ – აღდგომა დღეს მარიამ დედა (ღვთისმშობელს ასე მიმართავენ საინგილოში) აღებს ხოლმე ტაძრის ქვემოთ არსებულ გამოქვაბულის კარებს, გამოდის გარეთ და ოქროს სავარცხლით თმას ივარცხნის. ამავე დროს გამოფრინდება ხოლმე შიგნიდან ოქროს მამალი და ყივილს დაიწყებს, ბანს აძლევენ მახლობელი სოფლის მამლები. ერთხელ, როცა ჩვეულებისამებრ გამოვიდა მარიამ დედა და ნაწნავების ვარცხნა დაიწყო, თათარი მიეპარა და დაჭერვა მოუნდომა, მაგრამ ხელი მაშინვე გაუშეშდა. ღვთისმშობელი კი სასწრაფოდ შევიდა გამოქვაბულში და კარები დაიხშო. თათარი შეევედრა ღვღისმშობელს და წმინდა გიორგის, განიკურნა და ქრისტიანობა მიიღო.
ერთ ურწმუნო ვაჭარს თავისი ქარავნით ქურმუხის ეკლესიისაკენ გამოუვლია და ტაძრისთვის შესაბამისი პატივი არ მიუგია. რის გამოც წმინდა გიორგის ისიც და მისი აქლემების ქარავანიც გაუქვავებია.