ბაქრაძე ზაქარია დიმიტრის ძე (22 ოქტომბერი 1868-1939), გენერალ-მაიორი (1918), “წმ. გიორგის” IV (1915) და III ხარისხის ორდენები (1915).
დაწყებითი განათლება მიიღო თბილისის კადეტთა კორპუსში. შემდეგ დაამთავრა მოსკოვის ქვეით იუნკერთა სამხედრო სასწავლებელი. პოდპორუჩიკად გაიგზავნა მე-10 მსროლელთა პოლკში (1894). პორუჩიკი (1898). ჩინეთში ლაშქრობის მონაწილე 1900-1901 წლებში. შტაბსკაპიტანი (1902). დაამთავრა ოფიცერთა სკოლა წარჩინებით. რუსეთ-იაპონიის ომის მონაწილე. კაპიტანი (1904). პოდპოლკოვნიკი (1912). 1913 მსახურობდა ციმბირის მე-9 მსროლელთა პოლკში. I მსოფლიო ომის მონაწილე. პოლკოვნიკი (1914). რუსეთის არმიის მიერ განხორციელებული ყველაზე წარმატებული ე.წ. ბრუსილოვის იერიშის მონაწილე. ერთ-ერთი პირველი შევიდა ლვოვში. გამოირჩეოდა საოცარი პირადი ვაჟკაცობით.
დაჯილდოებული იყო ორდენებით: წმ. ანას მე-4 ხარისხის, წმ. სტანისლავის მე-3 ხარისხის ხმლითა და ბაბთით , წმ. ანას მე-3 ხარისხის ხმლითა და ბაბთით, წმ. ანას მე-2 ხარისხის ხმლით, წმ. ვლადიმირის მე-4 ხარისხის ხმლითა და ბაბთით, წმ. ვლადიმირის მე-3 ხარისხის ხმლით, წმ. გიორგის მე-4 ხარისხის, წმ. გიორგის მე-3 ხარისხის.
1918 წლიდან საქართველოშია. დეკემბერში სომხეთთან ომის დროს მიენიჭა გენერლობა და იყო ოფიცერთა განსაკუთრებული რაზმის ხელმძღვანელი. 1921 წლის თებერვალში თბილისის დაცვის დროს, რადგან არ იმყოფებოდა სამხედრო სამსახურში, მოხალისედ ჩაეწერა. თბილისიდან უკან დახევის შემდეგ დაინიშნა იმ შენაერთების მეთაურად, რომლებსაც მამისონის უღელტეხილიდან შემოჭრილი მოწინააღმდეგე უნდა შეეჩერებინათ.
ოკუპაციის შემდეგ პოლონეთში წავიდა ემიგრაციაში. 1923 წლიდან პოლონეთის არმიის ბრიგადის გენერალია. იყო ქალაქ ბიდგოშცეს კომენდანტი. დაიღუპა ავტოკატასტროფაში.
ზაქარია დიმიტრის-ძე ბაქრაძე
(22.10.1868-03.12.1938)
გენერალი (20.12.1918)
დაიბადა ტფილისის გუბერნიის სოფელ ხაშმში, ცნობილი ქართველი ისტორიკოსის და საზოგადო მოღვაწის – აზნაურ დიმიტრი ბაქრაძის (1826-1890) ოჯახში. დაამთავრა ტფილისის რეალური სასწავლებელი, ალექსანდრეს სახელის სამხედრო სასწავლებელი მოსკოვში და გენერალური შტაბის აკადემია.
თავისი სამხედრო კარიერა დაიწყო 1890 წელს ტფილისის კადეტთა კორპუსში სწავლით. მისი დასრულების შემდეგ 1894 წელს, სამხედრო სამსახური პოდპორუჩიკის წოდებით აღმოსავლეთ-ციმბირის ქვეითთა პოლკში დაიწყო. მონაწილეობდა რუსეთის არმიის ლაშქრობაში ჩინეთში (1900-1901).
1898 წლის 6 ივნისს გადაიყვანეს აღმოსავლეთ-ციმბირის მე-12 ქვეით პოლკში, რომელიც დისლოცირებული იყო ლიუიშუინში, სადაც პირველ ასეულს მეთაურობდა.
რუსეთ-იაპონიის (1904-1905) ომის დროს იყო უშუალო მონაწილე პორტ-არტურის სიმაგრის დაცვისა, აგრეთვე მონაწილეობდა ტიურეჩენის, თხაოიანის, ლიანდიანსანის, ლაოიანის და მუკდენის ბრძოლებში და იანზელინის უღელტეხილთან წარმოებულ ბრძოლაში. ლიაოიანთან ფეხში დაიჭრა. მეთაურობდა სამხედრო «მონადირეთა» რაზმს.
1905 წლის დეკემბრიდან, მეთაურობდა აღმოსავლეთ-ციმბირის მე-3 ქვეითი დივიზიის, პირველ მეტყვიამფრქვევთა ასეულს. ლიუიშუნში ის მეთაურობდა ცხენოსნების რაზმს, ხოლო 1904 წლის 28 იანვრიდან – უკვე ვლადივოსტოკის მე-3 ქვეითთა პოლკს.
ბაქრაძემ ორენბურგის ფეხოსანთა საკაპიტნო სკოლაში გაიარა კურსები და 1907 წლის 6 თებერვალს აღმოსავლეთ-ციმბირის მე- 9 ქვეით პოლკში დაბრუნდა, მეტყვიამფრქვევეთა ქვედანაყოფის მეთაურად.
1908 წლის 13 ივლისიდან მეთაურობდა ბატალიონს.
1912-1913 წლებში იყო საპოლკო სასამართლოს უფროსი.
1914 წელს გადაიყვანეს 54-ე მინსკის ქვეით პოლკში.
აქტიურად მონაწილეობდა 1914-1918 წლების პირველ მსოფლიო ომში.
ვაჟკაცური ქცევის გამო, ქ.ლვოვის აღების დროს, მთავარსარდლის მიერ 1914 წლის 31 დეკემბერს დაჯილდოვდა პოლკოვნიკის სამხედრო წოდებით და ოქროს იარაღით.
1915 წლიდან მეთაურობდა მინსკის ბულგარეთის მეფის სახელის 54-ე ქვეით პოლკს.
დაწინაურდა ბრუსილოვის გარღვევის დროს, ბრძოლაში ზაკლიჩინთან დუნაიცეზე 1915 წლის 3 ნოემბერს, სადაც მან:
« ელვისებური შეტევით სძლია მასზე უფრო ძლიერ მოწინააღმდეგეს და აიძულა იგი გაქცეულიყო ბრძოლის ველიდან. ტყვეთ აიყვანა ავსტრიელი ბრიგადის მეთაური, 10 ოფიცერი, 600 ჯარისკაცი და ხელთ იგდო 4 ტყვიამფრქვევი»-რისთვისაც დაჯილდოვდა «წმ.გიორგის» IV (24.04.1915) ხარისხის ორდენით.
იმავე წელს მან დაიმსახურა ,,წმ.გიორგის,, III (03.11.1915) ხარისხის ორდენიც. იგი უკანასკნელი კავალერია ქართველთა შორის ამ ორდენის ამ ხარისხის ისტორიაში 1769 წლიდან და ერთადერთი 1-ლი მსოფლიო ომის დროს, რომელმაც დაიმსახურა ამ ორდენის ეს ხარისხი. (ავტ.შენიშვნა)
საბრძოლო დამსახურებისა და სამსახურში წარჩინებისათვის დაჯილდოებული იყო:
«წმ.სტანისლავის» III (მახვილებით და ბაფთით-1900) და II (მახვილებით) ხარ. ორდენებით;
«წმ.ვლადიმერის» IV (მახვილებით და ბაფთით-1900) ხარ. ორდენით,
«წმ.ანას» III (მახვილებით და ბაფთით-1901) და II (მახვილებით-1905) ხარ. ორდენებით.
1918 წლის 12 აპრილს დაბრუნდა საქართველოში. 1918 წლის მაისში გავიდა პენსიაში. მას შემდეგ, რაც 1918 წელს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა ჩამოყალიბდა, შეუერთდა ეროვნულ არმიას და გახდა მაღალი რანგის თანამდებობის პირი საქართველოს სამხედრო სამინისტროში.
1918 წლის 20 დეკემბერს სამხედრო მინისტრის №235 ბრძანებით დაინიშნა ოფიცერთა მოხალისეთა ცალკეული პოლკის მეთაურად.
მონაწილეობდა 1921 წლის თებერვალსა და მარტში ბოლშევიკების წინააღმდეგ ბრძოლაში. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, ემიგრაციაში წავიდა.
პოლონეთში 1922 წლის ნოემბერში ჩავიდა და 1923 წლის 13 თებერვლამდე, ქ.რემბერტოვოს ექსპერიმენტულ სასწავლო ცენტრში პოლკის სამეთაურო კურსები გაიარა. 15 თებერვლიდან 1 აგვისტომდე ქ.ტორუნის საიარაღო ცენტრალურ სკოლაში ქვეითთა და არტილერიის სამეთაურო კურსებს გადიოდა. აუცილებელი პრაქტიკის დასრულების შემდეგ, სავარაუდოდ 1926 წლის სექტემბერიდან 1931 წლის 30 ივნისამდე, მსახურობდა მე - 18 ქვეით პომორსკის დივიზიაში, მეთაურობდა ამავე დივიზიას.
პოლონეთის ჯარში სამსახურის დროს მიენიჭა ბრიგადის გენერლის (1923) და დივიზიის გენერლის (1926) სამხედრო წოდებები.
პენსიაზე გასვლის შემდეგ, ცხოვრობდა ქ. ბიდგოშჩში.
ტრაგიკულად დაიღუპა ავტოავარიაში – ქ.ბიდგოშჩის თეატრის მოედანზე, მას საფოსტო ფურგონი დაეჯახა.
ზაქარია ბაქრაძე საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც 1938 წლის 3 დეკემბერს გარდაიცვალა. 6 დეკემბერს ქ.ბიდგოშჩში, 3 მაისის ქუჩაზე მართმადიდებლურ სამხედრო სასაფლაოზე დაკრძალეს.
ომის შემდეგ ეს სასაფლაო განადგურდა, ცხედრები კცინსკის ქუჩაზე და სხვა სასაფლაოზე გადაასვენეს.
ბიოგრაფიული ცნობები გენერალ ზაქარია ბაქრაძეზე ავტორებს მიაწოდა გენერლის შვილთაშვილმა, საქართველო-კავკასიის სტრატეგიული კვლევის ინსტიტუტის დირექტორმა, ბატონმა თეიმურაზ თუმანიშვილმა, რისთვისაც ავტორები უხდიან მას გულითად მადლობას.
ითანამშრომლა მამუკა გოგიტიძე 1963წ აკადემიკოსი
ქართველი გენერლები აჭარიდან ავტორი მამუკა გოგიტიძე სრული სია