ზეგანის (ზაქის) ეკლესია (თურქ. Zeg Manastir — Dirsekkaya) — ეკლესია, მდებარეობს საქართველოს ისტორიულ კუთხე — ერუშეთში, ქალაქ პოსოფთან, სოფელ აკირაზის (ზარაბუკის) ზევით, პატარა მდინარის აყოლებაზე 2-კმ-ში, ქვაღორღიან გორაზე.
ძეგლის შესახებ პირველი ცნობები ექვთიმე თაყაიშვილის 1902 წლის ექსპედიციის გამოქვეყნებული მასალების სახით მოგვეპოვება. ნაშრომში მოცემულია ძეგლის აღწერა, გეგმა და ჭრილი, შესრულებული არქიტექტორ სიმონ კლდიაშვილის მიერ და ალექსანდრე მამუჩაიშვილის რამდენიმე ფოტო. ზემოაღნიშნულ მასალებზე დაყრდნობით ძეგლის არქიტექტურა თავის მონოგრაფიებში განიხილეს ვახტანგ ბერიძემ[ და პარმენ ზაქარაიამ. 1995 წელს ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის ექსპედიციის წევრებს ზეგანი აფეთქებული დახვდათ. ეკლესიის ნანგრევები არქიტექტორ ნინო ბაგრატიონთან და ირინე გივიაშვილთან ერთად ჯგუფმა მოინახულა 1996 წლის 18 სექტემბერს. ჩატარდა ნანგრევთა ხელახალი აზომვა, აღწერა და ფოტოფიქსაცია. ზეგანის შესახებ მნიშვნელოვანი მასალა მოიპოვება კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ინსტიტუტში დაცულ ექვთიმე თაყაიშვილის არქივში, სადაც დაცულია კლდიაშვილისეული, ადგილზე შესრულებული ჩანახაზები, ჩანახატები და გამოუქვეყნებელი ფოტომასალა[. ძეგლის შესახებ ასევე არსებობს თურქულენოვანი გამოცემა ჩილდირის მხარის არქიტექტურის შესახებ, სადაც ზეგნის რამდენიმე ფოტო და სრულიად პრიმიტიული გეგმაა წარმოდგენილი.