მენაბდე, თამაზ იასონის ძე (20 იანვარი 1936) გენერალ-მაიორი, საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილე (1992-1993), თავდაცვის მინისტრის მოადგილე (1995-1998)
დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1958 წელს.
მუშაობდა სხვადასხვა სამშენებლო ორგანიზაციებში და ობიექტების მშენებლობაზე სამუშაოთა მწარმოებლად, უბნის უფროსად, მთავარ ინჟინრად, სამმართველოს უფროსად; 1977-1979წწ. იყო საქართველოს საბაგირო გზების სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე; 1982-1991წწ. საქართველოს მსუბუქი მრეწველობის მინისტრის მოადგილე მშენებლობის დარგში; 1993 წლიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაშია ჯარების განთავსებისა და მშენებლობის მთავარი სამმართველოს უფროსად; 1995 წლიდან იყო თავდაცვის მინისტრის მოადგილე; მინიჭებული აქვს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალ-მაიორის წოდება; მონაწილეობდა სპორტის სასახლის, სახელმწიფო ტელევიზიის, თბილისის საკონცერტო დარბაზის, ქუთაისის მაუდ-სართავი და საჩხერის ბამბის სართავი კომბინატების, ხაშურის საგალანტერიო და შულავერის მარყლის სარეცხი ფაბრიკების, სხვა მრავალი სამრეწველო თუ სამოქალაქო დანიშნულების ობიექტის მშენებლობაში; ხელმძღვანელობდა რიგი სამხედრო ობიექტების მშენებლობა-რეკონსტრუქციას; მისი მონაწილეობითა და კონსულტაციით, არაერთი მაღალეფექტიანი ტექნიკური გადაწყვეტილება განხორციელდა.
წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.398-399