ევგენი პეტრეს ძე გეგეჭკორი (დ. 1 თებერვალი [ ძვ. სტ. 20 იანვარი]1881, მარტვილი — გ. 5 ივნისი, 1954, პარიზი) — მენშევიკი. 1907–1912 III სახელმწიფო სათათბიროს წევრი ქუთაისის გუბერნიიდან. ს–დ ფრაქციის ერთ–ერთი ლიდერი.
1902 წელს დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია, სწავლა განაგრძო მოსკოვის უნივერსიტეტში, იურიდიულ ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1906 წელს. 1903 წლიდან ევგენი გეგეჭკორი გაწევრიანდა რსდმპ-ში. 1903-1904 წლებში იგი აქტიურად მონაწილეობდა სტუდენტურ მოძრაობაში. ევგენი გეგეჭკორი არჩეული იყო მე-3 მოწვევის სახელმწიფო დუმის ქუთაისის გუბერნიის დეპუტატად და სისტემატურად თანამშრომლობდა ლეგალურ სოციალ-დემოკრატიულ გამომცემლობებთან.იყო სდ ფრაქციის ერთ–ერთი ლიდერი. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის პერიოდში ევგენი გეგეჭკორი დაინიშნა ქუთაისის გუბერნიის დროებითი მთავრობის კომისარად. აგრეთვე, იყო ამიერკავკასიის მენშევიკ-ესერთა პირველი მოწვევის ჯარისკაცთა საბჭოს თავმჯდომარე. 1917 წლის 28 ნოემბრიდან იყო ამიერკავკასიის კომისარიატის (სეიმი) პირველი თავმჯდომარე. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში იგი აქტიურად იბრძოდა ბოლშევიკების წინააღმდეგ. 1918 წლის 2 ივნისს გეგეჭკორი დაინიშნა დამოუკიდებელი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად, ხოლო 1919 წლის 12 მარტის დამფუძნებელი კრების გადაწყვეტილების საფუძველზე, გეგეჭკორმა დაიკავა ჯერ საგარეო საქმეთა, ხოლო შემდეგ - 1921 წელს - იუსტიციის მინისტრის პოსტი. 1921 წელს, საქართველოს ოკუპაციის შემდეგ ევგენი გეგეჭკორმა მენშევიკურ მთავრობასთან ერთად დატოვა საქართველო. ჰყავდა შვილი, სოსიკო, რომელიც გარდაიცვალა 16 წლის ასაკში, პარიზში. 1921 წლიდან თეთრი ემიგრანტი.