გოგი გეგეჭკორი (23 თებერვალი 1923-2003) მსახიობი.
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა თბილისის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1944 წელს.
1944 წლიდან იყო შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის მსახიობი, სადაც 120-მდე როლი შეასრულა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო მ. მრევლიშვილის პიესაში "ბედი მგოსნისა" განსახიერებული ნიკოლოზ ბარათაშვილის როლი. სპექტაკლი დიდხანს არ ჩამოსულა სცენიდან და საოცარი პოპულარობა მოუტანა მსახიობს; შემდეგ იყო დონ სეზარი ("დონ სეზარ დე ბაზანი"), მგელი ("ჭინჭრაქა"), ჰამლეტი, გლოსტერი, ბაკინგემი ("ჰამლეტი", "მეფე ლირი", "რიჩარდ მესამე") და სხვ. ნ. დუმბაძის "საბრალდებო დასკვნაში" ტიგრან გულოიანის როლი ხუთასზე მეტჯერ ითამაშა. დ. კლდიაშვილის "სამანიშვილის დედინაცვალს", სადაც პლატონ სამანიშვილის როლს ასრულებდა, საეტაპო მნიშვნელობა ჰქონდა რუსთაველის თეატრისათვის და უცხოეთის რამდენიმე ქვეყანაშიც წარმატებით წარმოადგინეს; მოღვაწეობდა კინოსა და ტელევიზიაში; კინოეკრანზე, ტელეფილმებში და რადიოდადგმებში 100-მდე როლი აქვს შესრულებული. გადაღებულია კინო ფილმებში: ლევანი ("ჭრიჭინა", 1954), ვახტანგი ("აბეზარა", 1956), ბესარიონი ("წარსული ზაფხული", 1959), ნესტორი ("ეთერის სიმღერა", 1956), ნიკო ("ქალის ტვირთი", 1957), მამა ("არდადეგები", 1962), ლოგიკის მასწავლებელი ("ჩემი მეგობარი ნოდარი", 1967), დირიჟორი ("ჩარი რამა", 1972), ფარმაცევტი ("ვერის უბნის მელოდიები", 1973), დათიკო ("აურზაური სალხინეთში", 1975), გალაკტიონი ("ბაკულას ღორები", 1976), ჩაჩიკა ("ნატვრის ხე", 1976), საბა ("ბათა ქექია", 1978), სანდრო კარიძე( "დათა თუთაშხია", 1978), მოსე ("კაცია ადამიანი?!", 1979), ჯანდიერი ("ფესვები", 1987), ივერთ მონასტრის ბერი ("ანთიმოზ ივერიელი", 2001) და სხვ.