სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11124

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
წმიდანები
ღირსი ონოფრე (მაჭუტაძე) გარეჯელი, საკვირველთმოქმედი (XVIII) ხსენება  29 (12ოქტომბერი) სექტემბერი ღირსი ონოფრე (მაჭუტაძე) გარეჯელი, საკვირველთმოქმედი (XVIII) ხსენება  29 (12ოქტომბერი) სექტემბერი
ბმულის კოპირება

წმიდანები

გვარი მაჭუტაძე სია

საგარეჯო გამოჩენილი ადამიანები სრული სია

425       ბეჭდვა

ღირსი ონოფრე (მაჭუტაძე) გარეჯელი, საკვირველთმოქმედი (XVIII) ხსენება 29 (12ოქტომბერი) სექტემბერი

წმიდა ონოფრე გარეჯელი (ერისკაკობაში ოთარ მაჭუტაძე), ქართლელი აზნაური იყო. მდიდარი და სახელგანთქმული დიდებული საოცარი სტუმართმოყვარეობით, უცხოთშემწყნარებლობით, მოწყალებითა და გაჭირვებულთა ნუგეშინისცემით გამოირჩეოდა.


ოთარს საღვთო შური ჰქონდა მონაზვნობისა, აზნაურის შესამოსლის ქვეშ ძაძა ემოსა და გამუდმებით ევედრებოდა უფალს, მიემადლებინა მისთვის მონაზვნური ცხოვრების ძალა. ერთხელ წმიდანმა თავის მეუღლეს უთხრა: „აწ მნებავს მე უარისყოფა სოფლისა და შედგომა ქრისტესი. ამის პირისათვის ვითხოვ კეთილ მორწმუნეობისაგან შენისა, რათა შენდობა მივიღო თქუენ ყოველთა მიერ და მიტევება ბრალთა ჩემთა ნებსითთა და უნებლიეთთა“. კეთილმოწმუნე ქალმა არ დააბრკოლა მეუღლე, შენდობა მისცა და მშვიდობით განუტევა.


ოთარი ორ უფროს ვაჟიშვილთან ერთად ჩავიდა თბილისში, შვილები დალოცა, დაარიგა და გამოეთხოვა. შვილებთან განშორების შემდეგ ოთარმა მიაშურა გარეჯის მონასტერს, რომლის არქიმანდრიტიც იყო გერმანე, კაცი გულითადი ღმრთისა. წინამძღვარმა სიხაურულით შეიწყნარა მოსული და ძმათა კრებულს აუწყა: „კაცი ესე დიდსა საზომსა მიწევნად არს, რამეთუ აწვე გამოსვლით სოფლით აღუსრულებიეს სიტყვა წმიდისა სახარებისა, რომელსა ბრძანებს უფალი, „რომელმან დაუტეოს სახლი, ანუ ცოლი, ანუ შვილნი, ანუ აგარაკი სახელისა ჩემისათჳს, ას წილად მიიღოს და ცხოვრება საუკუნო დაიმკვიდროს“.


მცირე ხნის შემდეგ გერმანემ მონაზვნად აღკვეცა ოთარი, უწოდა მას ონოფრე და ძმათა მწყობრს შერთო. ნეტარი ონოფრე მშვიდი, მდაბალი, მორჩილი და დაუცხრომელი მოღვაწე იყო. იგი ღამის მყუდროებაში მოუკლებლად ლოცულობდა, ცისკრის შემდგომ ხევში ჩადიოდა, სადაც არანაირი ხმაური არ აღწევდა და იქ აგრძელებდა ფსალმუნების კითხვას. საზრდელს - ისიც მხოლოდ წყალსა და პურს - მწუხრის ლოცვის შემდეგ იხმევდა ხოლმე.

ერთხელ დავით-გარეჯის მონასტერს ლეკები შემოესივნენ, მოაოხრეს, იავარჰყვეს, რამდენიმე ბერი, მათ შორის მღვდელ-მონაზვნები - მაქსიმე და იოაკიმე, ბერი ონოფრე, და კიდევ ოთხი კერძოდიაკონი, ტყვედ წაიყვანეს. მოკვლა უნდოდათ, მაგრამ სახიერმა უფალმა დაიცვა იგი. ყოვლადმოწყალე ღვთის განგებულებით ბერები გაათავისუფლეს და მონასტერში დააბრუნეს.

ლეკთა შემოსევებისგან მონასტერი ძალზე გაღარიბდა. ერთხელ არქმიანდრიტმა მოუწოდა ღირს ონოფრეს და უთხრა, „სიყვარულისათჳს ძმათასა, წარვედ ქუეყანად ქართლისა და იღვაწე საზრდო, რათა მიიღო გვირგვინი უოხჭნო მორჩილებისა და მეცა წარვიდე სხვით კერძო და რაოდენ ძალ მედვას, მოვირეწო“.

ღირს ონოფრეს ეძნელებოდა მონასტრიდან გასვლა, მაგრამ წინამძღვრის ბრძანებას დაემორჩილა და ერთ დროს ქართლის უპირველესმა აზნაურმა კარდაკარ სიარული დაიწყო წყალობის სათხოვნელად. „ნამდვილვე ესე მიიტაცებს სასუფეველსა, რომელი განუმზადა ღმერთმან მოყვარეთა თვისთა“, - ამბობდნენ მისი ნაცნობები.


ცხინვალს მიახლოებული ღირსი მამის ყურადღება მიიპყრო მშფოთვარე ბრბომ: ვიღაც ჭაბუკი ეშმაკეულ ქმნილიყო და ურიებთან მიჰყავდათ, რომ მიზეზი შეეტყოთ. ღირსმა ონოფრემ ლმობიერად უთხრა შეკრებილებს: „შვილნო, არა არს საქმე ეგე ყოვლადვე წესი ქრისტეანთა, არამედ მომგვარეთ მე იგი აქა“. ავადმყოფის დედა ფეხებში ჩაუვარდა წმიდანს და შემწეობა სთხოვა. ონოფრემ წამოაყენა დედაკაცი და ანუგეშა: „მაქვს მე აქა წმიდის დავითის გარეჯელის საფლავისაგან მტვერი ევლოგიად“, წყალში გაურია წმიდანის საფლავიდან აღებული მიწა, ბოროტისაგან გვემულ ჭაბუკს დაალევინა და ავადმყოფიც განიკურნა.

ერთხელ მონასტერში მივიდა ვიღაც არაბი, რომელსაც ცალი თვალი დაზიანებული ჰქონდა და რადგან არაბული ენა ონოფრეს გარდა არავინ იცოდა, მას გამოელაპარაკა. ღირსმა ონოფრემ წმიდა დავით გარეჯელის წყაროს წყლით მობანა მას სნეული თვალი. ორიოდე დღის შემდეგ მონასტერში მობრუნებულმა განკურნებულმა არაბმა მადლობა შესწირა უფალს და ღირს ონოფრეს.

ღირს ონოფრეს დიდი სქემით შემოსვა სურდა. მონასტრის არქიმანდრიტი ყოყმანობდა, მაგრამ ოცდაათდღიანი ლოცვისა და მარხვის შემდეგ  უფალმა მას გამოუცხადა, რომ ონოფრე ღირსი იყო ამისა.

სქემით შემოსვის შემდეგ ღირსმა ონოფრემ მდუმარების ღვაწლი იტვირთა, დღენიადაგ ფსალმუნებს კითხულობდა და დაგლეჯილ ჭილოფზე ეძინა, შიშველ ტანზე რკინის ჯაჭვი ემოსა; სენაკიდან მხოდოდ წირვა-ლოცვის დროს გამოდიოდა.

ბოლოს ნეტარი ონოფრე ისე დასნეულდა, რომ ფეხზე დგომა არ შეეძლო. ძმები ევედრებოდნენ მას, საწოლში ჩაწოლილიყო და თავი სასთუმალზე დაედო. მაშინ ნეტარმა პირველად აღაღო პირი და თქვა: „აღთქმა მიქმნიეს, რათა იყოს აღსასრული ჩემი ჭილსა ამას ზედა“.

ღირსი ონოფრე მადლიერებით ითმენდა სნეულებას, ხელიდან ფსკვნილს არ იშორებდა და განუწყვეტლივ იმეორებდა იესოს ლოცვას. მასთან მიდიოდნენ თაყვანისსაცემად, მაგრამ თავმდაბალი ბერი მნახეველებს სთხოვდა: „მიბოძეთ ფესვი სამოსლისა თქუენისა, რათა ამბორს-უყო და ფერჴნი თქუენნი მომეცით, რათა დაგბანოთ ცრემლითა“.

ღირსმა ონოფრემ წინასწარ იგრძნო სიკვდილის მოახლოება, თავის მოძღვარს, მაქსიმეს მოუწოდა და ზიარება ითხოვა. წმიდა ზიარების მიღების შემდეგ ონოფრემ გონება დაკარგა. არქიმანდრიტის ლოცვა-კურთხევით ძმებმა სულთმბრძოლის ლოცვის კითხვა დაიწყეს. ღირსი მამის გონება „აღტაცებული იყო და შექცეულ მაღალთა ხედვათა მიმართ“.

ნათლისღების დღესასწაულზე, ლიტურგიის შემდეგ, წმიდანს მართალთა ძილით მიეძინა. წმიდა ონოფრეს ნეშტი დაკრძალეს წმიდა დავით გარეჯელის საფლავის სამხრეთით, საკურთხევლის სარკმელთან.

„ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი“, თბილისი, 2004 წ.

წყარო-orthodoxy.ge

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 02.02.2020
ბოლო რედაქტირება 08.10.2023
სულ რედაქტირებულია 4





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0