სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11124

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
წმიდანები
წმიდა დიდმოწამენი, არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე მხეიძე (+740) ხსენება 2 (15) ოქტომბერი წმიდა დიდმოწამენი, არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე მხეიძე (+740) ხსენება 2 (15) ოქტომბერი
ბმულის კოპირება

წმიდანები

გვარი მხეიძე სია

ზესტაფონი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

333       ბეჭდვა

წმიდა დიდმოწამენი, არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე მხეიძე (+740) ხსენება 2 (15) ოქტომბერი

წმიდა მოწამენი დავით და კონსტანტინე მხეიძეები არგვეთის მთავრები იყვნენ. „მეცნიერნი ძუელისა და ახალისა სჯულისა, ჭეშმარიტნი მორწმუნენი და გამოცდილნი და ახოვანნი წყობათა შინა და ბრძოლათა“.


დავითი იყო „ჰაეროვან და სპეტაკ ხორცითა, მოწაბლე თმითა, შუენიერ გუამითა და ხშირ წვერითა“, კონსტანტინე - „შუენიერ გუამითა, მოწაბლე თმითა... წვერ გამო“. როცა ძმებმა უსჯულო მურვან-ყრუს შემოსევა შეიტყვეს, შემწეობა სთხოვეს უფალს, შეკრიბეს ლაშქარი, ერს კი გაძლიერებული ლოცვები და ღამისთევები დაუდგინეს.


უსჯულონი თავს დაესხნენ ფერსათის მთასთან დაბანაკებულ ქართველებს. ღვთის შეწევნით ქართველებმა გაიმარჯვეს. გაბრაზებულმა მურვან-ყრუმ ურიცხვი ლაშქარი შეკრიბა, არაბებმა მოაოხრეს ყველაფერი. გადარჩენილმა მოსახლეობამ ტყეებს შეაფარა თავი. უთანასწორო ბრძოლაში ტყვედ ჩაიგდეს ძმები - დავითი და კონსტანტინე.

ტყვეები მურვან-ყრუს წარუდგინეს. უსჯულო სარდალმა დაცინვა დაუწყო შებორკილ ქრისტიანებს, მათ კი უპასუხეს: „სიცილი და ქადილი შენი ცუდ და ამაო არს ჩუენ ზედა, რამეთუ წუთ ჟამ არს დიდებაჲ შენი და ადრე განქარდების, რამეთუ არა ღირსებისა შენისათჳს იქმნა ძლევაჲ შენი ჩუენ ზედა, არამედ ცოდვათა ჩუენთათჳს, რომელ გარდავჴედით მცნებათა ღმრთისათა, იქმნა მრავლობაჲ თქუენი ჩუენ ზედა, რათა გუწუართნეს ღმერთმან ჴელითა თქუენ უსჯულოთა და უღმთოჲთა“. ამ კადნიერ პასუხზე მურვანი განრისხდა და წმიდათა წამება ბრძანა.


დავითისა და კონსტანტინეს მხნეობით გაკვირვებულმა მურვანმა ლიქნით მოინდომა ძმების მოდრეკა. მან დავითს უთხრა: „გამიგია შენი ვაჟკაცობის ამბავი, ამიტომ გირჩევ, დაუტეო ცუდი და ამაო სიტყუაჲ სიცოფისა თქუენისაჲ და დაემორჩილო სჯულსა მუჰამედისა“. სასყიდლად პატივსა და სპასალარის წოდებას დაჰპირდა. წმიდა დავითმა პირჯვარი გამოისახა და უპასუხა: „ნუ უყოფინ ჩუენდა, რაჲთა დაუტეოთ ნათელი და შეუდგეთ ბნელსა, ღმერთმან ჩუენმან განგვანათლა, რაჟამს ძე თჳსი მოავლინა ქვეყნად და კაც იქმნა ჩვენთვის, ყოველი განგებულება თავს იდვა: ჯვარცმა, დაფლვა, აღდგომა, ამაღლება; კვალად მოვალს განსჯად ცხოველთა და მკუდართა. მაცხოვარმა წარავლინა მოწაფენი თჳსნი ყოველსა ქვეყანასა საქადაგებლად. ჩვენთან მისმა ორმა მოწაფემ იქადაგა და მოგვაქცია კერპთა მსახურებისაგან. ჩვენ, მის მიერ განსწავლულნი და განათლებულნი, არა ვმონებთ სხვასა სჯულსა, არამედ მზად ვართ ქრისტესთვის გვემისა, ტანჯვისა, ცეცხლისა, წყალისა, მახვილისა და სიკვდილისა“. შემდგომ ამხილა ყურანი და სჯული აგარიანთა: „მუჰამედმა ცეცხლის მსახურებისაგან მოგაქციათ, მაგრამ ღმერთი ვერ შეგამეცნებინათ, ამიტომ ემსგავსებით იმ ნავდანთქმულთა, რომელნიც შუა ზღვაში გადარჩნენ, მაგრამ ნაპირს მიწევნულნი დაინთქნენ“.


დავითის პასუხით განრისხებული მურვანი კონსტანტინეს მიუბრუნდა და მისი გადაბირება მოინდომა, მაგრამ კონსტანტინემაც უშიშრად აღიარა წმიდა სამება: „ვითარწა წამა და აღიარა უფალმან ჩემმან დავით... მეცა ვწამებ და აღვიარებ, რამეთუ ერთსა სჯულსა და ერთსა სარწმუნოებასა ზედა განსწავლულ ვართ და მრწამს მამაჲ და ძეჲ და სული წმიდაჲ და მისთჳს მოვკუდები“.

გამძვინვარებულმა მურვანმა ბრძანა, შიმშილითა და წყურვილით მოეუძლურებინათ ძმები. ათი დღის შემდეგ „მრავალფერი ტანჯვის“ შემდეგ მან მოგვნი და მისანნი წარავლინა არგვეთელ წმიდანთა წინაშე, მაგრამ მოწამეებმა ისევ უშიშრად აღიარეს ქრისტე.

ძმები წმიდა კოზმანისა და დამიანეს ტაძრის მახლობლად (შემდგომდროინდელი „ჯაჭვის ხიდის“ ქვემოთ), მდინარის ნაპირას გაიყვანეს, სასტიკად გვემეს, მერე ხელ-ფეხი შეუკრეს, ქედზე ლოდები გამოაბეს და მდინარეში გადააგდეს.

სიკვდილის წინ ძმებმა ილოცეს: „ჰოი, უფალო ღმერთო იესო ქრისტე, ძეო და სიტყვაო ღვთისა მამისაო, ვითარცა ისმინენ თხოვანი ჩუენნი და ღირს გუყვნენ წამებასა სახელისა შენისათჳს წმიდისა, აწცა შეისმინენ ვედრებანი და თხოვანი ჩუენ მონათა შენთანი და ვითარცა დავიმარხენით ჴორცნი ჩუენნი უხრწნელ და შეუგინებელ სახელისათჳს შენისა წმიდისა, ეგრეთვე შემდგომად წამებისა ჩუენისა დაჰმარხენ გუამნი ჩვენნი განუხრწნელად და დაურღვეველად და რომელთა ხადონ სახელითა ჩუენითა სახელსა შენსა წმიდასა, მსწრაფლ ეწიენ წყალობაჲ შენი და მიეც შენდობაჲ ბრალთაჲ და ყვენ ასონი ჴორცთა ჩუენთანი მკურნალ ყოველ სენთა და უძლურებათა, დიდებად ყოვლად საგალობელისა სახელისა შენისა“.

ზეცით გაისმა ხმა, რომელიც მათი თხოვნის შესმენას ადასტურებდა. ზეციური ხმით შეშინებული მტარვალები გაიქცნენ.



ღამით აღსრულდა სასწაული: ზეციდან მიწაზე სამი ნათლის სვეტი გარდამოვიდა, შუქმა გაანათა იქაურობა. ღვთის ნებით მოწამეებს „ლოდნი შემოეძარცვნეს ქედთა მათთა“ და წმიდა სხეულები წყლის ზედაპირზე ამოტივტივდა. მთავართა მსახურებმა ცხედრები ნაპირზე გამოასვენეს. უცებ მათ მოესმათ ნათლის სვეტიდან გამომავალი ხმა: „აღიჴუენით გუამნი წმიდათა მაგათ მოწამეთანი და წარიყვანენით ტყით კერძო აღმოსავლეთით და სადა-იგი გთნდესთ, მუნ დაკრძალენით წმიდანი ეგე გუამნი მოწამეთანი, რამეთუ მუნ არს ბრძანებაჲ უფლისა ღმრთისაჲ, რათა გებისა თანა არსთასა იყვნენ მუნ გებულცა გუამნი წმიდათა მოწამეთანი“.

განკვირვებულმა მსახურებმა წმიდანთა ცხედრები მთელი ღამე ატარეს და ბოლოს წყალწითელას ხეობაში აღმართული კლდის თხემს მიატანეს. იმ ადგილას ადრე ხარების სახელობის ეკლესია მდგარა, რომელიც მურვან-ყრუს დაექცია. ნაეკლესიარის ქვემოთ, კლდეში ცარიელი აკლდამა იხილეს და მოწამენი სწორედ იმ აკლდამაში დაასვენეს. ამიერიდან გმირთა საფლავს და მის შემოგარენს მოწამეთა ეწოდა.

სამასი წელი ესვენენ დავით და კონსტანტინეს უხრწნელი სხეულები იმ აკლდამაში. XI საუკუნის პირველ ნახევარში მეფე ბაგრატ III ხელახლა აღაშენა სარკინოზთაგან დანგრეული ეკლესია და იმ ჟამამდე უჩინარქმნილი წამებული გმირები მასში გადაასვენა. წმიდანთა გაუხრწნელი და უვნებელი ცხედრები თავშექცევით იწვნენ სამარეში და მრავალ სასწაულებრივ კურნებას აღასრულებდნენ „ვითარცა - ესე თვით მათ ითხოვეს ღმრთისაგან“.

მაგრამ ძმათა მხეიძეთა წამებთა თურმე ამით არ დამთავრებულა. ახალი მარტვილობა მათ წინ ისევ ელოდათ...

განვლო თითქმის 12 საუკუნემ და საქართველოს კვლავ შემოესია მძვინვარე მტერი, ამჯერად ჩრდილოეთიდან მოსულ ღვთისმებრძოლთა წითელი ლაშქარი, რომელსაც წინ მურვან-ყრუზე უარესი, ამჯერად ნაქართველარი და ქრისტიანყოფილი წინამძღოლები მოუძღოდნენ. აღმოსავლეთ საქართველოს აოხრების შემდეგ „წითელი ურდო“ დასავლეთ საქართველოში გადავიდა და ისევე როგორც  მურვან ყრუმ, „მოსრა და მოაოხრა ყოველი“. ბნელ ძალთაგან აღძრულ უფლის მტერთა ლაშქრის მეთაურმა - სერგო ორჯონიკიძემ თავის „სასახელო გმირობებს“ ახალი საშინელი „გამარჯვება“ შემატა, რითაც მან კიდევ ერთხელ დაამტკიცა, თუ ვისი ნების აღმასრულებელი იყო თავისსავე სამშობლოში. 12 საუკუნის წინათ ძმათა მხეიძეთა მიერ შერცხვენილმა სატანამ მოწამეებზე კვლავ იძია შური. „რკინის სერგოს“ ბრძანებით, სამშობლოსა და სარწმუნოებისათვის თავდადებულ გმირ ძმათა უხრწნელი ცხედრები აკლდამიდან ამოთხარეს, და გზა-შარაზე და ქუჩა-ქუჩა ათრიეს... ხოლო შემდეგ, ისევე როგორც პირველ წამებისას, მათი უხრწნელი ნეშტები წყალში გადაყარეს... ადგილობრივ ქრისტიანთა მართლაც გასაოცარი თავდადებით, წმიდანთა სხეულები საბოლოო განადგურებას გადარჩა და ისინი უფლის ნებით ყოველთა მორწმუნეთა მეოხად კვლავ თავის საუკუნო განსასვენებელს დაუბრუნდნენ.


„ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი“, თბილისი, 2004 წ.


გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“, № 41(92), 2000 წ.


წყარო-orthodoxy.ge


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 02.02.2020
ბოლო რედაქტირება 08.10.2023
სულ რედაქტირებულია 3

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 12.10.2021
სულ რედაქტირებულია 1



მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0