წმიდა მღვდელმოწამე ნეოფიტე წარმოშობით სპარსელი იყო. VII საუკუნეში „არაბთა და სირთა და მიდთა“ მფლობელი ამირა მუმნის ბრძანებით სარდალი აჰმადი დიდძალი სპით საქართველოს შემოესია. ლიახვის ხეობის მოოხრების შემდეგ აჰმადმა ორი მხედართმთავარი, ომარი და ბურული, გაგზავნა მცხეთისაკენ. მტკვრისა და არაგვის შესართავთან, სოფელ ციხედიდთან მეომრებმა მდინარის გაღმა, სარკინეთის კლდეთა შორის იხილეს „ქუაბნი გამოქნილნი“, მისი დაურბებლობა სირცხვილად და სულთნის წინაშე დანაშაულად მიიჩნიეს და გაღმა გასასვლელად მტკვარში შევიდნენ, მაგრამ მდინარის გადალახვა ვერაფრით შეძლეს.
შეცბუნებულმა სარკინოზებმა ტყვეებს ჰკითხეს: „რაჲმე არს ქუაბთა შინა?“ ტყვეებმა უპასუხეს, რომ ეს ნეტარი შიო მღვიმელის მონასტერი იყო, სადაც ცხოვრობდნენ „კაცნი მონანი ღმრთისანი“, ყოველგვარ ამქვეყნიურ შვებას მოკლებულნი.
მათი ამბის გაგონებამ უსჯულო მხედრობა დიდად გააკვირვა. სარდლებმა გადაწყვიტეს, ყოველივე აჰმადისათვის ეცნობებინათ. საღმრთო ძალისგან შემკრთალმა აჰმადმა მონასტერში ომარი გაგზავნა, ოქრო და მრავალი სახმარი ნივთი გაატანა და ბერებთან დააბარა თხოვნა: „ლოცუა ჰყავთ ჩემთჳს, მონანო ღმრთისანო, და ძღუენი ესე ჩემი მიიღეთ და ალუაჲ და გუნდრუკი მიართუთ საკმევად სამარხოსა მოძღუარისა თქუენისასა“.
სარკინეთის ქვაბებს მიახლებულმა ომარმა მონაზვნებს კაცი გაუგზავნა და აცნობა, ნუგეშინისცემად და სამსახურად მოვდივარ და არა სავნებლადო.
მონასტრის ბჭესთან მისულმა მხედართმთავარმა იხილა „სიმრავლეჲ უჴორცოთა მჴედართა ნათლისათა, საკუირველ მავალნი ჰაერთა ზედა და შორის მათსა კაცი მოხუცებული მონაზონი ფრიადითა ელუარებითა შესახედავისათა“. მონასტრის მკვიდრთა თავმდაბლობამ და ისეთმა მოკრძალებულმა ყოფამ, თითქოს „ანგელოსნი ჰბრწყინვიდეს ჴორცთა შინა“, უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა ომარზე. ის მიხვდა, რომ უცხო მხედარნი უფლის ანგელოზები იყვნენ, მოხუცებული მონაზონი კი - ამ მონასტრის წინამძღვარი და ბერებს უთხრა: წმიდანო ღმრთისანო, რაჲსთჳს-მე მოშიშ ხართ თქუენ კაცთაგან? რამეთუ ვხედავ ჭეშმარიტად მცუელთა მონასტრისა თქუენისათა, მჴედართა ნათლისათა მცუელად თქუენდა, მფრინუალეთა ჰაერთა ზედა და შორის მათსა მონაზონსა ვისმე საკჳრველსა მჴცოვანსა წუერითა და თმითა, რომლისა ხილვისა სიკეთეჲ ვერ შესაძლებელ არს ჩემდა თქმად, ხოლო მრწამს, ვითარმედ მჴედარნი იგი არიან ანგელოსნი ღმრთისანი და მონაზონი იგი არს მოძღუარი თქუენი“.
ომარმა მონაზონთა წინაშე აღთქმა დადო: „დამეკუეთოს რა ჟამი მარჯუე, მოვიდე თქუენდა და ვიქმნე ქრისტიანე და ნათელვიღო და მონაზონ ვიქმნე და თქუენ თანა დავადგრე სიკუდილამდე ჩემდა“. მან დაუტევა უღმრთოება, მამული, მთავრობა, სიმდიდრე, შიო მღვიმელის სავანეში მივიდა და მოინათლა. მასთან ერთად ნათელ იღო მისმა ორმა მონამ. ნათლისღების შემდეგ ომარს ნეოფიტე (ახალი ნერგი) დაარქვეს, მის მეგობრებს კი - ქრიტოდულოსი (ქრისტეს მონა) და ქრისტოფოროსი (ქრისტეშემოსილი).
ღვთის განგებით, წმიდა ნეოფიტე მღვდელმთავრად იქნა დადგინებული ურბნისის კათედრაზე. ყველას განაკვირვებდა მღვდელმთავრის სიბრძნე და შემართება. ის თავისი სამწყსოს ნამდვილი მამა იყო: „მოუძლურებული მათი განაძლიერა, სნეული განამრთელა, შემუსრვილი შეჰკრა და ბოროტად მყოფსა უსხეულსაქმა, ცთომილი მოაქცია და წარწყმედული მოიძია, დაადგრა მათ თანა, დაიცუნა და არა განაბნივნა“.
მტერმა ვერ მოითმინა სპარსის მოციქულებრივი მოღვაწეობა. მაზდეანებმა გადაწყვიტეს, მოეკლათ ქრისტეს მქადაგებელი მღვდელმთავარი.
უსჯულოებმა გამონახეს მარჯვე დრო და სალოცავად განმარტოებულ ნეოფიტეს თავს დაესხნენ. უსჯულოებმა იცოდნენ, რომ წმიდა ნეოფიტე წმიდა სტეფანე პირველმოწამის სიკვდილს შეჰნატროდა, ამიტომ ქვით ჩაქოლვა მიუსაჯეს. წმიდანმა ტკბილი ხმით მიუგო: „ტკბილ ჩემდა სიკუდილი, უღმრთონო, ტკბილ ჩემდა. საწადელ ჩემდა განყოფაჲ კავშირთა უკუდავისა და მოკუდავისა არსებისათა... ამიერითგან სისხლითა ჩემითა დავამტკიცო შრომილი ჩემგან წმიდაჲ ეკლესიაჲ, რომელიც შეჰკრიბა ქადაგებისა მიერ ჩემისა ძემან და სიტყუამან ღმრთისამან პატიოსნითა სისხლითა თჳსითა, ხოლო რომელიცა განაგო ჩემთჳს ღმერთმან, იყავნ იგი, რამეთუ მომიწოდა მე უღმრთოებისაგან ნათლისა მიმართ თჳსისა“.
გამძვინვარებულმა უსჯულოებმა წმიდანი ქვებით ჩაქოლეს. წმიდა მღვდელმოწამის უკანასკნელი სიტყვები იყო: „უფალო იესო ქრისტე, შეივედრე სული ჩემი“.
„ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი“, თბილისი, 2004 წ.
წყარო-orthodoxy.ge