სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
წმიდანები
ღირსი სერაპიონ ზარზმელი (+900) ხსენება 29 (11ნოემბერი) ოქტომბერი მოღვაწ. სოფ. ზარზმა ადიგენი ღირსი სერაპიონ ზარზმელი (+900) ხსენება 29 (11ნოემბერი) ოქტომბერი მოღვაწ. სოფ. ზარზმა ადიგენი
ბმულის კოპირება

წმიდანები

ადიგენი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

394       ბეჭდვა

ღირსი სერაპიონ ზარზმელი (+900) ხსენება 29 (11ნოემბერი) ოქტომბერი მოღვაწ. სოფ. ზარზმა ადიგენი

წმიდა სერაპიონ ზარზმელი კლარჯელი აზნაურის შვილი იყო. ღირსი სერაპიონის მამა კვიპრიანე და დედა, რომლის სახელი „მოუჴსენებლად დაიფარა სოფლით“, ღვთისმოშიშებით და პატიოსნად ცხოვრობდნენ, „ნაშრომისაგან მათისა მდიდრად ზრდიდეს გლახაკთა და ძალისაებრსა მისცემდეს უღონოთა ჴელის აპყრობასა“.

სერაპიონს ჰყავდა ორი ძმა. დედა ადრე გარდაეცვალა. შვილები კეთილად აღზარდა მამამ და მცირე ხნის შემდეგ იგიც აღესრულა.

სერაპიონს სიყრმიდანვე მეუდაბნოების სურვილი ჰქონდა. სერაპიონი თავის უმცროს ძმასთან, იოანესთან ერთად წავიდა და თავი თვისი შეჰვედრა „მამასა სულთასა და მზრდელსა ობოლთასა“, „სასწაულთა და ნიშთა მოქმედსა“ დიდ მიქელ პარეხელს (ხს. 27 მაისს). ღირსმა მამამ მიიღო სერაპიონი და იოანე და „თანააღრაცხილ ყვნა დასსა მოწაფეთასა“. უფროსი ძმა სახლში დარჩა და ოჯახის ტრადიცია გააგრძელა - „უცხოთა და გლახაკთა“ მსახურებით ცხოვრობდა.


ღირსი მიქელი ხედავდა სერაპიონის საღმრთო მოქალაქეობას, მოშურნეობას და მღვდლად აკურთხა იგი. ერთხელ, ლოცვისას, ღირსმა მიქელმა იხილა მღვდელშვენიერად შემოსილი კაცი, რომელმაც უბრძანა, რომ მის მიერ განსწავლული მოწაფეები, სერაპიონი და იოანე სამცხეში გაეგზავნა მონასტრის ასაშენებლად. სერაპიონი შეაკრთო დიდმა პატივმა და მოვალეობამ, მაგრამ, ცხოველმყოფელი ჯვრის მსასოებელი და მოძღვრის მიერ გამხნევებული, თანამოსაგრეებთან ერთად სამცხეში წავიდა. ძმებს თანაშემწედ „თანაეტჳრთათ ცხოველი ხატი ფერისცვალებისაჲ“.

ბერები მშვიდობით მივიდნენ ადგილზე, ძალიან მოეწონათ ერთი მთა, დაათვალიერეს იქაურობა, და, მიუხედავად იმისა, რომ „სასწაულნი იგი ადგილსა ამას“ ვერ იხილეს, გადაწყვიტეს, აქ აეშენებინათ მონასტერი. მალე იქაურმა მცხოვრებლებმა ძმები განდევნეს. დაღონებულმა ბერებმა მდინარის გაღმა, დასავლეთით, სწორედ ის ადგილი იპოვეს, რომელიც მიქელმა იხილა გამოცხადებით. ამ მხარის მთავარი იყო კეთილმსახური ფეოდალი გიორგი ჩორჩანელი. ერთხელ, ნადირობისას, გიორგი ჩორჩანელმა ნახა უსიერი ტყის თავზე აღმართული კვამლი, გაუკვირდა და მაცნე გაგზავნა ამბის გასაგებად. მას აუწყეს ორი საკვირველი ბერის შესახებ. გიორგი დიდი პატივით გაეშურა მამებისკენ, მდაბლად მოიკითხა, თაყვანი სცა ფერისცვალების წმიდა ხატს და კურთხევა ითხოვა ბერებისგან. შემდეგ იქაურობა უბოძა მონასტრის ასაშენებლად და მთელი იმ ადგილების დამტკიცებასაც დაჰპირდა, რომელსაც ბერები დილიდან საღამომდე შემოივლიდნენ. მაგრამ ყველა ადგილობრივი მკვიდრი როდი შეხვდა ბერებს ასე გულთბილად: დაბა-წისქვილის მცხოვრებლები აუჯანყდნენ და ყოველნაირად ცდილობენენ მათ დაბრკოლებას. წმიდა სერაპიონმა გონებადაბინდულ ხალხს წინასწარმეტყველურად მიმართა: „ვიხილე უღმრთო ამაღლებული ნაძვთამდე ლიბანისათა და თანაწარვხედ და არა იპოვა ადგილი მისი“.

იმ ღამით დიდი სასწაული აღესრულა: მიწა იძრა, კლდე გაიპო, სათახვის მღვრიე ტბა გადმოდინდა და დაბა-წისქვილი წალეკა, მხოლოდ ორი ძმა გადარჩა სასწაულებრივად: ახდა წმიდა სერაპიონის წინასწართქმა. შიშით თავზარდაცემულმა ხალხმა ამ ადგილს ზარზმა უწოდა.

ძმებმა ეკლესიისთვის შესაფერისი ადგილის ძებნა დაიწყეს. წმიდა სერაპიონს მაღალ ბორცვზე სურდა მშენებლობის დაწყება, იოანე და სხვა ბერები კი ეუბნებოდნენ: „ნუ, წმიდაო მამაო, ადგილსა ამას, რამეთუ მაღალ და ცივ არს და ძმანი ესე შიშველ და გლახაკ“. მაშინ ნეტარი მამები ასე მოიქცნენ: ორ კანდელში თანასწორი რაოდენობის ზეთი ჩაასხეს. ერთი თავად სერაპიონმა დადგა მაღალ ბორცვზე, მეორე კი ბორცვის სამხრეთით, მცირე ღელეში - იოანემ. ორივენი დადგნენ ლოცვად. როცა გათენდა, ნახეს, რომ სერაპიონის კანდელი დაშრეტილიყო, იოანესი კი შუა-სამხრამდე ბრწყინავდა.

ეკლესიის საძირკველი იოანეს არჩეულ ადგილზე ჩაყარეს, მაგრამ მშენებლობა გაძნელდა: ირგვლივ დაბურული ტყეები იყო, მშენებლობისთვის საჭირო ქვები მხოლოდ მდინარეში იპოვებოდა. გიორგი ჩორჩანელის რჩევით, უმწის მიწისძვრისგან დანგრეული ეკლესიის ქვებიც გამოიყენეს და სამ წელიწადში ტაძრის მშენებლობდა დასრულდა, წესისამებრ შეიმკო იგი და შიგ დაასვენეს ფერისცვალების სასწაულთმოქმედი ხატი. ამის შემდეგ ძმათა სენაკებიც ააგეს. მამა სერაპიონმა „განაჩინა წესნი და კანონნი საეკლესიონი“.

ნეტარმა სერაპიონმა წინასწარ იგრძნო, რომ მისი ამსოფლიდან გასვლის ჟამი ახლოვდებოდა, მოუწოდა ძმათა კრებულს, დამოძღვრა ისინი და წინამძღვრად განუწესა მღვდელ-მონაზონი გიორგი, „კაცი კეთილი, სათნოებითა ბრწყინვალე და ტკბილი სიტყვითა და საქმითა“.

რამდენიმე დღის შემდეგ დასნეულებული სერაპიონი წამოდგა, საკურთხეველში შევიდა, ემთხვია წმიდა ტრაპეზსა და მაცხოვრის ხატს, ეზიარა, ძმებს სთხოვა, ელოცათ მისთვის, „მიიწია ცხედრად ჟამსა მეექვსესა და მეცხრესა ჟამსა შეჰვედრა სული თვისი ხელთა ღმრთისათა“.

წმიდა სერაპიონი პატივით დაკრძალეს საკურთხევლის აღმოსავლეთით. წმიდა მამას თავისი საფლავი ადრევე გაეთხარა საკუთარი ხელით, რომ მისი ხილვისას მოჰგონებოდა სიკვდილი, „რომელი იგი სამარადისოდ წინაშე თვალთა აქვნდა“.

წმიდანის ძმისწულმა ბასილ ზარზმელმა (ხს. 5 ოქტომბერს) სერაპიონის წმიდა ნაწილები ღვთის ბრძანებით ახალშემზადებულ ქვის ლარნაკში ჩაასვენა და „გადაასვენა საჩინოსა შტოსა ახლისა ეკლესიისასა“.

„ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი“, თბილისი, 2004 წ.

წყარო-orthodoxy,ge



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 03.02.2020
ბოლო რედაქტირება 11.11.2021
სულ რედაქტირებულია 1





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0