სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10421

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
მწერალი/პოეტი
პარმენ ლორია 1896-1978წწ მწერალი, დაბ. სოფ. ქვაყუდეში (გორმაღალი), სამტრედია, იმერეთი

1896-1978 წწ. გარდ. 82 წლის

ბმულის კოპირება

მწერალი/პოეტი

გვარი მეფარიძე სია

სამტრედია გამოჩენილი ადამიანები სრული სია

7       ბეჭდვა

პარმენ ლორია 1896-1978წწ მწერალი, დაბ. სოფ. ქვაყუდეში (გორმაღალი), სამტრედია, იმერეთი

პარმენ ლორია (1896-1978) დაიბადა სამტრედიის რაიონის სოფელ ქვაყუდეში.


სწავლობდა სოფლის ორკლასიან სასწავლებელში. 14  წლის ასაკში დაიწყო მუშაობა ჩაქვის  მეურნეობაში, შემდეგ ბათუმის პორტში, ბოლოს ნოვოროსიისკის ცემენტის საბადოებში. 19 წლის მეფის არმიაში გაიწვიეს. პირველ მსოფლიო ომის დროს ირანისა და ოსმალეთის პროვინციებში მოუხდა ბრძოლა. იმსახურა დემოკრატიული საქართველოს ჯარში. ცხოვრების ეს მონაკვეთი აღწერილი აქვს ავტობიოგრაფიულ რომანში "დაზგიდან დაზგანდე".  ნაწარმოები ავტობიოგრაფიულია და დოკუმენტური  სიზუსტით ასახავს მწერლის მიერ განვლილ გზას.  შემდგომ მუშაობას იწყებს ბათუმის ახალდაარსებულ სახალხო მილიციაში. 1924-1936წწ. ქმნიდა აგიტ-მხატვრულ ბრიგადას და მოგზაურობდა აჭარის სოფლებში. დღიურები ასახულია წიგნში "კვალდაკვალ".  აქვეყნებდა კორესპონდეციებს, მოთხრობებს, ფელეტონებს. აქტიურად მოღვაწეობს სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში, უფრო მეტად ფსევდონიმით პ. ობოლი. 1936 წელს გამოაქვეყნა  პირველი რომანი "ჩაი". იმდროინდელი აჭარის ცხოვრებას ასახავს პ. ლორიას მეორე წიგნი "დელი მურადი", რომელსაც შენდგომ "განთიადი ხევში" უწოდა. 1941 წელს მკითხველმა მიიღო რომანი "მევლუდი",  რომანი ეკრანიზებულია. ამავე ეპოქას ეძღვნება რომანი "საუკუნის დაბადება". 1951 წელს პ. ლორია აქვეყნებს თავის ერთ-ერთ პოპულარულ რომანს "ნაირა", რომელიც შემდგომ ბათუმის სახელნწიფო თეატრში სპექტაკლად  დაიდგა. ქვეყნდება მისი სხვა რომანები და მოთხრობების კრებულები. მისი რომანები თარგმნილია რუსულ ენაზე.


ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

საქართველოს აჭარის მწერალთა კავშირი, პირველი მდივანი, შემდგომ თავმჯდომარე (1932-1956)


ბიბლიოგრაფია 

ერთი დიდი საუკუნე : ისტ. მოთხრობა (ავტორი). - ბათუმი, საბჭ. აჭარა, 1978. - 239გვ.

საიმედო მომავალი : რომანი (ავტორი). - თბილისი, საბჭ. საქართველო, 1965. - 351გვ.

შვილები : რომანი (ავტორი). - ბათუმი, სახელგამი, 1956. - 359გვ.

განთიადი ხევში : რომანი (ავტორი). - ბათუმი, აჭარის საბლიტგამი, 1953. - 267გვ.

ნაირა (ავტორი). - თბილისი, საბჭ. მწერალი-ს გამ-ბა და სტ., 1951. - 238გვ.

http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00000811/


მადლობა გალაქტიონ (გოგიტა) თემურის ძე გიორგაძეს, მცხოვრები სოფ. გორმაღალი, სამტრედია

 ინტერვიუ შვილთან ალექსანდრე პარმენის ძე ლორიასთან. ესაუბრა:გოგიტა (გალაქტიონ )გიორგაძემ 20021 წელი


შვილი ალექსანდრე პარმენის ძე ლორია 1934წ მწერალი, პედაგოგი დაბ. ბათუმი, აჭარა  

ასე მგონია, რომ ღირსეულ სახელებს არ უნდა ვუკარგავდეთ შთამომავლობას, „ვინც წარსულს ივიწყებს, ის მომავალზე ხელს იღებს.“

მწერლისა და ნაწარმოების დანიშნულებაზე ბევრი თქმულა და დაწერილა, რას უნდა ემსახურებოდეს ლიტერატურა, რა არის მისი მთავარი აზრი და მიზანი.... არის ის მხოლოდ ესთეტიკურ - მხატვრული დანიშნულების თუ მას უფრო მაღალი მისია აკისრია... 

რას ემსახურება სახეების „არარსებულიდან“ „არსებულში“ - ლიტერატურაში  გადმოტანა, მხატვრულ პერსონაჟებად ქცევა ანუ ხორცშესხმა მათი გრძნობების, ვნებების, ფიქრების აღწერა, რა ძალა აქვს ლიტერატურას, როგორ მოქმედებს ის ადამიაზე... 

მოყოლებული ილიას და აკაკის ეპოქიდან, მრავალ მწერალს თავის მიზნად გაუხდია „თავისი კალმის“ ხალხის სამსახურში ჩაყენება  - და ეს არ იყო მხოლოდ „სოციალისტური რეალიზმის“ იდეოლოგიური დოქტრინით განპირობებული, კამათი ლიტერატურის დანიშნულებაზე ყოველთვის არსებობდა, არსებობს და იარსებებს მომავალშიც.

იმ მწერალთა შორის, რომელთაც  თავის მთავარ დანიშნულებად ხალხის სამსახურში ყოფნა მიაჩნდათ, პარმენ ლორიაც გახლავთ, რომელიც მთელი თავისი შემოქმედებით და პირადი ცხოვრებით ამ იდეას ემსახურებოდა. 

 პარმენ ლორია 1896 წელს დაიბადა სოფ. ქვაყუდეში (ამჟამინდელ სამტრედიის მუნიციპალიტეტი, გორმაღლის თემი) და მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება ბათუმში, აჭარაში გაატარა. იგი იყო ცნობილი მწერალი, საზოგადო მოღვაწე, მრავალი რომანისა და მოთხრობის ავტორი, ჭეშმარიტად „სახალხო მწერალი“, სარგებლობდა დიდი პოპულარობითა და ხალხის უდიდესი ნდობითა და სიყვარულით. 

მწერლის გახსენება და მის პიროვნულ პორტრეტზე საუბარი ვთხოვეთ მის ვაჟიშვილს, ბ -ნ ალექსანდრე ლორიას, ბიბლიოთეკამცოდნეს, ილიას უნივერსიტეტის საპატიო პროფესორს,  მრავალი ნაშრომისა და არაერთი მხატვრული ნაწარმოების ავტორს;    

ბატონო ალექსანდრე, მინდა, რომ გვესაუბროთ მწერალ პარმენ ლორიაზე სხვა რაკურსით, როგორც თქვენს მამაზე, მეუღლეზე, მეგობარსა და  მწერალზე...

მამასთან 45 წლის განმავლობაში უწყვეტი ურთიერთობა მქონდა. მე  ვაფასებდი მას,  არა მხოლოდ როგორც ოჯახის წევრსა და მამას, არამედ როგორც მწერალსა და საზოგადო მოღვაწეს. არაერთხელ გამიგონია იმდროინდელი თაობის ადამიანებისაგან, რომ პარმენ ლორიას წიგნებზე მთელი თაობა იზრდებოდა. კარგად მახსოვს, თუ რაოდენ პოპულარული იყო ის თავის დროს, მაგრამ ამაზე ქართული თანამედროვე ლიტერატურის ისტორიის მკვლევრებმა ილაპარაკონ. მე მისი ცხოვრების იმ ეპიზოდებს გავიხსენებ, რომლებმაც ჩემს თვალწინ ჩაიარა და პიროვნულ თვისებებზე ვისაუბრებ. მამას თავისი ცხოვრების ამსახველი სურათები, თავის ბევრ მხატვრულ ნაწარმოებში აქვს ასახული. მისი რომანები „დაზგიდან დაზგამდე,“ „გზები და ბილიკები,“ „კვალდაკვალ“ დიდწილად ავტობიოგრაფიული ნაწარმოებებია. ზოგი გამოცემის შესავალში მოცემულია მწერლის საკმაოდ ვრცელი შემოქმედებითი ბიოგრაფია, მაგრამ პირად ცხოვრებაზე თითქმის არაფერი მოიპოვება.  ბავშვობაში,  მამის ცხოვრება იყოფოდა იმის მიხედვით, სახლში როდის იყო და როდის - არა. არ იყო მკაცრად დადგენილი და განსაზღვრული დრო. დილით მოგვიანებით დგებოდა და მიდიოდა სამსახურში, მთელი დღე იქ ატარებდა, დაბრუნებით კი უმეტესად, გვიან საღამოს ბრუნდებოდა. სადილობისას ხან მოდიოდა, ხან - არა. როცა ძალიან გვიან მოვიდოდა, ივახშმებდა და იძინებდა. მაშინ 12 საათი ძალიან გვიან ითვლებოდა, საქართველოს რადიო წყვეტდა გადაცემას. მამას თავისუფალი გრაფიკი ჰქონდა. ხანდახან მუშაობით კვირასაც მუშაობდა, მიდიოდა სამსახურში და იქ საკმაოდ დიდი ხანს რჩებოდა. კვირაობით, როცა სახლში იყო, საშინაო საქმეებსაც მიხედავდა ხოლმე, და ჩვენც  - მე და ჩემს დებს. მამა რომ დიდ დროს ატარებდა სამსახურში არცაა გასაკვირი: ჩვენს ოროთახიან ბინაში მას არავითარი პირობები არ ჰქონდა შემოქმედებითი მუშაობისთვის. არასოდეს არ მინახავს, რომ მამას სახლში ეწეროს, ის მხოლოდ სამსახურში წერდა. მამა თვითონ იყო მწერალთა სახლის ხელმძღვანელი და სარგებლობდა სამსახურის წყნარი, მყუდრო გარემოთი. ხანდახან საღამოობით იქ იკრიბებოდნენ მწერლები, უმეტესად საუბრობდნენ ან ჭადრაკს თამაშობდნენ. მამა კარგად თამაშობდა ჭადრაკს, რამდენადაც ვიცი, თითქმის ყველას უგებდა და „რევანშისტები“ ხშირად აკითხავდნენ და ხანდახან მათი „ფალავნებიც“ კი მოჰყავდათ.  ჩვენი ბინის კარები დაღამებამდე არ იკეტებოდა. ჩვენ შინაურები ხომ ბევრნი ვიყავით და, სტუმრებს ხომ ნუღარ იტყვით.  მხოლოდ მას შემდეგ, რაც 60 წლის იუბილეზე ახალი სამოთახიანი ბინა და შრომის წითელი დროშის ორდენი მიიღო, გახდა შესაძლებელი ცალკე ოთახი ჰქონოდა. კაბინეტი თავისი ხელით მოიწყო და აქ დაიწყო წერა. უკვე პენსიაზე იყო გასული და აღარ მსახურობდა. ჩვენც-შვილები სულ დაფანტულები ვიყავით, დედა და მამა მარტო ცხოვრობდნენ და მამას მიეცა საშუალება წყნარ, შესაფერის გარემოში განეგრძო შემოქმედებითი მუშაობა. როგორც ყმაწვილს ისე უხაროდა ეს და ფიზიკურად თუ გონებრივად ძალიან გამოცოცხლდა, ახალი ენერგიით აივსო, რაც მის შემოქმედებას ნაყოფიერადაც დაეტყო. ამ წლების შემდეგ რაც კი გამოიცა, საკუთარ სახლში, თავის კაბინეტში აქვს შექმნილი.  მამას ძალიან უყვარდა ოჯახში ფუსფუსი, მანამდეც, მაგრამ მას შემდეგ უფრო, რაც აღარ მუშაობდა და  პერსონალურ პენსიაზე გავიდა. სადურგლო ხელობას, თავისი მამის წყალობით, რომელიც პროფესიონალი დურგალი იყო, ბავშვობიდანვე ფლობდა და ყველაფერი ეხერხებოდა. თუ რამ იყო შესაკეთებელი, გასასწორებელი, თავისი ხელით აკეთებდა. მშვენიერი თაროები ჩადგა კედელში თავის ოთახში წიგნებისა და არქივისათვის. მზარეულობაც გამოსდიოდა. უყვარდა სადილების დამზადება და როცა მიეცემოდა საშუალება და დრო, ამაზე უარს არ ამბობდა. ბევრჯერ საოჯახო საქმეში ეხმარებოდა დედას, ბაზარშიც დადიოდა. სასოფლო-სამეურნეო საქმეშიც იყო ჩართული. მაგონდება, ომის დროს მწერლებს ნაკვეთები გამოუყვეს, სიმინდი მოჰყავდათ, ჯერ სოფელ შუხუთში, შემდეგ ბათუმის მახლობლად რომელიღაც სოფელში. მასთან ერთად მეც მომიწია მუშაობა-უკვე წამოზრდილი ბიჭი ვიყავი,  მამის გვერდით ვიდექი ყანაში, კარგი მოსავალი ავიღეთ იმ წლებში, რაც გვშველოდა ომისდროინდელი შიმშილის გადატანაში. 

როგორც ვიცით თქვენი ფესვები სამტრედიის მუნიციპალიტეტიდან კერძოდ ქვაყუდიდანაა (სოფელ გორმაღლის თემი) რას გაიხსენებდით რა დატვირთვა ჰქონდა მწერლისთვის ამ ადგილს.

სოფელი ძალიან უყვარდა, სადაც დაიბადა და გაიზარდა, ერთად ხშირად ჩავდიოდით და ბევრ რამეს მიყვებოდა თავისი ბავშვობის პერიოდზე, ზოგჯერ მარტო მოივლიდა ყველაფერს, განსაკუთრებით იმ ადგილებს, სადაც მათი ძველი ეზო იყო, მანამდე, სანამ სამოსახლოს არ გამოიცვლიდნენ. დიდხანს იჯდა მდუმარედ და ჩვენც არ ვარღვევდით მის მყუდროებას. სოფელში ადრე ერთი ყავლით გადახურული ორთვალა პატარა ოდა გვედგა სოფლის განაპირა ბექობზე, რცხილის ხეებს შორის. მამას ხშირად მოსწევია ძველი ოდის თავისი ხელით შეკეთება. იქ მისი ნაადრევად გარდაცვლილი ძმის ოჯახი სახლობდა ქვრივი რძლითა და ორი პატარა ბიჭით, რომლის დახმარება და შეწევნა მამაჩემმა თავის თავზე აიღო. განსაკუთრებით მიუხაროდა გორმაღალში დედის ძმის - ესე გეგუჩაძის ოჯახში. დედა მამას ადრე გარდაეცვალა, ოჯახი იძულებული იყო 14-15 წლის ბიჭი ქალაქში გაეშვათ სამუშაოდ. ძლივს მოეწყო ბათუმში გემის მტვირთავად, მაგრამ ვერ გაუძლო უმძიმეს სამუშაოს და შედარებით უკეთესი პირობების ძებნაში რუსეთში მოუწია წასვლა, შემდეგ ჯარში გაიწვიეს, მსოფლიო ომის პერიპეტიებში გაიხლართა, დაბრუნდა და  ისევ ბათუმს მიაშურა. აქედან დაიწყო მისი ბათუმური ეპოქა. ძალიან საინტერესოდ აქვს აღწერილი მწერალს ეს პერიოდი თავის ავტობიოგრაფიულ რომანში. უყვარდა მოგონებები, ხშირად თავისი  ცხოვრებიდან ეპიზოდებს. აქამდე მაკვირვებს - რა რკინის ნებისყოფა ჰქონდა, როგორი მოთმინება, თავდაჭერა, გამძლეობა, რამდენის გადატანა და ატანა მოუხდა ადრეც და შემდეგაც, მთელი ცხოვრების მანძილზე.  ვერ ვიტყვი, ყოველივე ამას არ მოეხდინოს მასზე გავლენა, საოცრად ემოციური იყო, უბრალო რამეს შეეძლო მისი მოშლა, აღშფოთება ან აცრემლება, მაგრამ ამავე დროს საოცარი  მოთმინებისა და თავდაჭერის უნარიც ჰქონდა. ამას ყველაზე კარგად დედა ხედავდა და მუდამ ცდილობდა ამ დროს მხარში ამოსდგომოდა. ჩვენ - პატარებიც ვამჩნევდით ბევრ რამეს და ვერიდებოდით მამის განერვიულებას. თვითონ, საერთოდ, ერიდებოდა გულსაკლავი ამბების მოყოლას. არ მახსოვს, ოდესმე, თუნდაც ერთი სიტყვა დასცდენოდეს გარდაცვლილ შვილებზე - უკვე მოზრდილ ბიჭსა და სულ ჩვილ გოგონაზე.  ერთხელ გულუბრყვილოდ შევეკითხე ჩემი ძმის თაობაზე, რომელიც ჩემს დაბადებამდე კარგა ხნით ადრე გარდაიცვალა.  უცებ გაჩერდა, არაფერი უთქვამს, წამოდგა და სადღაც წავიდა, ვითომ საქმეზე, ისე რომ ხმა არ გაუცია ჩემთვის. დედა თვალცრემლიანი იხსენებდა რაღაც-რაღაცეებს. მისგან გავიგე, როგორ დადიოდა მამა ფარულად ბავშვების საფლავზე, პირველ ხანებში ღამითაც კი.  მამამ არც იმაზე იცოდა ლაპარაკი, რაც მის შემოქმედებით წინააღმდეგობებთან იყო დაკავშირებული. ისევ სხვისგან თუ გავიგებდით რამეს. იგივე ითქმის წარმატებებზეც. დედა თუ დასტყუებდა სიტყვას, თორემ შვილებთან არასოდეს არაფერს ამბობდა. ისე, მაინც ვამჩნევდით ზოგ რამეს - როგორ ზღუდავდნენ, ცდილობდნენ გაეუბრალოებინათ მისი წარმატებები... ის ხომ საოცრად პოპულარული იყო მთელ საქართველოში, არნახული მოთხოვნა იყო მის ნაწარმოებებზე, მისი წიგნები მაღაზიის თაროზე არ ჩერდებოდა, მაგრამ ოფიციალურ გარემოში ბევრი დაბრკოლება ხვდებოდა. სამწუხაროდ, იყვნენ კოლეგები, რომლებიც ვერ იტანდნენ მის წარმატებას. თითქმის არავის სცემდა პასუხს, ცუდს ვერავისზე წამოაცდენინებდი, და ჩვენც ხშირად გვმოძღვრავდა და გვიკრძალავდა კიდეც, თუკი ვინმეს შეუფერებლად მოვიხსენიებდით, თუ ვინმეზე, თუნდაც მასწავლებელზე, ან ამხანაგზე ცუდს რამეს ვიტყოდით.  მიუხედავად სიძნელეებისა და გასაჭირისა, არ დაბოღმილა, არ ჩაკეტილა, არავის წინააღმდეგ არ გადაუდგამს ნაბიჯი. ადამიანებს შორის ხალისიან გარემოს ქმნიდა, ჰქონდა ჯანსაღი იუმორი. ბევრი სატირულ-იუმორისტული მოთხრობა  გამოუქვეყნებია ძველ თუ ახალ ჟურნალებში: „ტარტაროზი“, „მათრახი და სალამური“, „ეშმაკი“, „ნიანგი“ და სხვ. ამ ჟანრის ნაწარმოები „ბახვაძის დედაბერი“ კი არაერთხელ გამოიცა წიგნად.  მამას ბევრ ხალხში ტრიალი არ უყვარდა, არასოდეს გამოუჩენია თავი უცხო საზოგადოებაში, როგორც ცნობილ პიროვნებას, ზოგჯერ მალავდა კიდეც თავის ვინაობას და ძალიან თავმდაბლად და მორიდებით ეჭირა თავი. მიუხედავად ამისა, საზოგადოებრივ ცხოვრებაში საქმიანობას თავს არ არიდებდა. უბრალო ხალხთან, მკითხველებთან თავს შედარებით თავისუფლად გრძნობდა, კომუნიკაბელური იყო. არავის გაუჭირდებოდა, შემთხვევით შეხვედრილ ადამიანსაც კი, მასთან საერთო ენის გამონახვა. ბავშვებს განსაკუთრებით ესიყვარულებოდა. ისინიც მაშინვე გაუშინაურდებოდნენ ხოლმე. კარგად იცოდა, როგორ წაეთამამებინა ისინი. მუდამ ეყარა პალტოს ჯიბეში კანფეტები და ეზოში შემხვედრ ბავშვებს ურიგებდა. ხშირად მინახავს, ეზოში შემოსულს როგორ შემოეხვეოდნენ პატარები და ლაპარაკ-ლაპარაკით მოაცილებდნენ, ჩვენი სახლის სადარბაზომდე. 

მამა თანამშრომლობდა თეატრთან.  მისი რამდენიმე პიესა დაიდგა ბათუმში და  წლობით არ აკლდა მაყურებელი. კინოთეატრში იშვიათად დადიოდა, ისიც ყოველთვის მარტო, რაც დედაჩემიდან მოყოლებული ოჯახის ყველა წევრს აოცებდა. ძალიან უყვარდა შვილებისთვის რაიმე ამბის, მოთხრობების თუ ზღაპრის მოყოლა, საოცრად მიმზიდველად იცოდა თხრობა. ჩემს ადრეულ ბავშვობაში, ძალიან იშვიათად გიტარასაც ჩამოჰკრავდა. კარგად ვერ ფლობდა, მაგრამ მოგვწონდა, სოფლურ ყაიდაზე რომ წაიღიღინებდა - „ერთხელ მხოლოდ, ისიც ძილში“- აკაკის ცნობილ ლექსს და რუსულ „ჩასტუჩკებს“ მღეროდა, მაგრამ ამგვარ რამ შემდეგ სავსებით მიივიწყა. უყვარდა გურული და ქალაქური სიმღერები. ცუდად არ მღეროდა სხვებთან ერთად საზეიმო სუფრებზე, თუმცა ამას ხშირი ხასიათი არ ჰქონდა. უყვარდა მეგობრული სუფრა. არაერთი ღირსეულ სტუმარს გამასპინძლებია ჩვენი სახლი. ამაზე ჩემს მოგონებებში ზოგი რამ მაქვს ნათქვამი. 


რამდენიმე სიტყვით რომ გადმოგვცეთ როგორი ურთიერთობა ჰქონდათ თქვენ მშობლებს ერთმანეთთან? 


დედა იყო მგელაძის ქალი, გურიიდან, სოფელი აცანიდან, ძალიან ნაკითხი და განათლებული, შეიძლება ითქვას, ოჯახში ყველაზე კარგი მკითხველი იყო. მოგვიანებით მისი ოჯახი ქობულეთში ჩამოსახლდა. დედამ და მამამ ერთმანეთი ბათუმში გაიცნეს და შეუღლებაც მათი პირადი გადაწყვეტილება იყო. მათ ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, მოკრძალებით და პატივისცემით ეპყრობოდნენ ერთმანეთს. ხუთი შვილი ეყოლათ, ორი ბავშვობის ასაკში გარდაეცვალათ. ერთმანეთს ნამდვილად უფრთხილდებოდნენ და გვერდში ედგნენ, როგორც შეეძლოთ. როგორც უკვე აღვნიშნე, მამა სახლის საქმეებშიც ეხმარებოდა დედას, დედა  - ქსენია კი ყოველმხრივ უწყობდა ხელს მამას, ჩვენც მუდამ ამას მოგვიწოდებდა. მიუხედავად ამისა, ისინი არ იყვნენ ერთმანეთის მიმართ ფამილიარულად გათქვეფილები, არსებობდა რაღაც განსაკუთრებული მოკრძალება მათ შორის. ახლაც მიკვირს ერთი ამბავი: მამა დედას სახელით არასოდეს არ მიმართავდა. ერთხელ, როცა უკვე ზრდასრული ვიყავი და ჩემთან ბევრ სათქმელზე უკვე „აკრძალვა“ მოხსნილი ჰქონდა, მოკრძალების თემასთან დაკავშირებით ვსაუბრობდით და გამოტყდა: “დედაშენისთვის სახელით არასდროს დამიძახიაო, რაღაც მერიდებაო“. ეს ჩემთვის დღემდე აუხსნელი რამ არის, მაგრამ, ეს ალბათ, მაინც განსაკუთრებული მოკრძალებით აიხსნება.  მათ სავსებით გამოუმჟღავნებელი დიდი სულიერი ურთიერთობა ჰქონდათ. ეს თავისებურება, მათ ხელს სულაც არ უშლიდათ, ურთიერთობა სრულიად ჩვეულებრივი ჰქონოდათ. მიუხედავად ასეთი ურთიერთობისა, კარგად ვიცი, მარტოობა მამასთვის მოსაწყენი რომ არ იყო. ამ დროს ღრმად ჩაფიქრდებოდა ხოლმე. ქუჩაშიც ხშირად სულ მარტო დადიოდა. იშვიათად მინახავს, დედ-მამა ერთად ყოფილიყვნენ გარეთ გასულნი, ამას საქმე თუ მოითხოვდა. ერთად მოსეირნენი არასდროს ყოფილან. 

დედაჩემის შესახებ მრავალავტორიან ერთ-ერთ კრებულში - „დედები“, მე გამოქვეყნებული მაქვს მოგონება - „რაც სამუდამოდ დარჩა ჩემში“ და, ამდენად, ამ ურთიერთობის შესახებ დაწვრილებით საუბარს არ შევუდგები. ჩემს წიგნებში არაერთგან მომიგონებია დედა და მამა.  ამ მხრივ, გამორჩეულია ჩემი ნაწარმოები „წარსულის ექო“, რომელშიც ასახულია მაშინდელი დრო, ბევრია ნათქვამი მამასა და დედაზე, მთელ ჩემს ცხოვრებაზე.

როგორია პასუხისმგებლობა, როგორც მწერლის შთამომავლისა...

პასუხისმგებლობა იმაზე, რომ მწერლის შთამომავალი ვარ, მუდამ მქონდა. უპირველეს ყოვლისა ეს ყოველთვის ეხებოდა და დღესაც ასეა: არ შევარცხვინო მამის სახელი უზნეობითა და უკეთური საქციელით, არ ვიყოყოჩო, არ ვისარგებლო მისი ავტორიტეტით. მამა უაღრესად კანონმორჩილი იყო. ვერ ვიგონებ რაიმე ფაქტს,  ასე რომ არ ყოფილიყო. ვინ იცის რამდენ ვინმეს დახმარებია, როცა მათი კანონიერი უფლებები ირღვეოდა, მაგრამ, მაგალითად, ჩემი კარიერისთვის, ჩემი ცხოვრების  გასაუმჯობესებლად ან დასახმარებლად  თავისი პრინციპებისთვის არასდროს უღალატია. ასე ვიზრდებოდით ოჯახში ჩვენ და ჩვენი შთამომავლები. იცოდა თქმა: “შენით უნდა შექმნა შენი მომავალიო“... და მართლაც, ასე იყო ყოველთვის. 

რამდენადაც ვიცით თქვენც წერდით და წერთ,  გამოქვეყნებული გაქვთ არაერთი მეცნიერული თუ მხატვრული ნაწარმოებები, როგორი იყო მისეული შეფასება თუ შეიძლება მოგვითხროთ რაიმე რჩევას თუ გაძლევდათ, მეტად საინტერესოა გიწონებდათ თუ არა ამ ნაბიჯს? 

ორიოდე სიტყვით გეტყვით რა ურთიერთობა იყო ჩვენს შორის, ჩემ შემოქმედებასთან დაკავშირებით: ბავშვობიდანვე ვწერდი ლექსებს, პიესებს, მოთხრობებს. ჩემს „ნაჯღაბნებს“ არასოდეს ვუჩვენებდი მამას, მაგრამ თვითონ ნახულობდა, არაფერი მქონია ჩაკეტილი. თუ რამე მოეწონებოდა, მაშინ გამოტყდებოდა თავის „დანაშაულში“, რომ დაუკითხავად წაიკითხა, თუმცა ამას ყურადღებას სულაც არ ვაქცევდი. გამოთქვამდა თავის აზრს, რამეს დამიწუნებდა, რამეს შემიქებდა და მეტი არაფერი. მეც რაღაცაში ვეთანხმებოდი, რაღაცაში - არა. მაგრამ ჩემს გულში მასთან რაიმე კამათი არ მქონია. აქამდე არ ვიცი მამა მომავალში, შემოქმედებითი თვალსაზრისით, რას ხედავდა ჩემში, ამაზე არაფერს ამბობდა, ისევე, როგორც არ ამბობდა არაფერს, ჩემ სცენურ გატაცებაზე, თუმცა ვხედავდი, რომ ამით მაინცდამაინც კმაყოფილი არ იყო. ჩემ ლიტერატურულ მოღვაწეობაზე არაფერს ამბობდა, არც არასდროს უცდია, რაიმე კორექტივები შეეტანა. არაერთხელ უთქვამს: “ყველამ თავისი ცხოვრების გზა თავისით უნდა გაიკვალოსო“. ამგვარმა დამოკიდებულებამ ჩემი თავის მიმართ საკმაოდ მკაცრი მიდგომა ჩამომიყალიბა. თუმცა, ცხადია ვკამათობდით კიდეც, მაგრამ არასდროს არ მქონია მამასთან რაიმე შეხლა-შემოხლა, ზოგ რამეს ვიწონებდი, ზოგს - ვიწუნებდი, არ ვიღებდი, მაგრამ თავს ყოველთვის ვიჭერდი. მახსოვს ერთხელ რომ მითხრა: „ერთ-ერთ ფილოსოფოსს ნათქვამი აქვს-მასწავლებელს მაშინ ეკამათე, როდესაც მის დონეს მიაღწევო“.. არ მინდოდა, ჩემი წინააღმდეგობით გული სტკენოდა, თანაც, უბრალოდ მერიდებოდა. თუმცა, კამათი არა ერთხელ მაინც მოგვსვლია, საკმაოდ მწვავეც. მახსენდება, ერთხელ ვიდავეთ სოციალისტურ რეალიზმთან დაკავშირებით. ვუთხარი არ არის კარგი, რომ სოციალისტური რეალიზმის მწერლები ბევრ მოვლენას „დამტკბარად“  და „არარეალურად“ გამოხატავენ მეთქი. ამაზე გაეცინა და მითხრა: “შენ „დამტკბარად“ და „არარეალურად“ მიგაჩნია, ამიტომ არ მოგწონს,  მაგრამ იმას კი უნდა ხვდებოდე, რომ თუ ასე  ასახავს მწერალი,  ეს ნიშნავს, რომ მას უნდა, რომ ასე იყოს - რომ ეს არის მისთვის კარგი და მისაბაძი - ე.ი. მწერალი თავისთავად აკრიტიკებს არსებულს, მოითხოვს იყოს უკეთესი, ისეთი, როგორსაც ის თავის ნაწარმოებებში აღწერს... თავისთავად ეს უკვე კრიტიკაა გამჭრიახი მკითხველისათვის და საზოგადოებისათვის მისახვედრი... მაგრამ ნაწარმოებში მხოლოდ ეს ხომ არაა ყველაფერი? მთავარი ადამიანია და ადამიანური ურთიერთობები, აი ეს უნდა იყოს ნამდვილი, მართებულად ასახული და გააზრებული“.  იქვე გადმოიღო არისტოტელეს „პოეტიკა“,  წაიკითხა და განმარტა, რომ: რეალიზმი არ ნიშნავს იმას - იყოს ასახული ზუსტად ის, რაც არის რეალურად, არამედ იმას, რაც შეიძლებოდა ყოფილიყო....  


მამა ჩემთვის უპირობო ავტორიტეტი იყო. მახსოვს, სკოლაში რამეს რომ დავაშავებდი, დედა მემუქრებოდა, მამას ვეტყვიო, და მეც შიში ამიტანდა, თუმც მამა სულ არ იყო ასეთი მკაცრი. პირიქით, საკმარისი იყო გულწრფელად მეღიარებინა დანაშაული და დავპირებოდი, ამას მეტად აღარ ჩავიდენ მეთქი, რისხვა მაშინვე ლმობიერებაში გადაუვიდოდა.  მე არაერთხელ მისარგებლია ამ ეშმაკობით. ისე კი, დედამ სინამდვილეში არ იცოდა დასმენა, პირიქით, თვითონ კარგად რომ გამკიცხავდა, გამაფრთხილებდა, მამას არ გააგებინო ეს, ხომ იცი, როგორი გული აქვს და ტყუილუბრალოდ რად უნდა ვატკინოთო. 

როგორ ფიქრობთ მიეგო თუ არა საკმარისი პატივი მის სახელს?  რას გვეტყოდით მწერლის სახლ-მუზეუმთან დაკავშირებით?  ან რაიმე სამომავლო გეგმები ხომ არ არის ამის თაობაზე?  

როგორც უკვე გითხარით, მამა ძალიან თავმდაბალი ადამიანი იყო და არასდროს არ იყენებდა თავის ავტორიტეტს ან მდგომარეობას.  ხშირად იმისაც კი არ ითხოვდა, რაც ეკუთვნოდა. ალბათ ამიტომაც იყო, რომ ხშირ შემთხვევაში მისი მოხსენიებაც კი ავიწყდებოდათ ხოლმე. მაგალითად, გამოაქვეყნებდნენ რაღაც ცნობარს ქართველი მწერლების შესახებ და იქ პარმენ ლორია არ იყო მოხსენიებული - მიზეზად იტყოდნენ - არავინ შეგვახსენა და ჩვენ რა უნდა გვექნაო. ახლაც, ასეა: გული მწყდება ჩვეულებრივ, საოჯახო კალენდარში ვის, რომელ მწერალს არ შეხვდებით, მას კი - არა. ის კი არა, მისი დაბადების 100 წლისთავზე მის მშობლიურ კუთხეში არსებულ სკოლას მისი სახელი მიანიჭეს, მაგრამ რამდენიმე წელიწადში გააუქმეს. ერთი თავყრილობის დროს, სამტრედიის საჯარო ბიბლიოთეკაში ამ სკოლის დირექტორს რომ ჰკითხეს მიზეზი, თავი იმართლა: სკოლებს ახალი ნომერი რომ მიანიჭეს, ამ დროს გაუქმდაო. სამტრედიის რაიონის ერთ ერთმა, ყოფილმა თავკაცმა - ბორის ფოცხვერაშვილმა ამის გამო საჯაროდ გამოთქვა აღშფოთება და მოითხოვა სახელობის აღდგენა, მაგრამ საბოლოო ინფორმაცია, იმის თაობაზე, თუ რა მოხდა, მერე - არ მაქვს. არადა, ის სკოლა ადრე იყო ძველი, ორკლასიანი სამრევლო სკოლა, პარმენის მამის ხელით ნაგები ვრცელი ოდა სახლი, რომელიც მწერალმა დაამთავრა. ფრიად მოხარული ვიქნები თუ სოფლის გამგეობა და რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრი მოახერხებს და სკოლა  კვლავ  მის სახელს მიანიჭებს. 


რაც შეეხება მისი სახლ-მუზეუმის გახსნას - ამის თაობაზე ბევრჯერ იყო გამოთქმული სურვილი, მაგრამ ოფიციალურად რაიმე ნაბიჯი არ გადადგმულა. სამწუხაროდ, სახლი, სადაც მწერალი დაიბადა და გაიზარდა, აღარ არსებობს, მაგრამ მწერლის სახელთან დაკავშირებული სახელობითი კუთხე შეიძლებოდა  სოფლის სკოლაში ან სოფლის ბიბლიოთეკაში მაინც ყოფილიყო. თუკი ასეთი სურვილი გამოითქმება და ამის გაკეთება  შესაძლებელი გახდება, მზად ვარ ორგანიზატორებს შესაფერისად ხელი შევუწყო, მივაწოდო მწერლის წიგნები, სხვადასხვა გამოცემები და სხვადასხვა ექსპონატები.  ბათუმში, სადაც მთელი ცხოვრება გაატარა მწერალმა, ქალაქის საჯარო ბიბლიოთეკაში, გაიხსნა წიგნის მუზეუმი, გამოიყო სპეციალური ადგილი, სადაც განთავსდა ოჯახის მიერ გადაცემული მწერლის პირადი ნივთები და პირადი ბიბლიოთეკა, რის გამოც, ძალიან მადლიერი ვარ იმჟამად ბიბლიოთეკის დირექტორ ქალბატონ ინგა გოგიბერიძის. ასე მგონია, რომ ღირსეულ სახელებს არ უნდა ვუკარგავდეთ შთამომავლობას, „ვინც წარსულს ივიწყებს, ის მომავალზე ხელს იღებს“

მწერლის ოჯახში დაიბადეთ, სამწერლო გარემოში მოგიწიათ აღზრდა მითხარით  რას წარმოადგენს ზოგადად წიგნი ანუ მისი ფენომენი თქვენთვის?

ჩემთვის „წიგნის“ ცნება უკავშირდება ყველაფერს, რაც კითხვის სფეროს მოიცავს და აერთიანებს შემეცნებით, მხატვრულ-ესთეტიკურ და ფსიქოლოგიურ მხარეებს.  წიგნი, როგორც მოვლენა, ჩემი პროფესიული კვლევის მთავარი საგანი იყო. ჩემს ინტერესს წარმოადგენდა კითხვის ფსიქოლოგია, რომელიც შეისწავლის როგორც პიროვნების, ისე საზოგადოების კითხვის საკითხებს და მას განიხილავს, როგორც სოციალურ მოვლენას. ჩემი მეცნიერული მოღვაწეობის დროს შევეცადე ჩამომეყალიბებინა სწავლება კითხვის შესახებ, შემექმნა დარგის ნაირსახეობა, რომელსაც მე „ლექტოლოგია“ ვუწოდე.  ჩემს ცხოვრებაში განსაკუთრებით დიდი ადგილი უჭირავს მხატვრულ ლიტერატურას, რომელიც დღემდე მასაზრდოებს. თუმცა, სამწუხაროდ, ამჟამად მხატვრული ლიტერატურას ძველებურად ვეღარ ვკითხულობ. ელექტრონული კითხვა დიდად არ მეხერხება, მირჩევნია ჩვეულებრივ დაბეჭდილი წიგნი მქონდეს ხელთ, თუმცა წიგნების ტექსტების გაციფრებას, პროფესიული თვალსაზრისით, დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ,  

თქვენეული შეფასება რომ გააცნოთ საზოგადოებას, რამდენად შეცვალა ადამიანური ურთიერთობები დრომ, რა წაიღო და რა მოიტანა...

ცხოვრებამ რა წაიღო და რა მოიტანა მოკლედ სათქმელად ძალიან ძნელია. ორი სიტყვით კი - ეს ადამიანურ ურთიერთობებს ყველაზე მეტად ეხება. ცვლილებები გეგმაზომიერად თუ სპონტანურად ყველა სფეროში ხდება: განათლება, მედიცინა, კულტურა, ტრადიციები, ეკონომიკური კეთილდღეობა და სხვ. ადამიანს უნდა თუ არ უნდა - ეგუება ამას. განსაკუთრებით შესამჩნევია ეთიკურ-ესთეტიკური ცვლილებები. შეირყა ისეთი ტრადიციები. როგორიცაა: მეზობლური სიახლოვე, ნათესავ-მოყვრობა, ძმობილ-დობილობა, ქალ-ვაჟის დამოკიდებულების ეთიკა, ადათ-წესები, სტუმარ-მასპინძლობის რიტუალი, მთლიანად ახალი შეხედულებები შეიქმნა ჩაცმა-დახურვაზე, ქცევაზე, სწავლა-განათლებაზე და სხვა მრავალი. 

ეს არ ნიშნავს, რომ ყოველივე ახალი  დასაგმობია ან უეჭველად მისაღები, რა არის კარგი და რა - არა,  ამას  დრო დაგვანახებს. გასაგებია, რომ  გავლენებს ვერ გავექცევით, მაგრამ ჩვენ არ უნდა ვიყოთ მხოლოდ წამხედურ - მიმბაძველები, უნდა შეგვეძლოს კარგისა და ცუდის გარჩევა ისე, რომ უპირველეს ყოვლისა, არ დაზიანდეს ქვეყანა, არ მოიშალოს საუკეთესო ტრადიციები, ყოველივე ადამიანური იყოს დაცული. ამისათვის უნდა ზრუნავდნენ საზოგადოების სათავეში მყოფი ინტელექტუალი ადამიანები: აღმზრდელები, პედაგოგები, მწერლები, ხელოვნების, სპორტის წარმომადგენლები, ცნობილი ადამიანები - მათზე ბევრია დამოკიდებული - დავიცვათ ღირსეული ტრადიციები და ხელი შევუწყოთ ახლის ჩამოყალიბება-განვითარებას - ამას თვით ცხოვრება ავალებს მათ. ტრადიცია ურყევად ჩამოყალიბებული მოვლენაა და მისი ცვლილება ნაკლებად ექვემდებარება იძულებას.  ტრადიციები იცვლება, მაგრამ არა უხეში, მკაცრი, შეუსაბამო და შეუფერებელი ზემოქმედებით, არამედ თავისთავად, ხანგრძლივ დროში, პირობების გათვალისწინებით.

რას ფიქრობთ ამ ბოლო ხანებში თანამედროვე ლიტერატურაში დამკვიდრებულ „უხეშ“ გამომხატველობით ფორმებთან დაკავშირებით?...

ვფიქრობ, ლიტერატურაში გავრცელდა და ფეხს იკიდებს უწმაწურობა,  პირდაპირ „დედის გინება“ - რაც სრულებითაც არ ამართლებს ავტორს...  მით უმეტეს, მაშინ, როცა ნაწარმოებში იმგვარი   სიუჟეტური ვითარება არაა აღწერილი, რომ ამის საჭიროება იყოს...  არ ვიცი, ეს რამდენად გამართლებულია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ქართველი  მკითხველი არ მიიღებს, ვერ შეეგუება ამას ... ძალიან იშვიათ შემთხვევაში, შეიძლება ეს იყოს მისაღები, მაშინ,  როცა ამის  სიუჟეტის გარდაუვალი თავისებურება და აუცილებლობა მოითხოვს... მწერალს უნდა შეეძლოს მხატვრულად, სავსებით ეთიკურად გამოხატოს და აღწეროს ნებისმიერი უხერხული სიტუაცია ისე, რომ  მკითხველისათვის ნათელი იყოს რაშია საქმე, რა სიტუაციაა და რა ითქვა...  თუ მწერალს ეს არ შეუძლია, ეს მწერლის დაბალ კულტურასა და მხატვრულ ოსტატობაში მის ნაკლოვანებაზე მეტყველებს, გემოვნებაზე რომ აღარაფერი ვთქვათ. 

თქვენი თვალსაზრისით რა მიგაჩნიათ მწერლის  უპირველეს დანიშნულებად?

ილიას აზრი „პოეტისა და პოეზიის დანიშნულებაზე“ არის ურყევი სიტყვა ამ საკითხთან დაკავშირებით, პოეზია უნდა ემსახურებოდეს ხალხს, ის არაა ოდენ ლამაზი და ტკბილი სიტყვები... ასეა მწერლობაც...  

საერთოდ, ლიტერატურაში მხატვრული და შემეცნებითი განუყოფელია, ისევე როგორც ესთეტიკური და ეთიკური... ისინი ერთმანეთს მოიცავენ... ლიტერატურა აღმზრდელობით ფუნქციას ატარებს -  ყოველი წაკითხული წიგნი პიროვნებას ინტელექტუალურად უნდა ავსებდეს,  მასზე დადებით თუ უარყოფით გავლენას უნდა ახდენდეს - და ეს უარყოფითიც მის სულიერ აღზრდას უნდა ემსახურებოდეს... ლიტერატურით ადამიანი იმდიდრებს გონებას, ხვეწავს გემოვნებას, იმაღლებს კულტურას. მეტაფორულად რომ ითქვას, ყოველი მკითხველი ავტორის თანაავტორიცაა და კრიტიკოსიც. ბევრი თქმულა მწერლის დანიშნულების შესახებ - მწერალი ყველაზე აშკარად გვევლინება საზოგადოების წევრად და თავისი ღვაწლით ხელს უნდა უწყობდეს საზოგადოების განვითარებას ყოველი მიმართულებით, იგი, უპირველეს ყოვლისა, მაგალითს უნდა იძლეოდეს თავისი შემოქმედებითა და ცხოვრების ნირით. 

ესაუბრა:გოგიტა (გალაქტიონ )გიორგაძემ 20021 წელი




კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 04.02.2020
ბოლო რედაქტირება 06.10.2023
სულ რედაქტირებულია 5





რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0