ღირსი მამა ჩვენი იოანე, ზედაზნის წინამძღვარი, სარკინოზთაგან წამებული (IX) ხსენება 12 (25) დეკემბერი
წმიდა იოანე მოღვაწეობდა ზედაზნის მონასტერში, რომელიც დააარსა ღირსმა იოანე ზედაზნელმა (ხს. 7 მაისს), ანტიოქიიდან ჩამოსულმა ბერმა, რომელიც ღვთისმშობლის გამოცხადებით მოვიდა ქართლში სარწმუნოების განსამტკიცებლად და ქვეყანაში ბერ-მონაზვნური ცხოვრების ასაღორძინებლად.
თანდათან ზედაზენი საქართველოს სულიერებისა და კულტურის ჩაუქრობელ ლამპრად იქცა. ზედაზნელი მამები ზრუნავდნენ მონასტრის კეთილდღეობაზე, ეწეოდნენ აღმშენებლობით საქმიანობას.
სიწმიდითა და ძმათამოყვარეობით გამორჩეული წმიდა იოანე ზედაზნის მონასტრის წინამძღვრად იქნა დადგენილი. სულიერების ეს ერთ-ერთი უდიდესი კერა IX საუკუნეში არაბთა შემოსევების შემდეგ სარკინოზთა რბევის საგნად იქცა. ერთ-ერთი შემოსევის დროს არაბებმა შეიპყრეს და წამებით მოკლეს მონასტრის წინამძღვარი იოვანე.
არსენ II-ის (XIII ს. I ნახევარი) მიერ შედგენილ ზედაზნელ წინამძღვართა სიაში („სახელები წმიდათა მამათა, ქრისტეს მიერ აღსრულებულთა ზედაძენს შინა შემდგომად იოანესსა“) მოხსენიებულია იოანე, „რომელი მოიკლა სარკინოზთაგან ზედაზენს შინა მახჳლითა“. ეს მოხდა IX საუკუნეში.
საქართველოს ეკლესიამ წმიდანად შერაცხა მოძალადე ურწმუნოთა ხელით აღსრულებული ბერი.