სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11124

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
წმიდანები
ღირსი დოდო გარეჯელი (VI) ამაღლების შემდგომი ოთხშაბათი კახეთი
ბმულის კოპირება

წმიდანები

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

380       ბეჭდვა

ღირსი დოდო გარეჯელი (VI) ამაღლების შემდგომი ოთხშაბათი კახეთი

დავით გარეჯის კლდეში ნაკვეთი სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს გარე კახეთში. იგი გადაჭიმულია გარეჯის მთის ნახევრად უდაბურ კალთებზე 25 კილომეტრის მანძილზე და დღესაც ანცვიფრებს მნახველს სამშენებლო ხელოვნებისა და ფერწერის მაღალი მხატვრული ღირებულებით.


მონასტერი VI საუკუნის პირველ ნახევარში დააარსა 13 ასურელ მამათაგან ერთ-ერთმა - წმინდა დავით გარეჯელმა. იგი გარეჯის მთის ბუნებრივ გამოქვაბულში დასახლდა და აქ შექმნა პირველი მონასტერი, რომელსაც დღეს წმიდა დავითის ლავრა ეწოდება. „წმინდა დავითის ცხოვრება“, რომლის ადრეული რედაქცია IX-X საუკუნეებს განეკუთვნება, გარეჯის მრავალმთაში პირველი მონასტრის - ლავრის დაარსების ამბავს მოგვითხრობს. ასეთ მკაცრ გარემოშიც კი აღმოჩნდა ადგილი, სადაც ნაპრალში დაგროვილი წვიმის წყალი „სვეს და დასხდეს განსვენებად ჩრდილსა რასმე კლდისასა“. შემდგომ აქ „დაემკვიდრნეს სიმრავლენი მამაკაცთანი, უდაბნოებითსა ცხოვრებასა შემტკბობელნი, რამეთუ დღითი დღე შეეძინებოდა რიცხუსა მათსა სიმრავლე ფრიად“. ამავე საუკუნეში მისმა მოწაფემ (ლუკიანემ) და თანამოღვაწემ (დოდომ) დააარსეს გარეჯის კომპლექსის კიდევ ორი სამონასტრო განშტოება: დოდომ - დოდოს რქა, ხოლო ლუკიანემ - ნათლისმცემლი. წმინდა დავითის სიცოცხლეში, სავარაუდოდ, მხოლოდ ეს სამი მონასტერი მოქმედებდა. შემდეგ მათ სიახლოვეს შეიქმნა წამებული, თეთრი სენაკები, უდაბნო, ჩიჩხითური და ბერთუბანი (ამჟამად აზერბაიჯანის ფარგლებშია მოქცეული).

ღირსი დოდო გარეჯელი წარმოშობით კახელი იყო. სიყრმიდგან მონაზვნობის ღვაწლის მიმღები და ქრისტეს მსახურებას შემდგარი განმარტოებით მოღვაწეობდა ნინოწმინდაში. როცა ღირსმა დოდომ გაიგო მამა დავით გარეჯელის სასწაულების ამბავი, გარეჯში წავიდა. ღირსმა მამებმა კეთილად მოიკითხეს ერთმანეთი და გვერდიგვერდ დაიწყეს მოღვაწეობა (დავით გარეჯელის თბილისიდან გადმოსვლასა და დოდო გარეჯელის აქ მოსვლას შორის, ერთი წელია განსხვავება.) მამა დავითმა იხილა რა სარწმუნოებრივი სიმტკიცე, და „სიმახვილე დოდოს გონებისა საღმრთოსა შინა“, უთხრა: .„წარვედ, ძმაო, რქასა ამის კლდისასა, რომელ არს პირისპირ ჩუენსა, და წარიტანენ თანა სხუანიცა ძმანი რამეთუ წადიერ არიან, რაჲთა გარე ისჯებოდიან ჴორცითა სულთა მათთა ცხორებისათჳს“. და ერჩდა ბრძანებასა მისსა წმიდაჲ დოდო..“. იმ მთაზე რამდენიმე ბერთან ერთად ასული წმინდა დოდო ერთ ვიწრო ნაპრალში დაემკვიდრა, რომელიც ერთ კაცს ძლივს იტევდა, და მკაცრი მარხვითა და დაუცხრომელი ლოცვით მოღვაწეობდა. მისმა თანმხლებლმა ბერებმა კლდეში გამოკვეთეს სენაკები და მათაც დაიწყეს ფიცხელი მოღვაწეობა. შემდეგ სენაკების რაოდენობამ ორასს გადააჭარბა.

წმინდანის ღვაწლის შესახებ ცნობები ჩართულია დავით გარეჯელის ცხოვრებაში. ერთხელ მამა დავითმა სასწაულებრივად განკურნა რუსთავის მთავრის, ბუბაქარის დავრდომილი ვაჟი. მადლიერმა მთავარმა მეუდაბნოე ბერებისათვის აუცილებელი ნივთები მიართვა ღირს მამას. წმიდა დავითმა მიიღო ნაწილი, დანარჩენი კი ღირს დოდოს გაუგზავნა, და ბუბაქარის მონათვლაც სთხოვა, ვინაიდან მღვდელ-მონაზონი იყო. წმიდა დოდომ სიხარულით აღასრულა ნათლობის საიდუმლო და ნათელ-სცა ბუბაქარს, მის სამ ვაჟს და მთელს ამალას. მოგვიანებით წმინდა დოდომ ღვთისმშობლის ტაძარიც ააშენა.

ღრმა სიბერემდე მოღვაწეობდა ღირსი დოდო მის მიერ დაარსებულ მონასტერში და იქვე აღესრულა მშვიდობით. ღირსი მამა დოდო ვითარ მოგვითხრობს ძველი მატიანე, ხუცეს მონაზონი იყო და მოძღუარი ღირსისა დავითისა, რომელიც აღსარებას მას აბარებდა, და ჰმართდა თჳსსა მონასტერსა ვითარ ორმეოცდაათორმეტი წელი და აღსრულდა ოთხმეოცდა ათთერთმეტისა წლისა, ექუსას ოცდა სამსა წელსა ქრისტეს შემდეგ. სულიერმა შვილებმა და თანამოსგარეებმა სენაკშივე დაფლეს მისი წმიდა სხეული.

წმინდა დოდოს გარდაცვალების შემდეგ, ტაძარს ზევიდან ჯვარგუმბათოვანი დაედგა. დოდოს მონასტერში, მას შემდეგ, ფრესკებიც მოიხატა. თავად ეკლესია VI ს-ის 30-40 იანი წლებისაა.

წერილობითი წყაროებით, გარეჯის მრავალმთაში 12 მონასტერი ყოფილა. ამის დასტურია თუნდაც ის ფაქტი, რომ გარეჯის მონასტრების მაკურთხეველი, ნინოწმინდელი ეპისკოპოსი „ათორმეტთა უდაბნოთა“ მაკურთხევლად იწოდება.

მონასტერი, სადაც ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ღირსი მამა დოდო გარეჯელი. შედგება სხვადასხვა დროის (VI-XVIII სს. ჩათვლით) გამოქვაბული კომპლექსებისაგან. მთავარი დარბაზული ეკლესია და სატრაპეზო გარეჯის საერთო აღმავლობის პერიოდს - XI-XIII საუკუნეებს განეკუთვნება. განსაკუთრებით საყურადღებოა კლდეში გამოკვეთილი წმ. დოდოს მცირე ეკლესია, რომლისაგანც შემორჩენილია საკურთხევლის აფსიდის კონქი, კლდეში გამოკვეთილი უყელო გუმბათი, ჩდილოეთი კედელი და დასავლეთი ნართექსის კედლის ნაწილი. კონქში შემონახულია მხატვრობის ერთ-ერთი ყველაზე ადრინდელი (VIII-IX სს.) და მნიშვნელოვანი ნიმუში საქართველოში.

მოხატულობის მთავარი ფიგურაა ტახტზე მჯდომი ქრისტე მაკურთხებელი მარჯვენით. მარცხენა ხელში უჭირავს გადაშლილი წიგნი, რომელზედაც ქართული წარწერის კვალია შერჩენილი. მაცხოვრის ორსავე მხარეს თითო მედალიონია მოთავსებული. ერთში გამოსახულია ქალის ფიგურა მკერდამდე, მთვარის ქიმით თავს ზემოთ, მეორეში (ასევე მკერდამდე) - ფრიგიულ თავსაბურავიანი ჭაბუკი აგიზგიზებული ჩირაღდნით მარჯვენა ხელში. როგორც ჩანს, პირველი ფიგურა მთვარეს განასახიერებდა, მეორე - მზეს. ამგვარი გამოსახულებანი ადრინდელი ქრისტიანულ სარკოფაგებში გვხვდება. ქრისტეს ქვემოთ გამოსახულნი არიან მთავარანგელოზები მიქელი და გაბრიელი, აგრეთვე ტეტრამორფი (ოთხი მახარებლის სიმბოლური გამოსახულება) და ქერუბინი (ექვსფრთიანი ანგელოზი). დოდოს რქის მონასტრის პოლიტიკური-ეკონომიკური ისტორია დაკავშირებულია დავითგარეჯის მონასტრის ისტორიასთან.

დავითგარეჯის სამონასტრო ცხოვრების მეორე აღმავლობა წმინდა ილარიონ ქართველის სახელს უკავშირდება (822-875წ.წ.). მან განავრცო და შეამკო ფერისცვალების ეკლესია, სადაც წმინდა დავითია დაკრძალული (ეს ეკლესია კლდეში გამოკვეთა მადლიერმა ბუბაქარმა) და წამოიწყო კლდეში კვეთილი მონასტრების ახალი კომპლექსის მშენებლობა გარეჯის მრავალმთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე ივრის შუაწელზე. ესენია: „საბერეები, პირუკუღმა, ქოლაგირი, დიდი ქვაბები, პატარა ქვაბები და სხვა, რომელთაც შემოგვინახეს ფრესკული მხატვრობისა და სხვადასხვა სახის დამწერლობის ბევრი მნიშვნელოვანი ძეგლი.

უდაბნოში იღვწოდა წმინდა კეთილმსახური მეფის დავით აღმაშენებლის ვაჟი მეფე დემეტრე (ბერობაში - დამიანე), ავტორი საგალობლისა „შენ ხარ ვენახი“ (XII ს.). XI საუკუნეში გარეჯის მონასტერს სელჯუკები შემოესივნენ, რის გამოც შეფერხდა მისი განვითარება, თუმცა მონასტრული ცხოვრება აქ არ შენელებულა.

გარეჯის სამონასტრო კომპლექსმა განსაკუთრებული აყვავებას მიაღწია XI-XIII საუკუნეებში. დაარსდა ახალი მონასტრები - უდაბნო ბერთუბანი და ჩიჩხიტური, გაფართოვდა და კეთილმოეწყო დავითის ლავრა, რომელიც პატარა ხეობის ორივე კალთაზეა გაშენებული. მონასტერში, სადაც თავდაპირველად ბინა დაიდო წმიდა დავითმა, მოეწყო ტერასიანი ეზო, აშენდა ახალი სენაკები, სატრაპეზო და ეკლესია. კლდეში გაიჭრა წყალშემყვანი არხები და რეზერვუარები. ამავე პერიოდს მიეკუთვნება კედლის მხატვრობაც ეკლესიებსა და სატრაპეზოებში. უდაბნოს მონასტერში საფუძველი ჩაეყარა გარეჯის სამხატვრო სკოლას, რომელმაც თავისი შემოქმედების მწვერვალს ბერთუბნის მოხატულობაში მიაღწია.

გარეჯის ფრესკების მნიშნველობას განსაზღვრავს ის გარემოებაც, რომ მან შემოგვინახა ბევრი ისტორიული პირის პორტრეტი - წმიდა დავით აღმაშენებლისა - ნათლისმცემლის უდაბნოში, თამარ მეფისა და ლაშა გიორგის - ბერთუბანში, დიმიტრი თავდადებულისა და სხვა ქტიტორებისა - უდაბნოში.

XII-XV საუკუნეებში დოდოს რქა სამეფო მონასტერი იყო. 1424 წელს ალექსანდრე I-მა დავითგარეჯთან ერთად შესწირა მცხეთის საკათალიკოსო სვეტიცხოვლის ეკლესიას.

XIII საუკუნეში მონღოლთა შემოსევებმა შეაფერხა გარეჯის განვითარება. მათ გაძარცვეს და გაანადგურეს მონასტრები, ცეცხლს მისცეს ხელნაწერები და ხელოვნების ნიმუშები. შეწყდა ცხოვრება ბერთუბანში, აოხრდა ლავრის, დოდოს რქისა და ნათლისმცემლის მონასტრები და მხოლოდ საუკუნის ბოლოს გახდა შესაძლებელი მონასტრის კვლავ გამოცოცხლება. ცნობილია, რომ მეფეები მარხვის პერიოდს აქ ატარებდნენ.

XIV და XV საუკუნეთა მიჯნაზე თემურ ლენგმა ცეცხლითა და მახვილით დაარბია საქართველო. ქვეყნის დაცემა, ბუნებრივია, დავით გარეჯის მონასტერსაც შეეხო. როგორც ჩანს, ამ დროს შეწყდა მონასტრის სამხატვრო სკოლის არსებობაც.

სპარსეთის შაჰის - აბას I შემოსევების ჟამს გარეჯაში სამონასტრო ცხოვრება შეწყდა. საქართველოს მრავალრიცხოვან წმიდა მოწამეთა დასს 6000 გარეჯელი მოწამე შეემატა. ისინი შემოსეულმა მტერმა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე ამოწყვიტა.

XVII საუკუნის ბოლოს მეფე თეიმურაზი და შემდეგ არჩილ მეფე ცდილობდნენ სამონასტრო ცხოვრების აღდგენას დავით-გარეჯში. ეს მხოლოდ 1690 წელს მოხერხდა, როცა მონასტრის წინამძღვრად ღირსი ონოფრე გარეჯელი (ერისკაცობაში ოთარ მაჭუტაძე) დაინიშნა. მისი ორმოცი წლის მოღვაწეობის შედეგად გარეჯის მონასტერს დაუბრუნდა დაკარგული მიწები, თავდაცვის მიზნით აიგო გალავნები, აშენდა კარიბჭე და სატრაპეზოები. მისი ძალისხმევით დაიწყო სასულიერო ცხოვრების აღორძინება.

XVIII საუკუნეში გარეჯის სავანეები საქართველოს უდიდეს სასულიერო ცენტრად იქცა, თუმცა ხშირი თავდასხმების შედეგად, გარეჯის მონასტრის განვითარება თანდათან შესუსტდა, ხოლო XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან იგი გაუკაცრიელდა, მხოლოდ ნათლისმცემლის მონასტერში შემორჩა რამდენიმე ბერი.

საუკუნეების განმავლობაში გარეჯის უდაბნოს სახელს მრავალი ცნობილი საერო თუ საეკლესიო მოღვაწეობის სახელი დაუკავშირდა. მათ შორის არიან ბერად აღკვეცილი დემეტრე I და ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი ანტონი (XIIს.), წმიდა პიმენ სალოსი (XIIIს.), წმიდა იოანე მანგლელი, ქართლის კათალიკოსი ბესარიონ ბარათაშვილ-ორბელიშვილი, საქართველოს კათოლიკოსი 1730-1737 წლებში, სასულიერო მწერალი, მართლმადიდებლობის დამცველი და შესანიშნავი მოქადაგე; ტიმოთე გაბაშვილი, ქართლის მთავარეპისკოპოსი, განათლებული ღვთისმეტყველი და მწერალი; კათოლიკოსი ანტონ I; გაბრიელ მცირე, სასულიერო მწერალი; წინამძღვარი ონოფრე მაჭუტაძე; სვიმონ გარეჯელი, სასწაულთმოქმედი მამა; სულხან-საბა ორბელიანი, რომელმაც აქ შექმნა დიდებული ჰომილეტიკური ნაწარმოები „სწავლანი“ და „სიტყვის კონის“ დიდი ნაწილი, თარგმნა და შეასწორა მრავალი თხზულება; ღირსი ექვთიმე (მჭედლიშვილი)- ნათლისმცემლის მონასტრის წინამძღვარი (+1804); გრიგოლ დოდორქელი; გაბრიელ ქიქოძე და სხვ.

აქ იწერებოდა და ითარგმნებოდა ქართული და უცხოური მწერლობის უმნიშვნელოვანესი თხზულებები. აქ აღესრულა უამრავი ქართველი მამულიშვილი, რომელთა უპირველესი საზრუნავი სამშობლო და ქრისტიანობა გახლდათ.

XVIII-XIX საუკუნეებში მრავალგზის დარბევისას ბევრმა გარეჯელმა მოწამემ მიიღო მოწამეობრივი გვირგვინი - წმიდა შიო ახალმა, წმიდა გაბრიელ მცირემ და სხვ.

1802 წ. მოწამეობრივად გარდაცვლილი წმინდა გაბრიელ მცირე ჰყვებოდა: „ღირსი დოდო გარეჯელის ხსენების დღეს მისი საფლავის თაყვანსაცემად წავედით თორმეტი ბერი. ცისკრის ლოცვა და წირვა გადახდილი გვქონდა. უზმონი ვიყავით, რათა მეტი ლმობიერებით ვმთხვეოდით წმინდა საფლავს. გზაზე ავაზაკები დავინახეთ და გავიქეცით, დოდოს მონასტერს დიდი წვალებითა და ოფლის ღვრით მივაღწიეთ. მივუახლოვდით წმინდა დოდოს საფლავს და საამო სურნელება გამოვარდა იქიდან. ზოგი ამბობდა, ეს სურნელება მიმსგავსებული იყო სურნელებას, რომლითაც იპოვეს დამარხული ძელი-ჭეშმარიტიო. ავანთეთ სანთლები, გადავიხადეთ პარაკლისი, სამი ჟამი დავყავით იქ და ეს სურნელება არ მოგვშორებია. სამი დღის შემდეგ კიდევ წავედით წმინდა დოდოს საფლავზე. სხვა დროსაც ბევრჯერ ვყოფილვართ, მაგრამ ასეთი სურნელება არასოდეს გვიგრძნია. მაშინ ავაზაკებს გაქცეულები სურნელით გვანუგეშა წმინდა დოდომ“-ო.

1881 წელს, მიხეილ საბინინის თაოსნობით, ლავრის ბერებმა დოდო გარეჯელის წმინდა ნაწილები, დოდოს რქის მონასტრის სავალალო მდგომარეობის გამო, მცირე გუმბათიანი ეკლესიიდან დავითის ლავრის ფერისცვალების ეკლესიაში გადაასვენეს. წმ. დოდოს საფლავი ჩრდილოეთ ეკვდერშია. წარსულში ერთ-ერთი მეცნიერის მიერ დაშვებული და სხვათა მიერ განმეორებული შეცდომის გამო ეს სამარხი წმინდა ლუკიანეს საფლავთან იგივდებოდა. თავად წმ. ლუკიანეს საფლავი ჯერჯერობით უცნობია. სავარაუდოდ, იგი განისვენებს თავისი მოძღვრის, მამა დავითის გვერდით.

წმიდანის საფლავის გახსნის პირველი სრული აღწერა ქართულ ენაზე მიხეილ საბინინს ეკუთვნის. მან „საქართველოს სამოთხეში“ (გამოიცა 1882 წელს) დაბეჭდილ ერთ-ერთ თხზულებაში, რომლის სათაურია „უწყება ღირსისა მამისა ჩუენისა დოდოსთვს“, შეიტანა წმ. დოდოს საფლავის გახსნისა და მისი წმიდა ნაწილების დოდორქის მონასტრიდან წმ. დავითის ლავრაში გადასვენების ამბავი. წმ. დოდოს საფლავისთვის ადგილის შეცვლის აუცილებლობა იმან განაპირობა, რომ იმ დროისთვის დოდორქის მონასტერი დიდი ხნის მიტოვებული იყო, ამიტომ დავითგარეჯელი ბერები იქაურ სიწმიდეებს სათანადო ყურადღებას აღარ აქცევდნენ. ამასთანავე, წმ. დოდოს საფლავის ეკლესია, მისი სამხრეთი კედლის ჩამოქცევის გამო, მიუდგომელი გახდა. წმიდანის საფლავი მიწის სქელმა ფენამ დაფარა. მ. საბინინი მიხვდა, რომ წმინდა საფლავს დაკარგვის საფრთხე ემუქრებოდა, და ღირსი დოდოს ნეშტის გადასვენება გადაწყვიტა, რაც განახორციელა კიდეც. სწორედ ამ ქართველი მოღვაწის პირად ინიციატივას უნდა ვუმადლოდეთ, რომ მორწმუნეებს დღესაც აქვთ ბედნიერება, ამჯერად, წმ. დავითის ლავრაში მიეახლონ ქართული სამონასტრო მოძრაობის ერთ-ერთი სახელოვანი მოღვაწის - ღირსი დოდოს წმიდა ნაწილებს და მეოხება შესთხოვონ. „მონასტერი ღ. დოდოსი სრულიად ჩამოინგრა - წერს საბინინი და „მისნი მშუენიერნი ეკკლესიანი, სატრაპეზო და სენაკი-სრულიად აღმოივსნენ ლამით, ქვიშით და ლოდებით. ღ. დოდოს სამარხოსაც ეს უბედურება დაემართა და კლდის ნაღვევებმან სრულიად ჩამოანგრია სამხრეთი მისი და სამუდამოთ დაჰფარა სასაფლავო ღირსისა. ჩემსა ყმაწვილობის დროს მახსოვდა კიდევ შესავალი სამარხოსა შინა და ყოვლადვე მეგულვებოდა მისი აღმართუა, არამეთ ეს ძნელი საქმე და წადიერება ჩემი, შეუძლებელ იყო ჩემ მიერ, მტრობის გამოთ გარდაცვალებული ეგზარხოსის ევსევის და მაკარისა მიერ“.

წმ. ნაწილთა აღმოსვენების მნიშვნელობიდან გამომდინარე, მ. საბინინს ამ ამბავს ხატოვნად აღწერს: „მიდიოდა დრო და ხანი დაუბრუნებლად, მეშინოდა პირუელი სიკუდილისა და მეორე სრულიად დაკარგჳსა ღირსის საფლავისასა, ამისა გამოთ, შემდეგ ლოცჳსა და ვედრებისა ღუთისადმი-განვიზრახე გულსა შინა ჩემსა, საქმე მიუცთომელი, ესე იგი აღმოსუნება წმ. ნაწილთა ღირსისათა და გადასუენება მათი ღ. დავითის უდაბნოსა შინა. ამის გამოთ წელსა ჩყპა (1881) მარტის დღესა, მოვახსენე ჩემის გულის წადილი, ჩუენს ეკსარხოსს და მამათ მთავარს, მეუფე იოანნიკეს და ყოველიფერი აღუხსენ განვითარებითა, ესე იგი სრულიად აოხრება ღ. დოდოს მონასტრისა, გაქრობა საფლავის კანდლისა და დავიწყება ღირსის საფლავისასა და ნება მიბოძა და მიკურთხა გულის ძადილი და აღსრულება.

შემდეგ ამისა განვემზადე მარტის ზ (7) დღესა ღირსი დავითის უდაბნოსა შინა წასვლად და თანა წარვიყუანე სულიერი მეგობარი ჩემი, კეთილი და ბრძენი ყოვლითურთ, მყოფი ღ. დავითის უდაბნოსა შინა მორჩილად, ვითარ ოცი წელი, აწ მთავარ დიაკონად მყოფი, სფირიდონ გრძელიევი (გრძელიშვილი. თ.მ). მარტის თ (9) დღესა, ორნი მივედით უდაბნოსა შინა და თანა წარვიტანე მშუენიერი კაკლის კანკელი, ჩემ მიერ მოტანილი რუსეთიდან, შესამოსელნი, ბარძიმ ფეშხუმითურთ. მისრულნი უდაბნოსა შინა და მხიარულ ყოფთა ჩუენის მისვლისა თჳს ძმათა, მოვახსენე განზრახუა ესე ჩემი. ძმათა ფრიად განიხარეს და მადლობა შეჰსწირეს ღმერთსა და აკურთხებდნენ დიდსა მეუფესა იოანნიკეს და წინამძღუარსა მის მონასტრისასა არხიმანდრიტს გრიგორი დადიანს. მარტის იე (15) დღესა საღამოზედ ვიწყეთ უდაბნოსა შინა ლოცუა და ღამისთევა და მომზადება მეორის დღისათვის. მარტის ივ (16) დღ. შევემზადენით უდაბნოდგან წარსვლად ღირსი მამა დოდოს მონასტერსა შინა. ვიყავით ესე პირნი: მე ცოდვილი მონა ღუთისა და ჩემის მამულის ეკკელსიისა, ხუცეს მონაზონნი ღ. დავითის უდაბნოსანი, სიმეონ წულუკიძე, კაცი ღუთისა და სრულიად სავსე კეთილითა ჰაზრითა და მორჩილი თავისის თანამდეობისა, იოსტოს, კაცი კეთილ გონიერი და ერთგული უდაბნოსი და გაცარცვისა მტერი, უდაბნოს მთავარ დიაკონი ღირსი დავითის უდაბნოსი იოასაფ, ნათესავათ რუსი, უდაბნოს ერთგული და განუშორებელი იქიდგან, ვითარ ოცდა ხუთი წელი, ზემოხსენებული დიაკონი სფირიდონ და სამნი მორჩილნი მის უდაბნოსანი.

ოდეს აღვედით ღ. მამის მონასტერსა შინა ძლივ მივაგენით ღ. დოდოს საფლავის ეკკლესიას, რომელიც სრულიად აღმოვსილი იყო ქვიშით და ლამით. ვიწყეთ პირველად აღმოწმენდა, შემდეგ იმისა გამოჩნდა ღ. დოდოს საფლავი, რომელსა ზედა დახატული იყო ხატი ღირსისა შეხვეული მაზარსა შინა, კამარით. საფლავსა ხელის ჩასაყოფი ჰქონდა, მიწის ამოსაღებად, ევლოგიათ სასოებითა და სურვილით მიმავალთა. ვიწყეთ პარაკლისის გადახდა და ვედრება საშინელისა მის საქმისა, ხელ ყოფისათვის. ავხადეთ სამჯერ გადალესილი დუღაბით დიდი ლოდები დაკრძალული წმინდა მამათაგან სიწმიდე დამარხული. ლოდთა ქუეშე გამოჩნდა გაცრილი წმინდა მიწა და შემდეგ ამოვიღეთ მიწა და გამოჩნდა ქვით დახურვილი საფლავი კლდისაგან აღმოკუეთილი და ექუსი ნაჭერი პრტყელი ლოდები ედო ზედა, წმიდათა ნაწილთა, რათა მიწა არ შეხებიყო. საფლავიდგან აღმოვიდოდა მშუენიერი სუნნელება, რომელიც ჰზდიან აქამომდენ წმ. ნაწილთა ღირსისათა. ოდეს აღმოვიღეთ მიწა, შევშინდით, ვითარ კაცნი ვიყავით გონება მოტაცებულნი. ოდეს აღმოვწმინდეთ მიწა, მიუბრუნდა დიაკონი სფირიდონ შემოსილთა ხუცეს მონაზონთა და მოახსენა მათ, რათა მიჰყონ ხელი დახურულთა ლოდთა. „მამანო ეხლა თქუენი საქმე არისო ნახვა ნაწილთა“. ხოლო მათ შიშნეულთა ამ საქმისათა, ჰსცეს ნება დიაკონ სფირიდონს, რომელმანც გაიკეთა საბუხრები და შემოირტყა გინგილა და ხელი მიჰყო პრტყელთა ლოდთა და აღხადა ლოდი, რომელიც თავზედ ეხურა ღირსსა და ჩრდილოეთის მხრივ მიაყუდა. ამ ჟამსა, მამანი შემოსილნი უკმევდნენ მუხლმოდრეკით მდგომარენი თავით და ფერხით, მთავარ დიაკონს იოასაფს ეპყრა ხელსა შინა კეროვანი და ჩუენ ყოველნი მუხლ მოდრეკით ყოფილნი, ამოყრილ მიწასა ზედა, ერთბამად ვგალობდით ღირსის დოდოს პარაკლისსა; ოდეს სფირიდონმა აღხადა პირუელი ლოდი, აღმოსცენდა მშუენიერი სუნნელება ფრიადი, რომლისა გამო მიტაცებული იყო გონებანი და განცვიფრებულნი უყურებდით ერთი ერთმანეთს. მამა სიმეონს და იოსტოსს ჰსდიოდათ ცრემლი, მე სრულიად განცჳფრებული ვწრწიდი და ჩამომდიოდა მდუღარება ცრემლისა, ამ საშინელის საიდუმლოს გამოჩენისათვის. უწყის ღმერთმან, იმ ჟამს ჩუენ ყოველნი ნეტარებაში ვიყავით, უეჭუელათაც იგრე იყო. ოდეს იღხადა პირუელი ქუა ზემოთქმული და შემდეგ მისა მეორე და მესამე, სულ იყვნენ ექუსნი, ღირსი დოდო, სრულიად გამოჩნდა, როგორც იყო ჩასუენებული ათას ორასის წლის უწინარეს, წმ. მამათა მიერ, ისე შეხვეული მაზარასა შინა, თავზე და პირზე ეხურა შავი დაფარნა ოქროკერილი და ამასთანავე ფერხთა ზედა; გულ ზედ როგორც შემდეგ ვჰსცანით ჯუარი ედვა, რომელიც წყლის ნადენისა მიერ ჩაშლილ იყო, გარდა ერთისა გრძელი ნაჭრისა, რომელიც აწ ვითარ ძვირფასი რაჲმე ღუთის მშობლის ხატსა შინა გავაკეთე და ეკკლესიასა შინა უნდა აღვმართო საქართუელოს. ესე რა ვიხილეთ კაცი ზეცისა და ანგელოსი ქუეყნისა, ვეღარ დაუტევეთ ისრე, არამედ რჩევისა მებრ, მოვიტანე ფარჩის ზეწარი და გავშალე საფლავის პირსა ზედა და მოვიწადინეთ აღმოსუენება ღირსისა სხეულისა. მე ცოდვილმან მივჰყავ ხელი. საუბედუროდ ჩუენდა, ნადენ წყალს დაებებკვა წმინდა სხეული: რომ არა ჰსდენოდა წყალსა, წმინდა გუამი შეულელათ იქმნებოდა სრულიად. შესამოსელი ხელშივე ნაცრდებოდა, არამედ წმინდანი ნაწილნი (ძუალნი) გარდა სხეულისა, მშუენიერათ იყვნენ დაკრძალულნი. წმ. ნაწილთა, რომელთა წყალი არ შეხებიყო, ძუალთა ზედა შეხმობილი სხეული აჩნდა სრულიად. გალობითა და კმევით აღმოვასუენეთ წმიდანი ნაწილნი ზეწარსა ზედა; ოდეს სრულიად აღმოკრეფილნი იყვნენ წმ. ნაწილნი, საფლავით, კუალად მივაფარეთ აკლდამა, როგორც იყო. მცირე ჟამი შევისუენეთ - და ვისერეთ კიდეცა. ამის შემდეგ, ორთა მღუდელ მონაზონთა შეჰკრეს ბოლონი ზეწრისანი, გაუყარეს გრძელი მანა, მხარზედ გაიდეს იგი. წმინდა ნაწილთა წინ წარუძღუა მთავარ დიაკონი იოასაფ აღნთებულის კეროვანით, უკან მეორე მთავარი და მე - და მორჩილნი გალობით წმიდაო ღმერთო... შეუდეგით გზასა მიმყუანებელსა ღ. დავითის უდაბნოსა. ოდეს მივეახლენით უდაბნოს, დაიწყეს ზარის რეკა და ესრეთ დიდითა პატივითა და ფრიადითა მოწიწებითა, შევასუენეთ ღ. დავითის საფლავის ეკკლესიასა შინა“. - მ. საბინინი, „საქართველოს სამოთხე“, 1882, გვ. 637-639

ღირსი დოდოს წმიდა ნაწილების ფერისცვალების ეკლესიაში დაბრძანების შემდეგ ბერი მიქაელ-გობრონ საბინინი თბილისში დაბრუნებულა და კაკლის ლუსკუმა დაუკვეთავს. ლუსკუმის დასამზადებლად საჭირო თანხა ლევან მელიქოვის (მელიქიშვილის) მეუღლეს გაუღია. მ.საბინინს ლუსკუმა გარეჯში გაუგზავნია თხოვნით, რომ ღირსი დოდოს წმიდა ნაწილები მასში ჩაესვენებინათ და ლუსკუმა ფერისცვალების ეკლესიის ჩრდილოეთ უბეში დაებრძანებინათ, „თანა ჰსწორ საფლავისა ღ. დავითისა“. ამასობაში, გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ივანე ბერძენოვის (ბერძენიშვილის) სტატია, რომელშიც იგი მ. საბინინს წმ. დოდოს საფლავის უნებართვოდ გახსნასა და სხვა არამართებულ ქმედებებში ადანაშაულებდა: „ბ.საბინინს ძვლები წაუღია დავითის უდაბნოში და ჩაულაგებია მისგან განმზადებულ კუბოში; ხოლო ჯვარი კი წაუღია პეტერბურღში ვითომც საჩვენებლად ანუ შესამკობლად ვერცხლში. საფლავში დარჩომილს მტვერს ეგრეთვე დაფერფლილ სამოსელს კი მიწა მივაყარეთო, - დაუმატა დამსწრემ. არ ვიცი რაოდენათ უნდა იყოს გამაოცებელი ამ გვარი საქმე ყველასთვის, ვინც კი წაიკითხავს ამას, მაგრამ უფრო იმისთვის, ვინც მივა წმინდის გრძნობით მამა დავითის საფლავის თაყვანის-საცემლად და ერთბაშად დაინახავს იქვე წმ. დოდოს კუბოს!“. გაზეთის ზემორე ნომრის გამოსვლიდან მეორე დღესვე, 1881 წლის 11 ივნისს, წმ. დავითის ლავრის წინამძღვარმა არქიმანდრიტმა გრიგოლმა (დადიანმა) ეგზარქოს იოანიკეს პატაკი გაუგზავნა. მასში განმარტებულია წმ. დოდოს გადმოსვენების აუცილებლობის მიზეზები და შეიცავს შემდეგ თხოვნას: „ქართველი ხალხის მხრიდან წმ. დოდოს მიმართ რელიგიური სასოების გათვალისწინებით, გთხოვთ ნება დართოთ, რათა წმ. დოდოს წმიდა ნაწილები, მსგავსად წმ. დავითის წმიდა ნაწილებისა, აკლდამაში დაიკრძალოს“.

ი. ბერძენოვის სტატიას მ. საბინინი პეტერბურგიდან შეეხმიანა და გაზეთ „დროების“ რედაქციას გამოსაქვეყნებლად თავისი საპასუხო წერილი გაუგზავნა. ამ წერილში იგი ყველა ბრალდებას უარყოფდა. ივანე ბერძენოვს მომხრეები გამოუჩნდნენ, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი არქიმანდრიტი მაკარი იყო, რომელთანაც მ. საბინინს დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა. არქიმანდრიტმა მაკარმა იმდენი მოახერხა, რომ ფერისცვალების ეკლესიაში წმ. დოდოს დაკრძალვის წინააღმდეგ სასინოდო კანტორა და ეგზარქოსი აამხედრა. შედეგად, სასინოდო კანტორამ წმ. დავითის ლავრის წინამძღვარს - არქიმანდრიტ გრიგორს გაუგზავნა 1881 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რომლის ძალითაც ღირსი დოდოს წმიდა ნაწილების დაკრძალვას ლავრის ეზოში - გალავანში ავალებდა. „ეს განკარგულება გამოუცხადეს არხიმანდრიტ გრიგორ დადიანს - რომელმან ყური აღარ ადევნა ამ უწესო განკარგულებას და - ორჯელ მიუხდა მონასტრის ძმათა მაკარი და შეაშინა მხდალნი იგინი - რომელთა უცეფ გამოატანინა წმიდანი ნაწილნი ეკკლესიიდგან მონასტრის ეზოში. - ძმათა შექმნეს მცირე ხის ლუსკუმა, შიგ ჩააწყეს დიდებულნი, ღუთივ შემოსილნი და სუნნელებით ყნოსოვანნი ნაწილნი წმ. დოდოსი და აღმოათხრევინა მაკარიმ მონასტრის გალავანში მიწა, სადაც ასუჱნიან წმ. ნაწილნი ღირსთა მოწამეთა შიო ახლისა და სხუათა, და რომელთა ხსენება იდღესასწაულების ა (1) ივნისსა და იქ ჩააფლევინა. ოდესაც ეს უწესო და ღუთის განსაწყრომი საქმე მოიქმედა დიდებულმა და განჩინებულმა პირმა, მაშინ დასცხრა სიცოფისაგან და დამშვიდდა მლოდვნელი ახლისა მანქანებისა და უწესოებისა. საწუხროდ იქმნება თუ ვითარმედ წმ. ნაწილნი შეურაცხელად იქმნებიან და დავიწყებას მიეცემიან“. როგორც ჩანს, „საქართველოს სამოთხეში“ შეტანილ ამ მონათხრობზე დაყრდნობით, თანამედროვე მკვლევართაგან დ. კლდიაშვილსა და ზ. სხირტლაძეს მიაჩნდათ, რომ ღირსი დოდოს წმიდა ნაწილების განსასვენებელი ლავრის ეზოში მდებარეობდა. მათი აზრით, ფერისცვალების ეკლესიის ინტერიერის ჩრდილო-აღმოსავლეთ უბეში წმ. ლუკიანე იყო დაკრძალული. გ. ჩუბინაშვილის წიგნის წყალობით გავრცელებული და დამკვიდრებული ამგვარი მოსაზრების არამართებულობა, საბოლოოდ, 2000 წელს ფერისცვალების ეკლესიაში ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების პროცესში დამტკიცდა: ეკლესიის ჩრდილო-აღმოსავლეთ უბეში საფლავის ქვის აღების შემდეგ აღმოჩნდა, რომ იატაკში პატარა ზომისა (70X30 სმ.) და მცირე სიღრმის (35 სმ.) კვადრატული ორმო იყო ნაკვეთი და მასში წმიდა ნაწილები იყო დაბრძანებული. ფაქტია, რომ ღირსი დოდოს წმიდა ნაწილები, მათი ლავრის გალავანში დაკრძალვიდან გარკვეული ხნის შემდეგ, ტაძარში დააბრუნეს და მის ჩრდილო-აღმოსავლეთ უბეში დაკრძალეს. წმ. დოდოს საფლავზე დაბალი, უწარწერო სწორკუთხა ქვიშაქვის ფილა დადეს. 1913 წელს გადაღებულ ფოტოზე ჩანს წმ. დოდოს საფლავის ქვაზე დადგმული კაკლის კუბო. ეს, სავარაუდოდ, ლევან მელიქოვის მეუღლის საფასით დამზადებული ლუსკუმაა, ამჟამად წმ. დოდოს საფლავზე თეთრი ფერის, მაღალი, წარწერიანი ქვა დევს. აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ მ. საბინინისეული ტექსტის ის ნაწილი, რომელშიც არქიმანდრიტ მაკარის მცდელობით ღირსი დოდოს წმიდა ნაწილების ლავრის გალავანში დაკრძალვის ამბავია მოთხრობილი, „საქართველოს სამოთხის“ ტირაჟის ჩვენამდე მოღწეულ მხოლოდ ერთეულ ეგზემპლარშია შესული. XX საუკუნის 80-იან წლებში სწორედ ასეთი ცალიდან მოხდა წიგნის როტაპრინტული წესით ტირაჟირება, რის გამოც ეს ამბავი მკითხველთა შედარებით ფართო წრისთვის გახდა ცნობილი. ნიმუშად მოგვყავს გვ.639-ის ასლი „საქრთველოს სამოთხის“ ორი სხვადასხვა ეგზემპლარიდან.

1917-1918 წლებში უდაბნო და ბერთუბანი გაძარცვეს და დაარბიეს. საბჭოთა ხელისუფლების დროს ისედაც გაპარტახებულ მონასტერში გაჩნდა უამრავი წარწერა, ამოკაწრული „ჭრილობა“ და ყველაფერი ეს - უმეტესად ფრესკებზე. სიძველეთა „მოყვარულებმა“ გაზიდეს უამრავი ფრესკული ფრაგმენტი.

უპატრონო სავანეს ცხვარ-მეცხვარე შეესია. 1948 წელს შეიქმნა სამხედრო საწვრთნელი პოლიგონი. ხელისუფლებას არ ესმოდა გარეჯის ფასი და მნიშვნელობა... მიუხედავად იმისა რომ 1972 წელს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს კოლეგიამ გარეჯის მუზეუმის შექმნის გადაწყვეტილება მიიღო, ხოლო 1973 წელს „გარეჯის მუზეუმ-ნაკრძალი“ დაარსდა, იგი ფაქტობრივად, მწყემსების თავშესაფრად, ცხვარ-ძროხის სადგომად აქციეს, ნაგვით დაფარეს წმინდა დავითის საფლავი, ტაძარი... თუმცა დროდადრო ადგენდნენ გარეჯის ეკლესიათა კონსტრუქციული გამაგრების პროექტებს, მუშავდებოდა მოსაზრებები “დავითგარეჯის კულტურის ძეგლების მდგომარეობის გაუმჯობესების“ შესახებ, იქმნებოდა კომისია-ექსპედიციები, მიმდინარეობდა გამწმენდი სამუშაოები. 80-იანი წლების დასაწყისში ბევრს ლაპარაკობდნენ სამხედრო-საწვრთნელი პოლიგონის გარეჯიდან სხვაგან გადატანაზე... მაგრამ ეს მხოლოდ წვეთი იყო იმ ზღვაში, რასაც დავითგარეჯის დაცვა, მისი სათანადო დაფასება გულისხმობს.

აქ სამონასტრო ცხოვრება საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1990 წ. აღდგა. პირველი ბერი, ვინც აქ დაიწყო მოღვაწეობა, ამჟამინდელი ამბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი (მახარაძე) გახლდათ. მას მერე რამდენიმე წინამძღვარი გამოიცვალა მონასტერმა, ზოგიერთი მღვდელმთავრადაც ეკურთხა: მეუფე ანდრია, მეუფე ლუკა..

დავით გარეჯის დოდოს რქის მონასტერს რეაბილიტაცია 2010 წელს ჩაუტარდა. სარეაბილიტაციო სამუშაო საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, შემოწირულობებით მიმდინარეობდა. სარეაბილიტაციო სამუშაოში საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოს მცხოვრებლები მონაწილეობდნენ. ადგილობრივებმა დოდო გარეჯელის მიერ აგებული VI საუკუნის ღვთისმშობლის შობის ჯვარგუმბათოვანი ტაძარი გაწმინდეს. ეკლესია 3-4 მეტრზე მიწით იყო ამოვსებული. როგორც ეკლესიის წინამძღვარმა მამა სერაპიონმა 2010 წლის აგვისტოში კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა, ტაძარში უმნიშვნელოდაა შემორჩენილი ფრესკები და მათ სერიოზული დამუშავება სჭირდება. რეაბილიტაციის დროს გაიწმინდა დოდო გარეჯელის სახელობის ტაძარიც, რომელიც გარდაცვალების შემდეგ მის საფლავზე მონასტრის მამებმა ააგეს. რეაბილიტაცია ჩაუტარდა დოდო გარეჯელის მონასტრამდე მისასვლელ გზასაც და მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაც კეთილმოეწყო. მე-17 საუკუნის შემდეგ აქ წირვა-ლოცვა არ ჩატარებულა, ამბობს მამა პეტრე და ეკლესიაში, ლოცვის დროს მომხდარ სასწაულებზე ყვება - ლოცვისას წმინდანთა სახეები და საკურთხეველთან ხუთი შარავანდედი, საკურთხევლის ჭერზე კი უშველებელი ჯვარი გამოისახა. ეკლესიის გუმბათზე, რომელიც მხოლოდ გაჯითაა ნალესი და შორიდანვე ჩანს ლაქისმაგვარი სიშავე, ფოტოს გადაღებისას, უფლის სახე აისახა. მამა პეტრე დოდო გარეჯელის ტაძარში ამ მოვლენებს სასწაულებრივს უწოდებს.

დოდოს რქასთან მისვლა შესაძლებელია ორი გზით - ერთი ზემოდან მანქანა მიდის მთის ძირამდე - მაგრამ მერე ძნელი გადასასვლელია უშუალოდ დოდოს ხევის სენაკებში - სადაც უნიკალური ფრესკებია; და მეორე ფერმიდან - ანუ ქვემოდან - იქაც მთაა გადასასვლელი.... დოდოს რქაზე ამ ნაგებობას სავარაუდოდ თავდაცვითი ფუნქცია ჰქონდა... ის პირდაპირ უყურებს ჩიჩხიტურს.. მის ქვემოთ სენაკები და გამოქვაბულები იყო. 300-400 მეტრის დაშორებით დასავლეთის მიმართულებით არის დიდი დარბაზი და საკურთხეველი - სადაც ფრესკებია შემორჩენილი. იქით მიმავალი გზა სულ უფრო და უფრო ციცაბო ხდება...ფაქტიურად კლდის ძირში - ფერდობზეა სამოძრაო. გზად შეგხვდებათ კლდეზე გამოქვაბულები და ეკლესიები. ბოლოს მიადგებით კლდეში ნაკვეთ პატარა სალოცავს, სადაც, მართალია ძალიან ცუდ მდგომარეობაში, მაგრამ მაინც, შემორჩენილია ფრესკები. იქვე ორ ნაბიჯში არის კიდევ ერთი გამოქვაბული, ჩასასვლელი ქვევით, საიდანაც უცებ აღმოჩნდებით დიდ ეკლესიაში.

წმ. დოდოს სახელობის ეკლესია მდებარეობს ქ. საგარეჯოში დოდოს უბანში, ბარათაშვილისა და რუსთაველის ქუჩების გადაკვეთაზე. სოფ. საგარეჯოში დოდოს ეკლესიას ჰქონდა დიდი ზვარი გაშენებული ორნახევარ დესტინაზე, ეკლესიის წინ დიდი სასტუმრო - სადგომი, მარანი, პურის ბეღელი, საქონლის ბოსელი და საბძელი. მთელ ამ მეურნეობას განაგებდნენ დალბაშვილები. მათვე ევალებოდათ ვენახებისა და ხეხილის ბაღების მოვლა-პატრონობა (სწორედ დალბაშვილების ოჯახებმა შემოინახეს კომუნისტების რეპრესიების დროს ტაძრის ხატები, სიწმიდეები და სამსახურებელი ჭურჭელი და შემდგომ ტაძარს დაუბრუნეს. წინამდებარე კრებულის გარეკანზე გამოსახული წმინდა დოდოს წმ. ნაწილიანი ხატიც ერთ-ერთი დალბაშვილის ოჯახში იყო დაბრძანებული და შემდგომ კვლავ წმინდა დოდოს ეკლესიისთვის შეწირული (ხატზე დამაგრებული ღირსი დოდოს წმინდა ნაწილი სავარუდოდ მ. საბიბის მიერ აღმოყვანებული წმინდა ნაწილებიდან არის). ეს ხატი ვარშავის და სრულიად პოლონეთის მიტროპოლიტმა დიონისემ 1946 წელს წარწერით მიუძღვნა საქართველოს კათალიკოს პატრიარქს კალისტრატე ცინცაძეს. რომელმაც იგი მომდევნო წელს შესწირა საგარეჯოს წმინდა დოდოს სახელობის ეკლესიას). არსებობს მოსაზრება, რომ დოდოს ეკლესიაში გახსნილი იყო სამხატვრო სასწავლებელი, რომელმაც რამდენიმე საუკუნე იარსება და მრავალი დახელოვნებული მხატვარი მოამზადა.

XIV საუკუნეში თემურ-ლენგს საქართველოს სხვა კუთხეებთან ერთად საგარეჯოც დაურბევია და გაუძარცვავს. მათ შორის იყო დოდოს ეკლესია, საიდანაც გაუტანიათ ეკლესიის სიმდიდრე, ოქროს შანდლები, ხატის ჩარჩოები. საღვთო წიგნები დაუწვავთ და გაუნადგურებიათ. ამ შემოსევებს დოდოს ეკლესიისათვის არსებობის უნარი წაურთმევია. მდგომარეობით ისარგებლეს ფეოდალებმა, მიიტაცეს ეკლესიის მიწები. ალექსანდრე კახთა მეფეს მოუწესრიგებია სამონასტრო მამულებით სარგებლობის უფლება. მხოლოდ საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგ გახდა შესაძლებელი ძველი ეკლესიის ნანგრევებზე ახალი ეკლესია აეშენებინათ. ეს ასეც მოხდა და ტაძრის ახლანდელი ნაგებობა თავისი სამშენებლო სტილის მიხედვით მე-19 ს-ის 30-40 იან წლებში უნდა აშენებულიყო აქ არსებული VI საუკუნის ეკლესიის ადგილზე. ეკლესია ერთნავიან ბაზილიკას წარმოადგენს, ხოლო მასალად გამოყენებულია აგური. შიგნიდან მოხატული არ არის. ეკლესიაში ტრაპეზის ქვეშ დაკრძალულია წმ. დოდო გარეჯელის წმინდა ნაწილები.

საბჭოთა პერიოდში ანტირელიგიური მოძრაობის პირობებში ეკლესია მოქმედი იყო 1930 წლამდე. შემდეგ ის კოლმეურნეობის საწყობად გაადაქციეს. XX საუკუნის შუა ხანებში, 1948-50 წლებში მღვდელ ევაგრე დიასამიძის მიერ ტაძარს აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარდა. 1970 წლიდან ეკლესია კვლავ დაუბრუნდა საქართველოს საპატრიარქოს და დოდოს ეკლესიაში აღსდგა წირვა-ლოცვა. ეკლესიაში აღესრულება სასწაულები. არის რამდენიმე მირონმდინარე ხატი. მირონდინება განსაკუთრებით ძლიერდება მარხვაში. წმიდა დოდო გარეჯელის ეკლესია მოქმედია. მასში შეუწყვეტლივ მიმდინარეობს მსახურება, ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი გიორგი ზაბახიძეა.

დოდო გარეჯელის ხსენების დღე გარდამავალი დღესასწაულია და იზეიმება ამაღლების შემდეგ ოთხშაბათს. „პირველ ოთხშაბათსა შემდეგ ამაღლებისა უფლისა ჩუენისა იესო ქრისტჱსისა, ხსენება ღირსისა მამისა ჩუუნისა დოდო გარესჯელისა და დღესა შინა ხსენებისა წმ. დავითისასა ხუთშაბათსა, ხსენება ღირსისა მამისა ჩუენისა ლუკიანე გარესჯელისა“.

ავტორ-შემდგენელი თინათინ მჭედლიშვილი



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 13.02.2020
ბოლო რედაქტირება 29.11.2021
სულ რედაქტირებულია 1





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0