დავით გიორგობიანი ( 5 აგვისტო 1955) მსახიობი,რეჟისორი.
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი სამსახიობო ფაკულტეტი (გ. ჟორდანიას სახელოსნო) 1977 წელს.
1977-1984 წწ. მუშაობდა რუსთავის თეატრში. თანამშრომლობდა საქართველოს რადიოსა და ტელვიზიის ლიტერატურულ რედაქციასთან, მონაწილეობდა ტელესპექტაკლებში. კინოდებიუტი შედგა ფილმში "სახლი ლესნაიაზე" (ნ. სანიშვილი, რევოლუციონერი გიორგი სტურუა), მნიშვნელოვანი კინოსერიალია სანდრო ბარათელი ფილმში "მონანიება" (თ. აბულაძე, 1984). სხვა როლები: მეფე ფარნავაზი ("ქართლოსიანთა საკურთხეველი", ა. აბაშიძე, 1982), მეფანდურე ("დიმიტრი II", რ. ხოტივარი, 1982), უფლისწული გიორგი ("წიგნი ფიცისა", გ. ლორთქიფანიძე, 1983), ვამეხი ("ვამეხი მოდის", ო. ლითანიშვილი, ო. შამათავა, 1988). ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ითამაშა სტალინის როლი ტელესერიალში "სტალინი. Live" (გ. ლიუბიმოვი, 2006, რუსეთი). მუშაობს, როგორც რეჟისორი (საგანმანათლებლო დოკუმენტური ფილმები: "მართლმადიდებლური სასწაულები", "განცხადებული სასწაულები", "მორწმუნეთა ურწმუნოება"). გადაღებულია ფილმებში: "გრძელი გზა ლაბირინთში" (გ. ლევინი, 1981, უკრაინა, ესპანელი პილოტი), "მექანიკოს გავრილოვის საყვარელი ქალი" (მ. ტოდოროვსკი, 1981, პატარძლის გამტაცებელი), "ეტიუდები ღრუბელზე" (ლ. ოსიკა, 1989, უკრაინა მიხეილ ვრუბელი), "ანი და ფანი" (ვ. გრამატიკოვი, 2001, რუსეთი), "რუსული კიდობანი" (ა. სოკუროვი, 2003, რუსეთი, ორბელი).