ევაგრე — აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დაახლოებით 1488-1492; 1500/1503 წლებში.
ევაგრე მოიხსენიება კონსტანტინე II-ის 1488 წლით დათარიღებულ შეუვალობის სიმტკიცის წიგნში.
ევაგრეს კათოლიკოსობა მძიმე მდგომარეობაში მოუხდა. ქართლის მეფე კონსტანტინე II მთელი ძალისხმევით ცდილობს ქართული სახელმწიფოს გაერთიანებას. ამავე მიზანს ემსახურება მის მიერ 1490 წლისათვის მოწვეული დარბაზი, სადაც ევაგრე კათოლიკოსიც მონაწილეობდა. კონსტანტინე II-მ „შემოკრიბნა კათალიკოზი, ეპისკოპოსნი და წარჩინებულნი თჳსნი და განიზრახვიდა, თუ რაჲ ჰყონ განდგომილებისათჳს ქუეყანათა და ვითარ მოაგონ კუალად მეფობასავე თჳსსა“.
მრავალმხრივ საინტერესოა 1500/1503 წლებით დათარიღებული კუმურდოს ეპისკოპოს გერასიმეს ევაგრე კათოლიკოსისადმი გაცემული ერთგულების ფიცის წიგნი. კუმურდოს ეპისკოპოსი, არსებული ტრადიციის თანახმად, აძლევს რა კათოლიკოსს ერთგულების პირობას, თავის მაკურთხეველ მღვდელმთავრად მოიხსენიებს. ასევე, გერასიმე კუმურდოელი დებს აღთქმას, წირვა-ლოცვისას როგორც კათოლიკოსის, ისე მეფის მოხსენიების თაობაზე.