მითრიდატე I, მირდატ I — პავლე ინგოროყვას „ძველი ქართული მატიანე "მოქცევაჲ ქართლისაჲ" და ანტიკური ხანის იბერიის მეფეთა სიის“ მიხედვით: ფარსმან I-ის ძეა. კირილ თუმანოვის „იბერიის ადრეული მეფეების ქრონოლოგიის“ მიხედვით: ადერკის (ლათ. Pharasmanes I) ძეა. ს. რ. გორგაძის „საქართველოს ისტორიის“ მიხედვით: „მე-30 წელს ქრ. შემდეგ იბერიის ტახტი დაიჭირა ადერკის შვილმა „ქართამმა“, რომელსაც უცხოეთის მწერლები „მითრიდატს“ ანუ მიჰრდატს უწოდებენ. ეს არის მირდატ I, რომელმაც სულ ხუთიოდე წელს იმეფა (30 – 35 წ. ქრ. შემდეგ).
იხსენიება 75 წლით დათარიღებულ ბერძნულ წარწერაში, რომელიც 1867 წელს მცხეთის მახლობლად იპოვეს. მასში ნათქვამია, რომ იბერთა მეფე მითრიდატეს, ფარსმან მეფისა და დედოფალ ჰამასასპუხის ძეს, კეისრის მეგობარსა და რომაელთა მეგობარს, რომის იმპერატორმა ვესპასიანემ და მისმა შვილებმა ტიტემ და დომიციანემ მცხეთის გალავნის კედლები განუმტკიცეს. მითრიდატე I იხსენიება აგრეთვე არმაზისხევის სამაროვანზე 1940 წელს აღმოჩენილ ერთენოვან „არმაზულ“ წარწერაში, როგორც იბერთა „მეფე დიდი, ძე ფარსმანისა, დიდი მეფისა“. აქვე ლაპარაკია მისი მეთაურობით იბერთა მიერ მოპოვებულ გამარჯვებებზე.
1867 წელს სამხედრო გზის გაყვანისას არშესული მცხეთაში მდინარე მტკვრის ნაპირას აღმოაჩინეს ქვის სტელა რომელზედაც ბერძნული წარწერა იკითხებოდა. როგორც გაირკვა აღნიშნული ქვა მცხეთის გალავანზე იყო აღმართული და დროთა განმავლობაში ჩამოვარდა. წარწერა +75 წლით თარიღდება და იკითხება შემდეგი შინაარსის წარწერა:
„თვითმპყრობელმა კეისარმა ვესპასიანე სებასტოსმა, დიდმა მღვდელმთავარმა, მეშვიდეჯერ ტრიბუნის ხელისუფლებით აღჭურვილმა, მეთოთხმეტეჯერ თვითმპყრობელად (არჩეულმა), ექვსჯერ ჳპატოსმა და მეშვიდეჯერ გამოცხადებულმა, სამშობლოს მამამ ცენზორმა და თვითმპყრობელმა ტიტე კეისარმა, სებასტოსის ძემ, მეხუთეჯერ ტრიბუნის ხელისუფლებით აღჭურვილმა, ოთხჯერ ჳპატოსმა და მეხუთედ გამოცხადებულმა, ცენზორმა და დომიციანე კეისარმა, სებასტოსის ძემ, სამჯერ ჳპატოსმა და მეოთხედ გამოცხადებულმა, იმერთა მეფეს, მითრიდატეს, მეფე ფარსმანისა და იამასასპის ძეს, კეისრის მეგობარსა და რომაელთა მოყვარულს და ხალხს კედლები გაუმაგრეს.“