მიტროპოლიტი იოანიკე (ერისკაცობაში — ივანე მაქსიმეს ძე რუდნევი) — რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელთმთავარი. საქართველოს ეგზარქოსი (8 დეკემბერი, 1877 — 27 ივნისი, 1882).
დაიბადა 1828 წელს ტულას გუბერნიის ნოვოსილსკის უეზდში. 1849 წელს დაასულა კიევის აკადემია, მსახურობდა ამავე აკადემიაში პროფესორად, იყო რექტორი კიევის სემინარიისა პეტერბურგის აკადემიისა, ეპისკოპოსად ვიბორგისა, სარატოვისა და ნიჟეგოროდისა.
1877 წლიდან იოანიკე დაინიშნა საქართველოს ეგზარქოსად. 1882 აყვანილ იქნა მიტროპოლიტის ხარისხში.
იოანიკეს თაოსნობით 1879 წელს თბილისში გაიხსნა ქალთა საეპარქიო სასწავლებელი, რომელიც მანამდე მცხეთაში, სამთავროს მონასტერთან იყო (დაარსდა 1866). მან დააწესა საკვირაო საუბრები სარწმუნოებისა და მორალის თემაზე, წირვის გარეშე კითხვის საღამოები მორწმუნეთათვის. იოანიკეს ინიციატივით 1880 წელს თბილისის სემინარიასთან დაარსდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის რელიგიური ძმობა. მისი ინიციატივით შეკეთდა ბიჭვინთის (1872), ახალი ათონის (1875), დრანდის (1882) მონასტრები, რომელთა გარშემოც შეიქმნა რუს კოლონისტთა დასახლებები.
1882 წლიდან იოანიკე იყო მოსკოვისა და კოლომნის მიტროპოლიტი, 1891 წელს გადაყვანილი იყო კიევის კათერდაზე, სადაც გარდაიცვალა 1900 წელს.