სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10421

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
საქართველოს ეკლესიის საჭეთმყრობელნი IV საუკუნიდან
7.3 ამბროსი ხელაია 1921-27 წწ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი დაბ. სოფ.ინჩხური მარტვილი სამეგრელო

1861-1927 წწ. გარდ. 66 წლის

ბმულის კოპირება

საქართველოს ეკლესიის საჭეთმყრობელნი IV საუკუნიდან

გვარი ხელაია სია

მარტვილი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

30       ბეჭდვა

7.3 ამბროსი ხელაია 1921-27 წწ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი დაბ. სოფ.ინჩხური მარტვილი სამეგრელო

მისი უწმიდესობა და უნეტარესობა ამბროსი (ერისკაცობაში ბესარიონ ზოსიმეს ძე ხელაია; დ. 7 სექტემბერი1861მარტვილი (სოფ. ინჩხური)— გ. 29 მარტი[ ძვ. სტ. 16 მარტი]1927თბილისი) —


 ქართველი სასულიერო და საზოგადო მოღვაწე, მეცნიერი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი 1921-1927 წლებში, საქართველოს ეროვნული გმირი.1901 დაინიშნა ჭელიშის მონასტრის არქიმანდრიტად. 1904 გადაიყვანეს თბილისში სინოდური კანტორის წევრად და ფერისცვალების მონასტრის წინამძღვრად. რუსეთის პირველი რევოლუციის დროს ამბროსი იბრძოდა ქართული მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის (დამოუკიდებლობის) აღდგენისათვის, რის გამოც 1905 რუსეთში გადაასახლეს. 1908 ახალი ბრალდება წაუყენეს, თითქოს ეგზარქოს ნიკონის მკვლელობაში მიეღოს მონაწილეობა. 1910 გაამართლეს, მაგრამ სამშობლოში დაბრუნების უფლება არ მისცეს. საქართველოში ის მხოლოდ 1917 აგვისტოში ჩამოვიდა. კენჭს იყრიდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პირველ ადგილობრივ კრებაზე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად, თუმცა მალევე მოხსნა თავისი კანდიდატურა. 1917 წლის 17 სექტემბერს არქიმანდრიტი ამბროსი აიყვანეს მიტროპოლიტის ხარისხში და იყო ჯერ ჭყონდიდის, შემდეგ აფხაზეთისა და სოხუმის მიტროპოლიტი. 1921 წლის მესამე საეკლესიო კრებაზე არჩეულ იქნა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად, ხოლო ინთრონიზაცია 1921 წლის 14 ოქტომბერს სვეტიცხოვლობა დღეს მოხდა.


ამბროსი იკვლევდა ქართულ ისტორიულ ძეგლებს. პეტერბურგის „უწყებებში“ და ქართულ პერიოდულ პრესაში „ამბერი“-ს ფსევდონიმით აქვეყნებდა წერილებს საქართველოს პოლიტიკური, კულტურული და საეკლესიო წარსულის და მიმდინარე ვითარების შესახებ; საყურადღებოა მისი „მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში“, რომელიც დაიბეჭდა ჟურნალებში „განთიადი“ და „ცხოვრება“ (1915-1917). აღმოაჩინა „მოქცევაჲ ქართლისაჲს“ ჭელიშური ვარიანტი, რომლის შესახებ მოხსენება წაიკითხა საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების სხდომაზე. იგი არჩეული იყო ამ საზოგადოების საპატიო წევრად. აქტიურად მონაწილეობდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მუშაობაში.


საქართველოს სახელმწიფოებრივი წყობის საკითხში ამბროსი მხარს უჭერდა სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას და ბოლშევიკური რუსეთის მიერ ქვეყნის დაპყრობის შემდეგ, 1921 წლიდან, აქტიურად იყო ჩაბმული ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში. 1922 წლის 7 თებერვალს მან თავისი ცნობილი მიმართვა გაუგზავნა გენუის მსოფლიო სამშვიდობო კონფერენციას. იგი მოითხოვდა საქართველოს შელახული, კანონიერი უფლებების აღდგენას. ამ მიმართვამ, რომელიც ითარგმნა და გამოქვეყნდა რამდენიმე ენაზე, ფართო გამოხმაურება ჰპოვა. „... 1) დაუყოვნებლივ გაყვანილ იქნეს საქართველოს საზღვრებიდან რუსეთის საოკუპაციო ჯარი და უზრუნველყოფილ იქნეს მისი მიწა-წყალი უცხოელთა თარეშისა და მძლავრობა-მიტაცებისაგან; 2) საშუალება მიეცეს ქართველ ერს თვითონ, სხვათა ძალდაუტანებლივ და უკარნახოდ, მოაწყოს თავისი თავი ისე, როგორც ეს მას უნდა, შეიმუშავოს ისეთი ფორმები სოციალ-პოლიტიკური ცხოვრებისა, როგორიც მის ფსიქიკას, სულისკვეთებას, ზნე-ჩვეულებასა და ეროვნულ კულტურას შეესაბამება. სრული იმედი მაქვს, რომ მაღალპატივცემული კონფერენცია, რომელსაც მიზნად დაუსახავს გაარკვიოს უდიდესი პრობლემები კაცობრიობის ცხოვრებისა და დაამყაროს ქვეყანაზე სამართლიანობა და თავისუფლება, არ უგულვებელყოფს პატარა საქართველოს ელემენტარულ მოთხოვნილებას, დღეს ჩემი პირით წარმოთქმულს და დაიხსნის მას ძალმომრეობისა და სამარცხვინო მონობის კლანჭებიდან“-ო, აღნიშნავდა სრულიად საქართველოს სულიერი წინამძღოლი თავის მიმართვაში. 1922 წელსვე ამბროსი დაპატიმრებულ იქნა ე. წ. „ჩეკა“-ს მიერ და 1924 წლის დამლევამდე იმყოფებოდა მეტეხის ციხეში. მას ეკუთვნის პატიმრობის დროს წარმოთქმული ცნობილი სიტყვები: „ჩემი სული ღმერთს ეკუთვნის, ჩემი გული სამშობლოს, ჩემი გვამი კი თქვენთვის დამითმია, მტარვალებო!“


კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსის პირადი არქივი, რომელიც მის ქადაგებებს, მიმოწერასა და შემოქმედებით საქმიანობას ასახავს, დაცულია ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საარქივო ფონდში[1].

ამბროსი განისვენებს თბილისში, სიონის საკათედრო ტაძარში. ქართული მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მიერ იგი შერაცხულია წმინდანად.

2013 წელს 26 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა.

ქართველი სასულიერო და საზოგადო მოღვაწე, მეცნიერი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი ამბროსი, ერისკაცობაში ბესარიონ ზოსიმეს ძე ხელაია, დაიბადა 1861 წლის 7 სექტემბერს, ზუგდიდის მაზრის სოფ. მარტვილში. დაწყებითი განათლება სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელში მიიღო, შემდეგ სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში. ამ პერიოდში დაოჯახდა, სოხუმის ეპარქიაში მღვდლად ეკურთხა და იქვე, ჯერ სოხუმში, შემდეგ ახალ ათონსა და ლიხნში მსახურობდა. სასტიკად ეწინააღმდეგებოდა იმპერიის რუსიფიკატორულ პოლიტიკას აფხაზეთში. პრესაში ილაშქრებდა იმ პირთა წინააღმდეგ, ვინც აფხაზებს ქართველთა სიძულვილს უნერგავდა. ამავე დროს ასწავლიდა ქართულ ენას და იღვწოდა აფხაზეთში ქართული ენის განსამტკიცებლად.

1897 წელს, 36 წლის ასაკში, მამა ამბროსი ყაზანის სასულიერო აკადემიაში ჩაირიცხა. ერთი წლით ადრე იგი დაქვრივდა, თუმცა თავისი სამი შვილი გვერდიდან არ მოუშორებია, თან ჰყავდა ყაზანში სწავლისა და გადასახლებაში ყოფნის დროსაც კი. გადმოცემით, ის იყო ნიჭიერი, უაღრესად პატიოსანი, კეთილი, სათნო და ერთგული ადამიანი. მისმა საკანდიდატო დისერტაციამ „ქრისტიანობის ბრძოლა ისლამთან საქართველოში”, ისეთი ყურადღება დაიმსახურა, რომ პროფესორმა სთხოვა, შეევსო ზოგიერთი თავი დამაგისტრის ხარისხის მოსაპოვებლად წარედგინა. ამბროსი ხელაია იქვე, ყაზანში აღიკვეცა ბერად და არქიმანდრიტის ხარისხშიც აიყვანეს, მალე კი საქართველოში დაბრუნდა და ჭელიშის მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა.

არქიმანდრიტმა ამბროსიმ დიდი წვლილი შეიტანა ჭელიშის მონასტრის აღორძინებაში. აქ აღმოაჩინა „მოქცევაჲ ქართლისაჲს“ ე.წ. ჭელიშური ხელნაწერი, აგრეთვე „ჭელიშური ოთხთავის“ სახელით ცნობილი წმიდა სახარება.

1904 წელს, თბილისში სინოდალური კანტორის წევრად და ფერიცვალების მონასტრის წინამძღოლად გადაიყვანეს. მაშინვე აქტიურად ჩაება ე. წ. ავტოკეფალისტთა მოძრაობაში, რომელიც ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილს წარმოადგენდა და მიზნად ისახავდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენას. მოძრაობაში მონაწილეობისათვის 1905 წელს რუსეთში გადაასახლეს.


1907 წელს კი, ესწრებოდა იმ საეკლესიო კრებას, რომელმაც სემინარიებსა და სასულიერო სასწავლებლებში საღვთისმეტყველო საგნების ქართულ ენაზე სწავლების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. რუსეთის მართლმადიდებული ეკლესიის სინოდი დიდი აღშფოთებით შეხვდა ამ ფაქტს. საქართველოს ეგზარქოსმა ნიკონმა კაზაკების ძალებით დაარბია ავტოკეფალისტთა კრება, მის მონაწილეებს მათრახებით სცემეს, მაგრამ ნიკონი ამით არ დაკმაყოფილდა და პეტერბურგს მოსთხოვა: „სემინარიას, თუ იქ ეროვნულ ენაზე შემოიღებენ სწავლებას, აღეკვეთოს სახელმწიფო ხაზინის დახმარებაო“.

1908 წლის 28 მაისს სინოდის კანტორის კიბეზე რევოლვერის ტყვიით მოკლეს ეგზარქოსი ნიკონი, მართალია, მკვლელი ვერ იპოვეს, მაგრამ დაიწყეს ნიკონის „იდეური მოწინააღმდეგეების“ ავტოკეფალიის მომხრე მღვდლების დევნა და გადასახლება. რუსეთში გადაასახლეს არქიმანდრიტი ამბროსი ხელაია, ასევე ნიკონის მკვლელობაში მონაწილეობა დასწამეს ეპისკოპოს კირიონს. მართალია, ბრალი ვერც ერთს ვერ დაუმტკიცეს, მაგრამ ორივე დასაჯეს: მამა ამბროსის მღვდელმსახურება აუკრძალეს და გაგზავნეს რიაზანის სამების მონასტერში, სადაც ერთ წელზე მეტ ხანს სასტიკ რეჟიმში უწევდა ცხოვრება. სრულიად რუსეთის წმიდა სინოდი უგულებელყოფდა არქიმანდრიტის ყოველ თხოვნას სამშობლოში დაბრუნების შესახებ.

ამასობაში საქართველოში ვრცელდებოდა ხმები, რომ ამბროსი ხელაია მატერიალურად კარგად იყო უზრუნველყოფილი და უბრალოდ არ უნდოდა დაბრუნება. ამაზე წმინდანი თავის წერილში: „ჩემი ექსორიანი“ გულისტკივილით წერდა: „ზოგიერთნი მთვლიან მე ბედნიერად, რომ მოვშორდი საქართველოს და ვითომ მატერიალურად კარგად მოვეწყვე. ამ წერილის დამწერთ ალბათ ჯერ არ გამოუცდიათ მარტოობა სულისა, არ გამოუცდიათ ის სიმწვავე, რასაც განიცდის სამშობლოდან გადახვეწილი, თუ კი გადაგვარების გზაზე არ არის დამდგარი და გული შესტკივა სამშობლოს მდგომარეობაზე“.

1917 წელს ამბროსი დაბრუნდა საქართველოში. ის ჯერ ჭყონდიდის, შემდეგ კი ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტად აკურთხეს. ამავე დროს განაგრძო ბრძოლა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის. 1917 წლის თებერვალში რუსეთში მომხდარმა გლობალურმა ცვლილებებმა ქართული ეკლესიის დამოუკიდებლობის აღდგენისათვის ხელსაყრელი მომენტი შექმნა.

1917 წლის 12 (25) მარტს მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძარში საზეიმოდ გამოცხადდა ქართული ეკლესიის ავტოკეფალია, ხოლო 16 მარტს თბილისში შედგა სასულიერო მოღვაწეთა კრება, რომელმაც დაადგინა, რომ ამიერიდან სიონის ტაძარში ღვთისმსახურება ქართულ ენაზე უნდა აღსრულებულიყო.

1921 წლის სექტემბერში წმიდა სინოდი მიტროპოლიტ ამბროსის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსად ირჩევს. ბოლშევიკების მიერ ოკუპირებული ქვეყანა უმძიმესი განსაცდელის წინაშეა: იწყება ეკლესიის დევნა, ქართული ენის უფლებების შეზღუდვა და ისტორიული მიწების სხვათა განკარგულებაში გადაცემა. კათოლიკოსი ცდილობს მსოფლიო საზოგადოების ყურადღება მიიპყროს და 1922 წელს გენუის საერთაშორისო კონფერენციას, რომელსაც 29 სახელმწიფოს წარმომადგენელი ესწრება, უგზავნის მემორანდუმს.

„ერს უგმობენ და ართმევენ მშობლიურ ენას, უბილწავენ ეროვნულ კულტურას… მას უბღალავენ წმიდათაწმიდას, სარწმუნოებრივ გრძნობას“, – წერს იგი მემორანდუმში და ქართველი ერის სახელით საქართველოდან წითელი ჯარის გაყვანასა და რეფერენდუმის მოწყობას ითხოვს.

გენუის კონფერენციაზე მემორანდუმის გაგზავნა უპრეცედენტო შემთხვევა იყო. ამ ფაქტს მთავრობა გულხელდაკრეფილი არ შეხვედრია და მალე კათოლიკოსი ამბროსი დააპატიმრეს. სასამართლო პროცესზე პატრიარქთან ერთად საკათოლიკოსო საბჭოს 9 წევრიც განისჯებოდნენ.

მათ ბრალად დასდეს: გენუის კონფერენციისადმი მემორანდუმის გაგზავნა, საქართველოს ეკლესია-მონასტრების საგანძურის გადამალვა, საეკლესიო ქონების სააღრიცხვო წიგნების არასწორი წარმოება და სამხედრო ტაძრის (რომელიც დღევანდელი მთავრობის სასახლის ტერიტორიაზე იყო) კომკავშირისადმი გადაცემის პროცედურაში საპატრიარქოს წამომადგენლის გამოუცხადებლობა.

 

გთავაზობთ რამდენიმე ამონაწერს 1924 წლის მარტში გამართული სასამართლო სხდომის ოქმიდან:

 

მოსამართლე ბარათაშვილი – რა ხასიათი ჰქონდა თქვენს მემორანდუმს?

კათალიკოსი ამბროსი – გენუის კონფერენციაზე იყო საქართველოს წარმომადგენელი და იქ უნდა დაცულიყო ჩვენი ერის სუვერენობა. ვფიქრობდი, რომ ჩვენს წარმომადგენელს ეს მემორანდუმი დახმარებას გაუწევდა და მეც ამიტომ გავგზავნე.

პროკურორი ოკუჯავა – თუ საბჭოთა წყობილება არა, როგორ წყობილებას ითხოვდით?

კათალიკოსი ამბროსი – ისეთს, რომელიც ხალხის სურვილზე იქნებოდა დამყარებული.

მოსამართლე ერქომაიშვილი – რას მოელოდი გენუის კონფერენციაზე გაგზავნილი მემორანდუმით?

კათალიკოსი ამბროსი – ვიცავდი საქართველოს სახელმწიფოებრივ და ეკლესიურ თავისუფლების იდეას.

მოსამართლე ერქომაიშვილი – რისთვის ითხოვდით საქართველოდან წითელი არმიის გაყვანას, რომელიც მშრომელი ხალხის ინტერესების დამცველია?

კათალიკოსი ამბროსი – მე დღემდე არ ვიცი, ვის იცავს რუსის ლაშქარი. როდესაც წითელი ლაშქრის გაყვანას ვითხოვდი, მე მხედველობაში მქონდა ინტერვენცია, რადგანაც ინტერვენცია ხდება ჯარის საშუალებით.

მოსამართლე ერქომაიშვილი – როდის იყო საქართველო თავისუფალი?

კათალიკოსი ამბროსი – წითელი ლაშქრის შემოსვლამდე. მას შემდეგ კი, რაც წითელი ჯარი შემოვიდა, საქართველომ დამოუკიდებლობა დაკარგა.

სასამართლოს თავმჯდომარე ჩხეიძე – მემორანდუმში თქვენ ნათქვამი გაქვთ, რომ ქართველ ხალხს ართმევენ მიწა-წყალს, დამისახელეთ რა წაართვეს ხალხს და ვის გადასცეს

კათალიკოსი ამბროსი – არამცთუ მიწა-წყალი, ხალხიც გაცემულია სხვა ერებზე. ეს დამტკიცდება მაშინ, როდესაც მოვიტანთ საქართველოს რუკას. თუ ასეთი გზით დამტკიცება და სასამართლოს შეხედულებით საჭირო არ არის – მაშინ გავჩუმდები.

სასამართლოს წევრი რთველაძე – სცნობთ თუ არა, რომ საბჭოთა ხელისუფლება არის ქართველი ხალხის თავისუფლების დამცველი?

კათალიკოსი ამბროსი – მე მინდა საქართველოში მთავრობა იყოს დამოუკიდებელი. საქართველოს მთავრობა კი დამოკიდებულია სხვა ერის მთავრობაზე.

პროკურორი ოკუჯავა – დამისახელთ, რომელი საბუთის ძალით წაერთვა საქართველოს დამოუკიდებლობა?

კათალიკოსი ამბროსი – ინტერვენციით.

პროკურორი ოკუჯავა – რატომ უწოდებთ რუსეთის ლაშქარს საოკუპაციო ჯარს?

კათალიკოსი ამბროსი – იმიტომ, რომ მან მოახდინა საქართველოს ოკუპაცია.

პროკურორი ოკუჯავა – რაში გამოიხატა საქართველოს დამონება რუსეთის მხრივ?

კათალიკოსი ამბროსი – ასოცი წლის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მაძებარ ხალხის თავისუფლების ინტერვენციით წართმევაში.

პროკურორი ოკუჯავა – დამისახელთ, რაში გამოიხატა ფიზიკური გადაშენება ქართველი ხალხისა?

კათალიკოსი ამბროსი – ერის დევნაში, ტერიტორიის სხვის ხელში გადაცემაში და იმაში, რომ ხელისუფლება ქართველთა ხელში არ არის.

მოსამართლე ერქომაიშვილი – მაგალითად რაში გამოიხატა რუსეთის ჩარევა ეკლესიის დამოუკიდებლობაში?

კათალიკოსი ამბროსი – თავისუფალ ერს უნდა ჰყავდეს თავისუფალი ჯარი. რამდენადაც თავისუფალია ერი, იმდენად თავისუფალია ეკლესიაც

პროკურორი მაჭავარიანი – რელიგიურია, თუ როგორი თქვენ მიერ გენუის კონფერენციისადმი გაგზავნილი მემორანდუმი?

კათალიკოსი ამბროსი – რელიგიური. და თუ პოლიტიკური მიმართულება მიიღო, ეს გამოწვეულია არსებული მდგომარეობით.

პროკურორი მაჭავარიანი – ტერიტორიის საკითხის შესახებ პოლიტიკურია თუ რელიგიური?

კათალიკოსი ამბროსი – პოლიტიკურიც და რელიგიურიც, რადგან ტერიტორიის დაკარგვა დაკარგვაა ეკლესიისათვის.”

 

პარალელურად გაზეთებში თითქმის ყოველდღე შუქდება სასამართლო პროცესი სათაურით „კათალიკოს ამბროსის და მისი „ძმების“ (ბრჭყალებში) გასამართლება“. სადაც არაერთხელაა აღნიშნული: „ბრალდებულთა შემოყვანის დროს დარბაზში გაისმის ხმები: „ძირს ამბროსი“, „ძირს კონტრრევოლუცია“, „ზიზღი ამბროსის“.

სხდომები წყდება, რადგან მუშა-მოსამსახურეები იყრიან თავს გარეთ და გაიძახიან: მოგვეცით, ჩვენ გავასამართლებთ მუშათა კლასის მოღალატეებსო. იწერება კადნიერი ლექსები, სტატიები. მაგ. „ბრალდებულნი თავს დამნაშავედ არ სცაქცობას, ტყუილს, ინსინუაციებს, ისინი ხომ მოვაჭრენი არიან სიმართლით, და სინდისით“. როდესაც პატრიარქი ტოვებს სასამართლო შენობას, საგანგებოდ მოწვეული კომკავშირელები მას კვერცხებს ესვრიან.

და ყოველივე ამის შემდეგ კათალიკოსი ამბობს საბოლოო სიტყვას სასამართლოზე, სადაც ნიშანწყალიც არ ჩანს ნანახი უმადურობისა. პირიქით, ესაა სიტყვები ერის პატრიარქისა, რომელიც სიკვდილის საშიშროების წინაშეც იბრძვის, ზრუნავს და უყვარს:

„ნუთუ ჩემი გამოსვლის წინააღმდეგი იქნება ქართველი ერის მშრომელთა უმრავლესობა, რომლის ინტერესებისათვის მინდოდა შემეწირა ჩემი თავი და ჩემი პირადი ინტერესები და კიდევაც შევწირე. არა, არ დავიჯერებ…“ და კვლავ: „გლეხობა, რომლის წინაპრების სისხლით მორწყული და ძვლებით გაპოხიერებულია სამშობლოს ველ-მინდვრები, ეს გლეხობა, მწამს, მუდამ იქნება თავისი სამშობლოს მოსიყვარულე და მისი თავისუფლების იდეის დამცველს არასოდეს არ შეიძულებს და არც გადაეკიდება“.

აი, კიდევ რამდენიმე ამონარიდი მისი საბოლოო სიტყვიდან ძირითად ბრალდებებთან დაკავშირებით, რაც ეკლესიური აზროვნების ერთგვარ ნიმუშად შეიძლება ჩაითვალოს: „ჩვენ, ღვთისმსახურნი, ქრისტიანულ სწავლა-მოძღვრების მიხედვით, ვალდებულნი ვართ, დავემორჩილოთ „ხელმწიფებასა მას უმთვრესსა“ (ლაპარაკია მთავრობაზე), რადგან ხელმწიფებასა შინა მყოფნი „მსახურნი ღმრთისანი არიან“, მათთვის უნდა ვილოცოთ და მათთვის არ ვსთქვათ ბოროტი, მაგრამ ბოროტისა არა თქმა იმას არ ნიშნავს, რომ მათ მოქმედებას კრიტიკის თვალით არ შევხედოთ, მათი შეცდომები არ აღვნიშნოთ… თუ ვხედავდი ეროვნული მოსპობის საშიშროებას, მოვალე ვიყავი ხმა ამომეღო“.

საეკლესიო განძის დამალვის ბრალდებაზე წერს: „მე ვმსახურებდი სოხუმში და ნივთების დამალვა მოხდა უჩემოდ… მაგრამ მართლაც რომ ვყოფილიყავი დამალვის მონაწილე, მაშინაც ვერ ჩავთვლიდი ჩემს თავს დამნაშავედ, ვინაიდან სამღვდელოება მოვალე იყო, ეზრუნა ეკლესიის ქონების დაცვისათვის და უხსოვარი დროიდან არეულობის და მტრების შემოსევის დროს მიმართავდნენ ამ საშუალებას“.

„თქვენი წინადადება (ლაპარაკია ეკლესიის კომკავშირისთვის გადაცემაზე) ჩვენთვის მიუღებელი იყო, ვინაითგან ამის მიღებით ჩვენ გავხდებოდით ღვთის დადგენილებისა და სარწმუნოების მოღალატენი. ეს არის და ეს“.

დაბოლოს: „როგორც ჩვენ წინაპრებს ტკბილად მიაჩნდათ სამშობლოსა და სარწმუნოებისთვის ტანჯვის მიღება, აგრეთვე ჩემთვისაც ტკბილი იქნება ის სასჯელი, რომელსაც მომისჯის უზენაესი სასამართლო მშობლიური ეკლესიის და ერის თავისუფლების დაცვის მიზნით ხმის ამოღებისათვის. ეს იქნება დაგვირგვინება იმ ჯვრისა, რომელიც ჩემგან ნატვირთია და ვატარებ ჩემი ცხოვრების თითქმის 37 წლის განმავლობაში.

ჩემგან ეროვნული ინტერესების დასაცავად ამაღლებული ხმა და მსჯავრი, რომელსაც მომისჯის უზენაესი სამსჯავრო, მონახავენ თავის ადგილს ყოველის ქართველის გულში, – იმ ქართველისა, რომელსაც ჯერ კიდევ არ დაუკარგავს სარწმუნოება და სამშობლოს სიყვარული. ამითაც ბედნიერად ჩავთვლი ჩემს თავს. როგორც მორწმუნე ვიტყვი – იყოს ნება ღვთისა! – და მოგმართავთ ქრისტეს სიტყვებით: „ასულნო იერუსალიმისანო, ნუ სტირთ ჩემზედა, არამედ თავთა თქვენთა სტიროდეთ და შვილთა თქვენთა“ (ლუკ. 23, 28).

არცერთი ბრალდებული თავს დამნაშავედ არ სცნობს. კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსის განაჩენი ითვალიწინებს სიკვდილით დასჯას, მაგრამ მხცოვანი ასაკის გამო უსჯიან თავისუფლების აღკვეთას 8 წლამდე, სასტიკი იზოლაციით და მთელი ქონების კონფისკაციით.

ციხეში ყოფნისას მის შვილებს რამდენჯერმე მიეცათ მამის მონახულების საშუალება. ისინი იგონებდნენ, რომ კათოლიკოსი ხვდებოდა მათ ყოველთვის მხნედ და მშვიდად, თითქოს არაფერი აწუხებდა. თუ რამდენად მძიმე იყო პატიმრობის პერიოდი, იქიდანაც ჩანს, რომ მას მოსთხოვეს, თავისი ნებით გადამდგარიყო პატრიარქობიდან, რაზედ უარი თქვა. ამის შემდეგ მის ფიზიკურ უძლურებაზე ლაპარაკი, ალბათ, არ ღირს.

1924 წლის ბოლოს გამოცემული ამინისტიით კათოლიკოსს სასჯელს უხსნიან.

როგორც მისი შვილიშვილი, ქალბატონი ანა კლდიაშვილი მოგვითხრობს, ერთ დღეს ბებიამისს (კათოლიკოს-პატრიარქის, ამბროსის ქალიშვილს) მეზობელმა ბიჭმა ამბავი მოუტანა, კათოლიკოსი მეტეხის ხიდზე გადმოდისო, ეს ამბავი ისე სწრაფად მოედო ქალაქს, რომ როცა კათოლიკოსი სიონში მივიდა, ტაძარი უკვე მრევლით სავსე დახვდა. შევიდა თუ არა სიონში, ხალხი მუხლებზე დაემხო. მაშინ აღმოხდა თურმე სიხარულით „როგორც ჩანს, ქრისტიანობას საქართველოში ვერა ძალა ვერ გაანადგურებს“.

1924 წელს, ამნისტიის ძალით ღირსი ამბროსი აღმსარებელი გაათავისუფლეს და წირვის ჩატარების უფლება მისცეს. ტაძარში უამრავი ხალხი მივიდა. შევიდა თუ არა კათოლიკოსი სიონში, ხალხი მუხლებზე დაემხო. მაშინ აღმოხდა თურმე კათოლიკოსს სიხარულით – „როგორც ჩანს, ქრისტიანობას საქართველოში ვერა ძალა ვერ გაანადგურებსო“. თუმცაღა, ღონემიხდილ მწყემსმთავარს, შუა წირვის დროს, როდესაც ამბიონიდან მრევლს ჯვარს სახავდა, გული წაუვიდა და დაეცა. მალე კათოლიკოსი ეკლესიის მართვას ჩამოაცილეს, რეპრესიები და ცილისწამება მის წინააღმდეგ არ წყდებოდა.

შემორჩენილია ქადაგებები, რომლებიც მან ციხიდან გამოსვლის შემდეგ წარმოთქვა. თავის პირველ ქადაგებაში ორი წლის განშორების შემდეგ მან მადლობა გადაუხადა მრევლს იმ თანაგრძნობისათვის, რასაც გრძნობდა მათგან ამ მძიმე პერიოდში და თქვა: „ეს იყო შედეგი არა ჩემი ღირსებისა, არამედ იმისა, რომ თქვენ გიყვართ დედა ეკლესია და აფასებთ იმ ხარისხს, რომლის სატარებლად აირჩიეთ ჩემი უღირსება… რწმენის საქმეებში არ ემსგავსეთ ლერწამს, რომელიც მუდამ ქანაობს და გადაიხრება  იქითკენ, საითკენაც ქრის ქარი, არამედ ხართ მტკიცენი და ურყევნი. ეს არის ჩემთვის განსაკუთრებით სასიხაულო“. მისი მამობრივი ზრუნვა მრევლზე განსაკუთრებული ძალით ჩანს ამავე ქადაგებაში. ის ამბობს, რომ სანამ თავის მოვალეობას შეუდგება, სურს გაეცნოს, რა მდგომარეობაა ჩვენს ეკლესიაში. ალბათ გაგიკვირდებათ, ხომ ისედაც ცნობილია, რომ ეკლესია-მონასტრები დაქცეულია და გაპარტახებულიო. მაგრამ, ეკლესიაში გულისხმობდა თვითონ მათ და მათ გულებს. როგორც შემდეგ ამბობს, ეს ეკლესია მას ახლა უფრო მშვენიერი ეჩვენა, ვიდრე მანამდე.

კათოლიკოსი ამბროსი გარდაიცვალა 1927 წლის 29 მარტს.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი ხელაია სიცოცხლეში თავისუფლების სიმბოლო იყო, გარდაცვალების შემდეგ კი – ეროვნული გმირი, რომელიც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა 1995 წელს წმ. მღვდელმთავარ ამბროსი აღმსარებლის სახელით წმინდანად შერაცხა. დაკრძალულია სიონის ტაძარში და მისი ხსენების დღე 16(29) მარტს აღინიშნება

ამბროსი ხელაია: “სიტყვა წარმოთქმული ილია მართლის ცხედრის წინაშე!”

ვკადნიერდები და ვბედავ ამ დიდებული ცხედრის წინაშე ვსთქვა ორიოდე სიტყვა.
დღეს მთელი საქართველო დასტირის დიდებული მამულის შვილის ცხედარს. დღეს საქართველომ დაჰკარგა უდიდესი მგოსანი, საუცხოვო და თავდადებული საზოგადო მოღვაწე, სიამაყე ლიტერატურისა. არა გვყავს ილია ჭავჭავაძე – მოჭირნახულე თავის ერისა. ის მოიკლა ბარბაროსების ბინძურის ხელით.
მაგრამ მოკვდა კი დიდებული ილია? “იქმენ მორწმუნე, ვიდრე სიკვდილადმდე და მოგცე შენ გვირგვინი იგი ცხოვრებისაი” (გამოცხადება 2,10). – გვიბრძანებს ჩვენ უფალი მოციქული იოანნე ღვთისმეტყველის პირით და ამით გვისახავს იმას, თუ რანაირი უნდა ვიყოთ ჩვენ ამქვეყნად, რომ დავიმკვიდროთ საუკუნო გვირგვინი – გვირგვინი უკვდავებისა. ნეტარია ის, ვინც ამქვეყნად პირნათლად ასრულებს თავის მოვალეობას, სწამს და თავგანწირულად ემსახურება სიმართლეს, ამას ისახავს მოქმედებად – მოღვაწეობის საფუძვლად. “პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკვდილი” ამნაირის კაცისა (ფსალმუნი 115,6). ის უკვდავია მისი ნამოქმედარით, მისი ხსოვნა უკუნისამდე დარჩება მადლიერ ერში. ამისთანა კაცი სიკვდილის შემდეგაც თვისის ნამოქმედარ-ნაღვაწით მასწავლებელი და დამრიგებელია, რადგან, მოციქულის თქმით, ის სიკვდილის შემდეგაც მეტყველებს (ებრ. 11,4).
მაშასადამე, არ მომკვდარა ილიაც. ის ცოცხალია. ის მხოლოდ გარდაიცვალა სიკვდილისაგან ცხოვრებად. თუმცა დასდუმდნენ მჭევრმეტყველებით განთქმული ბაგენი, მაგრამ საქმენი მისნი მჭევრმეტყველურადვე ღაღადებენ და იღაღადებენ. ის თავისი ნაშრომ-ნაღვაწით უკვდავად დარჩება, სანამ ქართველი ერი იარსებებს. მეტიც: ქართველი ერიც რომ გადაგვარდეს, განადგურდეს უკუღმართ დრო-გარემოებათა გამო, მაშინაც არ იქნება დაკარგული დიდებულ მგოსან-მოღვაწის ხსოვნა, ვინაითგან საქართველოს ამ დიდებული შვილის ნაწარმოები ეკუთვნის არა მარტო ქართველ ერს, არამედ კაცობრიობას, რომლის ნაწილსაც შეადგენს ქართველობა.
განსვენებული დიდებულია თავისი მრავალმხრივი მოღვაწეობით სამშობლოს საკეთილდღეოდ. მისი ღვაწლის სიდიადე არის მიზეზი, რომ ასე მწარედ დასტირის მას მთელი საქართველო. მაგრამ, ქართველნო, არა დაუვიწყარი ილიაა საგლოვ-სატირალი, არამედ ბედისაგან განწირული ჩვენი სამშობლო, – მისი დამკარგავი. განა არა კმაროდა, რაც უკუღმართ დრო-ვითარებამ უბედურება დაგვატეხა თავზე, რომ ჩვენ თვითონ აუწერელი უბედურება არ მიგვემატებია?! მაგრამ დასაჯერებელი კია, ეს უმაგალითო ბარბაროსული მკვლელობა ჩაედინოს საქართველოს შვილს, იმ საქართველოსას, რომლის თავგანწირულად სამსახურში გაატარა განსვენებულმა მთელი 50 წელიწადი.
თუკი ეს ბრალი დაედო ქართველობას, მაშინ ჭეშმარიტად ჩვენი გახრწნილება, ზნეობრივად დაცემა, ველურობა, უკუღმართობა იქნება სატირალი. ამას უნდა ღრმად ჩავუფიქრდეთ, თუ გვინდა დავრჩეთ ქართველ ერად. განსვენებული კი ნეტარია. გზა გაკაფულია. ის უკანასკნელ წუთამდის ერთგულად ემსახურებოდა იმ იდეალებს, რომლებიც მან ამ ნახევარი საუკუნის წინათ აირჩია ქართველი ერის საკეთილდღეოდ. ერთის ნაბიჯითაც არ გადაუხვევია, არ უღალატნია მათთვის და ამისთვის, მიციქულის თქმისაებრ, მზა არს მისთვის “გვირგვინი ცხოვრებისა” (გამოცხადება 2,10), გვირგვინი უკვდავებისა.
დიდებულ გვამთაგან გარდაცვალებასაც კი აქვს ჩვენთვის რაიმე მნიშვნელობა, ისიც უთუოდ რამეს გვასწავლის. მივიჩნიოთ ეს ბარბაროსთაგან დაღვრილი სისხლი ჩვენს ეროვნულ ცოდვათა განსაწმედად, უკუღმართ გზიდან მოსაქცევად, მთლად საქართველოს შვილთა შესაერთებლად, განსამტკიცებლად.
შევფიცოთ ამ წინამდებარე ცხედარს, რომ ვიქნებით ნამდვილი აღმასრულებელნი იმ მცნებისა, რომელიც განსვენებულმა თვისის მოღვაწეობით გვიანდერძა ჩვენ. თუ ჩვენ გვექნება ერთობა ეროვნულ იდეალების მსახურებაში, მაშინ უეჭველია ჩვენმა სამშობლო მხარემ შეიძლება კიდევ წარმოშოს ილიასებრი დიდებული მოღვაწენი და მაშინ საბოლოოდ განიხარებს განსვენებულის დიდებული უკვდავი სული. იყოს უკანასკნელი მხვერპლი, სამშობლოს საკეთილდღეოდ და ჩვენთან ეროვნულ ცოდვათა სახსრად შეწირული ეროვნულ ტრაპეზზედ. სიდიადე ამ მსხვერპლისა თავდებია, რომ მომავალში ჩვენი უკუღმართობა, ჩვენი შეუგნებლობა მოსპობილ იქნება და ერთობლივის ძალით შევუდგებით პირნათლად სამსახურს სამშობლო მხარის აღორძინებისას. თუ ამნაირი ღვაწლი დაგვდო ჩვენ ამ მსხვერპლის სისხლმა, თუ ჩვენ შეგვაერთა მამულისათვის თავდადებით სამსახურში, – ეს იქნება უკანასკნელი, ჭეშმარიტად დიადი ღვაწლი დიდებულის ილიასი – მისი ხანგრძლივი შრომის სასურველი ნაყოფი და გვირგვინი. ჩვენის მხრითაც ეს იქნება ნამდვილი ვალის მოხდა, მისი ანდერძის აღსრულება და თან საუკეთესო პატივისცემაც განსვენებულის ხსოვნისა. ღმერთმან მოგვცეს ამის შეძლება.
საუკუნოდ იყოს ხსენება შენი, მამულისათვის თავდადებულო, დიდებულო მგოსანო, ილიავ!

არქიმანდრიტი ამბროსი (ხელაია)
1907 წელი.  წყარო: მატიანე


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 28.11.2022
სულ რედაქტირებულია 3





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0