აბასთუმნის ისტორიული ძეგლები.XIXსაუკუნე .სამცხე ჯავახეთი
აბასთუმანი - დაბა ადიგენის რაიონში. მდებარეობს მესხეთის ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე ოძრხის ხეობაში, ადიგენიდან 25 კმ-ზე, ახალციხიდან 28 კმ-ზე. სამთო-კლიმატური კურორტია (ზ.დ. 1340 მ). კურორტის მშენებლობას საფუძველი ჩაეყარა XIX ს-ის 70-იან წლებში. დაბის სტატუსი მიენიჭა 1926 წელს. IX-X საუკუნეებში მას "ოძრახედ" მოიხსენიებენ. გვიანდელ შუა საუკუნეებში დამკვიდრდა “ოცხე”, XIX საუკუნიდან - "აბასთუმანი". დღევანდელი სახელი შეიძლება მომდინარეობდეს აბაზასძეთა საგვარეულო სახელისაგან. აბასთუმანში არის ტუბსანატორიუმები, აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია, კულტურის, განათლებისა და ჯანდაცვის ობიექტები, აგრეთვე არქიტექტურის ძეგლები:
ოძრხე, ოძრახე - ისტორიული ციხე-ქალაქი სამხრეთ საქართველოში (ახლანდელი ადიგენის რაიონი), დაბა აბასთუმნის მახლობლად, მდინარე ოძრხისწყლის მარჯვენა ნაპირზე. დგას 2 წყალგამყოფ მაღალ კლდოვან ქედზე. დარაჯობდა ოძრხისა და კურცხალისწყლის ხევებზე გამავალ გზას. სახელწოდება "ოძრხე" შესაძლოა დაკავშირებული იყოს ქართული ეთნიკური გაერთიანების ვიძერუხ-ვიტერუხის სახელთან. ძვ.ქართული ტრადიციის თანახმად, ოძრხე საქართველოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქი ყოფილა. დაუარსებია ქართველთა ერთ-ერთ ლეგენდარულ ეთნარქს - ოძრხოსს. მეფე ფარნავაზის დროიდან (ძვ.წ. III საუკუნის I ნახევარი) სამცხისა და აჭარის ერისთავის რეზიდენცია იყო. მეფე ვახტანგ გორგასლის (V საუკუნე) სიკვდილის შემდეგ - სამეფო ოჯახის საზამთრო რეზიდენცია. VIII საუკუნის 30-იანი წლებისათვის ოძრხეს უკვე აღარ ჰქონდა ადრინდელი მნიშვნელობა. XI საუკუნეში მეფე ბაგრატ IV-მ გავლენიან ფეოდალს - სულა კალმახელს უბოძა. 1191 წელს თამარ მეფის წინააღმდეგ აჯანყებულმა ფეოდალებმა გადაწვეს. XVI საუკუნეში საქართველოს სხვა ტერიტორიის ნაწილთან ერთად ოსმალეთმა მიიტაცა; იყო ოსმალური ადმინისტრაციული ერთეულის, ახალციხის ლივის, ერთ-ერთი ნაჰიეს ცენტრი, შემდგომში მცირე დაბა. უფრო გვიან გაუკაცრიელდა. ციხის სიგრძეა დაახლოებით 50 მ, სიგანე - 15 მ. აქვს 2 მრავალსართულიანი კოშკი. კედლები ნაგებია ფლეთილი ქვებით, წყობაში ჩანს სხვადასხვა პერიოდის გადაკეთების კვალი. მდინარე ოძრხისწყლის ქვემოთ კარგი სამიწათმოქმედო რაიონია, რომელიც ადრიდანვე იყო ათვისებული. აქ რამდენიმე ნამოსახლარი გორაა, რომელთაგან ერთს ზადენ-გორა ჰქვია.
აბასთუმანი - დაბა (1926 წლიდან) ადიგენის რაიონში, მესხეთის ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე ოცხის ხეობაში, სამთო - კლიმატური კურორტი. ზღვის დონიდან 1340 მეტრზე, ადიგენიდან 25 კმ-ზე, ახალციხიდან... 28 კმ-ზე. საშუალო წლიური ტემპერატურა 6,40C, (იავრისა -6,50C) ივლისისა 17,20C). ნალექები 626 მმ. წელიწადში; შეფარდებითი ტენიანობა ზაფხულში 50%-ს აღწევს. სხვა დროს ზომიერია. მთის სუფთა ჰაერი, ზმიერად მშრალი ჰავა, მზის ნათების ხანგრძლივობა (3 ათ. საათი წელიწადში) ტუბერკულოზის მკურნალობის ძირითადი ფაქტორებია. აქ უძველესი დროიდანვე ცნობილი იყო ჰიპერთერმული (ტემპერატურა 39-48,50C) სუსტად მინერალიზებული (0,4-0,5 ჰლ) ქლორსულფატნატრიუმიანი წყაროები (გოლიათისა ტემპერატურა 48,50C, გველისა - ტემპერატურა 420C, სურავანდისა - ტემპერატურა 39,0C). ჩვენებები: ფილტვების ტუბერკულოზი განვითარების ყველა ფაზაში (შორს წასული პროცესის გარდა), პნევმოპლევრიტისა და ლიმფადენიტის ქრონიკული და მწვავე ფორმა, ტუბერკულოზი ცალმხრივი და ორმხრივი პევმოთორაქსით (ჰიპოქსიისა და გულ-სისხლძარღვთა უკმარისობის გარეშე), ხორხის ინფილტრაციული ტუბერკულოზი და სხვ. აბასთუმანში არის 10 ტუბსანატორიუმი, მათ შორის მიკროკლიმატური მაჩვენებლებით გამოირჩევა სანატორიუმი "არაზინდო" (ზღვის დონიდან 1425 მ.) და "აღობილი" (ზღვის დონიდან 1600 მ.). კურორტი მუშაობს მთელი წლის განმავლობაში...აბასთუმნის ასტროფიზიკული ობსერვატორია, ხიდი მდინარე ოცხეზე (XII-XIII საუკუნეები), შუა საუკუნის ეკლესია და "თამარის ციხე", ეკლესია "ახალი ზარზმა" (1899-1902 წლები, ინტერიერი მოხატა მ.ნესტეროვმა, 1902-1904 წლებში). აბასთუმანი ახალი სახელია (XIX საუკუნიდან), IX-X საუკუნეებში ქართული ისტორიული წყაროები მას "ოძრახედ" და "ოძრხედ" მოიხსენიებენ. გვიანდელ შუა საუკუნეებში დამკვიდრდა "ოცხე" ("ოძრხეს" სახენაცვალი ფორმა). კურორტის მშენებლობას საფუძველი ჩაეყარა XIX საუკუნის 70-ია წლებში.
აბასთუმანი - სოფელი ადიგენის რაიონში (ვარხანის სოფ.საბჭო), მესხეთის ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე ოცხის მარცხენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 1160 მეტრზე, ადიგენიდა 18 კმ.ზე... სახელწოდება აბასთუმანი სახეშეცვლილი ფორმაა "აბასთუბნისა", წარმომდგარი უნდა იყოს ამ სოფელში მცხოვრებ აბასაძეთა (აბაზასძეთა) საგვარეულო სახელისაგან. სოფელი აბასთუმანი დადასტურებულია "გურჯისტანის ვილაიეთის დიდ დავთარში" (XVI საუკუნის მიწურული). ოსმალური ადმინისტრაციული დაყოფით აბასთუმანი ახალციხის ლივის ოცხის ნაჰიეში შედიოდა. 1829 წელს დაუბრუნდა საქართველოს.
აბასთუმნის ასტრო-ფიზიკური ობსერვატორია - საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიისსა, სამეცნიერო კვლევითი დაწესებულება, საბჭოთა კავშირში პირველი სამთო ასტროფიზიკული ობსერვატორია. დაარსდა 1932 წელს დაბა აბასთუმანში (დამაარსებელი... ე.ხარაძე). 1937 წელს გადაიტანეს ყანობილის მთაზე (1650 მ.) აბასთუმნის მახლობლად. აქ ატმოსფეროს ახასიათებს მაღალი გამჭირვალობა და სტაბილურობა. მზიანი დღეების საშუალო წლიური რაოდენობა დაახლოებით 250. აბასთმნის ასტრო-ფიზიკური ობსერვატორიის სამეცნიერო კვლევითი მუშაობის ძირითადი მიმართულებებია: გალაქტიკის შესწავლა ფოტომეტრიული, სპექტრული, ფოტოგრ. ასტრომეტრიისა და ვრსკვლავთა დინამიკის მეთოდებით; არასტაციონარული და ცვალებადი ვარსკვლავების გამოკვლევა ელექტროკოლორიმეტრიული და სპექტროფოტომეტრიული მეთოდებით; მზის სისტემატ. ფოტოსფერული და ქრომოსფერული დაკვირვებანი და მის აქტიურ წარმონაქმნებში მიმდინარე ფიზიკულ პროცესთა შესწავლა ელექტროპოლარიმეტრიული მეთოდით: დედამიწის ზედა ატმოსფეროს ფიზიკო-ქიმიური თვისებების შესწავლა ბინდისა და ღამის ცის სინათლის ელექტროფოტომეტრიისა და სპექტროსკოპიის მეთოდებით. ობსერვატორიის ძირითადი დანადგარებია: 1,25 მ დიამეტრის მქონე სარკიანი სრულიად ავტომატიზებული ტელესკოპი, 70-სანტიმეტრიანი მენისკური ტელესკოპი, 40 სანტიმეტრიანი რეფრაქტორი, 48-სანტიმეტრიანი რეფლექტორი ელექტროფოტომეტრითურთ, 36-44 სანტიმეტრიანი შმიდტის სისტემის ანაბერაციული ტელესკოპი, დიდი სამზეო ჰორიზ. ტელესკოპი, დაბნელებისგარეშე დიდი კორონოგრაფი, ქრომოსფერულ - ფოტოსფერული ტელესკოპი, ბინდისა და ღამის ცის ნათების დასაკვირვებელი სპეტრული და ელექტროფოტომეტრიული ხელსაწყოების კომპლექსი. ობსერვატორიაში დამუშავებული და დანერგილია ფოტოელექტრულ და კოლორიმეტრიულ დაკვივებათა მეთოდიკა; გამოქვეყნებულია ვარსკვლავთა სპექტრული და ფერის მაჩვენებელთა ვრცელი კატალოგები; დადგენილია ვარსკვლავთშორისეთში მატერიის განაწილებისა და მისი თვისებების მრავალი კანონზომიერება; გამოქვეყნებულია გალაქტიკის ბნელ ნისლეულთა ატლასი; დამუშავებულია ვარსკვლავთა სივრცული სიმკვრივეების გამთვლის მეთოდი; აღმოჩენილია კიბორჩხლისებრი ნისლეულის პოლარიზაცია და მითითებულია რადიოგამოსხივებასთან მისი კავშირი; აღმოჩენილია 2 კომეტა, 10-მდე მცირე ცთომილი, 10-მდე ცვალებადი ვარსკვლავი, 4 ახალი ვარსვლავი, 2 ზეახალი ვარსვლავი, რამდენიმე ასეული ემისიური და პეკულარული ვარსვლავი, 17 პლანეტისებრი ნისლეული და 3 ვარსვლავთა გროვა. აბასთუმნის ასტრო-ფიზიკური ობსერვატორია 1937 წლიდან ეფექტურად მონაწილეობს საკავშირო და საერთაშორისო "მზის სამსახურში". 1967 წელს თბილისში შეიქმნა აბასთუმნის ასტრო-ფიზიკური ობსერვატორიის ლაბორატორია. ობსერვატორია 1937 წლიდან გამოსცემს "ბიულეტენს", რომელშიც ქვეყნდება ობსერვატორიაში შესრულებულ დაკვირვებათა და გამოკვლევათა შედეგები; თსუ ასტრონომიის კათედრასა და საკავშირო ასტრონომიულ - გეოდეზიურ საზოგადოების თბილისის განყოფილებასთან ერთად უშვებს "ასტრონომიულ კალენდარს" (1961 წლიდან).
აღმოსავლეთ საქართველო ენეოლითისა და ადრებრინჯაოს ხანაში - საქართველოს არქეოლოგია (რვა ტომად, ტომი II), ენეოლითი - ადრე ბრინჯაოს ხანა // სარედაქციო კოლეგია: ისტ.მეცნ დოქტორი ო.ლორთქიფანიძე, (მთავარი რედაქტორი), ისტ.მეცნ. დოქტორი ა.ჯალაღონია, (პასუხისმგებელი მდივანი), ისტ. მეცნ. დოქტორი თ.მიქელაძე, ისტ. მეცნ კანდიდატი გ.ცქიტიშვილი, ისტ. მეცნ კანდიდატი ვ.მ.ჯაფარიძე. რედაქტორი - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ.კორ - ო.ჯაფარიძე. რეცენზენტები - ისტ. მეცნ კანდიდატები: თ.კიღურაძე, ლ.ნებიერიძე. თბილისი, გამომც. „მეცნიერება“, 1992 წელი, გვ.194-195
კურორტ აბასთუმანში, მდ.ოცხის მარჯვენა ნაპირზე, ყანობილის მთის ჩრდილო ფერდზე არსებულ ტერასაზე შემთხვევით აღმოჩენილ უძველეს ნასოფლარზე 1973, 1977 და 1980 წწ. ისტორიის,
აბასთუმნის „ყანობილის“ ნასახლარი -არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ მცირე მასშტაბის გათხრითი სამუშაოები აწარმოვა. გაირკვა, რომ ნასოფლარი ტერასულადაა გაშენებული და უკავია დაახლოებით 1 ჰა ფართობი. სწორკუთხა, ერთმანეთთან მჭიროდ მიჯრილი შენობები ქვის მშრალი წყობითაა ნაგები, ხოლო აქვე აღმოჩენილი დამწვარი ძვლების მიხედვით ივარაუდება ბანური გადახურვის არსებობა. ეს ნაგებობები კონსტრუქციულად ამირანის გორის ნაგებობებს წააგავს. საცხოვრებლის იატაკი თიხატკეპნილია და მოწითალოდაა შელესილი. მის ცენტრში თიხალესილი კერაა. კერასა და იატაკზე აღმოჩნდა კერამიკის ფრაგმენტები, ძვლოვანი და ქვის მასალა. მიმობნეული მასალის, დამწვარი ძვლებისა და ბათქაშის ნაშთებით ივარაუდება, რომ ნასახლარი თავდასხმის ან ხანძრის შედეგადაა განადგურებული. აქ აღმოჩენილი ორი ჯგუფის კერამიკიდან ერთი წარმოდგენილია შავპრიალა, ვარდისფერსარჩულიანი, უორნამენტო, დერგის, ქოთნის, კათხისა და სხვა ჭურჭლის ფრაგმენტებით, რომლის ანალოგებს მრავლად ვხვდებით მტკვარ-არაქსის კულტურის ძეგლებზე. მეორე ჯგუფის კერამიკა უმთავრესად ქილისებურია, ბრტყელძირა. არის მომრგვალებულძირიანიც, წითლად შეღებილი ზედაპირით. ზოგს ძირზე ეტყობა ჭილოფის ანაბეჭდი. ორნამენტი იშვიათია, გვხვდება პირქვეშ კოპი ან ნაკაწრით გამოყვანილი რომბი. ეს კერამიკა და ქვის ნაწარმის უმეტესობა ახლო პარალელებს პოულობს დასავლეთ საქართველოს (საგვარჯილე, სამელე-კლდე, სამერცხლე-კლდე და სხვ.) ენეოლით -ადრებრინჯაოს ხანის ძეგლების მასალებში. მასალა ინახება ახალციხის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმსა და არქეოლოგიური კვლევის ცენტრში.
ოძრხე, ოძრახე - ისტორიული ციხე ქალაქი, რომელიც ლეონტი მროველის თანახმად, ქართველ ხალხთა ერთ-ერთ ლეგენდარულ ეთნარქს-ოძრხოსს დაუარსებია და მდებარეობდა დაბა აბასთუმნის მახლობლად მდინარეების - ოძრხესა და კურცხალისწყალის წყალგამყოფ კლდოვან ქედზე. იგი დარაჯობდა ამ მდინარეთა ხევებზე გამავალ ე.წ. "რკინის-ჯვარის" (ამჟამინდელი ზეკარის უღელტეხილი) გამავალ მნიშვნელოვან გზას, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებდა ლიხთიმერეთისა და მესხეთის რეგიონებს. "...ციხე ქვეყანასა ოძრხევისასა, რომელსა ეწოდების სამცხე, ადგილსა რომელსა ჰქვიან დემოთი, მოკიდებულად მთასა ღადოსსა.... ღადოს მთა ცალსახად იგივდება ახლანდელი აბასთუმნის ჩრდილოეთით მდებარე ქედთან ზეკარის უღელტეხილით. მივყვეთ ქრონოლოგიურ ქარგას და გავიხსენოთ ზოგი რამ, რაც შემოინახა ამ უძველესი დასახლებული ქალაქ-სახელმწიფოს შესახებ. ოძრახე, ვიძეროხი, ვიტეროხი, როგორც დიდი მნიშვნელობის ცენტრი, უძველესი დროიდან იყო ცნობილი. ასე მაგალითად, ურარტუს მეფეს არგიშთი I (786-764) დაულაშქრია დიაოხი, ზაბახა(ჯავახეთი), ვიტეროხი(სამეფო ქალაქით ურივიუნი). ძვ.წ.ის მე-7 საუკუნიდან მთელ კოლხეთსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე იწყება რკინის ფართო ათვისების ხანა და სწრაფად ვითარდება რკინის ადგილობრივი მეტალურგია. ამ ოლქებში ფართოდაა წარმოდგენილი კოლხური კულტურისათვის დამახასიათებელი თითქმის ყველა იარაღის პროტოტიპები, რომელთა სიმრავლე მიუთითებს, მესაქონლეობის პარალელურად, მიწათმოქმედების განვითარების მაღალ დონეზე, იარაღების დამზადების ტრადიციებზე და სამთო-მეტალურგიული დამუშავების ადგილობრივ კერებზე. აღსანიშნავია, რომ ადრინდელი რკინის ხანის პირველი იარაღი ნაპოვნია ადიგენის რაიონის სოფ.უდეში. ძვ.წ. მე-6 საუკუნიდან წინაურდებიან მესხური ტომები და უკვე ელინისტური ხანისათვის ჩნდებიან იბერიის მნიშვნელოვანი ქალაქი-სახელმწიფოები: მცხეთა, უფლისციხე, წუნდა, ოძრხე და სხვ. ძველი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეში, ქართულ გამოცემებსა და სტრაბონის "გეოგრაფია"-ში ოძრხე მოიხსენიება დიდ საგზაო მაგისტრალზე მდებარე ისეთი მნიშვნელოვანი ქალაქების გვერდით, როგორებიცაა მცხეთა, უფლისციხე, კასპის ციხე, სარკინე (სოფ.ძეგვთან), ურბნისი, წუნდა (არტანის ცენტრი) და სხვა. კერძოდ, სტრაბონის თანახმად, მოსხების ნაწილში, კოლხიდის საზღვართან, იმყოფება პატარა, კარგად გამაგრებული ქალაქი ფრიქსოპოლისი (იდეესა), რომელსაც ჩვეულებრივ ოძრხედ მიიჩნევენ ხოლმე ისტორიკოსები. ოძრხე მოხსენიებულია აგრეთვე ფარნავაზ მეფის მიერ დადგენილ საერისთაოების ნუსხაში, როგორც სამცხისა და აჭარის საერისთაოების რეზიდენცია და ცენტრი. ირანის სასანიანთა დინასტიის მეფე შაბურ I წყაროებში ნახსენიებია იბერიის მეფე ამაზასპი. ქართული წყაროების თანახმად ამ უკანასკნელის ირანული ორიენტაციის გამო განდგომილ - კლარჯეთის, წუნდის და ეგრისის ერისთავებს შორის მოხსენიებულია ოძრხის ერისთავიც. საერისთაოებად დაყოფას იძლევა აგრეთვე წმ.ვახტანგ გორგასლის მემატიანე, რომელიც ასახელებს სეფეწულ ბივრიტიანს, როგორც ოძრხის ერისთავს, ხოლო მასვე ვახუშტი ბატონიშვილი მოიხსენებს, როგორც, ოძრხისა და ლომსიას გაძლიერების მიზნით, ღადოს მთის კალთაზე დემოთის ციხის აღმშენებელს,. იგივეს ადასტურებს ლეონტი მროველიც. წმ.ვახტანგ გორგასალის გარდაცვალების შემდეგ ოძრხე სამეფო ოჯახის საზამთრო რეზიდენციაც ყოფილა. ლეონტი მროველი საგანგებოდ აღნიშნავს, რომ რკინის ჯვარისა და ოძრხეს ხევის გავლით, სამცხის საზღვართან მისულმა წმ.ანდრია მოციქულმა, ზადენგორასთან დაივანა თურმე. მე-9 საუკუნის 60-70-იან წლებში, აშოტ კურაპალატის ძეს, გუარამ მამფალს, სამცხეში განუახლებია მურვან ყრუს მიერ დანგრეული ოძრხის ციხე, აუშენებია ჯვარის ციხე და აუგია ლომსიანთა. მოგვიანებით, კერძოდ 888 წელს, ოძრხე ნახსენებია აგრეთვე გუარამ მამფალის ვაჟის ნასრის მიერ სამცხის სამი ციხის: ოძრხეს, ჯუარისციხისა და ლომსიანთა-ს დაბრუნებასთან დაკავშირებით. საქართველოს მე-11 საუკუნის უმნიშვნელოვანეს ქალაქებს შორის, როგორებიცაა თბილისი, რუსთავი, გორი, ჟინვანი, დმანისი, ახალქალაქი, ახალციხე, თმოგვი, სამშვილდე, ხუნანი, თელავი, ქუთაისი და სხვა, კვლავინდებურად ნახსენებია ოძრხე. ამ დროს მეფე ბაგრატ მე-4-ს ნებით იგი გავლენიანი ფეოდალის სულა კალმახელიძის საკუთრება გამხდარა. 1191 წელს წმ.თამარ მეფეს აუჯანყდნენ ფეოდალები: სამცხის სპასალარი ბოცო ჯაყელი, მსახურთუხუცესი ვარდან დადიანი, საეგრო-გურიის ერისთავი ბარამ ვარდანისძე, აფხაზეთის ერისთავი დაღათო შერვაშიძე, სუანეთის ერისთავი ბედიანი. მათ მეთაურობდა ნაყივჩაღარი თათრის აბულასანის შვილი, ტაო-კლარჯეთისა და შავშეთის ერისთავთ-ერისთავი გუზანი. მათ დააბრუნეს ექსორიაქმნილი გიორგი რუსი და მეფედ გამოაცხადეს. წმ.თამარ მეფის ერთგული ერისთავების სამფლობელოები კი იავარქმნეს. კერძოდ, ვარდან დადიანის წინამძღოლობით დასავლეთიდან წამოსულმა აჯანყებულებმა გადაიარეს "რკინის ჯვარი", მიადგნენ ციხის ჯვარს და "დაწუეს ძველი ქალაქი ოძრხე. 1205 წელს, რუმის (დღევანდელი თურქეთის ტერიტორია) სულთნის, რუქნადინის, წინააღმდეგ გაგზავნილი ქართული ლაშქარი წმ.თამარ მეფემ ყარსამდე მიაცილა. ვარძიის მონასტერში ქართველობა ვარძიის ღვთისმშობელს შეავედრა და ამ ვითარებასთან დაკავშირებით "ყოველგან საყდართა, მონასტერთა და სოფელთა უბრძანა ლიტანიობა და ვედრება ღმრთისა". შემდგომ წამოვიდა მესხეთში და ავიდა ქალაქ ოძრხეს. მას თან ახლდნენ "მრავალნი ეპისკოპოსნი და მონაზონნი", ეზოსმოძღვარი ბასილი, სალოსი ევლოგი, პოეტი იოანე შავთელი. დაიწყო ლოცვა-კურთხევა. "...ხოლო ესე თქმულ არს, რომელ მეფისა თამარისა ოძრხეს ყოფასა შინა. ეახლნეს ღირსი წმიდა მამა იოანე შავთელი, ევლოგი "სალოსად წოდებული და წინასწარმეტყველობისა ღირსქმნული (ევლოგი, ქრისტესათვის სულელი, რომელსა მიეღო მადლი წინასწარმეტყველებისა და რომელიც ქრისტესათვის მოგონილ სისულელეში მალავდა თავის სულიერ ღვაწლს) და იყო ვედრება დღისი და ღამეთა-გათევა ლაშქართა გამარჯვებისათვის..." წმ.თამარ მეფეს სასახლეში ისედაც წესად "..ღამე-ყოველ მღვიძარება, ლოცვა, მუხლთ-დრეკა და ცრემლითა ვედრებაი ღამესა ზემდგომრობითა საკვირვებელ აქუნდა..", ლოცვის, ღამისთევის სიხშირე და მაღალი დონე კი ისეთი ყოფილა და ისეთი მონდომებითა და წესიერად სრულდებოდა, რომ "საეჭვოდ მიჩნს მეუდაბნოეთაგანცაო საგანგებოდ აღნიშნავს მემატიანე. აქვე საჭიროდ მიგვაჩნია მკითხველს შევახსენოთ, რომ, გადმოცემის თანახმად, თურმე ლოცვის დროს წმ.თამარ მეფე ერთი არშინით (71 სმ) ზეიწეოდა ხოლმე. დაუცხრომელი ლოცვის შედეგად ევლოგიმ მიიღო ამ ომში ქართველთა გამარჯვების წინასწარმეტყველური ხილვის მადლი, რომელი საიდუმლოც მხოლოდ წმიდა იოანე შავთელს განუცხადა. ეს სასწაული კი ასეა აღწერილი მატიანეში: "...ანასდად ევლოგი დაეცა ჭმუნვის სახედ და ვითარ აჰა ესერა სამგზის მეყვსეულად ახლტა, ხმა ყო: აჰა დიდება ღმერთსა! ქრისტე ძლიერ არს. ხელნო ევლოგისანო, სპარსთაგან არა გეშინით, განუტევეთ, რათა ვიდოდის მშვიდობით. წყალობა ღვთისა სახლსა ზედა თამარისსა მოიწია. ოძრხეს შემოგარენში, კერძოდ კურორტ აბასთუმანში, დღემდე არის შემორჩენილი შუა საუკუნეების ეკლესია. იგი ამჟამად მოქმედია და მის ტერიტორიაზე დაფუძნებულია წმ.გიორგის მამათა მონასტერი. შემონახულია აგრეთვე ციხე, რომელიც დღესაც წმ.თამარ მეფის სახელით არის ცნობილი. მე-16 საუკუნეში ოსმალეთმა სამხრეთ საქართველოს სხვა ტერიტორიებთან ერთად სამცხეც მიიტაცა. ამ დროისათვის ოძრხე მოიხსენიება, როგორც ოსმალეთის ერთ-ერთი ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრი და შედიოდა ახალციხის ლივის, ოცხის ნაჰიეში. მომდევნო პერიოდში იგი მოსჩანს როგორც მცირე დაბა. ამ საუკუნის ბოლოს უკვე აღარ არსებობდა ოძრხე, სამშვილდე, თმოგვი, დმანისი, ჟინვანი. ჩნდება ახალი დასახლებული პუნქტი აბასთუმანი. 1829 წელს, ადრიანოპოლის საზავო ხელშეკრულების საფუძველზე, რუსეთმა, სხვა ტერიტორიებთან ერთად, თურქეთს წაართვა აბასთუმნის სინჯაყი და თავის იმპერიას, რომელში საქართველოც შედიოდა, შეუერთა. სავარაუდოდ სოფ.აბასთუმნის დასახელება მომდინარეობს იქ მოსახლე აბაზასძეთა საგვარეულო სახელიდან, რომელიც დადასტურებულია "გურჯისტანის ვილაიეთის დიდ დავთარში მე-16 საუკუნის ბოლოს. რუსეთ-თურქეთის ომის დაწყების წინ (1853 წ.), გენერალ ივანე ანდრონიკაშვილის მიერ სამხედრო ოპერაციის ჩატარების პატაკში ნახსენებია, რომ იმერეთ-ახალციხის დამაკავშირებელი, ყველაზე მოხერხებული გზა აბასთუმანზე გადიოდა. გავიდა დრო და რუსეთის ეგიდის ქვეშ მყოფ მესხეთში და აბასთუმანშიც ცხოვრება მშვიდობიან კალაპოტში ჩადგა. მე-19 საუკუნის 70-იანი წლებიდან საფუძველი ჩაეყარა, აბასთუმნის როგორც ფტიზიატრიული კურორტის მშენებლობას, რომლის იშვიათი ბუნება და მაკურნებელი თვისებების მქონე ჰავა ნამდვილ სასწაულებს ახდენდა. სწორედ ამ მიზნით ჩამოვიდა, უფრო ადრე, მე-18 საუკუნის მიწურულს, აბასთუმანში რუსეთის იმპერატორის ნიკოლოზ მეორის ძმა, მეფისწული გიორგი, რომელიც ტუბერკულოზით იყო დაავადებული. მას თან ჩამოყვა იმდროინდელი რუსეთის ელიტარული საზოგადოების მრავალი წარმომადგენელი, რომელთა შორის გიორგი მეფიწულის აღმზრდელი, პეტერბურგის უნივერსიტეტის ასტრონომიის პროფესორი, ს.პ.გლაზენაპიც იმყოფებოდა. აღსანიშნავია, რომ მან, თან ჩამოტანილი 22 სმ-იანი რეფრაქტორით, მჭიდრო ორჯერად ვარსკვლავებზე დაკვირვებისას, შეამჩნია აბასთუმნის ასტროკლიმატის ძალზე მაღალი ხარისხი და ამის შესახებ სათანადო სტატიაც გამოაქვეყნა. სპეციალურად მეფისწულისთვის დაჩქარებული ტემპებით აშენდა საცხოვრებელი კომპლექსი, სამკურნალო თერმული წყლების აბანო, დიდებული სასახლე, რომელშიც საბჭოთა წყობილების დროს სანატორიუმი "მესხეთი", ხოლო 1994 წლიდან წმ.პანტელეიმონის დედათა მონასტერი განთავსდა და ამჟამად იქ სამონასტრო მოღვაწეობა მიმდინარეობს. მეფისწულის სურვილის თანახმად, 1896-1899 წ.წ. აშენდა წმ.ალექსანდრე ნეველის ეკლესია, რომელიც ზარზმის ეკლესიის პროტოტიპს წარმოადგენს და მას "ახალი ზარზმაც კი უწოდეს. ეკლესიის მოსახატად მოიწვიეს ცნობილი რუსი მხატვარი მ.ვ.ნესტეროვი, რომელმაც ეს სამუშაო 1902-04 წლებში შეასრულა. საბჭოთა წყობილების დროს ეკლესიამ მოქმედება შეწყვიტა და მეტ-ნაკლებად სრული სახითა და დაუზიანებლად მოაღწია ღვთის წყალობითა და იმის მიზეზით, რომ ხელისუფლებისათვის იგი უპირატესად წარმოადგენდა ცნობილი რუსი მხატვრის შემოქმედების მატარებელ ერთგვარ კულტურულ ძეგლს. 1919 წლის იანვარში, ისარგებლეს რა საყოველთაო განუკითხაობითა და არეულობით, თურქი ასკერების ბანდებმა ბარბაროსულად დააყაჩაღეს აბასთუმანი. აქედან მთავრობის სახელზე გაგზავნილ ერთ-ერთ დეპეშაში საზარელი ფაქტებია აღწერილი: "...ცულით დაჩეხეს ეკლესიის კარები,.. ოჯახებში ჩახოცეს უამრავი ადამიანი, გაიტანეს 5 ფუთამდე ვერცხლის განძეულობა, 500 000 მანეთის განძი, მოაოხრეს ყველაფერი, გაიტაცეს ყველა სამეურნეო იარაღი, სურსათი, ლოგინი, ტანსაცმელი... მთელ რეგიონში ვერ იპოვით 1 წალდსაც კი...". ასე რომ იმ დროისათვის აბასთუმანი სრულიად გაპარტახებული იყო. გავიდა დრო და დაბამ ჭრილობები ნელ-ნელა მოიშუშა. მოსახლეობამ ისევ გააგრძელა ცხოვრება. აბასთუმანში მშვიდობა დამყარდა და ფართოდ გაიშალა საკურორტო მშენებლობა. იგი ისევ გახდა ერთგვარი ელიტარული კურორტი. აღსანიშნავია, რომ ტუბერკულოზით დაავადებულთა გარდა აქ დაუსვენიათ კულტურისა და ხელოვნების ისეთ თვალსაჩინო წარმომადგენლებს, როგორებიც იყვნენ - ზ.ფალიაშვილი, ნ.მარი, პ.ინგოროყვა, ი.გრიშაშვილი, გ.ქუჩიშვილი, ლ.ასათიანი, მ.ლებანიძე, ნ.მარის ვაჟი იური მარი და სხვები. ამას გარდა, აბასთუმანი ცნობილი გახდა, როგორც სამეცნიერო ცენტრიც. 1930-31 წ.წ. შუა აზიისა და ყარაბაღის პარალელურად, ს.პ.გლაზენაპის გამოკვლევებზე დაყრდნობით, საქართველოშიც ჩამოვიდა საგანგებო ექსპედიცია, სამთო ასტრონომიული ობსერვატორიის შექმნასთან დაკავშირებით მთიანი რაიონების ატმოსფერული რეჟიმის შესასწავლად, რუსი ასტრონომების ვ.ს.მოშკოვას, ბ.ვ.ნუმეროვისა და ვ.ბ.ნიკონოვის შემადგენლობით. გამოკვლევები ჩატარდა ცივგომბორზე, შუამთაში, ბაკურიანში, ცემში, წაღვერსა და აბასთუმნის მიდამოებში. აღნიშნული ექსპედიციის მუშაობის შედეგად კვლავ დადასტურდა, რომ აბასთუმანში მართლაც საუცხოო პირობებია ასტრონომიული კვლევისათვის. 1932 წელს დაარსდა აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია, რომელიც საბოლოოდ 1937 წელს, მთა ყანობილზე, 1700 მეტრის სიმაღლეზე, იქნა გატანილი. მე-20 საუკუნის ბოლოს, ქართველი ხალხის საყოველთაო სულიერი აღორძინების პროცესში კურ.აბასთუმნის მოსახლეობაც აქტიურად ჩაება - ეკლესია იკურთხა და მოქმედი გახდა. ამის შემდგომ სხვადასხვა დროს იქ მოღვაწეობდნენ მამა ალექსანდრე (გალდავა), ცაგერისა და ლენტეხის ეპისკოპოსი მეუფე სტეფანე (კალაიჯიშვილი), ჭულეს მონასტრის იღუმენი მამა დიმიტრი (კაპანაძე), მამა მაქსიმე(გაბელაშვილი). მათი დაუღალავი და ყოველდღიური მოღვაწეობის შედეგად ეკლესია კეთილმოეწყო და გამშვენდა. მასში სისტემატურად აღევლინება წირვა-ლოცვა და საგანგებოდ, ზეიმით აღინიშნება დიდი საეკლესიო დღესასწაულები. განუწყვეტელმა წირვა-ლოცვამ და აქ მოღვაწე მამათა რუდუნებამ თავისი შედეგი გამოიღო: საგრძნობლად იმატა მრევლმა. ნათლობა, ჯვარისწერა და საეკლესიო სხვა საიდუმლოთა შესრულება უკვე წესად იქცა. აშენდა ახალი ეკლესია დედათა მონასტრის ტერიტორიაზე. ამოქმედდა წმ.გიორგის, მე-13 საუკუნის ეკლესია. სოფ.ვარხნისა და აბასთუმნის მრევლი აშენებს ახალ ეკლესიას. საპატრიარქოსაგან აბასთუმნის მრევლს ყურადღება არასოდეს მოკლებია. სხვადასხვა დროს აქ ბრძანდებოდნენ მღვდელმთავრები - ნეკრესისა და ჰერეთის ეპისკოპოსი, მეუფე სერგი(ჩეკურიშვილი), ახალქალაქისა და კუმურდოს მთავარეპისკოპოსი მეუფე ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი), ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის ეპისკოპოსი, მაღალუსამღვდელოესი მეუფე თეოდორე (ჭუაძე), ზუგდიდისა და ცაიშის ეპისკოპოსი, მეუფე გერასიმე (შარაშენიძე), წილკნის ეპარქიის მმართველი, მღვდელმთავარი, მთავარეპისკოპოსი, მეუფე ზოსიმე(შიოშვილი). 1999 წელს აბასთუმანში ჩამობრძანდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, დიდი მეუფე ჩვენი, ილია მეორე, რომელმაც მოინახულა დედათა მონასტერი, საზეიმო წირვა-ლოცვა ჩაატარა წმ.ალექსანდრე ნეველის ეკლესიაში და დალოცა მრევლი და სრულიად საქართველო.