ალბი - იერდის ეკლესია, (ინგუშეთი) - "ჟღერს ქვის ჰარმონია", ტ.13, "ციცინათელა", თბილისი, 2006, გვ.41-42
იგი ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, ქრისტიანული ეკლესიაა ინგუშეთში, თარგმის ქვაბულში, მდ.ასის მარცხენა ნაპირზე. ჩვენამდე ეკლესიის ნანგრევებმაღა მოაღწია.
ეკლესია ალბი-ერდი, რომლისგანაც ჩვენამდე მხოლოდ დაზიანებულ კედლებს მოუღწევია. ძეგლის ქვედა ნაწილი ქვას და ღორღს დაუფარია. მისი მეცნიერული შესწავლისათვის აუცილებელია არქეოლოგიური გათხრა. ალბი-ერდი გეგმაში წაგრძელებული (8,75X5,3 მ) სწორკუთხა მოხაზულობისაა. ღრმა ნალისებური ფორმის აფსიდა კედლის სიღრმეშია მოქცეული. აღმოსავლეთისა და დასავლეთის მხარეს შეიმჩნევა მინაშენების ნაშთები, თუმცა გათხრამდე ძნელია მათზე რაიმეს თქმა. საშენად ძირითადად ფიქალია გამოყენებული, შემკრავად - კირის ხსნარი. ინტერიერი შელესილია. სავარაუდოა, რომ შელესილი იყო საფასადე მხარეც. დარბაზში შესასვლელი სწორკუთხა, გლუვწირთხლებიანი კარი სამხრეთის კედელშია გაკეთებული. ანალოგიური კარია დასავლეთის კედელშიც; ეს მხარე მიწითაა დაფარული გარედან და კედელში კარის არსებობა იმაზე მიგვანიშნებს, რომ ამ მხარესაც უნდა ყოფილიყო მინაშენი, ამასთან როგორც ეს, ისე სამხრეთისა და ჩრდილოეთის მინაშენები დარბაზის თანადროულია. სამხრეთის კედელში 4 მ სიმაღლეზე სამი ვიწრო, მაღალი სარკმელია გაკეთებული. მათგან მთელ სიმაღლეზეა შემორჩენილი შუა, რომლის ზედა მხარე ნალისებური თაღითაა დასრულებული. სარკმლის კვალი შეინიშნება დასავლეთის კედელში. სამხრეთის კედლის საფასადე მხარეს ორი მასიური პილასტრი) ამოყვანილი, რომელთა ზედა ნაწილებში თაღებად გადასაყვანი ქუსლები ქართული გამომწვარი აგურითაა შესრულებული. როგორც ჩანს, ამ მხარეს არსებული მცირე სამლოცველოს ცილინდრული კამარა აღნიშნულ და მათ საპირისპიროდ მდებარე პილასტრებზე აყვანილ თაღებს ეყრდნობოდა. ალბი-ერდის კედლებზე შემორჩენილია შელესილობა მხატვრობის მკრთალი კვალით, განსაკუთრებით დასავლეთის, ჩრდილოეთის კედლებზე და აფსიდაში ჯერ კიდევ შეიძლება რამდენიმე შარავანდის მოხაზულობის კადრის გამყოფი ზოლებისა და ფიგურების დეტალების გარჩევა. დამახასიათებელია აგრეთვე მხატვრობის საერთო ლურჯი-მოყავისფრო შეფერილობა, რაც მას შუა საუკუნეების რიგში აყენებს. კადრის გამყოფი მკრთალი, მოყავისფრო ზოლები მეტყველებს მასზედ, რომ მხატვრობა კარგად იყო მორგებული შენობისათვის, რაც გამოცდილი მხატვრის ხელს ავლენს.