დაიბადა 1972 წლის 23 ივლისს გულრიფშის რაიონის სოფელ აჟარაში.
1989 წელს დაამთავრა სოფელ აჟარის საშუალო სკოლა წარჩინებით და იმავე წელს ჩაირიცხა სოხუმის ინდუსტრიულ ტექნიკუმში. სწავლასთან ერთად ეწეოდა აქტიურ სპორტულ ცხოვრებას, გატაცებული იყო თავისუფალი ჭიდაობით და ჰქონდა წარმატებები სპორტულ შეჯიბრებებში.
1992 წელს, როდესაც დაიწყო აფხაზეთში ომი მას ჰქონდა დიდი სურვილი მიეღო მონაწილეობა საქართველოს მთლიანობისათვის ბრძოლაში და 1992 წლის 01 ნოემბერს ჩაირიცხა 23-ე მექანიზებული ბრიგადის მე-2 ბატალიონის მეორე ასეულში, მესამე ოცეულის სნაიპერად.
მას მიღებული აქვს მონაწილეობა ყველა საბრძოლო ოპერაციებში მდინარე გუმისთის მისადგომებთან. იყო აქტიური მებრძოლი, პირნათლად ასრულებდა ხელმძღვანელობის ყველა დავალებას.
1993 წლის 30 იანვარს მტრის მცირე ჯგუფმა შემოუტია 23-ე მექანიზებული ბრიგადის მე-2 ბატალიონის მეორე ასეულს, პარალელურად მტერმა განახორციელა არტილერიული დაბომბვები. ერთ-ერთი დაბომბვის დროს სერგო მილდიანი მძიმედ დაიჭრა თავის არეში, მისმა თანამებრძოლებმა საბრძოლო პოზიციებიდან გადაიყვანეს სოხუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, სადაც იმავე დღეს გარდაიცვალა.