ზურაბ გურჩიანი დაიბადა 1971 წლის 23 მაისს. მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ეცერში,
პედაგოგების ოჯახში გაიზარდა. მამა – ვლადიმერ გურჩიანი, ისტორიის მასწავლებელი იყო, დედა – ნინელი გაბრიჭიძე – ფიზიკა-მათემატიკის, ხოლო და, ლელა გურჩიანი ამავე სკოლის მათემატიკის მასწავლებელია.
ზურაბ გურჩიანმა 1988 წელს წარჩინებით დაამთავრა მესტიის რაიონის სოფელ ეცერის საშუალო სკოლა და 1991 წელს ჩაირიცხა სოხუმის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტზე. 1992-1993 წელს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ ომში, 21 წლის ზურაბ გურჩიანი საკუთარი სურვილით ჩაება საბრძოლო მოქმედებებში და 23-ე მექანიზებული ბრიგადის მე-8 ბატალიონის II ასეულში, ე.წ. „ბაგრატიონის ასეულში“ მსროლელად ჩაირიცხა.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის არქივში დაცული საბრძოლო მოკვლევების საფუძველზე დადასტურებულია, რომ ზურაბ გურჩიანი გმირულად იცავდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და არაერთხელ გამოიჩინა თავი ფრონტზე. ზურაბ გურჩიანი ერთ-ერთი იყო იმ გმირთაგან, რომელიც 1993 წლის 5 ივლისს, აფხაზ-რუს-ჩრდილო კავკასიელთაგან კამანის დაცვისას, სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოდა და ბრძოლის ველზევე შეუერთდა უკვდავებას... მტერმა ტანკსაწინააღმდეგო მართვადი ჭურვი ესროლა, ზურა დაიჭრა. თანამებრძოლებს მისი გამოყვანა გაუჭირდათ, თავადაც არ დააანება და არ ისურვა სხვათა სიცოცხლის რისკის ქვეშ დაყენება საკუთარი სიცოცხლის გადარჩენისთვის. - დამტოვეთ და წადით, მე კი შევეცდები, მტერი შევაკავოო, უთხრა თანამებრძოლებს, ასეც მოიქცა. იბრძოლა ბოლომდე და თავისი ვაჟკაცობით მტერიც კი გააკვირვა...
მხოლოდ 2 თვის შემდეგ, 1 სექტემბერს, შეძლო ოჯახმა ზურაბ გურჩიანის ცხედრის მოძიება. დაკრძალულია მშობლიურ სოფელ ეცერში.
თანამებრძოლები იგონებენ, რომ კამანში, იმ უთანასწორო ბრძოლისას, როდესაც გვერდით სანგარში ერთ-ერთ მებრძოლს ტყვიამფრქვევი დაუზიანდა, ზურა არ მოერიდა ტყვიის წვიმებს, სწრაფად გადაირბინა ის მანძილი, გაუსწორა მჭიდე, ისევ თავის პოზიციაზე დაბრუნდა და ბრძოლა გააგრძელა.
მისი მეგობარი და თანამებრძოლი, იორამ პაკელიანი იხსენებს: ზურიკოს ყველაფრის განსაკუთრებული ნიჭი ჰქონდა – მეგობრობის, ძმობის; მეგობრის გამო გულს ამოიღებდა, თავს გაწირავდა. პატრიოტული სულისკვეთების პიროვნება იყო, ძალიან ნიჭიერი, ნაკითხი, განათლებული... ომი რომ დაიწყო აფხაზეთში, ვკითხე, რას აპირებ, ხომ იცი, სახლში თუ არ დაბრუნდი, მშობლები ძალიან ინერვიულებენ, ომია, არ იცი, მომავალში რა იქნება-მეთქი... თავი ჩაღუნა, წამით ჩაფიქრდა და მიპასუხა – ჩემი ძმები როგორ მიგატოვოთ, როგორ გავერიდო აქაურობას, მაშინ რაღაა ან ვაჟკაცობა, ან ქვეყნის და ძმების სიყვარულიო... პერიოდულად ვხვდებოდით ერთმანეთს, მისი შენაერთი დისლოკაციის ადგილს იცვლიდა ხოლმე... კამანის ტრაგედიამდე დაახლოებით 1 თვით ადრე – მე მაშინ პოსტზე ვმორიგეობდი და ჩემი ცვლის გადაბარების შემდეგ, სანგარში ვიწექი, წამთვლიმა. ვიღაცამ გამაღვიძა – თან წყლის წვეთები მეცემა სახეზე – ზურიკო, სამხედრო ფორმაში, მთლიანად სველი იდგა ჩემს წინაშე; „სოხუმჰესიდან’’ მდინარით ჩამოსულა, ღამე... გამიკვირდა – შენ აქ საიდან გაჩნდი-მეთქი და შენ რა გგონია, მარტო შენ ომობო?! ჰესიდან ჩამოვედითო, - მიპასუხა ღიმილით; 5 თუ 6 ბიჭი ახლდა. ცვლებში ვართ და ხვალ მინდა სვანეთში ავიდე, დედაჩემი ძალიან ნერვიულობს. ავალ, ვნახავ, რომ დავაწყნარო, რომ კარგად ვარო. 3-4 დღით აპირებდა ასვლას და მერე მოვბრუნდებიო. ვუთხარი, ბიჭო, აღარ მობრუნდე, რა გინდა აქ, ამ ომში-მეთქი... ისე შეურაცხყოფილად იგრძნო თავი... გამებუტა, ზურგი შემაქცია და რომ გადიოდა, ვუთხარი, აქვე, მამიდაჩემთან მაინც გადი, ეგ სველი სამოსი გაიხადე, ცოტა გათბი და მერე წადი მეთქი.., არაფრით წავიდა – ბიჭებთან ერთად ვარ, რომ გავიგე, აქეთ იყავი, ამიტომ მოვედი შენს სანახავად, ძალიან მომენატრეო... ასეთი სიყვარული, მეგობრობა და ძმობა იცოდა – უსაზღვრო, რომელსაც ომი და უბედურებაც კი ვერ ერეოდა...
„ბაგრატიონის ასეულის“ მეთაური მალხაზ კორძაია აღნიშნავს: „საჯიშე ბიჭი იყო, ულამაზესი ორმეტრიანი ვაჟკაცი. ყველასგან გამორჩეული და განსხვავებული. სტუდენტი იყო, სწავლა მიატოვა, აკადემიური აიღო და ომში ჩამოვიდა. „მე მერხს ვეჯდე და ხალხი ომობდეს, ამას ვერ დავუშვებო." ვაჟკაცურად მოიქცა, როგორც ეკუთვნის ქვეყნის ერთგულ და პატრიოტ ადამიანს. იბრძოდა ყოველთვის უშიშრად. ისეთი გულანთებული მიდიოდა ყველა დავალებაზე, სულ ვშიშობდით, რომ თავს დაიღუპავდა... მშობლები იყვნენ ერთხელ ჩამოსულები, მთხოვეს, როგორმე გაუშვი ბატალიონიდანო... ყველანაირად შევედი მათ მდგომარეობაში. ავუხსენი ზურაბს – გააგრძელე სწავლა და შენთვისაც გამოჩნდება საომარი-მეთქი. თუ გამიშვებ ბატალიონიდან, მე მაინც სხვაგან წავალ, სანამ ყველაფერი არ მორჩებაო. ასეთი იყო. არ გაჰყვა, ცრემლებით დაემშვიდობნენ მშობლები...“
საბრძოლო მოქმედების დროს ზურაბ გურჩიანი ომის ფრონტიდან ოჯახს ნაჩქარევად დაწერილ წერილს უგზავნის, რომელშიც კარგად ჩანს მისი სახელმწიფოებრივი აზროვნება და ქვეყანაში მიმდინარე პროცესების თანმიმდევრული გააზრება. ეს ექსპრესიული, პატრიოტიზმით აკინძული ტექსტი მთელ მის ბიოგრაფიულ შტრიხს, კონტურს ხაზავს და ასე გამოიყურება: „მამა, მე მჯერა, შენ რომ ჩემხელა იქნებოდი, შენც ჩემსავით მოიქცეოდი... ისე მოიქეცი, ომში კი არა, სადმე ლხინში გეგულებოდე. მე თუ მკითხავ, ყველაზე მთავარი საქმე ქართველი კაცისთვის არის აქ დგომა და ამ უტეხი ხალხის დაცვა. მე ამას ყველა ქართველი კაცის ვალად ვთვლი. ისტორიკოსი ხარ და გეცოდინება, რომ ხალხი, ვინც იარაღით ხელში იბრძოდა სამშობლოსათვის, გმირებად იქცნენ...”
2021 წლის 1 აპრილს, საინიციატივო ჯგუფის (ია ღადუა, ირაკლი შამათავა, რამაზ გერლიანი) ძალისხმევის შედეგად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების საფუძველზე, სსიპ – მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ეცერის საჯარო სკოლას, სამშობლოს დაცვის საქმეში თვალსაჩინო წვლილის შეტანისათვის, აფხაზეთის ომის გმირის, ზურაბ გურჩიანის სახელი მიენიჭა.
ზურაბ გურჩიანის წერილი მამას:
„გამარჯობა, საყვარელო მამიკო!
როგორ ხარ, ხომ ხარ კარგად? კარგადაც მიმყოფოს შენი თავი ღმერთმა. მამიკო, რა არი?! მესმის შენი, გედარდები, მაგრამ მთლად ასე არ უნდა დაეცე. ვისი შვილი არ წასულა ომში. მამი, მე ვერ დაგპირდები დღეს და ხვალ ჩამოსვლას, მაგრამ დაჯის ქორწილში ჩამოვალ. ასე რომ, ნუ დარდობ და, თუ ღმერთი გწამს, მიმიხედე დედას. მამიკო, დედა სულ მეკითხება მიზეზს აქ წამოსვლისა. მამიკო, მე გეტყვი შენ ერთ რაღაცას. შარშან ბიჭებმა ვთქვით, თუ ომი დაიწყო, გულდედალი იყოსო, ვინც არ წავიდესო. აქ რომ ჩამოვედი, ის ბიჭები, ყველანი, გვარდიაში იყვნენ და იყვნენ პირველი დღეებიდანვე. ერთი ჩემი ამხანაგი მოკლეს თურმე ოჩამჩირეში და იმის საფლავზე დაიფიცეს, რომ ბოლომდე მდგარიყვნენ. მე რომ შემხვდნენ, მითხრეს, რას შვებიო? თქვენ რას შვებით-თქო და მიამბეს ამ ბიჭის ამბავი. ბადრი მუშკუდიანთან ერთად ჩაუგდიათ თურმე ტყვედ, დაჭრილი უწამებიათ, დაიჩოქეო. არ დაუჩოქია და მუხლები მოუმტვრევიათ. ეს ბედი ეწია სამივეს, მათ შორის, ბადრისაც. ჰოდა, მათ საფლავებზე დაუფიციათ ბიჭებს. მამიკო, დათო ჩემი ყველაზე უახლოესი მეგობარი იყო, კარატისტი ბიჭი იყო. მე რა მეთქვა, გავშრი...
მინდოდა გვარდიაში შესვლა მანამდეც, მაგრამ თქვენს ჩამოსვლას ველოდებოდი. არ მინდოდა ასე დაუკითხავად წამოსვლა, ვიცოდი, არ გამომიშვებდით, მაგრამ ნათქვამი ხომ მაინც მექნებოდა. მერე აუცილებლად ვაპირებდი წამოსვლას, მამა. რატომ იცი?!. როცა მტერი აფხაზი იქნება, თუ რუსი, ჩეჩენი თუ ოსი, შენს მიწას გეცილება... ქართველი ბავშვების სისხლს სვამენ, გოგონებს ქართველი კაცების თვალწინ აუპატიურებენ, ძუძუებს აჭრიან და მერე, ჭამეო, გეუბნებიან... არა, მამა, თუ ეს ყოველივე შერჩათ აფხაზებს და მათ დამქაშებს, მაშინ ჯობია, მამაკაცებმა შარვლის მაგივრად კაბები ჩავიცვათ, ხელში საქსოვი დავიკავოთ და ვქსოვოთ. მამა, მე მითხრა დედამ, ავად არიო. მამი, ძაან გთხოვ, გამაგრდი ახლა როგორმე. ჩემი ჩამოსვლა თუ გიშველის, მაშინ, გირჩევ, ქალის თავსაფარი გამიმზადე და რომ ჩამოვალ, ის დამახურე თავზე. მამა, მე ასე მჯერა, შენ რომ ჩემხელა იქნებოდი, შენც ჩემსავით მოიქცეოდი. მამიკო, მე ვმერყეობდი. მე და გია რომ ვიყავით აქ, მაშინ ქუჩაში მივდიოდი და დავინახე ახალი ანაფეთქები, მივედი ახლოს და 12 წლის ბავშვი გამხდარიყო ამ აფეთქების მსხვერპლი, დედა-შვილი შეიწირა ამ აფეთქებამ. მამიკო, მაშინ ვთქვი, სანამ პირში მიდგას სული, არ შერჩება არცერთ მომხდურს ქართველის სისხლი. მამა, ამ გაგებით შევედი გვარდიაში და ამ აზრზე ვარ დღესაც. ის დანარჩენი ჩემი ამხანაგებიც ჩემთან ერთად გამოვიდნენ, გამოვიტანე ჩემი და მათი წიგნაკები. დედას ვანახე, მამიკო... ვერ ვუღალატებ ამ ბიჭებს... დედა მეუბნება, სხვები რომ იმალებიან, შენც დაიმალეო. სხვებივით ვერ შევძვრები თაგვის სოროში მეც... მეტი რა მოგწერო, მამიკო. გკოცნი და გკოცნი.
ვაჟკაც კაცს არ შეშვენის ვაი და ვუი, პირიქით, ისე მოიქეცი, ომში კი არა, სადმე, ლხინში გეგულებოდეს ჩემი თავი. მე თუ მკითხავ, ყველაზე მთავარი საქმე ქართველი კაცისთვის ეს არის აქ დგომა და უტეხი ხალხის დაცვა. მე ამას ქართველი კაცის ვალად ვთვლი. ისტორიკოსი კაცი ხარ და გეცოდინება, ხალხი, ვინც იარაღით ხელში იბრძოდა სამშობლოსათვის, გმირებად იქცნენ, ხოლო ისინი, ვინც ამ ომს გაექცა, ლაჩრებად მოინათლნენ. მე არ მინდოდა ლაჩარი მრქმეოდა. არც შენ გაგეხარდება, ვიცი, ლაჩარი შვილის ყოლა. ჰოდა, მოხრილად კიარა, წელში გამართული უნდა დადიოდე, რომ არ ავირჩიე ლაჩარი მრქმეოდა. მეტი რა, მამი, კარგად იყავი. წერილი... წერილს უყვარს ლამაზი სიტყვები. მე კი ერთს გეტყვი, მე ჩემი თავი მართალი მიმიჩნია შენს წინაშეც და სამშობლოს წინაშეც. ვიცი, გიმძიმს ჩემი აქ ყოფნა. მამა, ძაან გთხოვ, თავს მოუფრთხილდი. კიდევ ერთხელ გკოცნი. ნუ გეშინია, დაჯის ქორწილზე აუცილებლად ვიქნები. ზურა".
წყაროზე ექსკლუზიური უფლება: ია ღადუა, ირაკლი შამათავა
ია ღადუა ბორისის ასული წარმ. ფოთი ფილოლოგიის დოქტორი, ლიტერატურის მუზეუმის უნიკალური წიგნების ფონდის კურატორი