უმცროსი სერჟანტი დიასამიძე ედნარ დურსუნის ძე
მედალი მხედრული მამაცობისთვის, 2008 წ.
8 აგვისტოს, ღამით, რუსულმა მოიერიშეებმა სენაკის სამხედრო ბაზაზე მიიტანეს იერიში. რუსული მოიერიშეების და ბომბდამშენების ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია, ქართული სამხედრო ინფრასტრუქტურის განადგურება იყო.
პირველი დაბომბვისას რამდენიმე ადამიანი დაიჭრა. მოპირდაპირე ყაზარმიდან ჯარისკაცები თანამებრძოლთა მისაშველებლად გაიქცნენ. მეორე ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის უმცროსი სერჟანტი, ედნარ დიასამიძე, დაბომბილი ტერიტორიიდან მეგობრების ევაკუაციას აპირებდა, დაბომბვიდან რამდენიმე წუთში, რუსული მოიერიშე კვლავ ბაზის თავზე დაფრინავდა, ჩამოყრილმა ჭურვებმა თანამებრძოლის დასახმარებლად მისული უმცროსი სერჟანტი, ედნარ დიასამიძე იმსხვერპლა.
ედნარ დიასამიძე 1974 წლის 22 აპრილს, ქობულეთის რაიონის სოფელ სახალვაშოში დაიბადა. დაამთავრა სოფელ სახალვაშოს საშუალო სკოლა და სწავლა ბათუმის პროფესიული გადამზადების ცენტრში გააგრძელა. სწავლის დასრულების შემდეგ კი, 1992 წლიდან, ედნარ დიასამიძემ სამხედრო სავალდებულო სამსახური, ახლადჩამოყალიბებულ სასაზღვრო ჯარში გაიარა.
ხასან დიასამიძე, ედნარის ბიძა: „ბავშვობიდან ენერგიული და სხარტი იყო. ყოველთვის აინტერესებდა სამხედრო საქმე, სამხედრო ტექნიკა. ბევრს კითხულობდა სამხედრო საქმის შესახებ, კონტაქტი ჰქონდა იარაღთანაც, კარგად ისროდა. სამხედრო სავალდებულო სამსახურშიც ძალიან გამოადგა მანამდე მიღებული ცოდნა... ედნარს დედა ადრე დაეღუპა და მამასთან იზრდებოდა. ჩემი ძმა, ედნარის მამა, დურსუნ დიასამიძე, პოლიციელი იყო, შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობდა და სამაჩაბლოს პირველი ომის მონაწილე იყო. ლოგიკურია, რომ ედნარს და მის ძმას, მალხაზს, პატარაობიდანვე აინტერესებდათ სამხედრო საქმე, მათზე ყოველთვის იგრძნობოდა მამის გავლენა. სამხედრო სავალდებულო სამსახურის დასრულების შემდეგ კი, ედნარმა მუშაობა აჭარაში დისლოცირებული სწრაფი რეაგირების რაზმში (ე.წ. „ობეერი“) დაიწყო“.
2004 წლიდან ედნარ დიასამიძე, რეგულარულ ქართულ არმიაში, საკონტრაქტო სამსახურზე გადავიდა და სენაკში დისლოცირებული მეორე ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონში ჩაირიცხა. ამავე ბატალიონში ჩაირიცხა ედნარის ძმა, მალხაზ დიასამიძე. ძმები 2006 წელს ექვსი თვის განმავლობაში ერაყის სამშვიდობო მისიაშიც ერთად მონაწილეობდნენ. 2008 წელს მის კონტრაქტს ვადა გაუვიდოდა, თუმცა ძმები არმიიდან წამოსვლას არ აპირებდნენ.
ჟუჟუნა დიასამიძე, ედნარის მეუღლე: „ერთმანეთი 2000 წელს გავიცანით და იმავე წელს შევუღლდით. ყოველთვის თბილი და მოსიყვარულე იყო, უყვარდა სიურპრიზების მოწყობა. ორი შვილი გვყავს, ნუკრი და გიორგი. როცა პირველი შვილი შეგვეძინა, გახარებული იყო. ამბობდა, ჩემი ვაჟკაციც ჯარისკაცი უნდა გაიზარდოსო. შვილებთან განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა. ჩემი შვილებიც დღეს ამბობენ, მამიკოს უნდა მივბაძოთ, ჯარისკაცები უნდა გამოვიდეთ და ჩვენც გმირები უნდა ვიყოთო. ომამდე რამდენიმე დღით ადრე, თითქოს ხასიათი შეეცვალა.
ბავშვების მიმართ უფრო თბილი და მოსიყვარულე გახდა. როცა სახლში ბრუნდებოდა, ცდილობდა მთელი დღე შვილებთან ერთად გაეტარებინა. ბოლოს, როდესაც სახლიდან მიდიოდა, მითხრა, ბავშვებს მიხედე, არაფერი მოაკლოო. მისი ბოლო სიტყვებიც ეგ იყო... არ ვიცოდი თუ ომი დაიწყებოდა და ყველაფერი ასე დამთავრდებოდა. ჩვეულებრივად გავიდა სახლიდან, როგორც მანამდე მიდიოდა, არაფერი უთქვამს, არ უნდოდა რომ შეგვშინებოდა“.
7 აგვისტოს, როდესაც რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო ინტერვენცია დაიწყო, ედნარ დიასამიძე უკვე სენაკის სამხედრო ბაზაზე იყო, ხოლო მისი ძმა, მალხაზ დიასამიძე, საკუთარ თანამებრძოლებთან ერთად, ცხინვალის მიმართულებით მიდიოდა.
ხასან დიასამიძე, ედნარის ბიძა: „სახლიდან პირდაპირ სენაკში წავიდა. იმ ღამეს, როდესაც სენაკის სამხედრო ბაზა რუსულმა ავიაციამ დაბომბა, ედნარი საკუთარ თანამებრძოლებთან ერთად დაბომბვის ადგილიდან რამდენიმე მეტრში, ყაზარმაში იყო. პირველი ჭურვის ჩამოვარდნის შემდეგ ბიჭები ყაზარმიდან დაჭრილების დასახმარებლად გამოსულან. ედნარი ბავშვობიდანვე უშიშარი იყო, არაფრის ეშინოდა... ბიჭებს დაჭრილი თანამებრძოლების ევაკუაცია დაუწყიათ, თუმცა რამდენიმე წუთში თვითმფრინავი უკან მოტრიალდა და ბაზის მიმდებარე ტერიტორია ხელმეორედ დაბომბა. ედნარს ამ დროს დაჭრილი თანამებრძოლი გაყავდა უსაფრთხო ადგილას, საავიაციო ჭურვი მისგან მარჯვნივ დაეცა, აფეთქების შედეგად გამოწვეულმა ტალღამ და ჭურვის ნამსხვრევებმა ადგილზევე მოკლა. გვერდში რამდენიმე ჭრილობა ჰქონდა... 8 აგვისტოს ორი ბიჭი მოვიდა ჩვენთან და გვითხრეს, ედნარს ფეხი აქვს დაზიანებულიო. მივხვდი, რომ რაღაც ცუდი ხდებოდა ჩვენს თავს. შვილთან ერთად სენაკში წავედი და ვნახე მისი ცხედარი... დაღუპვიდან მეორე დღეს, ჩამოვასვენეთ სახლში. ერთ-ერთი მისი თანამებრძოლი, რომელიც პირველი დაბომბვის შემდეგ გამოყავდა, აქ მის წლისთავზეც იყო ჩამოსული. მისი ოცეულის ყველა წევრს უყვარდა და აფასებდა“.
ჟუჟუნა დიასამიძე, ედნარის მეუღლე: „როცა მისი დაღუპვის შესახებ გავიგე, თავიდან არ ვიჯერებდი. ვერ წარმოვიდგინე. მეშინოდა და ვნერვიულობდი, თუმცა ვიცოდი, რომ წინა ხაზზე არ იყო და ეს მამშვიდებდა. ომის დაწყების დღიდანვე, რამდენჯერმე ტელეფონით დამეკონტაქტა, აღელვებაც კი არ ემჩნეოდა. პირიქით, აქეთ გვამშვიდებდა, ნუ გეშინიათ, ყველაფერი მალე დასრულდება და სახლშიც მალე ჩამოვალო. 9 აგვისტოს ჩამოასვენეს, აქ დავკრძალეთ, ჩვენი სოფლის სასაფლაოზე. კონტრაქტის დასრულებამდე რამდენიმე თვე ჰქონდა დარჩენილი, თუმცა ჯარისთვის თავის დანებებას არ აპირებდა, ძალიან უყვარდა თავისი საქმე. ვერც წარმოედგინა ცხოვრება სამხედრო ფორმის გარეშე. მისი დაღუპვიდან უკვე ორი წელი გავიდა. მე დავკარგე ჩემი საუკეთესო მეგობარი, ჩემმა შვილებმა კი იდეალური მამა, თუმცა ვამაყობ იმით, რომ ჩემი მეუღლე საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაიღუპა, დაიღუპა გმირულად, საკუთარი თანამებრძოლის გადარჩენისას“.
უმცროსი სერჟანტი, ედნარ დიასამიძე, 34 წლის ასაკში დაიღუპა. დიასამიძეების ოჯახში კი ბრძოლა ერთგვარ ტრადიციად იქცა. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს რიგებში იბრძოდა - ედნარის მამა, მისი ძმა - მალხაზ დიასამიძე, დღემდე საქართველოს შეიარაღებული ძალების მეორე ქვეითი ბრიგადის რიგებში ირიცხება, გმირი მამის შვილები ნუკრი და გიორგი კი ამბობენ, რომ ჯარისკაცობას აპირებენ. მათაც უნდათ, წინაპართა მსგავსად, საქართველოს ემსახურონ.
წყარო პრაიმ ტაიმის წიგნი გმირი
"ძალიან სასიამოვნოა, რომ "კვირის პალიტრა" დროდადრო წერს ქართველი ჯარისკაცების შესახებ, რომლებიც ბოლოდროინდელ ომებს შეეწირნენ. იქნებ უფრო ხშირად გვიამბოთ მათ შესახებ.
ჩემს 11 და 9 წლის ვაჟებს უხარიათ საგმირო ამბების წაკითხვა და ელოდებიან, როდის მივუტან გაზეთს; მერე სათუთად ინახავენ იმ გვერდს, რომელიც კიდევ ერთი გმირის შესახებ იუწყება და მეკითხებიან, მამა, ჩვენ რომ გავიზრდებით, საქართველოს კიდევ დასჭირდება ომი? მაშინ ჩვენც გავხდებით ასეთები? ომისგან ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ ეს გმირები ჩემი ვაჟების კაცურად, გმირული
სულით აღზრდაში მეხმარებიან მარადიული სასუფევლიდან. "კვირის პალიტრის" საშუალებით მადლობას ვუხდი ომში დაღუპული ბიჭების მშობლებს. ჩემმა ბიჭებმა მთხოვეს, "კვირის პალიტრამ" იქნებ ედნარ დიასამიძის შესახებ გვიამბოსო.
პატივისცემით, შოთა წიკლაური. თბილისი."
ედნარ დიასამიძე სენაკის მეორე ბრიგადის 23-ე ბატალიონის უმცროსი სერჟანტი იყო. მამისგან მემკვიდრეობით ერგო სამხედრო საქმის სიყვარული. დედით ნაადრევად დაობლებული ძმები ედნარი და მალხაზი მამასთან იზრდებოდნენ. მამა პოლიციელი იყო და სამაჩაბლოს პირველ ომში მონაწილეობდა. 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებისთანავე მალხაზი ფრონტის შუაგულში გადაისროლეს, ედნარი კი სენაკის სამხედრო ბაზაზე დატოვეს. გაიოზ მოსეშვილი ერთ-ერთი იყო, ვინც სიკვდილის წინ ნახა ედნარი. დაჭრილებს დასტრიალებდა თავს და მათ საავადმყოფოში გადაყვანას ცდილობდა.
გაიოზ მოსეშვილი, სენაკის მეორე ბრიგადის ყოფილი ოფიცერი: "გორი რომ დაბომბეს, გაგვიჩნდა ეჭვი, რომ სენაკსაც დაბომბავდნენ... ღამის 12 საათი სრულდებოდა, რუსები სენაკთან ახლოს ჩვენს საჰაერო სივრცეში რომ შემოვიდნენ. მთაზე ჩვენი "სტრელა" იდგა;
გაისროლა, მაგრამ არ გავარდა - დანესტიანებული ყოფილა. რუსებმა საჰაერო მანათობელი ბურთები გადმოყარეს. ქვედანაყოფი გაფრთხილებული იყო, შენობებში არ გაჩერებულიყვნენ, რადგან დაბომბვისას ნანგრევებში ჩაიხოცებოდნენ. ყველამ მოვასწარით გამოსვლა და გაშლა, მაგრამ გვერდით ბაზაზე 3000 კაცი ჰყავდათ მოყვანილი, უმრავლესობა რეზერვისტი იყო. რუსებმა ბაზის ერთ ნაწილში ჩამოყარეს ბომბები; ზოგი მაშინვე აფეთქდა, ზოგი არა, ძირითადად, კასეტური ბომბები იყო და დათვალიერებაზე რომ დავდიოდით, მაშინ ფეთქდებოდა.
გადაწყდა, დაჭრილები ედნარს უნდა წაეყვანა საავადმყოფოში. წუხდა, ეს რა ომია, ეს მუხანათობაა და ბიჭები უბრძოლველად გვეღუპებიან; ლაჩრულად რომ გვბომბავენ, ერთი პირისპირ შეგვებანო. რეზერვისტები შეშინებული და აკანკალებული იყვნენ; ნაწილში ჯოჯოხეთი ტრიალებდა.
ბაზის დაბომბვის შემდეგ რუსებმა სადგურის ტერიტორია დაბომბეს. სწორედ მაშინ მოჰყვა ჩვენი სამხედრო მანქანა ცეცხლში. ედნარი ერთი საათი რომ არ გამოჩნდა, ძებნა დავიწყეთ... საავადმყოფოში რომ მივედი, 15 გარდაცვლილი დავითვალე. სახე ყველას დამახინჯებული ჰქონდა, ვერავის ვცნობდი. ედნარი დაზიანებული ხელით ვიცანი; სასწავლო წვრთნების დროს წამალი აუფეთქდა და თითები დაუზიანდა.
მაშინ ძალიან დაღონდა, ვაითუ, ჯარისთვის აღარ ვივარგოო. კაცი, რომელსაც ბევრი გმირობის ჩადენა შეეძლო, თვალსა და ხელს შუა, არაფრის გამო მოგვიკლეს. დაჭრილები, რომლებიც ედნარს საავადმყოფოში მიჰყავდა, გადარჩნენ. ერთ-ერთი, ლაშა რევია, იხსენებს, რომ დაბომბვის დროს ედნარი მას გადაეფარა. მეტი არაფერი მახსოვს, საავადმყოფოში მოვედი გონსო. ხშირად ვფიქრობ, რომ ბიჭებს, რომლებიც 2008 წლის აგვისტოს ომში დაიღუპნენ, მტერთან შებმა არ დასცალდათ და მტრის ჯავრი გაჰყვათ იმ ქვეყნად."
ედნარს ორი ვაჟი დარჩა - გიორგი და მამუკა. მათ იციან, რომ გმირი მამა ჰყავთ და ამიტომ ისე უნდა მოიქცნენ, მისი სახელი არ შებღალონ.
კვირის პალიტრა https://www.kvirispalitra.ge/public/7018-mterthan-shebma-ar-dascalda.html