ვლადიმერ გოგუაძე - საქართველოს ეროვნული გმირი. დაიბადა 1880 წელს 03 მარტს სოფელ ჭანჭათში.
1903 წლდან ეწეოდა აქტიურ რევოლუციურ საქმიანობას და შიშის ზარს სცემდა მეფის რუსეთის მოხელეებს.
1917 წლის რევოლუციის შემდეგ იწყებს აქტიურ სამხედრო სამსახურს გვარდიაში. დამოუკიდებლობის მოპოვებამდე მონაწილეობს თბილისის არსენალის დამცველი რუსული რაზმის განიარაღებაში, აყალიბებს ჯავშნოსანი მატარებლების რაზმს, მონაწილეობას იღებს კავკასიის ფრონტის რუსული არმიის კავკასიიდან გასვლის პროცესში. 1918 წლის 7 აპრილს (ძველი სტილით) მისი ჯავშანმატარებლის მანევრი უმთავრეს როლს თამაშობს ჩოლოქის ბრძოლაში და ოსმალური არმიის 37-ე დივიზიის დამარცხებაში, რის გამოც ვალოდიას რევოლუციის პირველი რაინდის წოდებას ანიჭებენ.
დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ მეთაურობდა სახალხო გვარდიის ჯავშანმატარებელთა რაზმს. პერიოდულად იყო რკინიგზის კომენდანტი. მონაწილეობდა დამოუკიდებლობის პერიოდში წარმოებულ ომებში, მისი რაზმი ქართული არმიის დამრტყმელ ძალას წარმოადგენდა. ამ რაზმში იბრძოდა მისი სამი ძმა: ნოე, მელენტი და ალფესი, რომელიც №4 ჯავშნოსანს მეთაურობდა. გოგუაძემ და მისმა რაზმმა ლეგენდარული მეომრების სახელი დაიმკვიდრეს რესპუბლიკის არსებობის პერიოდში. 1921 წლის 16 მარტს, როდესაც რუსეთ-საქართველოს ომის ბედი ასი პროცენტით გარკვეული იყო, ჯავშანმატარებელთა რაზმის მეთაურმა ვალოდია გოგუაძემ ნიგოეთიდან ბათუმში მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას შემდეგი შინაარსის დეპეშა გაუგზავნა: „ჯავშნოსანი მატარებლებით მოგესალმებით. რაზმი ფიცსა სდებს თქვენს წინაშე, რომ იბრძოლებს სამშობლოს დასაცავად უკანასკნელ სისხლის წვეთამდის!”
საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ წავიდა ემიგრაციაში. ცხოვრობდა ლევილის ქართულ მამულში. წყარო ფბ. გმირი
ვიკიპედია
ვლადიმერ (ვალოდია) საბას ძე გოგუაძე (დ. 1880, ჭანჭათი, ოზურგეთის მაზრა — გ. 1954, ლევილი, საფრანგეთი) — ქართველი სამხედრო მოღვაწე, რევოლუციური მოძრაობის მონაწილე კავკასიაში. 1918-1921 წლებში საქართველოს სახალხო გვარდიის ჯავშნოსანი მატარებლების მეთაური, საქართველოს ეროვნული გმირი (1918), 1921 წლიდან პოლიტიკური ემიგრანტი.
ვალოდია გოგუაძე დაიბადა გურიაში ღარიბი, მრავალშვილიანი გლეხის ოჯახში. 11 წლიდან მუშაობდა მოჯამაგირედ, მუშად ბათუმის ქარხნებში. 1900 წელს გაიწვიეს რუსეთის არმიაში. მსახურობდა ოდესაში, მანჯურიაში 1901-02 წლებში. სამხედრო სამსახურის მოხდის შემდეგ, 1903 წლიდან მუშაობდა ბაქოს რკინიგზაზე. ბაქოში გოგუაძე რევოლუციურ მოძრაობაში ჩაება. როგორც გამოცდილი მებრძოლი, ის სამხედრო რაზმების უფროსად აირჩიეს. 1904 წელს გაწევრიანდა სოციალ-დემოკრატიულ ორგანიზაციაში.
რევოლუციური იატაკქვეშა კომიტეტის დავალებით თანამებრძოლებთან ერთად გოგუაძემ მრავალრიცხოვანი ტერორისტული აქტი ჩაატარა მეფის რეჟიმის მსახურთა წინააღმდეგ, ოხრანკის ჯაშუშების ლიკვიდაციის მიზნით. მონაწილეობდა 1905-1907 წლების რევოლუციურ გამოსვლებში ბაქოში, შემდეგ — გურიაში, სადაც გოგუაძე და მისი რაზმელები სდევნიდნენ ყაჩაღთა და ავაზაკების ბანდებს, რომელთა რაოდენობაც ძლიერ მომრავლდა რევოლუციის პერიოდში. ბაქოში მას „დიდი ვალოდია“ შეარქვეს. მთავრობის მიერ იგი კანონგარეშე იყო გამოცხადებული და მკვლელებიც ჰყავდა მიჩენილი, მაგრამ გოგუაძე ყოველთვის ახერხებდა დასხლტომოდა მტერს, თუმცა მრავალჯერ დაიჭრა ბრძოლებში და ტერორისტული აქტების ჩატარების დროს. გადაუდებელი ოპერაციის გასაკეთებლად რევოლუციური შტაბის გადაწყვეტილებით გოგუაძე საქართველოში, სოხუმში გაემგზავრა.
ვიკიციტატა „ტერორისტულ აქტებზე მეტ წილად მარტო მივდიოდი, რადგან მიყვარდა თავისუფალი მოქმედება. ამას გარდა, ხშირად თან მყოლი ამხანაგები იბნეოდნენ ხოლმე და მეც ხიფათში მაგდებდნენ“
1909 წლიდან გოგუაძე გურიაშია და ის ფაქტობრივ მფარველად მოევლინა გურიის მოსახლეობას, რომელიც აკლებული ჰყავდა მოთარეშე ბანდებს. მთავრობისა და პოლიციისგან მიტოვებული მოსახლეობა სამართალს ქურდებისა და ყაჩაღებისა წინააღმდეგ ბრძოლაში გოგუაძისა და მისი მეგობრების დახმარებით პოულობდა. ამიტომ მის მოკვლას ცდილობდა არა მხოლოდ პოლიცია, არამედ ყაჩაღებიც.
ვიკიციტატა „1910 წ. 17 ნოემბერს მე ყაჩაღები დავიბარე სოფელ გუთურში, დანიშნულ ალაგას მოვიდა 97 ყაჩაღი. ყველა იყო შეიარაღებული კარაბინით. ამათში იყო შვიდი კაცი, პარტიული ამხანაგი — კიკია მამულაიშვილი, სერგო მათითაიშვილი, თეოფილე მუხაშავრია, რაჟდენ ხომერიკი და სხვ. შეიარაღებულ პირებს მივმართე, წესრიგისათვის თავმჯდომარე აერჩიათ. დამასახელეს მე, მაგრამ მე მათ განვუცხადე, რომ ზნეობრივად არ შემიძლია მათი თავმჯდომარეობა. ისინი გაჯავრდნენ და იარაღზე გაიკრეს ხელი. მე ...მაგრად შევყვირე: თუ რამეს გაბედავენ, ათგირვანქიან ბომბით გაგიმასპინძლდებით-მეთქი. ისინი მოლბნენ. ...მათ გადავეცი კომიტეტის უკანასკნელი გაფრთხილება. გაფრთხილებამ უშედეგოდ ჩაიარა. ყაჩაღები ძველებურად ისევ თარეშობდნენ...“
1917 წლის რევოლუციის დროს მონაწილეობდა თბილისის „წითელი გვარდიის“ (შემდეგში საქართველოს სახალხო გვარდია) შექმნაში. გოგუაძემ ჩამოაყალიბა ჯავშნოსანი მატარებლის რაზმი 80-მდე კაცის შემადგენლობით, რომელიც მთელ საქართველოში მოძრაობდა წესრიგის აღასადგენად, ამბოხებათა ჩასახშობად, დეზერტირებისგან შემდგარი მოთარეშე შეიარაღებული ბანდების გასანადგურებლად. 1917 წლის 11-12 დეკემბერს გვარდიასთან ერთად აიღო თბილისის არსენალი, რომლითაც დაიწყო ქართული შეიარაღებული ძალის ფორმირება. ჯავშნოსანი მატარებლის მეშვეობით მოხერხდა პირველი მსოფლიო ომის ფრონტიდან მობრუნებული რუსეთის 200 ათასიანი ჯარის ეშელონებით თბილისისთვის არიდება და აზერბაიჯანში გადაყვანა. შეთანხმების მიხედვით ჯავშნოსანს უნდა გაეცილებინა ბაქოსკენ მიმავალი ფრონტიდან მობრუნებული რუსული არმიის ეშელონები, გზაზე მათ თავს ესხმოდნენ თათრების შეიარაღებული ბანდები, რომელთა შორის მრავლად იყვნენ ოსმალეთის ოფიცრები. ადრე 1918 წლის იანვარში შამქორთან რუსის ჯართან ბრძოლაში, დაიღუპა პირველი ჯავშნოსანის მეთაური როტმისტრი აფხაზავა, მაგრამ ჯარი თბილისში არ შემოუშვა.
ფოტო ვალოდია გოგუაძე ძმებთან ალფეზი, ნოე და მელენტი გოგუაძეებთან, ჯავშნოსან მატარებელზე
განსაკუთრებული გმირობა გოგუაძის რაზმმა გამოიჩინა 1918 წლის იანვარ-მარტში აჭარასა და გურიაში შეჭრილი ოსმალეთის ჯარების წინააღმდეგ. 1918 წ. აპრილში მან ჯერ ჩაქვში დაიხსნა ალყაში მოქცეული პოლკოვნიკ ყარალაშვილის ჯარი. აქ, ვინაიდან ჯავშნოსანი მატარებელი ვერ უახლოვდებოდა ალყაშემორტყმულ ყარალაშვილის დაჯგუფებას, გოგუაძემ პორფილე გორგოშიძის ხელმძღვანელობით გადასხა 25 კაციანი რაზმი, რომელმაც მოახერხა ზურგში მოქცეოდა ოსმალეთის რაზმს და უეცარი შეტევით გაანადგურა პანიკაში ჩავარდნილი მრავალრიცხოვანი მტერი.
ამის შემდეგ ჩოლოქთან ჯავშნოსანმა ოსმალეთის გალიპოლის დივიზიის ერთი ბრიგადა, შვიდი ათასი კაცი პირწმინდად გაანადგურა გაბედული სამხედრო მანევრით. გენერალი გიორგი მაზნიაშვილი, რომელიც ჯარს სარდლობდა, ბრძანებდა, რადგან საკმარისი ძალები არ გვყავს, ამიტომ მდინარე სუფსის გაღმა დავიხიოთო. ბათუმში ოსმალეთის ჯარის შესვლასთან დაკავშირებით, მაზნიაშვილის აზრით, საჭირო იყო ორგანიზებული უკან დახევა.
ვიკიციტატა „7 აპრილს გენერალმა მაზნიაშვილმა უკან დახევა ბრძანა. უკან დახევის დროს ჯავშნიანით არიერგარდში ვყოფილიყავი და მტრის თავდასხმისგან იგი დამეცვა, ბოლოს ამეფეთქებინა რკინის გზის ხიდები და სუფსაში მივსულიყავი. მე მას ჩემი გეგმა მოვახსენე: მტრის პოზიციებში შევიჭრები და ბრძოლას გავუმართავ-მეთქი. გენერალმა ეს განზრახვა არ გაიზიარა და ამიკრძალა კიდეც: ტყუილა-უბრალოდ დაიღუპებითო. მე თუ არიერგარდში უმოქმედოდ ვიქნებოდი, მაშინ მტრის არტილერია დამაზიანებდა. გენერალმა ბოლოს მითხრა და დამლოცა: ნახე! როგორც სჯობდეს, ისე მოიქეციო. ჯავშნოსანის მხედრებს არ ეძინათ. უკვე ორი საათი იყო. მებრძოლები შევკრიბე და მათ მდგომარეობა განვუმარტე, ჩემი გადაწყვეტილებაც გავაცანი...დილით ხუთ საათზე ჩოლოქის ხიდს მივადექით. ოსმალო გუშაგები დავიჭირეთ, მტრის ბანაკში შევედით და შუა ადგილი დავიპყრეთ. ოსმალების ჯარს იქაურობა აევსო. რკინის გზის აღმოსავლეთით ნაყანევი ადგილები მტრის ჯარებით იყო გავსებული. მე სროლა არ ავტეხე. მტერს ვაგრძნობინე, რომ მე შეცდომით მოვხვდი მტრის ბანაკში და ვნებდები. უკვე გათენდა და ოსმალნი ჩვენი ჯავშნოსანისაკენ გამოიქცნენ. ახლოს მოვიდნენ. მატარებლის საფეხურებზეც ამოცოცდნენ, ზარბაზნებისა და ტყვიამფრქვეველების ლულებს ჩამოეკიდნენ. ჯავშნიანი მატარებელი ჩაკეტილი იყო, შიგ შემოსვლა არავის შეეძლო. ოსმალთა იქ მყოფი ჯარი შეგროვდა რკინის გზასთან. როცა აქ ყველამ მოიყარა თავი, მაშინ გავეცი ბრძანება ცეცხლი გაეხსნათ. შეიქნა სასტიკი ბრძოლა. მოწინააღმდეგე მამაცად იბრძოდა. ერთი საათის ბრძოლის დროს ბევრი ოსმალო დაიღუპა. შემდეგ ოსმალებმა მიაშურეს საფარს და იქიდან დაგვიწყეს სროლა. მე დავიწყე მანევრების კეთება და სადაც ოსმალოებს უფრო მეტი ჯარი ჰყავდათ, სწორედ იქითკენ გავხსენი მომაკვდინებელი ცეცხლი. მტრის უმთავრესი ძალა უკვე განადგურებული იყო“
1918 წ. 13 აპრილს ამიერკავკასიის საოლქო დელეგატების სხდომაზე ნოე ჟორდანიას, ირაკლი წერეთლის და ევგენი გეგეჭკორის წარდგინებით გოგუაძე ეროვნულ გმირად აღიარეს და რევოლუციის პირველი გმირის წოდება მიანიჭეს. გოგუაძე ჯავშნოსანი მატარებელით მონაწილეობდა მთელ რიგ სამხედრო ოპერაციებში, მათ შორის სამხედრო ნაწილების ამბოხების ჩახშობაში ქუთაისსა და თელავში (1918 წ. თებ.), ბორჩალოს მაზრაში (1918 წ. ივნ.), სომხეთთან ომში (1918 წ. დეკ.), საბჭოთა რუსეთთან ბრძოლებში (1921 წლის თებ.). ამ უკანასკნელი ომის დროს მძიმედ დაჭრილი გოგუაძე მეგობრებმა სტამბოლშო წაიყვანეს, სადაც ის ფრანგულ ჰოსპიტალში მკურნალობდა. სტამბოლში მას მეუღლემ ჩააკითხა. 1923 წელს ისინი პარიზში ჩავიდნენ და თავი ლევილის მამულს შეაფარეს. გოგუაძემ ემიგრაციაში დაწერა ვრცელი „მოგონებები“, თუმცა მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანიის ჯარების საფრანგეთში შესვლისას ავტორმა ხელნაწერები ცეცხლს მისცა. გოგუაძის „მოგონებების“ ფრაგმენტები, რომელიც ძირითადად 1890-1919 წწ. პერიოდს ასახავს, გადაარჩინა და 1963 წ. პარიზში ქართულად გამოსცა მისმა მეუღლემ.
გარდაიცვალა იქვე. დაკრძალულია ლევილის ქართულ სასაფლაოზე.