ალექსი ნატროშვილი უფროსი ლეიტენანტი ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენოსანი, 2008 წ.
დედამ ერთხელ უთხრა, თავის მეომარ შვილს, ვნერვიულობ შენ რომ ჯარში ხარო.
პასუხი: - ხერხეულიძეების დედამ 9 შვილი შესწირა სამშობლოს და შენ რა გაქვს სანერვიულო?
ის გმირულად დაიღუპა ცხინვალში.
ალექსი ნატროშვილი 1978 წელს დაიბადა რუსთავში. მშვიდი და გაწონასწორებული ბავშვი ყოფილა. მეექვსე კლასში იყო, ოჯახი საცხოვრებლად გურჯაანის რაიონში, სოფელ შრომაში რომ გადასულა და ალექსიც სოფლის სკოლაში მიუყვანიათ. დედა იტყვის, რომ არც ერთ სკოლაში შენიშვნა არ მიუღია მის ვაჟს. კარგი და სამაგალითო მოსწავლე ყოფილა.
ნათელა ნატროშვილი, დედა: „ექიმობა უნდოდა. ყველა ფიქრობდა, რომ ალექსისგან მართლაც კარგი ექიმი დადგებოდა, მაგრამ პირველ წელს რომ ვერ ჩაირიცხა სამედიცინოზე, გადაწყვეტილება შეცვალა და თელავის უნივერსიტეტში ჩააბარა - ისტორიისა და სამართლის ფაკულტეტზე. სწავლისას სამხედრო კათედრა გაიარა, უნივერსიტეტის დამთავრებიდან ერთ წელში, სამხედრო აკადემიაში გადაწყვიტა სწავლის გაგრძელება.
თანატოლები დღესაც იხსენებენ, ბავშვობაში, ომობანას რომ ვთამაშობდით, ისეთ იარაღს იგონებდა, გვაოცებდაო. ძალიან აინტერესებდა და ძალიან კარგად იცოდა საქართველოს ისტორია. კითხვა უყვარდა. სამშობლოს სიყვარულმა გადააწყვეტინა სამშობლოს დამცველთა რიგებში ჩამდგარიყო. სამხედრო აკადემიაში ჩააბარა და ერთწლიანი კურსი გაიარა. რომ დაამთავრა, მაშინ იქმნებოდა თელავის კომანდოს ბატალიონი, იქ დაიწყო სამსახური, ოცმეთაურად დანიშნეს. ცხინვალშიც იყვნენ წასული სამშვიდობო მისიით.
დაოჯახებული არ იყო, მაგრამ შემდეგ მისმა მეგობარმა მითხრა, რომ ერთი გოგო მოსწონდა... სამსახურის გამო ხშირად ვერ მოდიოდა შინ. მაგრამ სულ გვეხმარებოდა ოჯახს. არავინ ავიწყდებოდა, ყველას დახმარებას ცდილობდა. ბოლოს მეოთხე ბრიგადაში მსახურობდა. ომამდე ათი დღით ადრე ასმეთაურად დაინიშნა. ლექსო ბოლოს ივლისში იყო ჩამოსული. უმცროსმა ძმამ მანქანა უყიდა და რომ მიდიოდა გვითხრა, ახლა უფრო ხშირად ვივლიო...
ომი რომ დაიწყო და წაიყვანეს, არ უთქვამს ჩვენთვის. 6 აგვისტოს ველაპარაკე, თანხის ჩარიცხვა მთხოვა ტელეფონზე. ძალიან გამიკვირდა. ასეთი რამ ადრე არასდროს უთხოვია... ვკითხე, ამ შაბათ-კვირას ჩამოხვალ-მეთქი? კი, დედა, ჩამოვალო. დამიმალა რომ ომი იყო და წაიყვანეს... ჩემმა უმცროსმა ბიჭმა იცოდა, რომ ლექსო ცხინვალში, ომში იყო. ჩემს ძმასაც ხშირად ელაპარაკებოდა თურმე. გახარებულს დაურეკავს მისთვის, ცხინვალი ავიღეთო...
8 აგვისტოს, ღამით, 9 რომ უნდა გათენებულიყო, თითქოს რაღაცამ წამომაგდო ლოგინიდან. გარეთ მშვიდობა იყო, მაგრამ თითქოს რაღაც ჩამეწვა სულში... როგორც მერე მითხრეს, სწორედ მაგ დროს დაღუპულა ლექსო...
ლექსოს დაღუპვის ამბავი ყველას სცოდნია სოფელში, მაგრამ ვერავინ გვიბედავდა თქმას. ათ აგვისტოს ჩემი პატარა გოგონა, ნინიკო, წყალზე იყო წასული და ტირილით დაბრუნდა. შევშფოთდი, ვერ მივხვდი რა ხდებოდა. ნინიკოს უკან ჩემი სიძე მოჰყვა, რომ შემოვიდნენ მითხრეს,- ლექსო აღარ არისო...
როგორც ყვებიან, დაზვერვაზე იყო წასული და დაბრუნებულს უთქვამს, რომ დიდი ხაფანგები იყო და უკან დახევაზე შეთანხმებულან ბრიგადის მეთაურთან. უკან დახევისას მომხდარა აფეთქება.
როგორც ბატალიონის უფროსი ამბობს, ლექსოს ჯგუფი ხუთი კაცისგან შედგებოდა, რაღაც ისროლეს, ააფეთქეს და ამ ხუთიდან ორი ვერ გამოუყვანიათ, მათ შორის ლექსო...
ოცნებობდა ოჯახზე, შვილებზე, ოცნებობდა, რომ მისი შვილები ძალიან განათლებულები და წესიერი ადამიანები იქნებოდნენ... ტყუპ ბიჭებზე ოცნებობდა... ასეთ ყოფაში მტერს არ ვუსურვებ ცხოვრებას, ძალად ვიღიმი, თან თავს ვეუბნები - რა გეღიმება? ვიცი, ძლიერი უნდა ვიყო, უნდა გავიღიმო კიდეც, სასწაული რომ მოხდეს და დაბრუნდეს, კარგად დავხვდე... ეს ბიჭები სამშობლოს იცავდნენ, შემართულნი იყვნენ სამშობლოს დასაცავად...“