სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11124

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
წმიდანები
კარბელაშვილი ოჯახი 1920-იანი წლები ხსენება ახ. სტ. 06 სექტემბერი სოფ. ჭალა კასპი ქართლი კარბელაშვილი ოჯახი 1920-იანი წლები ხსენება ახ. სტ. 06 სექტემბერი სოფ. ჭალა კასპი ქართლი
ბმულის კოპირება

წმიდანები

გვარი კარბელაშვილი სია

კასპი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

545       ბეჭდვა

კარბელაშვილი ოჯახი 1920-იანი წლები ხსენება ახ. სტ. 06 სექტემბერი სოფ. ჭალა კასპი ქართლი

ახალმოწამენი  6 სექტემბერს, დეკანოზ ანდრიასა და მღვდელ პეტრე კარბელაშვილების მოწამეობრივად აღსულების დღეს.

კარბელაშვილების ოჯახის ღვაწლი ერისა და ეკლესიის წინაშე


ძმებ კარბელაშვილებს – ეპისკოპოს სტეფანეს (ერისკაცობაში – ვასილი (1858-1936), დეკანოზებს: პოლიევქტოსს (1855-1936) და ანდრიას (1851-1924), მღვდლებს – ფილიმონსა (1836-1879) და პეტრეს (1860-1924) უდიდესი დამსახურება მიუძღვით სამშობლოსა და დედაეკლესიის წინაშე.

წინაპართა გზის კვალდაკვალ



ღვთისა და ერის საპატიო მსახურებას საფუძველი პეტრე კარბელაშვილმა ჩაუყარა. იგი მთელი სიცოცხლე მუხლჩაუხრელად ემსახურებოდა დედაეკლესიას. წლების განმავლობაში გალობდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ანტონ II-ის (ბაგრატიონი) გუნდში. მან მისცა მაგალითი შვილებსა და შვილიშვილებს უანგარო მსახურებისა.

პეტრეს ვაჟმა გრიგოლმა მამის საქმე გააგრძელა. იგი სოფელ ჭალაში, თავად ამილახვრების კარის ეკლესიაში მსახურობდა, სადაც საკუთარი ხარჯით ინახავდა და ასწავლიდა სამღვდელოდ გამზადებულ ახალგაზრდებს. XIX ს-ის 60-იან წლებში დეკანოზი გრიგოლი ერთადერთი სრული მცოდნე იყო აღმოსავლეთ საქართველოს საეკლესიო კილოებისა. იგი ჯერ ბოდბეში, წმინდა ნინოს სახელობის მონასტრის სასწავლებელში ასწავლიდა ქართულ გალობს, მოგვიანებით კი – თბილისის სასულიერო სემინარიაში.


 დეკანოზ გრიგოლ კარბელაშვილის ხუთივე ვაჟმა – ფილიმონმა, ანდრიამ, პოლიევქტოსმა, ვასილმა და პეტრემ სასულიერო გზა აირჩია.

 ფილიმონი

ძმათაგან უფროსი, ფილიმონი, გალობის, ქადაგებისა და მოძღვრობის ნიმუშად მიიჩნეოდა. მისი სიტყვის მოსასმენად სამთავისის ტაძარში ქართლ-კახეთის შორეული სოფლებიდან მოდიოდა მრევლი. წმინდა ილია მართლმა მოთხრობაში „გლახის ნაამბობი“ მოძღვრის სახედ სწორედ მამა ფილიმონი აღწერა. თავისივე სკოლაში გახსნილი მოღვაწეობის გარდა, მამა ფილიმონი გატაცებული იყო საქართველოს ისტორიის ამსახველი საბუთების შეგროვებითა და შესწავლით. ამილახვრების ოჯახში დაცული უძველესი საეკლესიო თუ საისტორიო დოკუმენტი მისი გადარჩენილია. წმინდა მღვდელმთავრები, ალექსანდრე და გაბრიელი, მამა ფილიმონს მოიაზრებდნენ საქართველოს ეკლესიაში ეროვნული მიმართულების საიმედო დამცველად.

ანდრია

დეკანოზი ანდრია ბავშობიდანვე წმინდა ცხოვრებითა და სიმშვიდით გამოირჩეოდა. იგი დროს ძირითადად მამასთან ატარებდა, ეხმარებოდა მას ღვთისმსახურებაში და სამღვდელო მოღვაწეობაც მამის ადგილზე გააგრძელა. იგი მოწამეობრივ აღსასრულამდე სოფელ მუხრანსა და ჭალაში მოღვაწეობდა.

პოლიევქტოსი

მომდევნო ძმა, პოლიევქტოსი, განსაკუთრებული ნიჭით გამოირჩეოდა. სიყრმიდანვე დიდ ინტერესს იჩენდა საქართველოს წარსულისადმი, ნებისმიერ საბუთს, წიგნსა თუ ნივთს რუდუნებით აგროვებდა და ინახავდა. ადრეული ასაკიდან დაეუფლა საეკლესიო გალობას, კალიგრაფიასა და მწიგნობრობას. მისი წყალობით არაერთი ხელნაწერი და სიგელ-გუჯარი შემოგვენახა.

 ვასილი

 შემდგომმა ძმამ, ვასილმა, გალობის უსწრაფესად დასწავლითა და ულამაზესი ხმით გაითქვა სახელი. ჯერ კიდევ ექვსი წლის ყოფილა, როდესაც უფროს ძმებთან ერთად სამი წირვის წესს ზეპირად გალობდა. 1867 წელს ვასილი ძმებთან ერთად მშობლებმა თბილისში ჩამოიყვანეს და სიმღერა-გალობის გავრცელება სემინარიელი მეგობრების წრიდან დაიწყეს. 1879 წლიდან ვასილი სემინარიაში სწავლის თანადროულად თბილისის მუსიკალურ სასწავლებელში სწავლობდა.

პეტრე

მათაგან უმრწმესი, პეტრე, განთქმული იყო საღვთისმსახურო წიგნების ცოდნით. იგი ადრეული ასაკიდან სანაქებო მედავითნე და ტიპიკონის საუკეთესო მცოდნე იყო, შეძლებისდაგვარად ეხმარებოდა მამასა და ძმებს გალობის გავრცელებაში.

1879 წლის 12 ნოემბერს მოულოდნელად გარდაიცვალა მღვდელი ფილიმონ კარბელაშვილი, რაც ოჯახისთვის მეტად დიდი დანაკლისი იყო. ამ განსაცდელმა დეკანოზ გრიგოლსაც მოუსწრაფა სიცოცხლე და ზუსტად ნახევარი წლის შემდგომ, 1880 წლის 28 აპრილს გარდაიცვალა. ძმებისთვის კი მამისა და უფროსი ძმის დაკარგვა განსაკუთრებით მტკივნეული იყო.

ძმების შემდგომი მოღვაწეობა წმინდა მღვდელმთავარ ალექსანდრეს (ოქროპირიძე) უშუალო მეთვალყურეობითა და ზრუნვით წარიმართა. ეპისკოპოს ალექსანდრეს რჩევით, ვასილ კარბელაშვილი 1882 წელს მოსკოვის კონსერვატორიაში გაემგზავრა სამუსიკო ხელოვნების დასაუფლებლად. მისი დაბრუნებისთანავე ანდრია, პოლიევქტოსი და ვასილი XIX ს-ის 80-იანი წლების შუა ხნებიდან, თითქმის თანადროულად იწყებენ სამღვდელო მოღვაწეობას.

 საზოგადოებრივი მოღვაწეობა

მღვდლები პოლიევქტოსი და ვასილი სისტემატურად აქვეყნებდნენ სტატიებს გაზეთ „ივერიის“ ფურცლებზე. მათი ნაშრომები არ შემოიფარგლებოდა მარტოოდენ საეკლესიო ისტორიით. ისინი ვრცლად მოუთხრობდნენ მკითხველს ეთნოგრაფიაზე, მეფეთა და დიდებულთა მოღვაწეობაზე, ქართულ გალობაზე, საქართველოს ეკლესიის საგანძურის განიავებასა და ავტოკეფალიის ძალადობით გაუქმების სავალალო შედეგებზე.

ძმების დაუღალავი შრომის შედეგად გადარჩა უძველესი ხელნაწერები, სიგელ-გუჯრები (დავით გარეჯისა, წმინდა იოანე ნათლისმცელისა და შიომღვიმის ბიბლიოთეკები), სიწმიდეები, ხატები. მათ შეკრიბეს, გადაწერეს და საკუთარი ხარჯით გამოსცეს მრავალი (100-ზე მეტი) ნიმუში ძველი ქართული მწერლობისა, რომელთა ხელნაწერების ნაწილიც დღეს აღარაა შემორჩენილი.

 ასევე გამოიცა მონოგრაფიები საქართველოს ეკლესიის კათოლიკოსებსა და მღვდელმთავრებზე. ძმებმა გადაარჩინეს და აღადგინეს არაერთი მიტოვებული და დაქცეული ეკლესია-მონასტერი.

განსაკუთრებით დიდია მათი ღვაწლი ქართული გალობის გადარჩენის საქმეში. სწორედ ძმებმა კარბელაშვილებმა შემოგვინახეს გაქრობისათვის განწირული საგალობლები აღმოსავლეთ საქართველოს სამგალობლო ტრადიციისა. მათ მიერ ათეულობით მნიშვნელოვანი გამოცემათა შორის აღსანიშნავია ქართული საეკლესიო გალობის სამი ტომი. მათ ხელნაწერ და დასტამბულ კრებულებში დაფიქსირებულია 2000-ზე მეტი უნიკალური საგალობელი.

ძმები კარბელაშვილები ეპისკოპოსთა – კირიონისა და ლეონიდეს ერთგული თანამებრძოლები იყვნენ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის საქმეში. მათი ავტორიტეტი და საეკლესიო საბუთების ზედმიწევნით ცოდნა არაერთხელ გამოსდგომიათ რუსეთის სინოდის წინაშე საქართველოს ეკლესიის უფლებებისთვის მებრძოლ მოღვაწეებს.

დევნილობა

ძმები კარბელაშვილების აქტიური მოღვაწეობა ძლიერ აღიზიანებდა რუს ბიუროკრატებს. მათ მრავალი ცილისწამებითა შეძლეს ძმების თბილისიდან განდევნა. 1903 წელს მღვდელი ვასილი ოჯახთან ერთად აზერბაიჯანში, ქ. შემახას სამრევლოში გადაიყვანეს, ხოლო 1908 წელს ანჩისხატის ტაძრის წინამძღვარი, მამა პოლიევქტოსი, სოფელ მარტყოფში მიავლინეს.

გადასახლებაში მყოფ ვასილ კარბელაშვილს თავს დაესხნენ და ცეცხლსასროლი იარაღით გულმკერდის არეში ჭრილობა მიაყენეს. მამა ვასილი სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა. ქართველი საერო და სასულიერო პირების დაჟინებული მოთხოვნით დაჭრილი მოძღვარი სამშობლოში დააბრუნეს.

1921 წელს ყველაფერი, რასაც კარბელაშვილებმა მთელი სიცოცხლე შეალიეს, საფრთხის წინაშე დადგა. დაიკეტა ეკლესია-მონასტრები. სკოლებიდან განიდევნა სასულიერო განათლება. სამღვდელოება კანონგარეშედ გამოცხადდა. საეკლესიო ქონება სახელმწიფომ ძალადობით მიიტაცა. ამ დროშიც კი ძმები კარბელაშვილები საკუთარი სიცოცხლის ფასად ახერხებდნენ, გადაერჩინათ უამრავი ფასეული რამ.

 შემორჩენილია მამა ვასილის წერილი სტალინისადმი, სადაც იგი დაუფარავად ამხელს და საყვედურობს მის ნამოწაფარს საქართველოში შექმნილი უმძიმესი ვითარების გამო. წერილი 1923 წლის 2 მაისით თარიღდება:

„სოსო! როგორი რწმენისაც გინდა იყო, მაინც ქართველი კაცი ხარ და საქართველოს მიწამ გამოგზარდა, სამშობლოსა და ერის სიყვარულს ვერარა დაშრეტს შენს გულში! კიდევ გთხოვ, რომ ეკლესიებისა და სარწმუნოების დევნას თავი ანებონ და ლმობიერება გამოიჩინონ. რას აძლევთ ერს, როდესაც უგინებთ სჯულს, სიწმინდეს და უსპობთ დიდებულ კულტურას, რითაც შეეძლო ქართველ ერს თავი მოეწონებინა კაცობრიობის წინაშე? ნუთუ მარტო მაგისთვის იბრძვი, რომ სომხები, ოსები და ურიები არ წამოასხათ კისერზედ ქართველ ხალხს? საზღვრები ჩააჭრეს საქართველოს ყველა მხრიდან და აღარ იციან როგორ შეავიწროვონ ტერიტორია? იქნებ გწყინს, ჩემო სოსო? ბევრის მნახველს, მომთმენს და ცრემლის შემაშრობელს, იმედია ყურად იღებ და მოალბობ ჩემს გულს და მალე სანუგეშოს მომწერ, რომ აღარ განმეორდება და ანუგეშებ შენს მოხუცებულ მასწავლებელს, რომელსაც ბევრად შესტკივა შენზე გული. პასუხს ველი“.

მოწამის გვირგვინი

 1924 წლის აგვისტოს აჯანყების დამარცხების შემდგომ რეპრესიების მსხვერპლნი გახდნენ დეკანოზი ანდრია და მღვდელი პეტრე კარბელაშვილები. საბჭოთა ხელისუფლებამ ისინი მხოლოდ იმიტომ დახვრიტა, რომ ღვთისმსახურები იყვნენ და არ უღალატეს ქრისტეს სარწმუნოებას, უარი თქვეს ანაფორის გახდაზე და უმძიმეს დროს არ მიატოვეს თავისი სამწყსო.

 1924 წლის 6 სექტემბერს მოძღვრები სამშობლოს სიყვარულით გულანთებულ ოცდაოთხ პატრიოტთან ერთად ტირიფონას ველზე, მდინარე ტორტლის ნაპირებთან გამოასალმეს სიცოცხლეს. აღსანიშნავია, რომ მამა ანდრია არ დაუპატიმრებიათ, მან არ მიატოვა სულიერი შვილები, ხორციელი ძმა და თავისი ნებით შეუერთდა დასახვრეტად გაყვანილ ადამიანთა ჯგუფს. ადგილობრივმა მოსახლეობამ მოწამეთა ნატანჯი სხეულები ერთობლივ საფლავში დაკრძალა.

 აღმსარებლობა

1924 წლის აგვისტოს რეპრესიებს სასწაულებრივად გადარჩენილი დეკანოზები პოლიევქტოსი და ვასილი აგრძელებენ საღვთო მსახურებას. 1925 წელს უფალმა სამღვდელმთავრო ასპარეზზე გამოირჩია მამა ვასილი, რომელიც სტეფანეს სახელით ბოდბელ ეპისკოპოსად აკურთხა წმინდა კათოლიკოს-პატრიარქმა ამბროსიმ (ხელაია).

მიუხედავად ათასგვარი დაშინებისა და დევნისა, მათი შვილების მომავლისა და სიცოცხლის ხელყოფისა, ისინი ვერ გატეხეს. სასულიერო წოდების გამო, ძმები ვერ ახერხებდნენ თავიანთი ნაშრომების გამოცემას. ეპისკოპოს სტეფანეს არქივში შემორჩენილია არაერთი უშედეგო თხოვნა მის მიერ შეკრებილი და ნოტებზე გადაღებული საგალობლების დასტამბვაზე. ძმის მსგავსად განიცდიდა დეკანოზი პოლიევქტოსი მის მიერ მოპოვებული აუარებელი ისტორიული მასალის გამოუქვეყნებლობას.

ძმებს სიცოცხლის ბოლო წუთამდე არ შეუწყვეტიათ ღვთის დიდება და სამშობლოს მომავლისათვის ზრუნვა. 1936 წლის აპრილში ჯერ ეპისკოპოსი სტეფანე გარდაიცვალა, ხოლო იმავე წლის მიწურულს პოლიევქტოსმაც მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.

წმინდანთა დასში შერაცხვა

2011 წლის 20 დეკემბერს საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდმა სამშობლოსა და დედაეკლესიის წინაშე გაწეული ღვაწლისათვის ძმები კარბელაშვილები წმიდათა დასში შერაცხა.

დეკანოზი ანდრია და მღვდელი პეტრე – წმინდა მღვდელმოწამეთა სახელწოდებით.

ეპისკოპოსი სტეფანე, დეკანოზი პოლიევქტოსი და მღვდელი ფილიმონი – წმინდა აღმსარებელთა სახელწოდებით.

მათი ხსენება კი დაწესდა 6 სექტემბერს, დეკანოზ ანდრიასა და მღვდელ პეტრე კარბელაშვილების მოწამეობრივად აღსულების დღეს.

მოამზადა დიაკონმა გიორგი მაჩურიშვილმა

სტატია ქვეყნდება შემოკლებით. სრული ვერსია იხილეთ „საპატრიარქოს უწყებანი“, 2012, N1


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 06.09.2020
ბოლო რედაქტირება 06.09.2022
სულ რედაქტირებულია 4





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0