ციხე-დარბაზი. იგი მდებარეობს სოფლის ჩრდილოეთით, მდ. ნიჩბისისწყლის მარჯვენა ნაპირზე. თარიღდება XVII ს-ით. კომპლექსში შედიოდა კოშკებიანი გალავანი, სასახლე, ეკლესია და აბანო. ამჟამად, შემორჩენილია ძლიერ დაზიანებული გალავნისა და აბანოს ნანგრევები. გალავანი გეგმით მართკუთხაა, ჩრდილო-აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეებში ჩართულია კოშკები; გალავნის სამხრეთი კედელი შემორჩენილია 7-8 მ-ის სიმაღლეზე, ქვედა ნაწილი ყრუა, ზედას საბრძოლო ბილიკის დონეზე აქვს სათოფურები და სალოდეები. ეზოში დგას სამსართულიანი კოშკი, რომელიც გეგმით ოთხკუთხაა. გალავნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს აბანო (7,8X13,3 მ). იგი შედგება გასახდელის, საბანაო ოთახისა და საქვაბე განყოფილებისაგან. აბანოში კერამიკული მილებით შეყვანილი იყო წყაროს წყალი (გაგოშიძე 1972: 36).
ვიდეო დავით(ჩოხა) ნასარიძე
ნიჩბისი ქართლის ერთ-ერთი უძველესი სოფელია. აქ არის მინის და ჭიქურის დასამზადებელი საბადოები, ამიტომ ნიჩბისი მეჭურჭლეობის განთქმული ცენტრი იყო. მეფე გიორგი II-ს 1072 წელს სოფელი შიომღვიმის მონასტრისთვის შეუწირავს. 1615 წელს კი მეფე ლუარსაბ II-მ ნიჩბისი ფეოდალებს ქაიხოსრო და მერაბ ციციშვილებს უბოძა. XVIII ს.-ში სოფელი ლეკთა გამუდმებულმა შემოსევებმა გააჩანაგა. ამავე საუკუნის მიწურულისთვის სოფელში მხოლოდ შვიდი კომლიღა ცხოვრობდა. თუმცა დღეისათვის ნიშბისი საკმაოდ მოზრდილი სოფელია, ამჟამად შედგება ქვემო, ზემო და ახალი ნიჩბისისგან.
ციციშვილების ციხე-დარბაზი დგას ქვემო ნიჩბისში, მდ. ნიჩბურას მარჯვენა მხარეს. იგი XVII ს.-ით თარიღდება. კომპლექსში შედიოდა კოშკებიანი გალავანი, სასახლე, ეკლესია და აბანო. საშენ მასალად ნატეხი ქვაა გამოყენებული. კომპლექსი საკმაოდ დაზიანებული იყო, თუმცა ამჟამად გალავანი თითქმის აღდგენილია. ეზოში დგას სამსართულიანი კოშკი, რომლის სართულები კედელში გაჭრილი ასაძრომი ქვის კიბეებითაა დაკავშირებული. ციხის ჩრდ.-აღმ. მონაკვეთში არის აბანო. იგი რამდენიმე ოთახად იყოფა დანიშნულების მიხედვით, სადაც განთავსებულია ბუხარი, აუზი, საქვაბე, საცეცხლე, გასახდელი და სათავსები. იატაკი აგურისაა. აბანოში იქვე მდებარე ხევიდან კერამიკული მილების საშუალებით მოედინებოდა წყაროს წყალი..
ვიდეო დავით(ჩოხა) ნასარიძე