სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

სპორტი, გამოჩენილი ადამიანების საიტი
მსოფლიო ჩემპიონი
ირინე გაბაშვილი 1960-2009წწ.  მსოფლიო ჩემპიონი ტანვარჯიში წარმ. თეთრი წყარო, დაუზუსტებელია

1960-2009 წწ. გარდ. 49 წლის

მაქს.წარმატება 19 წლის

ბმულის კოპირება

მსოფლიო ჩემპიონი

გვარი გაბაშვილი სია

თეთრი წყარო გამოჩენილი ადამიანები სრული სია

385       ბეჭდვა

ირინე გაბაშვილი 1960-2009წწ. მსოფლიო ჩემპიონი ტანვარჯიში წარმ. თეთრი წყარო, დაუზუსტებელია

საიტის შესახებ: გამოჩენილი ადამიანები, რეგიონის, ქალაქის მიხედვით. დღის იუბილარი/ხსენება
1
0
1

ირინე გაბაშვილი (დ. 15 აგვისტო, 1960, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ — გ. 23 მარტი, 2009, აშშ)


— ქართველი სპორტსმენი (მხატვრული ტანვარჯიში). სსრკ ჩემპიონი ლენტით და ბურთით ვარჯიშში (1979). სსრკ ხალხთა VII სპარტაკიადის ჩემპიონი ბურთით ვარჯიშში (1979) და მესამე პრიზიორი მრავალჭიდში (1979). საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი (1979). 1993 წლიდან წვრთნიდა მალაიზიის ნაკრებს. 2000–2008 წლებში მუშაობდა აშშ-ში, ორეგონის შტატის ტანვარჯიშის აკადემიაში მწვრთნელად. გარდაიცვალა აშშ-ში, 48 წლის ასაკში.


გასული საუკუნის 70-80-იან წლებში საქართველოს და საბჭოთა კავშირის დამსახურებულმა მწვრთნელმა ნელი სალაძემ მრავალ მხატვრულ ტანმოვარჯიშეს გაუკაფა გზა დიდი სარბიელისკენ. მათ შორის გამორჩეული იყო ბურთით ვარჯიშში მსოფლიოს 1979 წლის ჩემპიონი და მრავალჭიდში ბრინჯაოს მედალოსანი, საბჭოთა კავშირის ჩემპიონატებისა და ხალხთა სპარტაკიადის გამარჯვებული და პრიზიორი ირინე გაბაშვილი.

"კარიერაში ბევრი ჯილდო მიმიღია, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონატის ოქროს მაინც არაფერი შეედრება, არა იმიტომ, რომ ლონდონში პირველი ადგილი დავიკავე: იქ შესრულებული "მომაკვდავი გედი" ჩემი შემოქმედების უმაღლესი მწვერვალი იყო. რაშიც ქალბატონ ნელის უდიდესი წვლილი მიუძღვის.

ლონდონის დარბაზში ყველაფერი გავიღე წარმატებისთვის. გამოსვლის ბოლოს მუსიკა რომ შეწყდა, გული შემეკუმშა. არ მეგონა, ფეხზე თუ წამოვდგებოდი. დარბაზმა იქუხა. არ მახსოვს, როგორ წამოვიმუხლე. ტაში არ ცხრებოდა. ხალიჩიდან რომ გავდიოდი, კარებში აცრემლებულ ქალბატონ ნელის მოვკარი თვალი. თავი ვერ შევიკავე - მეც ავტირდი და ნელი მასწავლებელს გადავეხვიე. ეს ჩვენი გამარჯვება იყო" - მითხრა რამდენიმე წლის წინათ ირამ, ამერიკიდან თბილისში დედის სანახავად ჩამოსულმა.

"იმ წამების დავიწყება შეუძლებელია, - იხსენებს 39 წლის წინანდელ ამბავს საბჭოთა კავშირისა და საქართველოს დამსახურებულმა მწვრთნელი, ამჟამად ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაციის ვიცე პრეზიდენტი ნელი სალაძე. - მის "მომაკვდავ გედს" მთელი დარბაზი ფეხზე ამდგარი უკრავდა ტაშს. შეჯიბრების შემდეგ "დეილი მირორის" რედაქტორის ინიციატივით საბჭოთა ნაკრები ინგლისში მიიწვიეს საჩვენებელი გამოსვლებისთვის, აუცილებლად ირინე გაბაშვილი ჩამოიყვანეთ და დანარჩენი კი ვინც გინდათო, - თქვა რედაქტორმა.

მსოფლიოს ჩემპიონატამდე მთელი დავიდარაბა გადავიტანეთ. 1978 წელს საბჭოთა კავშირის თასის გათამაშება ტომსკში გაიმართა. იქ უნდა გარკვეულიყო მსოფლიოზე წამსვლელთა ვინაობა. მაშინ საბჭოთა კავშირში ნამდვილი ვარსკვლავთცვენა იყო. ლიდერობდა, ცხადია, მსოფლიოს 1977 წლის აბსოლუტური ჩემპიონი ირინა დერიუგინა. მას კონკურენციას უწევდნენ ელენა ტომასი, ირინა დევინა, ირინა გაბაშვილი.

ის იყო შეჯიბრება დაიწყო და გაბაშვილი გამოიძახეს სარბიელზე. ვხედავთ, მისი სახტუნაო დაიკარგა - ვიღაცამ მოჰპარა. ეტყობა, რომელიღაც კონკურენტის ნახელავი იყო. ერთმა მადლიანმა ათხოვა. ირამაც დამაჯერებლად იასპარეზა როგორც სახტუნაოთი, ისე სხვა საგნებით და საბოლოოდ დერიუგინას და ტომასის შემდეგ მესამე ადგილი დაიკავა, რითაც ლონდონში გამგზავრების უფლებაც მოიპოვა.

ირინა დერიუგინამ 1979 წელს ლონდონშიც დაამტკიცა უძლეველობა - 38.500 ქულით ზედიზედ მეორედ მოიგო მსოფლიოს ჩემპიონობა მრავალჭიდში. მეორე-მესამე ადგილებზე ტომასი (38.450) და გაბაშვილი (38.250) გავიდნენ. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ირინეს ბურთით ვარჯიში იყო. როცა იგი სარბიელზე გამოიძახეს, დარბაზი დავტოვე და ფოიეში გავედი - მეგონა გული გამისკდებოდა. ყურები დავიცავი, რომ მუსიკის ხმა არ გამეგონა. მაინც მოაღწია ჩემამდე მაყურებელთა ოვაციამ.

მაშინვე დარბაზს მივაშურე - ქომაგები ფეხზე იდგნენ და ქართველ ტანმოვარჯიშეს ისე უკრავდნენ ტაშს. ამვგარი პატივი თვით ბულგარელ ილიანა რაევასაც არ რგებია, რომელსაც ლონდონელი გულშემატკივრები ახლოს იცნობდნენ, რადგან ბულგარელთა გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატამდე ერთი თვის განმავლობაში სწორედ იმ დარბაზში ვარჯიშობდა. არადა, თავად რაევას ბურთით "მთვარის სონატას" ხილვა ერთ რამედ ღირდა - 19.350 ქულით ვერცხლის მედალი ერგო, ირინა დერიუგინა (19.200) მესამე იყო, გაბაშვილმა 19.450 ქულით ჩემპიონობა მოიპოვა. გურზებითა და ლენტით ვარჯიშში კი მეოთხე ადგილები დაიკავა".

ფოიეში ნაპოვნი გოგონა

"აქტიურ სპორტთან განშორების შემდეგ 1971 წლიდან უნივერსიტეტის სასპორტო დარბაზში ვავარჯიშებდი მოზარდებს, ქუჩაშიც კი შეგირდებს ვეძებდი. - განაგრძობს თხრობას ქალბატონი ნელი. - ერთხელ დედასთან ერთად მაშინდელ ანაგის ქუჩაზე მდებარე კინოთეატრში წავედი ახალი ფილმის საყურებლად. ფოიეში შევედი თუ არა, პატარა გოგონამ მიიპყრო ჩემი ყურადღება. განსაკუთრებით ხელებმა მომხიბლა. ის იყო, დედისკენ შევტრიალდი, რომ ჩემი შთაბეჭდილებები გამეზიარებინა, ის გოგონა გაქრა. გადავაქოთე ყველა ოთახი, ბოლოს კინოსაპროექციო ოთახში ვიპოვე - თურმე მისი მეზობელი მუშაობდა იქ და მეგობარ გოგონასთან ერთად წამოუყვანია ახალი ფილმის საყურებლად.

აბა, შანსს ხელიდან როგორ გავუშვებდი. ასე გავიცანი თერთმეტი წლის ირინე გაბაშვილი, რომლის სახელიც მერე მსოფლიოს მხატვრული ტანვარჯიშის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერა.

არადა, მაშინდელმა ქართველმა სპეციალისტებმა გაბაშვილი პირველივე შეჯიბრებაზე უარყოფითად შემიფასეს. კარგი გოგოა, მაგრამ ხელები არ უვარგაო. მე კი სწორედ ასეთ ხელებს ვეძებდი მთელი ცხოვრება. ბალეტის მადლიერი ვარ. რაც მან შემძინა, მხატვრულ ტანვარჯიშში გამოვიყენე. ამიტომაც იყო, რომ ჩემი მოსწავლეები - ირინე გაბაშვილი, ირინე ჟემჩუჟინა, მაია ნადიბაიძე, მარინე მორბედაძე და სხვები დიდ შთაბედჭილებას ახდენდნენ ქომაგებზე, რადგან არც ერთი მათი მოძრაობა არ იყო ყალბი. მართალია, სავარჯიშო პირობები არ გვქონდა, მაგრამ არც ერთ ჩემს შეგირდს უკმაყოფილება არ გამოუხატავს არც მას შემდეგ, რაც მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ. ყველანი ფუტკარივით შრომობდნენ და შედეგებიც ჰქონდათ. მუყაითობით ირა გაბაშვილი გამოირჩეოდა. არ მახსოვს, მისთვის ოდესმე შენიშვნა მიმეცეს. მოკრძალებული და დამჯერი გოგო იყო.

მე და ირა პავლოვისა და ვაჟა-ფშაველას დასაწყისში ვცხოვრობდით, ამიტომ უნივერსიტეტის დარბაზიდან რომ გამოვიდოდით, ტროლეიბუსში ჩვენს გაჩერებამდე თეორიულ მეცადინეობას განვაგრძობდით. თითოეულ რჩევა-დარიგებას გულისყურით ისმენდა, ყველა სიტყვას ისრუტავდა. გული მწყდებოდა, როცა საქართველოში პირველ შეჯიბრებებზე ირას დაბალ ქულებს უწერდნენ და მის ნიჭს ვერ ამჩნევდნენ. მაშინდელ ლენინის დარბაზში საქართველოს პირველობაზე ირას 7,8 ქულა დაუწერეს ყველაზე მაღალი. არადა, სამიოდე თვის შემდეგ საკავშირო შეჯიბრებაზე რომ წავედით, იქ 9,3-9,4 ქულა დაიმსახურა და გულშემატკივრებიც აღაფრთოვანა.

ეს იყო 1976 წელს. ორი წლით ადრე მინსკში ვიყავი საბჭოთა კავშირის ჩემპიონატზე. ქართველმა მხატვრულმა ტანმოვარჯიშეებმა, მგონი, მე-14 ადგილი დაიკავეს, თან მასპინძლებმა დაგვცინეს - ეს ქართველებიო. მაშინ ვთქვი გულში, მალე გაჩვენებთ "გრუზინებს"-მეთქი. 1976 წელს მე-6 ადგილზე გავედით.

თინათინ ლეკვეიშვილი: რუს ჟურნალისტს დაუფიქრებლად ვუპასუხე: \"Прославить Грузию\"

ინგა სააკაშვილი, ყოფილი მხატვრული ტანმოვარჯიშე: 1977 წელს ქალბატონმა ნელი სალაძემ და ლანა მეყანწიშვილმა რამდენიმე პერსპექტიულ სპორტსმენს - ირინა გაბაშვილს, ირინა ჟემჩუჟინას, მაია ნადიბაიძეს, ქეთინო კუჭავას, მონიკა გუნიას და ნანა ფოცხიშვილს, რომელთა შორის მეც ვიყავი, კომაროვის სახელობის სკოლაში მოგვიყარეს თავი. ექვს საათზე ფიზიკურ მომზადებას ვიწყებდით, 9-დან 12 საათამდე პირველი ვარჯიში გვქონდა, მეორე - საღამოს 5-დან 8 საათამდე. 1978 წლის მოსწავლეთა სპარტაკიადისთვის ვემზადებოდით. წინა მსგავს შეჯიბრებაზე ჩვენებმა მე-15 ადგილი დაიკავეს, ამიტომ უზბეკეთის დედაქალაქში დილის 9 საათზე გავედით საასპარეზოდ სუსტ ჯგუფში. დიდი შთაბეჭდილება მოვახდინეთ სპეციალისტებსა და მაყურებლებზე. ყველა ჩვენზე ლაპარაკობდა. განსაკუთრებით გაბაშვილისა და ჟემჩუჟინას გამოსვლებს აღნიშნავდნენ. მაშინ მიაქციეს ამ ორ ტანმოვარჯიშეს სპეციალისტებმა ყურადღება. საბოლოოდ მე-6 ადგილი დავიკავეთ.

ნელი სალაძე: 1978 წელსვე საბჭოთა კავშირის ჩემპიონატს კიევმა უმასპინძლა. ბევრმა ხალხმა მოიყარა თავი. ღამის 11 საათისთვის გვიწევდა სარბიელზე გასვლა. შუადღის ვარჯიშის შემდეგ გოგონები დასასვენებლად გავუშვი, მე კი შეჯიბრებას ვუყურებდი. საღამოს რვა საათისთვის დარბაზი დაცარიელდა. ამ ფაქტმა დამაღონა - ცუდი იქნებოდა უმაყურებლოდ ასპარეზობა. ჩვენი გამოსვლის დრო რომ მოახლოვდა, გოგონებს ბოლო რჩევა-დარიგებები მივეცი, მოვბრუნდი და რას ვხედავ - ტრიბუნები ისევ ხალხით აივსო: ყველა რესპუბლიკის ტანმოვარჯიშეები და მწვრთნელები აქ იყვნენ. საბჭოთა კავშირის დამსახურებულმა მწვრთნელმა ემა ოვსიანიკოვამ ომახიანად წამოიძახა: "საქართველოს ნაკრები გამოჩნდა და მკვდარი სეზონიც დამთავრდა".

საბჭოთა კავშირის ჩემპიონატამდე სხვადასხვა საზოგადოების პირველობა იმართებოდა. 1978 წელს ტარტუში საკავშირო უნივერსიადაზე ირა გაბაშვილმა პირველად შეასრულა ბურთით "მომაკვდავი გედი". გენახათ, რა ხდებოდა დარბაზში. ხალხი ტიროდა.

ერთი ეპიზოდიც მინდა გავიხსენო: 1978 წელს ქალიშვილი შემეძინა და მხოლოდ მაშინ გავაცდინე ერთი საკავშირო შეკრება მოსკოვში. ამ დროს ირინე გაბაშვილს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ბატაიენმა ბურთით ვარჯიში შეუცვალა. ეს მეც მქონდა გამიზნული, ოღონდ ირინეს ხელებისთვის მოსარგები მუსიკა ვერ შევარჩიე. მოსკოვიდან დაბრუნებულმა გაბაშვილმა შემომჩივლა, მათი დადგმული ვარჯიში არ მომწონსო. მართალიც იყო. ამის მიუხედავად, ორ შეჯიბრებაზე მაინც გავედით ამ პროგრამით, თან ახალი პროგრამაც მოვამზადეთ - "მომაკვდავი გედი".

ირინამ ორივე ტურნირზე 9.3 შეფასება რომ მიიღო, ბატაიენს ვუთხარი, იქნებ, ჩვენი ახალი პროგრამაც ნახოთ-მეთქი. დაგვთანხმდა. მოეწონა - ორივე ხელი ასწია და "გნებდებითო", მითხრა. რომ არა ასეთი გადაწყვეტილება, ჩვენ ვერ ვნახავდით ლონდონში გაბაშვილის საოცარ გამოსვლას, რომელმაც მაყურებელი აღაფრთოვანა. მახსოვს, იმ ღამეს შეჯიბრების შემდეგ ოთახში - სამნი ვიყავით, ირას და ტომასს მშვიდად ეძინათ, მე კი დილამდე თვალი არ მომიხუჭავს.

ბოშების ოინი

"მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ საბჭოთა კავშირის ხალხთა სპარტაკიადაზე გამოვედით, რომელიც ჩემთვის ორმაგად მძიმე გამოდგა, ჩვენგან ყველა მედლებსა და ქულებს ელოდა. გოგონებმაც იყოჩაღეს. ირამ მრავალჭიდში მესამე ადგილი დაიკავა, ხოლო ლენტით ვარჯიშში ჩემპიონობა მოიპოვა. გუნდურში მეოთხე ადგილზე გავედით, რაც, მართლაც, დიდი გამარჯვება იყო.

ლალი დოლიძე: მახსოვს, ყირგიზეთში ვიყავით შეჯიბრებაზე. ერთ საღამოს სასტუმროდან გამოვედით თუ არა, ბოშა ქალები შემოგვეხვივნენ – გიმკითხავებთო. მათი ამბავი რომ ვიცოდი, ირას ვუთხარი, არ გინდა, წავიდეთ-მეთქი. არ დამიჯერა. იმ ბოშამ კარტი გაუშალა, კარგად იასპარეზებო უთხრა. დარბაზში რომ მივედით სავარჯიშოდ, ირამ ჩანთა გახსნა და საფულე ვეღარ იპოვა. მკითხაობისას გაუქურდავთ. როგორც სჩვეოდა, გადაიკისკისა, ჩემი ბედიც ეს ყოფილაო, დასძინა. გარდაცვალების წინ ავადმყოფი დედის მოსანახულებლად თბილისში ჩამოვიდა. დარბაზში რომ შემოვიდა, სიხარულით აღარ იცოდა, რა ექნა - დიდი ხანი არ გვენახა ერთმანეთი. ბევრი საინტერესო ამბავი გვიამბო. ჩვენ შეგირდებს, შრომისმოყვარეობის მიუხედავად, ხშირად ვსაყვედურობ ან ხმასაც ავუმაღლებთ-ხოლმე, ამერიკაში ეს შეუძლებელიაო, გვითხრა ირამ. ყოველთვის მიზანსწრაფული შეგირდების სიზარმაცეს ვერ ეგუებოდა. ბოლოს ასეთი რამ მოუფიქრებია: კანფეტებს ყიდულობდა და თითოეული ილეთის კარგად შესრულებისთვის მოსწავლეებს აჯილდოებდა თურმე. ისინიც ცდილობდნენ, რაც შეიძლება, მეტი კანფეტი მიეღოთ, რომ ვარჯიშის შემდეგ მშობლების წინაშე თავი მოეწონებინათ.

ირა გულისხმიერი, თბილი ადამიანი იყო, კარგი მეგობარი. არ მახსოვს, ვინმესთვის ეწყენინებინოს. იცოდა, რომ განუკურნებელი სენით იყო ავად და მაინც არაფერს იმჩნევდა. ცდილობდა, ყოველთვის ფორმაში ყოფილიყო. ამერიკაში ექიმებს რომ ეჩვენა, უკვე დაგვიანებული ყოფილა. დედის გარდაცვალების შემდეგ დიდხანს არ უცოცხლია. სამწუხაროა, რომ ასეთი პიროვნება დღეს ჩვენ შორის აღარ არის.

ინგა სააკაშვილი: დიდ სპორტთან განშორების შემდეგ ირა მალაიზიაში გაემგზავრა სამუშაოდ. ოპტიმისტი იყო და სჯეროდა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. ექიმებმა უთხრეს, რომ მისთვის ორსულობა არ შეიძლებოდა - გადაბინტული ფეხებით დადიოდა. მაინც მიაღწია მიზანს. მერე გადაწყვიტა ვაჟისთვის უკეთესი მომავალი შეექმნა და ამერიკაში გადავიდა საცხოვრებლად, იცოდა, რომ ავად იყო, მაგრამ მალავდა, მუშაობას თავს არ ანებებდა, ბოლომდე იხარჯებოდა. მთელი ცხოვრება ასეთი იყო - მიზანსწრაფული. არასდროს ავიწყდებოდა, როდის რა გაეკეთებინა. ერთხელ ტაილანდიდან შევეხმიანე ამერიკაში. 32 კილოღა ვარ, სიცოცხლის ბოლომდე ცოტა დამრჩა, მაგრამ არ ვჩივი, რადგან შვილი ფეხზე დავაყენეო, მითხრა. მერე თავისებურად გადაიკისკისა, მაგრამ ყურმილშივე ვიგრძენი, უწინდელი სიხალისე აკლდა...

ნელი სალაძე: ამერიკიდან რომ ჩამოვიდა ახლობლების მოსანახულებლად, შინაც მეწვია. საჩუქარიც მომიტანა მინიატურული ქანდაკება - გოგონა ყვავილებით ხელში. ეს თქვენ "მომაკვდავი გედისგანო". ვაგლახ, რომ ბოლო საჩუქარი აღმოჩნდა...

ირინე გაბაშვილი 2009 წელს გარდაიცვალა.

წყარო ფოტომასალა, ვიდეომასალა იხილეთ მეტი


სსრკ ჩემპიონი ლენტით და ბურთით ვარჯიშში (1979)

სსრკ ხალხთა VII სპარტაკიადის ჩემპიონი ბურთით ვარჯიშში (1979)

და მესამე პრიზიორი მრავალჭიდში (1979) საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი. პირველი ადგილი()

მხატვრული ტანვარჭიში - მსოფლიო ჩემპიონატი 1979, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი მესამე ადგილი()

მხატვრული ტანვარჭიში - მსოფლიო ჩემპიონატი 1979, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 22.10.2020
ბოლო რედაქტირება 10.07.2022
სულ რედაქტირებულია 2





საქართველოს აბსოლიტური ფალავანი 1928 წლიდან, ქართულ ჭიდაობაში სრული სია

2 0

გაბრიელ ბარჯაძე დ.1953წ. სამბოს ფედერაციის მდივანი სოფ. ითხვისი ჭიათურა

1 0


დავით წიკლაური დ.1980წ. კრივის ფედერაციის პრეზიდენტი წარმ. სოფ. კიტოხი გუდამაყარი

1 0


ლაშა ტალახაძე დ.1993წ. ოლიმპიური ჩემპიონი ძალოსნობა შტანგა საჩხერე, იმერეთი.

3 0

41 0 1


გენო პეტრიაშვილი დ.1994წ. ოლიმპიური პრიზიორი თავისუფალი ჭიდაობა გორი ქართლი

5 0

27 10 10


ვარლამ ლიპარტელიანი დ.1989წ. ოლიმპიური პრიზიორი ძიუდო ლენტეხი სვანეთი

6 0

22 15 16