ნიკოლოზ თოხაძე (დ. 13 თებერვალი, 1901, სოფ. აკეთი, ახლანდ. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი — გ. 1 მარტი, 1975, პარიზი)
სამხედრო მოღვაწე, იუნკერი, შემდეგ საფრანგეთის „უცხოური ლეგიონის“ ოფიცერი.
სწავლობდა თბილისის გიმნაზიაში, შემდეგ იუნკერთა სკოლაში. მონაწილეობდა 1920 წლის მაისში იუნკერთა სასწავლებელზე ბოლშევიკების თავდასხმის მოგერიებაში და 1921 წლის თებერვალში წითელ არმიასთან ბრძოლებში კოჯორ-ტაბახმელას მიდამოებთან.
1921 წლის მარტში, სხვა იუნკრებთან ერთად სამშობლო დატოვა. სწავლა განაგრძო საფრანგეთში, სენ-მაქსენის ქვეითთა სამხედრო სკოლაში და 1922 წელს უმცროსი ლეიტენანტის წოდებით ჩაირიცხა „უცხოური ლეგიონში“. როგორც ავიაციის ოფიცერი, მსახურობდა მაროკოსა და ალჟირში 1925–1931 და 1931–1940 წლებში; მეორე მსოფლიო ომის დროს, 1941–1945 წლებში კაპიტანი თოხაძე საგანგებო მისიით იმყოფებოდა ინდოჩინეთში.
ომის შემდეგ, 1946–1958 წლებში მსახურობდა მაროკოში, ალჟირსა და მადაგასკარზე. 1957 წელს თადარიგში გავიდა პოლკოვნიკის წოდებით. დაჯილდოებული იყო საპატიო ლეგიონის ორდენით.
გარდაიცვალა 1975 წელს, დაკრძალულია ლევილის ქართულ სასაფლაოზე.
საფრანგეთის არმიის ქართული ელიტური სამხედრო ნაწილი "უნტერ-ჯორჯია"
1940 წელს საფრანგეთის მთავარსარდლობის ბრძანებით შეიქმნა სამხედრო ნაწილი, რომელშიც მხოლოდ ქართველები მსახურობდნენ
1939 წლის 14 ივლისს საფრანგეთის ეროვნული დღესასწაულის, ბასტილიის აღების აღსანიშნავად გამართულ აღლუმზე უცხოური ლეგიონის ასეულის მეთაურები იყვნენ დიმიტრი ამილახვარი და ნიკოლოზ თოხაძე. შანზელიზეზე დიდი ოვაციებით ჩაიარეს. აფრიკიდან მათ ჩამოჰყვათ გენერალი მიკელი.
- რაღა ეს უცხოელი ოფიცრები დანიშნეთ მეთაურებად, - უსაყვედურა მიკელს პარიზის კომენდანტმა გურომ. - მათზე უკეთესი არ გვყავს, - უპასუხია ფრანგ გენერალს პარიზის კომენდანტისთვის". - ასე იხსენებდა ქართველი ემიგრანტი შოთა ბერეჟიანი 1939 წლის აღლუმსა და მასში მონაწილე ქართველ ლეგიონერებს.
დღევანდელ სტატიაში ჩვენც გვინდა გავიხსენოთ ამ სახელოვანი გმირების საბრძოლო ისტორიიდან რამდენიმე საინტერესო ამბავი.
საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, 1921 წელს სტამბულში გახიზნული 80 ქართველი ოფიცერი და იუნკერი პოლონეთმა მიიღო, ხუთი იუნკერი კი საფრანგეთის სენ-მიქსენის სამხედრო სკოლაში გაიგზავნა.
1928 წელს საფრანგეთის სამხედრო სამინისტროს დადგენილებით, საფრანგეთში მცხოვრებ უცხოელებს, ვინც ჯარში გასაწვევი ასაკის იყო, ვალდებული იყვნენ, სამხედრო სამსახური მოეხადათ, მათ შორის - ქართველ ლტოლვილებს, რომლებიც იმხანად ბევრი ცხოვრობდა საფრანგეთში.
1931 წელს საფრანგეთში შეიქმნა უცხოური ლეგიონი, სადაც ქართველი ლტოლვილებიდან ბევრი მსახურობდა და მათმა უმრავლესობამ ოფიცრის მაღალ ჩინსაც მიაღწია. 1939 წლის სექტემბერში, როცა საფრანგეთი მეორე მსოფლიო ომში ჩაება, ჯარში გაიწვიეს 170 ქართველი ემიგრანტი. თავდაპირველად ქართველი ჯარისკაცები მსახურობდნენ სამხედრო ნაწილებში.
1940 წელს საფრანგეთის მთავარსარდლობის ბრძანებით შეიქმნა სამხედრო ნაწილი, რომელშიც მხოლოდ ქართველები მსახურობდნენ და მას "უნტერ-ჯორჯია" ერქვა. ეს საქმე მოუგვარებია ემიგრაციაში მყოფი დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრ ევგენი გეგეჭკორს, რომელიც დაახლოებული იყო საფრანგეთის სახელმწიფო მინისტრ გი მულისა და საგარეო საქმეთა მინისტრ ბონკურთან.
უცხოურ ლეგიონში იბრძოდნენ საფრანგეთის სენ-მიქსისა და სენ-სირის სახელგანთქმული სამხედრო სკოლის ქართველი კურსდამთავრებულები.
სენ-სირის სახელგანთქმული სამხედრო სკოლის კურსდამთავრებული იყო შემდგომში საფრანგეთის ეროვნული გმირი დიმიტრი ამილახვარი, რომელმაც 1940-42 წლებში "თავისუფალი საფრანგეთის" არმიის ჩამოყალიბებისთანავე თავი ისახელა ქალაქ მასაუს აღებაში. ასევე აქტიურად მონაწილეობდა სირიის კამპანიაში და ხელმძღვანელობდა დამასკოს აღებას.
1926 წელს დიმიტრი ამილახვარმა წარჩინებით დაამთავრა სენ-სირის ცნობილი სამხედრო სასწავლებელი, რომელიც საფრანგეთის ყველაზე პრესტიჟულ უმაღლეს სამხედრო სკოლად ითვლებოდა, იმავე წელს დაიწყო მისი სახელოვანი სამხედრო კარიერაც საფრანგეთის ჯარში.
ჯერ მსახურობდა იმ ბრიგადაში, რომელიც განთავსებული იყო აფრიკაში, ომის დაწყებისთანავე კი ჩაირიცხა ალჟირში, სიდი-ბელ-აბასში შექმნილ მე-13 ბრიგადაში. გერმანელთა მიერ საფრანგეთის ოკუპაციის დროს უცხოური ლეგიონის ქართველი მაიორი დიმიტრი ამილახვარი ლონდონში ჩავიდა და გენერალ შარლ დე გოლის "თავისუფალი საფრანგეთის" არმიას შეუერთდა.
1942 წელს ლიბიაში გერმანელების წინააღმდეგ ბრძოლისას ამილახვარმა და მისმა ბრიგადამ გადამწყვეტი როლი შეასრულა გერმანელი გენერლის წინააღმდეგ ბირ-ჰაკეიმის 15 დღიან ბრძოლაში, რომელიც სამხედრო ხელოვნების ისტორიაში "უდაბნოს ვენდენად" არის შესული.
ამბობენ, პირველად მან გამოიყენა ტანკსაწინააღმდეგო ბრძოლის ახალი სისტემაო. ამ წარმატებისთვის გენერალმა დე გოლმა ამილახვარი მხედრული წარჩინების უმაღლესი ნიშნით "გათავისუფლების ჯვრით" დააჯილდოვა.
დიმიტრი ამილახვარი გმირულად დაიღუპა 1942 წლის სექტემბერში ელ-ალამეინის ბრძოლის დროს. იგი დიდი პატივით დაკრძალეს ლიბიის უდაბნოში. სიკვდილის შემდეგ, საფრანგეთის პრეზიდენტ შარლ დე გოლის ბრძანებით იგი დაჯილდოვდა "საპატიო ლეგიონის" უმაღლესი ორდენით.
მისი სახელი ეწოდა სენ-სირის სამხედრო სკოლის 1954-1956 წლის 143-ე გამოშვებასა და პარიზის ერთ-ერთ ქუჩას. ობლად დარჩენილი დიმიტრი ამლახვარის ქალ-ვაჟი "საფრანგეთის შვილებად" გამოცხადდნენ და მათი აღზრდა საფრანგეთის მთავრობამ ითავა.
ნიკოლოზ თოხაძე, თბილისის იუნკერთა სასწავლებლის საარტილერიო განყოფილების კურსდამთავრებული, 1921 წელს ემიგრაციაში წავიდა. სწავლობდა საფრანგეთის სენ-მიქსენის სამხედრო სკოლაში.
უმცროსი ლეიტენანტის წოდებით მსახურობდა "უცხოურ ლეგიონში". შემდეგ საავიაციო პოლკში გადაიყვანეს, სადაც ორი წლის განმავლობაში ეუფლებოდა მფრინავისა და საჰაერო ბრძოლის უნარებს. 1931-1940-იან წლებში მონაწილეობდა მაროკოსა და ალჟირში წარმოებულ სამხედრო ოპერაციებში.
მალევე დაჯილდოვდა საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ორდენით. 8 წელი გაატარა ჩრდილოეთ აფრიკაში, შემდეგ - "უცხოური ლეგიონის" მეხუთე პოლკში, რომელიც ინდოჩინეთში იდგა. იაპონელებთან შეტაკებებში არაერთხელ გამოიჩინა თავი, რისთვისაც საპატიო ლეგიონის ოფიცრის წოდება მიენიჭა. ასევე მოიპოვა საფრანგეთის ერთ-ერთი უმაღლესი სამხედრო ჯილდო, სამხედრო ჯვრის ორდენი პალმის რტოთი.
1946 წელს ნიკოლოზ თოხაძე ინდოეთში გადაიყვანეს, სადაც ქალაქ ჩანდანაგარში განლაგებულ ფრანგულ შენაერთს ხელმძღვანელობდა. იმავე წელს ჩრდილოეთ აფრიკაში მიავლინეს. 1949 წელს მას დაევალა კუნძულ მადაგასკარზე "უცხოური ლეგიონის" ჩაყვანა, რის შემდეგაც კუნძულზე ორი წელი იმსახურა.
1951 წელს დაბრუნდა მაროკოში. როგორც ამბობენ, ქართველ ოფიცერს, რომელმაც 35 წელი იმსახურა ფრანგულ ჯარში, საფრანგეთის თითქმის ყველა სამხედრო ჯილდო ჰქონდა მიღებული "საპატიო ლეგიონის" ორდენით დაწყებული, ანჟანის ვარსკვლავის ორდენით დამთავრებული.
საინტერესო სტატია კვირის პალიტრისგან იხ.მეტი