სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
მწერალი/პოეტი
გიგლა ჭინჭარაული დ.1960წ. პოეტი სოფ. ვერონა, საგარეჯო
ბმულის კოპირება

მწერალი/პოეტი

გვარი ჭინჭარაული სია

საგარეჯო გამოჩენილი ადამიანები სრული სია

378       ბეჭდვა

გიგლა ჭინჭარაული დ.1960წ. პოეტი სოფ. ვერონა, საგარეჯო

გიგლა ჭინჭარაული — ქართველი პოეტი. დაიბადა საგარეჯოს რაიონის სოფ. ვერონაში.  ავტორი პოეტური კრებულისა "ჩემი სამრეკლო".



პოეტი, მწერალთა კავშირის წევრი გიგლა ჭინჭარაული და მისი პოეზია იმ სულიერი საქართველოდანაა, რომელიც დღეს ასე გვჭირდება და გვაკლია...

ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული წერდა ლექსებს, რომელთა გამოც უსიამოვნებები ხვდებოდა და რომლებსაც არავინ უბეჭდავდა. მართალი და მეამბოხე, ქართული სული დღემდე შემორჩა მის ლექსებს. დამთავრებული აქვს სასულიერო სემინარია და სამშენებლო ტექნიკუმი. დღეს ცხოვრობს ისტორიულ ქართულ სოფელ ვერონაში, რომლის არსებობა ჩვენში ალბათ ბევრმა არც იცის…

– ბატონო გიგლა, არ ვიცოდი საქართველოში თუ გვქონდა სოფელი, სახელად ვერონა…

— ქართული სოფელი ვერონა საგარეჯოს ეკუთვნის და გომბორთანაა ახლოს, ორ კილომეტრში. ბოლო სოფელია, შემდეგ არის უღელტეხილი და მერე თელავის რაიონი იწყება. ეს სოფელი ძალიან დიდი ხნისაა, სადაც ხვნის დროს ბრინჯაოს ხანის ნაკეთობები ამოდის მიწიდან. ისინი ჩვ.წ.აღ.-მდე მეოთხე ათასწლეულითაა დათარიღებული. გამოდის, რომ ეს სოფელი აქ ექვსი ათასი წლის წინ უკვე იყო. აქ არსებულ ციხე-სიმაგრეს ვახტანგ გორგასალს მიაკუთვნებენ. ციხე მაღალზეა და მას ორი მეტრი სისქის გალავნები აქვს. ვახუშტი ბატონიშვილის „ქართლის ცხოვრებაში“ რამდენჯერმეა მოხსენიებული როგორც აუღებელი ციხე.


– ანუ, ეს სახელი იტალიურ ტოპონიმთან უჩვეულო დამთხვევაა…

— დიახ, უბრალო დამთხვევაა, საიდან და როგორ, არ ვიცი. ვაჟა–ფშაველა პოემაში „მონადირე“ ახსენებს ვერანას, ხოლო ვერენა არის მოხსენიებული ალექსანდრე პირველის მეფის გუჯარში, რომელიც  გარეჯის მონასტრის წინამძღვარს მისწერა. მონასტერს ექვსი სოფელი გადასცა და ამ სოფლებს შორის ერთ-ერთი არის ვერონა. აქ ვერენაა ნახსენები. ვაჟას დროს ეს სოფელია აღარ იყო. იქ მეწყერმა გალავანი წამოიღო, მოსახლეობას თავშესაფარი აღარ ჰქონდა და ამის გამო, როგორც ჩანს, აიყარნენ. ამის მერე ეს ადგილი გაუკაცრიელდა. ზუსტად ასი წლის წინ, საბჭოთა ხელისუფლების დამყარებისთანავე, ხევსურები მთიდან ჩამოვიდნენ და ამ ნასოფლარზე დასახლდნენ. აი, მაშინ დაიწყო ამ სოფლის დასახლება. მას შემდეგ დაერქვა ვერონა, მანამდე ვერანა და ვერენა იყო. ჩემ ბავშვობაში აქ 40-42 კომლი იყო, ახლა 22-ია.

— დაახლოებით 700 ლექსი მექნება დაწერილი, საკუთარი ლექსების კრებული „ჩემი სამრეკლო“ კი მხოლოდ სამი წლის წინ გამოვეცი. მანამდე ჩემი ლექსები სხვა ავტორებთან ერთად იბეჭდებოდა. კომუნისტების დროს ლექსებს არც დამიბეჭდავდნენ და ალბათ მეც ნაზი შამანაურის გზას გამიყენებდნენ… როცა სისტემა და ცხოვრება შეიცვალა, საამისოდ ვერ ვიმეტებდი ფულს და თან ცხოვრებაც ამერია.


– როდის გავრცელდა ამბავი, რომ თქვენ ლექსებში საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ ილაშქრებდით?

— ამის გამო პრობლემები მქონდა, სასწავლებლიდანაც დამითხოვეს. მაშინ იყო მილიცია, რომელმაც ჩემი ბინა ორჯერ გაჩხრიკა. ჩემ ახლობელს, ვინც სახლში დახვდათ, ეკითხებოდნენ, იარაღი სად აქვს შენ მეგობარსო, ჩემ წიგნებს და რვეულებს სინჯავდნენ. მივხვდი, რა „იარაღსაც“ ეძებდნენ. ჩემი ლექსები ახლობელმა გოგონამ საგარეჯოში სასწავლო ნაწილის გამგეს აჩვენა. ეს ქალბატონი, რა თქმა უნდა, ყველაფერს მიხვდა და იმავე დღეს დამიბარა კაბინეტში. სწორედ იქიდან გაჟონა ინფორმაციამ, რომ ანტისაბჭოურ ლექსებს ვწერდი. მერე ის ლექსები, ცელოფანში გადახვეული, ფიჩხის ღობეში, სახლიდან შორს მქონდა გადამალული. 80-იან წლებში ყველა დაწესებულებებზე ზეწოლა დაიწყო და მეც იმ ტალღაში მოვყევი.

– ქართველები თავისუფლებაზე ბევრს ვლაპარაკობთ, თქვენთვის რა არის თავისუფლება და რისგან გათავისუფლება გვჭირდება?

— პირველ რიგში, უმეცრებისგან გათავისუფლებაა საჭირო იმისთვის, რომ თავისუფალი ქვეყანა შევქმნათ, რადგან ჩვენში ცოდნის ვაკუუმია. მონური სულის მქონე ადამიანები თავისუფლების მოპოვებას ვერ შეძლებენ. ქართველების მთავარი სენი შიგნიდან გატეხილი ციხეებია, ყოველთვის ასე ხდებოდა ჩვენში. კიდევ საზოგადოება გააუმეცრეს, რაც ჯერ კიდევ კომუნისტების პერიოდიდან წამოვიდა. რადგან ნასწავლი და მცოდნე ხალხი ძნელი სამართავია. რაც მეტად უმეცარია ადამიანი, მით უფრო ადვილია მისი დამორჩილება და მართვა. 90-იანი წლებიდან მოყოლებული ოცი წელი მოვანდომე იმას, რომ მასონურ ფილოსოფიაში გავრკვეულიყავი და ბოლომდე მაინც ვერ გავერკვიე. ეროვნული სახელმწიფოების არსებობა მასონების ინტერესებში არანაირად არ ჯდება. ამიტომ პირველ რიგში ებრძვიან ეროვნულ ქვეყნებს, რომელთა შორის საქართველოცაა. მე უცხოეთშიც ნამყოფი ვარ და მთელი ატლანტის ოკეანე მოვიარე, ძალიან განვიცდიდი, როცა უცხოელებს მიწაზე თითით ვუხატავდი შავ ზღვას და საქართველოს შესახებ ასე ვაგებინებდი.

– იმედია, მომავალ თაობას ეგ პრობლემა აღარ ექნება, რას ეტყოდით მათ?

— მომავალ თაობას მინდა ვუთხრა, რომ ყველაზე ძვირფასი ადამიანისთვის არის დრო, რომელიც უნდა იანგარიშონ არა დღეებით, არამედ წუთებით. წუთიც არ დაკარგონ და მაქსიმალურად გამოიყენონ. მეორე, უნდა გაიგონ რისი მფლობელები არიან სინამდვილეში, რას ვფლობდით და რა დავკარგეთ. თუ არ ეცოდინებათ რა აქვთ დაკარგული, იმასაც ვერ მიხვდებიან, რა უნდა დაიბრუნონ ან რა უნდა მოიპოვონ. თუ არადა, ყველაფერს დაკარგავენ, არ ეცოდინებათ ქართველი რას ნიშნავს, არც ქართული ენა იარსებებს, რადგან მას ასიმილაცია მოუღებს ბოლოს…

— კიდევ ერთი ლექსი მინდა მკითხველს შევახსენო:

კლდის ნაკადულის კდემით კიაფობ,

მაინც გიბედავ ხოტბას, თავხედი,

მე ქაღალდიდან უნდა გიამბო

შენზე წუხილის მეათასედი.

ვით ნაკადული მღვრიე მდინარეს,

შენ ისე ერთვი ამ ხალხის მორევს,

და მე მწადია, რომ უწინარეს

შენ განგაშორო სიწმინდის მომრევს.

სულით და ხორცით დაცემულ ურდოს,

სიყვარული რომ აოტა რისხვით,

ვინც წინაპართა სახელით ქურდობს

და მოძმისაკენ ტყვიას რომ ისვრის!

………………

შენ აქ რა გინდა?! ხარ უკვდავება,

შენ სხვაგან უნდა გქონდეს საუფლო!

მე ლექსის მოძღვნაც კი მეკრძალება,

ხალხი კი თურმე… შენთან საუბრობს!

– თქვენთვის რა არის სამშობლო?

— სამშობლო ღმერთის შემდეგ მეორე იპოსტასია, მერე არის შვილები, ანუ შთამომავლობა… რისთვისაც ყველა ადამიანს უყოყმანოდ უნდა შეეძლოს სიკვდილი, თუ საჭირო გახდება. ღმერთს ჩვენი დახმარება არასოდეს არ უნდა, ის მარადიულია. სამშობლო კი შექმნილია და შეიძლება მოკვდეს. ამიტომ ის ჩვენთვის უპირველესი უნდა იყოს…

ლექსები:

მე ღვთაებრივად მიყვარდი,

ვით წამეყვანე ცოლადა?!

ოცნებით მზისკენ მიმყავდი,

ვერ გცანი გამომყოლადა.

ფიქრიც მზარავდა იმაზე _

სიწმინდე შემომელახა,

ეგ კდემა და ეგ სინაზე

მხეცურ ალერსში მენახა.

სხვა დატკბეს შენი წყალობით,

ვინც სათუთობის მტერია;

სხვა გაძღეს შენი ქალობით,

მე გიოცნებებ ფერიად!

მე ზეციურად გსახავდი,

გფიქრობდი ცათა სწორადა...

ცას როგორ შემოვლახავდი,

ვით წამეყვანე ცოლადა?!


პაემანი მზესთან გომბორის მთაზე


წითლა მისტორავდა ველსა და ვერხვიანს,

თვალი შეხაროდა ზეცათა საგანძურს,

ქათქათა მწვერვალებს რიჟრაჟი ეხვია,

მზე ამოეტოტა კაბადონს ალანძულს.

ტოროლას ამინდი სვიანად ესვიდა,

თვალებში უკრთოდა სიცოცხლის ციმციმი.

ფირუზში უტკბესი შეტყორცნა ლექსი და

ზურმუხტის ნოხისკენ დაეშვა სიცილით.

პირველად მწვერვალი ამბორჰყო სხივმა და

ლაჟვარდში დაინთქა ვარსკვლავთა სინათლე,

ჭალაზე ვერცხლისფრად კამკამა ბრწყინავდა,

ნეტა შენც გეცქირა... ო, როგორ გინატრე!

მშობლიურ ცის ციაგს ვჭვრეტდი გამუდმებით,

იქ გრემი მზის ბილიკს ტრფიალით შემზერდა,

სოფლები, ვით ჭრელი მტრედების გუნდები,

დამსხდარან ალაზნის მადლიან ველზედა.

ლურჯ უსასრულობის ღვთაებრივ სიწმინდეს

არ ახლდა მისხალი ნასახი ღრუბლისა.

მსუბუქი ნიავი მოსავდა ცის კიდეს,

თითქოს სუნთქვა იყო ანგელოსთ გუნდისა.

დიოდა მთის წაყრო, ვით ბროლი დამდნარი,

ჟღურტულით კენჭებს და ბალახებს კოცნიდა,

ჩიტის თუ წყაროს ხმებს უსმენდა მთა-ბარი,

ეს იყო ჰანგები სამშობლოს ლოცვიდან.

ვითარცა ხელისგულს, კახეთს დავცქეროდი,

თეთრი ალავერდი ,,ზეცისკენ ვიდოდა“

და შენზე სიმღერას ექსპრომტად ვმღეროდი,

ნეტავ იქ მხლებოდი, ო, როგორ მინდოდა!

დაღლილი მერანის გულისხმა მესმოდა,

ცვრიან სამყურაზე რომ კოტრიალობდა,

ნესტოთა ოხშივარს ყვავილებს ესროდა,

ჩემსავით ცეცხლოვან სიცოცხლით ხარობდა.

ო, როგორ გნატრობდი, გესმინა, გენახა,

ან განმეორდება ის დილა ხელახლა,

შენ შემიყვარებდი უთუოდ, მე მჯერა,

იმ დილით ის მთები ერთად რომ გველახა!


სიყმაწვილე


ჯოხის ცხენზე შემომჯდარი

რისხვით მივერეკები,

ეს ჭინჭრები თათრებია,

ეს ნარები _ ლეკები,

წკეპლის ხმალით თავებს ვაცლი,

ვებრძვი თავგამეტებით,

სამშობლოს მტრებს არ ვახარებ

ცხენით, ხმალთა კვეთებით...

ჰაი დედას, სიყმაწვილევ,

როგორ არ მემეტები!

.

* * *

ქედნისფრად, მერე ვარდისფრად

მამლებმა დილა შეამკეს,

ვარდზე ცვარ-ნამი გაფითრდა,

ტყეში ხეს არჩევს მეაკვნე.

ბუღა ბუბუნებს ბუსნოზე,

ზეცას მერცხალნი სერავენ,

ფუტკარნი სასაუზმოზე

მიდიან აქით სერამდე.

ყვავილი თაფლად იღვრება,

რძე მოჩქეფს მწვანე მდელოდან,

ვენახი ბადაგს მპირდება,

სად წავალ საქართველოდან?!

ბექა, ქეთი თუ თამარი,

ლექსო, ლეილა, მანანა

აქ მყვანან და ეს მთავარი

არის, რომ გვიყვარს ალალად:

სამშობლოც ურთიერთიცა,

სიცოცხლეს ვუცქერთ სხვაგვარად,

გვახსოვს _ გვახურავს ერთი ცა

და ზეცამ რაც დაგვაბარა.

ვაჟიც მყავს, ბოკვრად მეზრდება,

ჯეჯილიც მიდგას საპურე,

აქ ყოფნა ვით მამბეზრდება,

სხვათ მიწას როგორ გავყურებ.

დილა-მწუხრს შაშვნი გალობენ,

კლდის ძირას წყაროც ჩამომდის,

აქ ნამყოფს ჯვარნი მწყალობენ,

არ წავალ! არსად! არროდის!

კვიციც გვერდს მიდგას სარაშე,

მთებიც _ ბავშვობის აკვნები,

მათთვის ხომ ცრემლი დავაშრე,

დასჭირდეს _ ზედ დავაკვდები!

გაღმა წინაპართ ძვლებია,

სახლში _ წიგნი და სტუმარი,

სხვათა მზე გაუძლებია,

ჩემი მაქვს, დაუწუნარი!

ვერ წავალ, გინდაც მამკალით!

აქ მიყვარს ყველა მტკაველი:

ჩემი უბრალო სახლ-კარი,

ჩემი სამოთხის მთა-ველი!


* * *

მწყემსი ვარ, ღამენათევი,

დარდი და დაღლა გროვდება,

ყინვა და ქარი მაწუხებს,

როგორც უდედოდ ცხოვრება.

შორს, მწვერვალებზე, ნისლი ჩანს,

ჩემ ჭირად გამოქროლდება,

მე მაინც სამშობლოში ვარ,

ბევრი კი ტანჯვით შორდება.

ამ მიწას დედის სითბო აქვს,

სხვაგან არ განმეორდება;

ამიტომ არ ვარ ბედკრული,

არც ცრემლი ჩამომგორდება!


ღამე ცივგომბორის ქედზე


იელვა ელვამ ცივის მწვერვალთან

და დაოთხილი გამოფრთხა მთვარე,

ვიღაცა ღრუბლებს გრგვინვით წველავდა,

ჩასწვრივ კახეთში იდგა სიწყნარე.

მოგვშოლტნა თქეშმა ცხენიც, მხედარიც,

ჩამოვიბრუნე თოფი წვერჩაღმა;

გზას ირჩევს წითლა დაუდეგარი,

ბევრ აღმას ავცდით, ჩავცდით ბევრ ჩაღმას.

აბღავლდნენ ხევნი, გახდნენ ურჩები,

მიხვეტენ ტყე-ღრეს ზათქით, ღვარითა,

ხვალ დილით ქალაქს ამცნობს ქუჩები,

თუ რა ხდებოდა მთებში ღამითა...

მანდ, ქვევით, ქმართან რომ წევხარ, ქალო,

და ტკბილად გძინავს მაძღარს კაცითა,

არცკი გრცხვენია, როგორც ფრიალომ,

გულმა რომ სევდის ხმალი გაცვითა.

არცკი დაფიქრდი, არათუ შესდექ,

არც მომავალში ინაღვლი, ვატყობ,

სხვისი ცხოვრების მოსპობის შემდეგ

რომ აიშენე ბუდე და ბარტყობ!

ერთგულო, ვითარც ახლა ეს თქეში,

გეღვრება კისერს, თავსა და გავას,

ამ ექვსი წლის წინ, ივლისის თვეში,

მაგგვარად მცემდა წუხილის ლავა.

რა გიჭირს, ქურან, შენ ხომ არა გრძნობ,

რომ საშავეთო მდევარი გდევნის,

ცხოვრება მიწყივ ცემას განაგრძობს

და ითმენს გული, ვითაარ _ გრდემლი.

იგმინე, ცაო, ცეცხლი აკვესე!

შენი ხმა ამ გულს ესადაგება!

ცრემლის სიმძიმე ღრუბლებს აკვნესებს,

ო, რარიგ მიკვირს კაცთა გაძლება!

ქურან, არც ისე მაღონებს მდედრი,

ჩემი ტკივილი უფრო დიდია _

ღმერთმა მაშოროს იმათი ხვედრი,

ვინც გაკვალული გზებით მიდიან.

ჩაჰყევ, ქურანო, რაც არი _ არი!

სისხლი ცეცხლია გულის ქურაში,

სიცოცხლე _ მარტის თოვლივით მდნარი,

ცხოვრება _ ყოფნა მხეცის ბუნაგში.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 27.10.2020
ბოლო რედაქტირება 06.03.2023
სულ რედაქტირებულია 2

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 06.03.2023
სულ რედაქტირებულია 1



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0