ვახტანგ I გორგასალი, ქართლის მეფე V საუკუნის II ნახევარში. ზედწოდება მიიღო მუზარადზე გამოსახული მგლის გამო: სპარსულად "გორგასარ" მგლისთავას ნიშნავს. მის შესახებ ცნობები დაცულია ქართულ("მოქცევაი ქართლისაი", ჯუანშერი, ბერი არსენი) და სომხურ(ლაზარ ფარპეცი, V ს.) ისტორიულ თხზულებებსა და დოკუმენტურ მასალებში. ჯუანშერის თხზულება "ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა", რომელიც შესულია "ქართლის ცხოვრებაში", სპეციალურად ვახტანგ I-ის მოღვაწეობისადმია მიძღვნილი. იგი სადევგმირო რომანის ელემენტებითაა გადატვირთული, მაგრამ, როგორც ვარაუდობენ, თვით ვახტანგის დროინდელ წყაროზეა დამყარებული და მთელ რიგ ფრიად საყურადღებო და სანდო ცნობებს შეიცავს. მიუხედავად ამისა, მისი მოღვაწეობის სრული სურათის აღდგენა შეუძლებელია. ჯუანშერის თხზულებიდან სრულიად აშკარად ჩანს ვახტანგ I-ის პოლიტიკური კურსის ძირითადი მიმართულება:
ქვეყნის კონსოლიდაცია და დამოუკიდებლობის აღდგენა. ვახტანგ I-ის მეფობის დასაწყისში ქართლის სამეფო მძიმე მდგომარეობაში იყო: ქვეყანა ირანის ვასალურ სახელმწიფოდ იყო ქცეული; ბიზანტიის მიერ ანექსირებული იყო სამხრეთ-დასავლეთ პროვინციები და აგრეთვე ჩრდილო-დასავლეთ ეგრისის დიდი ნაწილი ციხე-გოჯამდე; ქართლს ოსები და ჰუნები შემოესივნენ და დაარბიეს. ვიდრე ვახტანგ I მთავარი ამოცანის–ირანისაგან განთავისუფლების განხორციელებას შეუდგებოდა, საჭირო იყო ძალთა მოკრება და ზურგის გამაგრება, ე. ი. პირველ რიგში ჩრდილო კავკასიის მომთაბარეების–ოსებისა და ჰუნების დამორჩილება. ეს მძიმე პრობლემა ვახტანგ I-მა ბრწყინვალედ გადაჭრა-ილაშქრა ჩრდილოეთ კავკასიაში და დარიალი და სხვა ციხე-სიმაგრეები კვლავ დაიბრუნა, "დაიმორჩილა ოვსნი და ყივჩაყნი"(ჰუნები). ამის შემდეგ ჩრდილო კავკასიაზე გავლით ქლუხორის უღელტეხილით იგი ეგრისში გადავიდა, გაათავისუფლა ბიზანტიელებისაგან ანექსირებული ეგრისის ტერიტორია და ეგრისი მთლიანად ქართლს შეუერთა. მასვე შეუერთა ბიზანტიელებისაგან მიტაცებული ქართლის სამხრეთ-დასავლეთ პროვინციებიც. ვახტანგ I-ის აქტიური პოლიტიკური აქციები ქართლის აღმოსავლეთ პროვინციებსაც შეეხო: უშუალოდ შემოიერთა მანამდე ქართლის სამეფოსთან ვასალურ ურთიერთობაში მყოფი ჰერეთის პროვინცია და აქ ცალკე საერისთავო შექმნა. ასევე შემოიერთა დღევანდელი დაღესტნის სამხრეთ-დასავლეთ მთიანი პროვინციაც–წუქეთი(მდ. სამურის სათავეები). ამრიგად, ვახტანგ I-მა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველო ერთ სახელმწიფოდ გააერთიანა, მთელი ეს ტერიტორიული ადმინისტრაციულად მოაწესრიგა და, შეიძლება ითქვას, პირველმა ქართველ მეფეთა შორის, მთელი კავკასია თავის პოლიტიკურ თვალსაწიერში მოაქცია. ეს დიდი ეროვნულ-პოლიტიკური პროცესი განპირობებული იყო იმდროინდელი საქართველოს სამეურნეო-ეკონომირი აღმავლობით, რომელსაც ვახტანგ I აქტიურად უწყობდა ხელს ახალი ქალაქებისა თუ ციხე-სიმაგრეთა მშენებლობით(უჯარმა, ჭერემი, არტანუჯი და სხვ.). ქვეყნის კონსოლიდაციისაკენ მიმართულ მის საშინაო პოლიტიკაში განსაკუთრებული როლი ენიჭებოდა საქართველოს მთისა და ბარის ურთიერთობას. ვახტანგ I-მა არა მხოლოდ პოლიტიკურად საბოლოოდ დაიმორჩილა აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთი, არამედ მთისა და ბარის მოწესრიგებულ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობაზეც ზრუნავდა, რასაც იმდროინდელი ნუმიზმატიკური მასალაც მოწმობს. ყოველივე ეს ხელს უწყობდა ქვეყნის სხვადასხვა კუთხეებს შორის მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობათა გაცხოველებას და საბოლოო ჯამში–ქვეყნის კონსოლიდაციას. დიდი ეროვნულ-პოლიტიკურ და ეკონომიკურ აღმავლობის პროცესის მანიშნებელია და მისივე შედეგია ის უაღრესად მნიშვნელოვანი ფაქტი, რომ ვახტანგ I-ის ინიციატივით ქვეყნის ცენტრი მცხეთიდან თბილისში გადმოიტანეს. ამ სახელმწიფოებრივი აქციის უდიდესი მნიშვნელობა და ისტორიული აუცილებლობა საქართველოს მთელმა შემდგომმა ისტორიამ დაადასტურა. ამითვე საფუძველი ჩაეყარა თბილისის ამიერკავკასიის უმნიშვნელოვანეს ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცენტრად გადაქცევის პროცესს. ქვეყნის გაერთიანების საქმეს ემსახურებოდა ვახტანგ I-ის ეროვნულ-კულტურული მოღვაწეობაც. მან ქართული ეკლესიაც ამ მიზნებს დაუქვემდებარა. თავისი პოლიტიკური მოწინააღმდეგე "დიოფიზიტიზ-მის ბურჯი" ეპისკოპოსი მიქაელი ქართლიდან გააძევა, იმპერატორ ზენონის ე. წ. "ჰენოტიკონის" შემრიგებლური საეკლესიო პოლიტიკის ნიადაგზე ეკლესიას ავტოკეფალია მოუპოვა, სათავეში თავისივე ამორჩეული კათოლიკოსი დაადგინა, ხოლო მთელი ქვეყანა საეპისკოპოსოებად დაყო და ეპისკოპოსები კათოლიკოსს დაუმორჩილა. ქართლის მეფის ინიციატივით შექმნილი საეკლესიო წესწყობილება მასვე სჭირდებოდა, როგორც იდეოლოგიური და პოლიტიკური იარაღი სამეფოს კონსოლიდაციისათვის. რამდენადაც აღმოსავლეთ საქართველოს ეკლესია ქართულენოვანი იყო, ამდენად ქართული კულტურა და ქართული ენა ამიერიდან კიდევ უფრო ინტენსიურად ვრცელდებოდა როგორც ჩრდილოეთ კავკასიაში(დვალეთი, ოვსეთი, დურძუკეთი, დიდოეთი, წუქეთი), ისე აღმოსავლეთით(ჰერეთი, კამბეჩანი) და დასავლეთით (ეგრისი, სადაც ამ დროისათვის ბერძნული ეკლესიის დიდი გავლენა იგრძნობოდა). ვახტანგ I-ის ამ კულტურული მოღვაწეობის შედეგია ეკლესია-მონასტრების მშენებლობა(სვეტიცხოვლის ბაზილიკა, ბოლნისის ბაზილიკა, არტანუჯის, ახიზის, უჯარმის, ჩელეთის ეკლესიები). მის დროსვე ჩამოყალიბდა ღვთისმსახურების გარკვეული წესი და ითარგმნა ადრებიზანტიური ე. წ. იერუსალიმური პერიოდის ლიტურგიკული თხზულებანი. შემთხვევითი არ არის, რომ მის დროს შეიქმნა ქართული ჰაგიოგრაფიის ისეთი ბრწყინვალე ძეგლი, როგორიცაა "წამებაი წმიდისა შუშანიკისი". ვახტანგ I-ის, როგორც ტიპური ადრეფეოდეოდალური მონარქის, შიდა სოციალური პოლიტიკის ძირითადი მიმართულება იყო ე. წ. თავისუფალ მეთემეთა ჯერ კიდევ არსებულ ფართო ფენებზე დაყრდნობით ცენტრალისტური პოლიტიკის შეგუება მზარდი ფეოდალური ფენის სეპარატისტულ ტენდენციებთან. საგარეო პოლიტიკაში ვახტანგ I-ის ძირითადი მიზანი იყო სამეფოსათვის სრული დამოუკიდებლობის მოპოვება, რისთვისაც მისი თანადროული საგარეო პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, იგი ცდილობდა რთული დიპლომატიური ურთიერთობის საშუალებით ბიზანტიისა და ირანის იმპერიების ერთმანეთთან დაპირისპირებას, მეზობელ სახელმწიფოებთან(ალბანეთი, სომხეთი) ირანის საწინააღმდეგო სამხედრო კოალიციის შექმნას. 482 წელს მისი თაოსნობით დაიწყო აჯანყება ირანის წინააღმდეგ, მაგრამ ქართველი და სომეხი ფეოდალების ღალატის გამო ეს აჯანყება მარცხით დამთავრდა. ვახტანგ I, როგორც დიდი სახელმწიფო მოღვაწე, ამავე დროს ტრაგიკული პიროვნება იყო. იმდროინდელი ისტორიული აუცილებლობის შედეგად, საგარეო და შიდა სოციალური და პოლიტიკური ფაქტორები ერთმანეთთან მჭიდრო კავშირში აღმოჩნდა და ვახტანგ I-ის პროგრესული ეროვნულ-პოლიტიკური მიზნების განხორციელება შეუძლებელი შეიქნა. სიმბოლურია მისი სიკვდილიც: იგი შიდა ოპოზიციისა და გარეპოლიტიკური ძალის ერთობლივი კავშირის მსხვერპლი აღმოჩნდა. მემატიანეთა გადმოცემით, "იყო იგი უმაღლეს კაცთა მის ჟამისათა, და უშუენიერეს სახითა და ძლიერი ძალითა", "გოლიათ და განთქმულ ყოველსა ქუეყანასა". მისი აბჯარი და ტანისამოსი XII საუკუნეში ჯერ კიდევ შემონახული ყოფილა ისევე, როგორც გამოსახულია საფლავის ქვაზე "სწორი ჰასაკითა(სიმაღლე) მისისაი". ვახტანგ I დაკრძალულია მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარში. მიუხედავად მარცხისა, ვახტანგ I-მა დიდ ეროვნულ წამოწყებას–ერთიანი, კონსოლიდირებული ეროვნული სახელმწიფოს შექმნას იმდენად მკვიდრი საფუძველი დაუდო, რომ შემდგომ საუკუნეებშიც, მიუხედავად ხანგრძლივი საგარეო გართულებებისა(ირანის ექსპანსია VI ს., არაბობა VII ს. შუა წლებიდან ეს პროცესი(დამყარებული ახალგაზრდა ფეოდალური ქვეყნის ეკონომიკურ აღმავლობაზე) ფაქტობრივად აღარ შეწყვეტილა, ვიდრე X საუკუნის II ნახევარსა და XI საუკუნის დასაწყისში არ წარმოიქმნა ფეოდალურ-ეროვნული ერთიანი მონარქია "საქართველო". ფეოდალური ხანის ეროვნული ისტორიოგრაფია ვახტანგ I-ს დავით აღმაშენებლის გვერდით აყენებდა, როდესაც ქართულ ეროვნულ დროშას "დავითიანის" და "გორგასლიანის" ეპითეტით ამკობდა. ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ ვახტანგ I წმინდანად შერაცხა. წმინდა დიდი მეფის ვახტანგ გორგასლის ხსენების დღეა 30. XI.(13. XII). სვეტიცხოვლის ტაძარი, მცხეთა