ირაკლი ვაჩნაძე (კახელი) 1891-1919 წწ. სოფ.კოლაგი, ბეჭდაუდებელ ფალავანთა რიგიდან
რუსეთის იმპერიის ჩამპიონი
1910 წ. "ტანის სილამაზის" ევროპული კონკურსის გამარჯვებული.
გარდაიცვალა ახალგაზრდა ასაკში ცხენმა გადმოაგდო ჯირითისას.
ფოტო; პაპა ლადოს არქივიდან.
Ираклий Вачнадзе (Кахети) 1891-1919
Деревня Колаги, Гурджаани. из ряда непобедимых борцов . Чемпион Российской Империи
Победитель европейского конкурса Красота тела.
Умер в молодом возрасте, брошенный лошадью.
Irakli Vachnadze Champion of the Russian Empire
ირაკლი ვაჩნაძე "კახელი"
(გურჯაანი, სოფ. კოლაგი.) საფალავნო ისტორია
ძალზედ საინტერესო სანახავი ყოფილა ირაკლი ვაჩნაძის საფალავნო მეტსახელად "კახელი"-ს და თურქი ფალავნის, "ახკი სულეიმანის" დაჭიდება. თურქი უძლეველი ფალავნის სახელით სარგებლობდა და არაერთი ქართველი მოჭიდავეც ჰყოლია გამწარებული. შერკინება თბილისელთა ერთ-ერთ პრესტიჟულ საჭიდაო არენაზე, დიდუბეში, ე.წ. "გრიშუას ბაღში" გამართულა. მსაჯობდნენ მაშინდელი საყოველთავოდ პატივსაცემი, აღიარებული მსაჯთა ოთხეული: ვანო სარაჯიშვილი (მომღერალი), თბილისელი აშუღი "ბეჩარა", ვანო ჩიბალოვი (ყოფილი მოჭიდავე, მწვრთნელი, მეტსახელად "შენ დაუკარ") და შალვა მესხიშვილი (იურისტი). შერკინებას აუარებელი მაყურებელი დასწრებია. დედაქალაქში, წამლად რომ გდომოდა, ეტლს ვერ დაიჭერდი (დღეს, რომ ტაქსი ვერ გააჩერო), რაც კი თბილისში ეტლი დადიოდა, ყველა "გრიშუას ბაღთან" იდგა. "ახკი სულეიმანის" საქომაგოდაც ბლომად ადგილობრივი მუსლიმები მოგროვილან, თანაც საერთოდ არ ღელავდნენ ისე იყვნენ თავიანთი რჩეულის იოლ გამარჯვებაში დარწმუნებულნიო. ორი მათგანი განსაკუთრებით თავხედურად, ხმამაღლა, გამოხატავდნენ თავიანთ ქომაგობას, მეტოქეზე ოხუნჯობდნენ დამამცირებელი გამონათქვამებით, რაც იმ დროის გამოჩენილმა თბილისელმა მოკრივემ კალა ცაცანაშვილმა ვეღარ გაატარა, თითო დაშ-ხოშიანი მუშტი ჩამოურიგა ორთავე ოხუნჯს და კისრის ტეხით კარში მოისროლა, რასაც არენაზე და მის გარეთ დიდი გაწევ - გამოწევა, აურზაური, გამიშვი და დამაკავე მოჰყვა თურმე. მაგრამ, აყალმაყალი მუსიკოსთა დასტამ დროულად განმუხტა, ზურნას ძალუმად ჩაჰბერეს, მედოლემაც ყოჩაღად დაჰკრა დოლს და ყველა ჭიდაობის მოლოდინში მიწყნარდა, გაირინდა, გაიყუსა. საჭიდაო მუსიკის გაგონებაზე კახელი მყისვე ეცა მეტოქეს, როგორც სჩვევოდა, კისრულით სცადა საქმის მომთავრება, მაგრამ ზორბა ტანის გამოცდილი თურქი მიუხვდა განზრახვას და წელი ბოლომდე გაზნიქა ამ დაცვითი მოძრაობით ისარგებლა ირაკლიმ და შეტევის მეორე ფაზა დაიწყო სარმა გამოსდო და ისედაც უკან გადაზნექილ, მუხლებმოდრეკილ, თურქს სარმასთან ერთად მთელი ტანით მარჯვედ მიაწვა, რითაც მანამდე ბეჭდაუდებელ მეტოქეს ორივე ბეჭით გაადენინა ზღართანი. ასე შემოგვინახა ეს ამბავი ალექსი ბარნოვმა, იქ მყოფი ირაკლის კარგი მეგობრის, ცხინვალელი ვახტანგ ციციშვილის პირადი ნაამბობით. - ენით აუწერელი სიხარული და გამარჯვების ეიფორია სუფევდა ქართველ გულშემატკივრებში პირიქით დიდმა გაწბილებამ და სასოწერკვეთებამ დაისადგურა თურქი "ახკის" მუსლიმ ქომაგთა შორის... ოსმალო ფალავნმა მარცხი შემთხვევითობას მიაწერა და მატჩ-რევანში ითხოვა. მართლაც შედგა განმეორებით შერკინება ორ კვირაში ისევ "გრიშუას ბაღში". კიდევ ერთი სირცხვილი აჭამა ვაჩნაძემ ახკი სულეიმანსა და მის დაუცხრომელ ქომაგ - დამქაშებს.
ამის შემდეგ თურქი
"სულეიმან ახკის"
ფეხი თბილისში აღარ გაჭაჭანებულა...
თ. გოგიბედაშვილი
ფოტო: ლადო გოგიბედაშვილის არქივიდან, ამონარიდი თამაზ გოგიბედაშვილის დასაბეჭდი წიგნიდან -
"ქართული ხალხური "დედა"ჭიდაობა