კოკაი (იაპ. 黒海 „შავი ზღვა“; 10 მარტი, 1981), იგივე ლევან ცაგურია — ქართველი სუმოისტი. პირველი ევროპელი, რომელმაც ძიურეს თანრიგს მიაღწია.
ლევანი დაიბადა 1981 წელს სოხუმში, რომელსაც იაპონელებმა კოკაი (შავი ზღვა) შეარქვეს. 1992 წელს, აფხაზეთის კონფლიქტის დროს, ლევან ცაგურიას ოჯახს სოხუმის დატოვება და თბილისში გადმოსვლა მოუხდა. ცაგურია სუმოთი საქართველოს სპორტის აკადემიაში სწავლის დროს დაინტერესდა. 1999 წელს იგი დაუკავშირდა სუმოს სტუდენტური ფედერაციის ხელმძღვანელს, ტანაკას, რომელმაც 150-კილოგრამიანი ქართველი გოლიათი 2001 წელს ტოკიოში მიიწვია და სუმოს ერთ-ერთ წამყვან სკოლაში მიაბარა.
რამდენიმე დღის წინათ ახალგაზრდა ქართველმა სუმოისტებმა ესტონეთში ევროპის პირველობაზე სამი ოქროს, ორ-ორი ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ჩვენს დელეგაციას ხელმძღვანელობდა პროფესიული სუმოს პირველი ქართველი დიდოსტატი ლევან ცაგურია, იგივე "კოკაი" ("შავი ზღვა"), რომელიც ამჟამად საქართველოს სუმოს ფედერაციის პრეზიდენტია.
- შეჯიბრებაზე, ფაქტობრივად, დებიუტანტებით დაკომპლექტებული არასრული გუნდით გავემგზავრეთ, ამიტომ შედეგით კმაყოფილი ვარ, - გვითხრა ბატონმა ლევანმა. - გაისად 19-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატი გაიმართება და იმ პირველობისთვის აქედანვე ვიჭერთ თადარიგს.
- პირველი ქართველი სუმოისტი ხართ, ვინც ჩვენს ათლეტებს იაპონიისკენ გაუჭრა ფანჯარა. ახლაც ხომ არავინ შეიგულეთ ამომავალი მზის ქვეყანაში გასამგზავრებლად?
- მართალია, კარგი ბიჭები გვყავს, მაგრამ ჯერჯერობით ასეთ პერსპექტიულ მოჭიდავეს ვერ ვხედავ. საამისოდ სპორტსმენები უნდა აღვზარდოთ არა მარტო ფიზიკურად, არამედ - ფსიქოლოგიურად და მორალურადაც. წინააღმდეგ შემთხვევაში პროფესიულ სუმოში ფეხის მოკიდება გაუჭირდებათ, რადგან სუმოისტის ცხოვრების წესი ჩვეულებრივი ადამიანის ცხოვრების წესისგან საგრძნობლად განსხვავდება. ისიც გასათვალისწინებელია, რომ იაპონიაში ლეგიონერების მიღება შეზღუდულია - თითო კლუბში მხოლოდ თითო უცხოელის ყოლა შეიძლება. ამჟამად თავისუფალი კვოტა არ არის, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს მომავალში რამდენიმე კლუბი გაიხსნება და იქ მოსახვედრად უნდა ვიბრძოლოთ.
- პროფესიონალი სუმოისტების საქართველოში ჩამოყვანასა და საჩვენებელი ორთაბრძოლების გამართვაზე თუ გიფიქრიათ?
- პროფესიული სუმოს ფედერაციასთან უკვე გვაქვს კონსულტაციები და ვიმედოვნებ, რომ უახლოეს მომავალში თბილისში სახელოვან პროფესიონალ სუმოისტებს ჩამოვიყვანთ. ეს დიდი პროექტი იქნება, რომელშიც, ალბათ, სახელმწიფოც ჩაერთვება. ამის წინა პირობა გახდება საქართველოში სუმოისტთა "კოკაის" სახელობის ევროპის თასის ჩატარება. ამის შეხახებ კონტინენტური ფედერაციისგან თანხმობა უკვე მივიღეთ.
"შავი ზღვის" აბორგება
- იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც დიდ სპორტზე ოცნებობენ, თქვენ მიერ განვლილი გზის გაცნობა ურიგო არ იქნებოდა. თიკუნით ხომ არ დაგვეწყო?
- ზედმეტი სახელების შერქმევას სუმოისტებს არავინ ეკითხება - ეს კლუბის თავკაცის პრეროგატივაა. იაპონიაში რომ ჩავედი, ჩვენმა პრეზიდენტმა მითხრა - სოხუმიდან ხარ, ამიტომ შენთვის ზედგამოჭრილი იქნებაო კოკაი, რაც "შავ ზღვას" ნიშნავს. მართლაც, მომიხდა ეს სახელი, თუნდაც იმიტომ, რომ ქომაგები მეტ ინტერესს იჩენდნენ ჩემ მიმართ და საქართველოზეც მეტ ინფორმაციას იძენდნენ, რადგან შეჯიბრებებზე ჩვენი ქვეყნის სახელით გამოვდიოდი.
- პროფესიულ სუმოში პირველ ნაბიჯებზე რას იტყვით?
- ბავშვობისას მამის გზას გავყევი - თავისუფალ ჭიდაობაში ვვარჯიშობდი. აფხაზეთის ომმა მალე საკუთარი კერა დაგვატოვებინა და თბილისში გადმოვსახლდით. აქ განვაგრძე დაოსტატება. ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისში ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციამ წონითი კატეგორიები შეცვალა. მძიმე წონა 120 კილომდე დაიყვანა. ბევრს ვიკლებდი, ამიტომ ჭიდაობისთვის თავის დანებება მინდოდა. სწორედ ამ დროს ლევან ებანოიძემ იაპონიაში სამოყვარულო სუმოში მსოფლიოს ჩემპიონობა მოიპოვა. ამომავალი მზის ქვეყნის წარმომადგენლებმა მას უთხრეს, საქართველოში პერსპექტიული ფალავანი თუ გყავთ, ჩამოიყვანეთ, შეგვიძლია, პროფესიულ სუმოში ჩავრთოთო. ლევანმა სწორედ სპორტის ამ სახეობაში გადასვლა შემომთავაზა. მეც ბედის საძიებლად ცხრა მთას იქით გავემგზავრე. ეს იყო 2001 წლის 28 იანვარს. ასე დაიწყო ჩემი ახალი კარიერა.
- ენობრივი ბარიერი ხელს არ გიშლიდათ?
- მიმიკებითა და ღიმილით ვაგებინებდით ერთმანეთს სათქმელს. ჩვენი ურთიერთობა პანტომიმას უფრო ჰგავდა. იაპონელთა გარემოცვაში აღმოვჩნდი და ენაც მალე ვისწავლე. ოღონდ ცოტა რთულად, რადგან დამხმარე არავინ მყავდა და თავად ვიკვალავდი ბილიკებს. კლუბის პრეზიდენტი და მისი მეუღლე დამიდგნენ გვერდით - შვილივით მექცეოდნენ. პროფესიულ სუმოში თვით იაპონელებისთვისაც ძნელია ადაპტაცია. კლუბში პირველად რომ მიდიხარ, ფაქტობრივად, უუფლებო ხარ - უამრავი შეზღუდვაა: როგორც ყველაზე დაბალი რანგისას, ბევრი სამუშაო გელის - სხვებზე ადრე უნდა ადგე, სავარჯიშო მოედანი მოამზადო. ყველა სპორტსმენი დილით ექვს საათზე მზის ამოსვლამდე დგება და 11 საათამდე ვარჯიშობს; მობილური ტელეფონის ტარების უფლება არ გაქვს. ელიტაში თუ არ გადახვედი, ცოლის მოყვანა არ შეგიძლია, რადგან კლუბში უნდა იყო და ელიტურ ჯგუფში მოსახვედრად იბრძოლო. ჩაცმულობაც რანგების მიხედვით განსხვავებულია. 3-4 წელი საქართველოში ვერ ჩამოვდიოდი, რადგან ფედერაციიდან ამის უფლებას არ მაძლევდნენ. ჩემი კავკასიური ბუნების გამო, ძალიან განვიცდიდი ყოველივეს. ამის მიუხედავად, რადგან ერთხელ გადავწყვიტე იმ სპორტში, რომელშიც იაპონიის სული და გულია ჩადებული, გამეკეთებინა ის, რაც ჩავიფიქრე, პრობლემებს ვუძლებდი. მერე, როცა შევეჩვიე, საკუთარ თავზე მეცინებოდა, თურმე ყველაფერი ეს ჩვეულებრივი ამბავი ყოფილა.
ჩანკონაბე და ჩომაგე
- იაპონია განსხვავებული კულტურის ქვეყანაა, რომლის ნაწილსაც სუმო წარმოადგენს. რისი მიღება გაგიჭირდათ ყველაზე მეტად?
- ბევრი პარალელის გავლება შეიძლება საქართველოსთან - იაპონიაშიც მამაცი სტუმართმოყვარე ხალხი ცხოვრობს ისტორიული წარსულითა და თბილი ბუნებით. დიდ პატივს სცემენ უფროს-უმცროსობის ტრადიციებს. ვინც ამ წეს-ჩვეულებებს ვერ ეგუება, სუმოს თავს ანებებს. თავად პროფესიული სუმოა ძნელი კულტურა, მაგრამ, როგორც გითხარით, კლუბის პრეზიდენტის ოჯახმა საკუთარი შვილივით მიმიღო, ამიტომ მათი ეს წეს-ჩვეულებები მალევე გავითავისე და შევისისხლხორცე, რითაც მასპინძელთა სიმპათიებიც დავიმსახურე, თუმცა მათ ქართული ხასიათიც ვაჩვენე. რაც მთავარია, შედეგებიც მქონდა.
- იქაურ საჭმელებს როგორ შეეჩვიეთ?
- ყველაფერს, ფაქტობრივად, უმად მიირთმევენ, ამიტომ, შეჩვევა, მართალი გითხრათ, ძალიან გამიჭირდა. 3-4 თვე თითქმის მხოლოდ ხილსა და ბოსტნეულზე ვიყავი. მერე მივხვდი, რომ ასე შორს ვერ წავიდოდი. კლუბში შენს მიყვარს-არ მიყვარს არავინ უყურებს. არ მოგწონს, მიბრძანდი, არავინ გამოგეკიდება. კლუბის წეს-ჩვეულებებს უნდა შეეგუო. ნელ-ნელა მეც შევეჩვიე იქაურ საკვებს, უპირველესად - "ჩანკო ნაბეს", რომელშიც ჩაშუშული თევზი, ბოსტნეული, ხორცი და ტოფუ შედის. თუმცა ქართული სამზარეულოს ნატრულიც არ ვყოფილვარ, რადგან სამმა ქართველმა - მე, გაგამარუმ (თეიმურაზ ჯუღელი) და ტოჩინოშინმა (ლევან გორგოძემ) ერთად რომ მოვიყარეთ თავი, მერე თავად ვამზადებდით ჩვებნებურ საჭმელს. საქართველოში დაბრუნების შემდეგ ხინკალ-მწვადებს ისევ რომ გავუშინაურდი, ხშირად იაპონური სამზარეულო მენატრება...
- ჩვეულებრივ, სპორტსმენის ცხოვრება საინტერესო ეპიზოდებითაა აღსავსე. თქვენ რას გაიხსენებდით?
- თერთმეტი წელიწადი გამოვდიოდი დოჰიოზე. ყველაზე დასამახსოვრებელი, ალბათ, 2003 წლის მაისში ძურიოში - ელიტის მეორე საფეხურზე გადასვლა იყო. ამის შემდეგ ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. რაც შეეხება ორთაბრძოლას, ასაშორიუზე გამარჯვება არასდროს დამავიწყდება. დიდი ჩემპიონი წელიწადნახევარი დაუმარცხებელი იყო და მისი წინსვლა მე შევაფერხე.
- სუმო და ძიუდო... თქვენი აზრით, რომელი უფრო პოპულარულია იაპონიაში?
- ორივე მათი სახეობაა. ძიუდოს უყურებენ როგორც ოლიმპიურ სპორტს, სუმო კი სულ სხვა განზომილებაა, იაპონელთა სულისა და ისტორიის ნაწილია, იმპერატორული სპორტია, რომელშიც უძველესი ტრადიციებია დაცული. ჩვეულებრივი ათლეტებისგან სუმოისტები გარეგნულადაც გამოირჩევიან, გამორჩეული ვარცხნილობა აქვთ - "ჩომაგე", ნაწნავებს ატარებენ, ქუჩაში კიმონოებით დადიან. ისე ცხოვრობენ, როგორც ძველი სამურაები - მათს წესებსა და კანონებს იცავენ. ყოველივე ეს დიდ სიძნელეებთან არის დაკავშირებული, ამიტომაც ხალხი ამას აფასებს. როგორც გითხარით, სუმოში ერის ისტორიაა დაცული. ამდენად, აქ გამარჯვება ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე სხვა სპორტის ნებისმიერი დონის შეჯიბრების მოგება. ბაშოებისას, განსაკუთრებით პარასკევ-შაბათ-კვირას, 15-20-ათასიანი დარბაზები პირთამდე ივსება.
ოლიმპიური ოქროს სადარი
- ლევან გორგაძემ წლეულს იმპერატორის თასი მოიგო. რას შეიძლება შევადაროთ ეს წარმატება?
- პირდაპირ გეტყვით - ოლიმპიურ ჩემპიონობას. ეს სრულიად საქართველოს წარმატებაა. ლევანმა რაც გააკეთა, გმირობის ტოლფასია. მისი სახელი ოქროს ასოებით ჩაიწერა სუმოს ისტორიაში.
- ზემოთ ასაშორიუ ახსენეთ. ასეთი კაცი-ლეგენდა სკანდალში როგორ გაეხვია?
- კომენტარისგან თავს შევიკავებ. დიდი ჩემპიონი აქტიურ სპორტს თავს ანებებდა. ვის რაში დასჭირდა ეს კონფლიქტი, არავინ იცის.
- ჰო, მაგრამ იაპონურ პრესას თუ ვენდობით, პროფესიულ სუმოში იმატა სკანდალურმა ფაქტებმა - ჩხუბი, ნარკოტიკები, გარიგებული ორთაბრძოლები, რითაც სუმოს პოპულარობა ეცემა.
- პრესაში რაც ქვეყნდება, ყველაფერი სიმართლეს არ შეეფერება, ბევრი რამ არის გადაჭარბებული, მაგრამ კვამლი უცეცხლოდ რომ არ ჩნდება, ესეც ფაქტია. ნეგატიური რაც ხდება სუმოში, იაპონელებს ძალიან აღელვებთ და აღშფოთებულნიც არიან. საქმეში სახელმწიფო სტრუქტურებიც კი ჩაერია, რადგან ერის საუნჯეს საფრთხე დაემუქრა. რამდენიმე წლის წინათ სუმოს ფედერაციამ ელიტის 17 წევრი გაათავისუფლა, ბევრი ისე გაუშვეს, რომ მათი სახელი სამუდამოდ ამოჭრეს სუმოს ისტორიიდან.
- თქვენ თავად დიდ სპორტთან განშორება ნაადრევად ხომ არ გადაწყვიტეთ?
- სუმოში დიდი კონკურენციაა - 1000-მდე კაცი ვარჯიშობს. აქედან ელიტაშია 70 სპორტსმენი. ტრავმის გამო შეჯიბრება რომ გამოტოვო, აუცილებლად დაგაქვეითებენ. ჩემი დოჰიოსთან განშორების უპირველესი მიზეზი სწორედ ტრავმები იყო. ვინც ჩემს ჭიდაობას უყურებდა, ემახსოვრება, რომ პირდაპირი დაჯახებით მიყვარდა მეტოქის დოჰიოდან გაყვანა. ამან ხერხემლის მალები დამიზიანა, რაც შემდეგ ქრონიკულში გადაიზარდა. ამას სხვა პრობლემებიც დაერთო - მუხლის ტრავმა, კუნთის გაწყვეტა. ძალების აღდგენას და მთელი დატვირთვით ვარჯიშს ვერ ვახერხებდი, რის გამოც წარმატებებმაც იკლო. უამისოდ კი, როგორც გითხარით, უდიდესი კონკურენცია ელიტაში დამკვიდრების საშუალებას არ მოგცემს. ღირსეულად წასვლა ვარჩიე. ვფიქრობ, პროფესიულ სუმოში ჩემი გასაკეთებელი გავაკეთე, ამიტომ გული არ მწყდება. იმ ადამიანებთან, ვისთანაც 11 წელიწადი სპორტი და მეგობრობა მაკავშირებდა, ურთიერთობა არ გამიწყვეტია. დიდი სპორტიდან წასვლის შემდეგაც ვცდილობ, იაპონელებს უფრო ფართოდ გავაცნო ჩვენი ქვეყნის კულტურა, ორი ქვეყნის მეგობრული ურთიერთობის განმტკიცებაშიც ჩემი წვლილი შემაქვს.