ნური ამირანის ძე საკანდელია დაიბადა 1964 წლის 19 ოქტომბერს ქალაქ სოხუმში.
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, ნური საკანდელია 1992 წლის 18 აგვისტოდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის სოხუმის მე-5 მოტომსროლელ ბატალიონში ნაღმმტყოცნელად. მონაწილეობდა შრომა - ახალშენის , ლინდავა-მანისის და გუმისთის ფრონტზე განხორციელებულ საბრძოლო ოპერაციებში.
ნური საკანდელია 1993 წლის 20 სექტემბერს სოხუმის დაცვითი ოპერაციის დროს, სოფელ ბირცხაში, მძიმედ დაიჭრა და 1993 წლის 23 ოქტომბერს გარდაიცვალა.
„ ჭიდილი მხეცებთან “ ნუგზარ ქებურია
ნური საკანდელია
ბურსის ტერიტორიაზე ალყაში მოქცეული გვარდიელების გამოსაყვანად შევიდნენ სოხუმელი უძლიერესი მებრძოლები შერვაშიძის ქუჩიდან: ნუგზარ საგინაძე, კახაბერ გორგასლიძე, ნური საკანდელია, თემური ერქვანია... და ადგილობრივი მებრძოლების კარგად შეიარაღებული ჯგუფები...
ჯგუფები, რომელნიც საკუთარი სახსრებით ყიდულობდნენ იარაღს, ერთი წლის განმავლობაში საკუთარი სახსრებით ებძოდნენ აფხაზებს, რუსებს, სომხებს, გადამთიელებს...
მალე გზიდან ორასიოდე მეტრის დაშორებით, ხეობებს შორის გამოჩნდა ის ადგილები, სადაც, სავარაუდოდ მეთაურის უმცროსი ძმა ოთარი ჯომიდავა და მისი ასეულის ბიჭები უნდა ყოფილიყვნენ ალყაში მოქცეული.
თემურ ერქვანია ხელმოჩრდილვით ზვერავდა საეჭვო სახლის მიმდებარე ტერიტორიას, თან ცალი ყურით უსმენდა ბიჭების ფრთხილ ხოხვით მოძრაობას.
ნური საკანდელია პატარა სახლის ეზომდე, სადაც სავარაუდოდ უნდა ყოფილიყო მეთაურის დაჭრილი ძმა, ოთარ ჯომიდავა, მიხვეულ-მოხვეული უხეში, ეკალ-ბარდიანი ბილიკების გავლის შემდეგ, გომურის კართან ახლოს გაშხლართული, სისხლის გუბეში მცურავი, უიარაღო ქართველი გვარდიელი დაინახა, ეტყობოდა მძიმედ იყო დაჭრილი, რადგან თავის წამოწევა უჭირდა. ცდილობდა გახოხებას, მაგრამ ამაოდ... ერთი ხელის ფრჩხილები მიწით ჰქონდა სავსე, მეორე კი სისხლით, რადგან სისხლდენის შეჩერებას ცდილობდა ალბათ, ან კიდევ ვინ იცის, იქნებ თითების მიწაზე დაჭერით ტკივილს იყუჩებდა... საკანდელიამ მიახლოება სცადა, მაგრამ ახლოს მისვლამდე, მოულოდნელად, იქვე ახლოს ბუჩქებში ჩამალულმა რუსმა სნაიპერმა, ავტომატზე დამაგრებული ოპტიკური სამიზნე ნელა გაუსწორა მის ვაჟკაცურ მკერდს...
ხანმოკლე შეყოვნების შემდეგ თემურ ერქვანია და ნუგზარ საგინაძე უფრო ახლოს მივიდნენ საეჭვო სახლის ეზოსთან და დურბინტით დაუწყეს თვალიერება. ორიოდე წუთი ჩუმად იყვნენ, შემდეგ თემური ღობეზე გადაძვრა და საეჭვო სახლის ეზოში გადავიდა. ყურადღებით მოათვალიერა გარემო, საეჭვო რომ ვერაფწერი შეამჩნია ნუგზარ საგინაძეს ხელით ანიშნა, ყველაფერი რიგზეაო, შემდეგ ნელ-ნელა მიუახლოვდა მედესანტეთა სამალავს. იგი მთლიანად დაფარული იყო მაღალი ბუჩქნარით. ზოგ ადგილას ბუჩქის ტოტები პირდაპირ, ღრმად ჩაჭრილ სანგარში ეშვებოდა. საგინაძე მიხვდა, ერქვანიას უნდოდა ხელყუმბარა ზუსტი სროლით ტოტებს შორის გაეძვრინა და მედესანტეთა ხროვა საკუთარ ბუნაგშივე ჩაეხოცა. ასეც მოხდა... „ჩაინიკა“ ელვისებური სისწრაფით აიჭრა ჰაერში, საშინელი სიკვდილი ზუსტი ტყორცნით გააძვრინა ტოტებს შუა და ოკუპანტთა მაგრად მოწყობილ ბუნაგში ჩაუშვა... აფეთქების ტალღამ შეარყია ბურსის მთელი ტერიტორია..
მალე მეთაურიც გამოჩნდა და მოსხლეტით ჩაიკეცა დაჭრილი ძმის წინ, მკერდზე ყური დაადო, უნდოდა გაეგო, ცოცხალი იყო თუ არა. წამით მოეჩვენა თითქოს ძამიკომ რაღაც წაიჩურჩულა... მაგრამ არაა... უკვე გვიანი იყო ყველაფერიი...ოთარს მუცელში ჰქონდა ერთი ტყვია მოხვედრილი... მეორე მუხლს ქვემოთ... მკერდი დაცხრილული ჰქონდა... ნური საკანდელია ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, მაგრამ სისხლისგან ნელ-ნელა იცლებოდა და ძალა თანდათან ელეოდა...
( სურათზე ნური საკანდელია. )