დაიბადა 06.04.1964, თბილისი. 1988 სეული, კორეა - ბრინჯაო
მძლეოსნობა, სპრინტი. XXIV ოლიმპიური თამაშების (1988, სეული) მესამე პრიზიორი (ესტაფეტა, 4 X 100 მ) და ფინალური გარბენის მონაწილე (200 მ, VII ადგილი), XXVI ოლიმპიური თამაშების (1996, ატლანტა) მონაწილე (ფინალურ გარბენში ვერ მოხვდა), და სსრკ ჩემპიონი და კეთილი ნების თამაშების მეორე პრიზიორი 200 მ რბენაში (1986), სსრკ თასის მფლობელი (1988), გრან-პრის ოქროს ოთხეულის მონაწილე. საუკეთესო პირადი შედეგი: 100 მ - 11,08 ; 200 მ - 22,24.
2014 - სპორტის რაინდის წოდება. 1988 - სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი
საქართველოს რეკოდსმენი დღემდე 100-200-400 მეტრ დისტანციებზე
მწრთვნელები
1. ირაკლი გოზალიშვილი-1976-1981
2. ანდრო ბედუკაძე 1982-1986
3. ევგენი გაგუა 1986-1987
4. გალინა ბუხარიანა 1988
5. ზურაბ მემარნიშვილი (მეუღლე)1990-1997
კონიაკის დასახლებიდან ოლიმპიურ კვარცხლბეკამდე
სეულის ოლიმპიადის ბრინჯაო (1988), ევროპის საკლუბო ჩემპიონატის ოქრო (1994), საბჭოთა კავშირის ხალხთა სპარტაკიადის (1987) პირველი ადგილები 100 და 200 მეტრზე რბენაში, "კეთილი ნების თამაშების" (1986) ვერცხლი, "მეგობრობა-1984"-ის ორი ბრინჯაო, სსრკ თასი (1988) - აი, არასრული სია იმ ჯილდოებისა, რომლებიც სახელოვანი მძლეოსნის - მაია აზარაშვილის კოლექციას ამშვენებს.
1964 წლის 6 აპრილს თბილისში - "კონიაკის დასახლებაში" დაბადებულ-გაზრდილ გოგონას ბუნების წიაღში მეტი შესაძლებლობა ჰქონდა, თანატოლებს გაჯიბრებოდა რბენაში, ბურთაობაში. სხარტი, მოქნილი ბავშვი იყო და მშობლებმა გადაწყვიტეს, ტანვარჯიშის სექციაზე მიეყვანათ. მწვრთნელებმა დაიწუნეს - ჩვენი სახეობისთვის ძალიან მაღალიაო.
მათივე რჩევით ჩოგბურთის კორტებს მიაკითხეს. ორი წელიწადი ივარჯიშა გაიოზ საბანაშვილთან. 1975 წლის ზაფხულში ჩოგბურთელები საწვრთნელ შეკრებაზე თიანეთში იმყოფებოდნენ. იქვე "სპორტის დედოფლის" წარმომადგენლებიც ვარჯიშობდნენ. ნორმატივების ჩაბარებისას მაია აზარაშვილმა ყველა მძლეოსანს, მათ შორის - ვაჟებსაც, აჯობა. იმ დღიდან მძლეოსანთა მწვრთნელმა გოგი გოზალიშვილმა აზარაშვილების სახლის კარი აატალახა - ეს გოგო მანდეთ და მისგან კარგ მორბენალს გავზრდიო.
ალქაჯი ვაჟების წინააღმდეგ
"მძლეოსნობაში ვარჯიშის დიდი სურვილი არ მქონია, მაგრამ მშობლებს ხათრი ვერ გავუტეხე, - იხსენებს ბავშვობის წლებს ქალბატონი მაია. - გლდანის სკოლა-ინტერნატში მისაღებად ნორმატივები უნდა ჩამებარებინა 60 მეტრზე რბენაში, ბურთის ტყორცნასა და ადგილიდან სიგრძეზე ხტომაში. სხვებიც იყვნენ, სხვადასხვა სახეობის წარმომადგენლები, თან სულ ვაჟები, ერთი გოგონაღა ვერიე.
გულისტკივილით ვიხსენებ იმ დღეს: დიდი ცოდვა ჩავიდინე - ყველა დავჯაბნე. მწვრთნელებმა იმ ბიჭებს სკოლა-ინტერნატში მიღებაზე უარი უთხრეს, გოგომ გაჯობათო. მშობლებმა უხასიათოდ აკრიფეს ბარგი-ბარხანა უკან გასაბრუნებლად. ერთმა ქალბატონმა ვეღარ მოითმინა და შემომიტია - ეს გოგონა კი არა ალქაჯიაო და გაბრაზებულმა დატოვა იქაურობა.
ვარჯიშები თავიდან უხასიათოდ დავიწყე, ზოგჯერ მეცადინეობებს ვაცდენდი კიდეც, სპორტული ფორმაც არ მიმქონდა. ჩემი უფროსი დის შარვალსა და მაისურას მაცმევდნენ და მეც ჩაფართხუნებული დავრბოდი. ამის მიუხედავად, წარმატება მაინც მოვიდა, თანაც იმაზე ადრე, ვიდრე მე და ჩემი მწვრთნელი წარმოვიდგენდით. დიდი როლი, ალბათ, იმან ითამაშა, რომ ფიზიკურად კარგად ვიყავი მომზადებული. ადვილად ვიტანდი დატვირთვებს.
ვარჯიშის დაწყებიდან ნახევარი წელიც არ იყო გასული, ბატონმა გოგიმ შეჯიბრებაზე რომ წამიყვანა. "ლოკომოტივის" სტადიონზე თანატოლებს შორის პირველი ადგილი დავიკავე თბილისის პირველობაზე. კვარცხლბეკზე ასვლამ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და იმ დღიდან უფრო სერიოზულად მოვეკიდე მეცადინეობებს.
ჩემთვის არ არსებობდა ცუდი ამინდი და ავადმყოფობა - ვარჯიშებს არ ვაცდენდი. უკეთ მომზადებაში იმანაც ითამაშა დიდი როლი, რომ ლესელიძეში ხშირად დავდიოდით შეკრებებზე. თავი მქონდა გადადებული მაღალი შედეგების მისაღწევად. ოთხი თუ ხუთი მწვრთნელი გამოვიცვალე, მაგრამ არც ერთთან პრობლემები არასდროს მქონია".
ადგილი მზის ქვეშ
"რაც პირველი გამარჯვებების გემო გავიგე, საბჭოთა კავშირის ნაკრებში მოხვედრაზე ვოცნებობდი. უამისოდ საერთაშორისო სარბიელზე გასვლა წარმოუდგენელი იყო. 16 წლისას იმედისმომცემ სპორტსმენად მიმიჩნევდნენ და ახალგაზრდული ნაკრების წევრობის კანდიდატიც ვიყავი, მაგრამ ბევრი ძლიერი კონკურენტი მყავდა და მზის ქვეშ ადგილის მოპოვება არც ისე იოლი იყო.
ეს კი ახალგაზრდა სპორტსმენებს ემოციურად მძიმე ტვირთად გვაწვა. 1980 წელს ხარკოვში ზამთრის საკავშირო პირველობა გაიმართა. 200 მეტრზე პირველი ადგილი დავიკავე. მაშინ გავიცანი მთელი კარიერის განმავლობაში უშუალო კონკურენტი რუსი გალინა მალჩუგინა, ასევე, მარინა ჟიროვა. ჩვენმა სამეულმა სეულში 4X100 მეტრზე რბენაში ბრინჯაო მოიპოვა. ხარკოვის შემდეგ დაგვემატა ლუდმილა კონდრატიევა, მოსკოვის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, რომელიც ჩვენი კერპი იყო...
ბავშვობიდანვე მივისწრაფოდი საკავშირო ნაკრებში ადგილი შესანარჩუნებლად. რთული იყო, მაგრამ ვახერხებდი. პირველად უცხოეთში 1980 წელს გავემგზავრე. კუბაში წაგვიყვანეს. აუტანელი სიცხე იდგა. ბუღის გამო შეჯიბრებები ღამის 10 საათზე იწყებოდა. კუბელები მხიარული ხალხია. დღე ჩრდილს აფარებდნენ თავს ან ეძინათ. ღამით ერთობოდნენ, რაც ჩვენთვის უჩვეულო იყო. ამგვარ სიტუაციაში ვარჯიში და ასპარეზობა წარმოუდგენლად მიგვაჩნდა, მაგრამ რა უნდა გვექნა. სასპორტო ბაზის საერთო საცხოვრებელში დავიდეთ ბინა, რომლებსაც ფანჯრების ნაცვლად დარაბები ჰქონდა.
სტადიონიდან შინ რომ ვბრუნდებოდით, საწოლში ხან ხვლიკს, ხან კი უშველებელ ხოჭოებს აღმოვაჩენდით, რაც ჩვენთვის შოკისმომგვრელი იყო. ატყდებოდა წივილ-კივილი, მწვრთნელები ძლივს გვაწყნარებდნენ. მახსოვს, პირველ ღამეს ნერვიულობისა და შიშის გამო საერთოდ არ მძინებია. მეორე დღეს ძლივს ვიდექი ფეხზე. კუბაში სოციალისტური ქვეყნების ახალგაზრდა სპორტსმენებმა მოიყარეს თავი. 200 მეტრზე ვირბინე. მე-2 ადგილი დავიკავე - გერმანელმა ჰაიკე დრექსლერმა გამისწრო.
პირველად ვნახე შეჯიბრებაზე და თავი დაგვამახსოვრა. მაშინ მან სიგრძეზე ხტომაშიც გაიმარჯვა. მერე დიდ სპორტში დაიმკვიდრა ადგილი და, როგორც იცით, ფენომენური შედეგები ჰქონდა ორგზის ოლიმპიური თამაშების, სამგზის მსოფლიოს და ოთხგზის ევროპის ჩემპიონს. ჩვენ სხვა დროსაც შევხვედრივართ ერთმანეთს შეჯიბრებებზე, მათ შორის 1988 წელს სეულის ოლიმპიადაზე, სადაც მან 200 მეტრზე რბენაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, მე კი მე-7 ადგილი დავიკავე. როცა გერმანიაში ვცხოვრობდი, შიდა ღონისძიებებში ვუწევდით ერთმანეთს კონკურენციას. 1995 წელს კარლსრუეში 200 მეტრზე რბენაში ვაჯობე".
ოჯახური ნადავლი საერთო ყულაბაში
"1987 წლის სეზონის დასაწყისს ტრავმით შევხვდი, რის გამოც ევროპის ჩემპიონატზე ვერ წავედი, ჩემი კონკურენტები კი იმ შეჯიბრებაზე გამოდიოდნენ. პირად მწვრთნელ ევგენი გაგუასთან ერთად თბილისში ვვარჯიშობდი. ბევრი დრო მქონდა, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად უკეთ მოვმზადებულიყავი სპარტაკიადისთვის. ჩემს მეუღლესაც ის ავარჯიშებდა.
მართალი გითხრათ, გამარჯვებას არა, მაგრამ საპრიზო ადგილებზე გასვლას ვგეგმავდით, რომ ოლიმპიურ ნაკრებში ადგილი შემენარჩუნებინა. 200 მეტრზე უფრო კარგად ვგრძნობდი თავს, რადგან ეს, ასე ვთქვათ, ჩემი დისციპლინა იყო. ნაკრების მწვრთნელებიც 200 მეტრის სპრინტერად მიმიჩნევდნენ. 1987 წლის ტაშკენტის ხალხთა სპარტაკიადა ძალიან მნიშვნელოვანი იყო როგორც ჩემთვის, ისე საქართველოს სპორტული დელეგაციისთვისაც.
უზბეკეთის დედაქალაქში 100 და 200 მეტრზე რბენები მოვიგე, ჩემმა მეუღლემ - ზურაბ მემარნიშვილმა 200 მეტრზე საპრიზო ადგილი დაიკავა. მერე პრესაში დაიწერა, ერთმა ოჯახმა იმაზე მეტი ქულა მოუტანა საქართველოს, ვიდრე ხუთმა სახეობამ ერთადო.
ჯერ კიდევ 1984 წელს ოლიმპიური ნაკრების წევრი ვიყავი და ლოს ანჟელესის ოლიმპიადისთვის აქტიურად ვემზადებოდი. თამაშების დაწყებამდე, მგონი, ერთი თვით ადრე შევიტყვეთ, რომ ოკეანის გაღმა ოლიმპიადა უჩვენოდ ჩაივლიდა. სოციალისტურმა ბანაკმა თავისი შეჯიბრება ჩაატარა. მძლეოსანმა ქალებმა პრაღაში, ვაჟებმა მოსკოვში იასპარეზეს. საგულისხმოა, რომ ამ ორ ქალაქში მაშინ ნაჩვენები შედეგები ლოს აჟელესის ოლიმპიადის შედეგებს აღემატებოდა.
შეიძლებოდა, ამერიკიდან მედლითაც დავბრუნებულიყავი. მაშინ ბევრი ფიქრობდა ასე, ამიტომ საბჭოთა მთავრობაზე იყვნენ გაბრაზებული ბოიკოტის გამო. ათლეტებს მთელი ოთხი წლის ნაშრომი წყალში ჩაეყარათ. მაშინ 19 წლის ვიყავი და ყველაფერი ეს მტკივნეულად არ განმიცდია, სამაგიეროდ, არასდროს დამავიწყდება ვეტერანთა სახეები. იმ ადამიანებისთვის ის ოლიმპიადა ხომ ბოლო შანსი იყო.
პრაღაში შეჯიბრების საზეიმო გახსნისას მხოლოდ საბჭოელებს გვეცვა ოლიმპიური კოსტიუმები - ასე გვიბრძანეს და რა გვექნა. სხვები უბრალო ფორმებში იყვნენ. ჩვენი დელეგაცია გამოჩნდა თუ არა სარბენ ბილიკებზე, ტრიბუნებზე ატყდა ღრიანცელი, გინება, ყვირილი, სტვენა, რაღაც საგნებს გვესროდნენ. მალე დავტოვეთ იქაურობა. ასე გამოხატეს ჩეხებმა პროტესტი, თუმცა ასპარეზობისას, როცა სტარტზე ვდგებოდით, გულშემატკივრებს ასეთი აგრესია აღარ გამოუხატავთ. 200 და 4X100 მეტრზე რბენაში ბრინჯაო მოვიპოვე".
მეორე შანსი
"1988 წელს ოლიმპიურ თამაშებზე წასვლის მეორე შანსი მომეცა და გამოვიყენე კიდეც, იმის მიუხედავად, რომ ნაკრებში ადგილის დასამკვიდრებლად დიდი კონკურენცია იყო. რუსი მწვრთნელი ცდილობდნენ, ნაკრებში თავიანთი შეგირდები ჩაესვათ. მართალია, 1986 წელს "კეთილი ნების" თამაშებზე 4X100 მეტრზე ვერცხლის მედალი ავიღე, 1987 წლის სპარტაკიადაზე ორი ოქრო დავიმსახურე, ოლიმპიადის წელს კი საბჭოთა კავშირის თასი მოვიპოვე, მაგრამ მაინც დამატებითი გამოცდა მომიწყვეს ნაკრებში მოსახვედრად. ჩასაფრებული იყვნენ, როდის დამიცდებოდა ფეხი. ტესტებს უფრო ხშირად გალინა მალჩუგინასთან მიწყობდნენ, რადგან მისი პირადი მწვრთნელი ამანათრბენებში იყო ნაკრებში პასუხისმგებელი.
არადა, გალინას ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველა შეჯიბრებაზე მოვუგე. ოლიმპიადაზეც ვაჯობე - ის ფინალში მერვე ადგილზე გავიდა, მე მეშვიდე ვიყავი, 1,5 მეტრით გავუსწარი. ამის მიუხედავად, იმ საღამოს გადაწყდა, რომ 4X100 მეტრზე მე წინასწარ გარბენში ვიასპარეზებდი, მალჩუგინა კი - ფინალში. პროტესტის მიუხედავად, ვერაფერი გავაწყვე. საბჭოთა კავშირის მძლეოსნობის ფედერაციის თავმჯდომარე იყო ლევან სანაძე, ჰელსინკის ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორი.
ვთხოვე, სამართლიანობა დაეცვათ. ასე მიპასუხა - მე რომ ჩავერიო, იტყვიან, ქართველი ხარ და შენიანს იცავო. რამე რომ მოხდეს, ყველაფერს მე დამაბრალებენო. ცივი უარით გამომისტუმრა. მართლაც წინასწარ გარბენში მივიღე მონაწილეობა. ფინალში მალჩუგინა იდგა ოთხეულში. კინაღამ მედალი დავკარგეთ, რადგან რუსებმა ბოლო ეტაპზე ტრავმირებული სპორტსმენი ნატალია პომოშნიკოვა დააყენეს. ლამის ნახევარი დისტანცია ხტუნვა-ხტუნვით დაასრულა. არადა, ოქროს მედალი გარანტირებული გვექნებოდა. მე მაინც ბედის კმაყოფილი ვარ, რომ ოლიმპიადიდან ხელცარიელი არ დავბრუნდი".
ეპილოგის მაგიერ
"გასული საუკუნის ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისის საქართველოში სპორტისთვის დიდი პერსპექტივა არ ჩანდა. ოჯახს რჩენა უნდოდა, ამიტომ მე და ჩემი მეუღლე უცხოეთში გავემგზავრეთ. 1992 წელს სლოვენიის "ოლიმპიასთან~
გავაფორმე ხელშეკრულება - პირველი ქართველი სპორტსმენი ვიყავი, რომელმაც უცხოურ კლუბთან ოფიციალური ურთიერთობა დაამყარა. მის შემადგენლობაში 1994 წელს ევროპის ჩემპიონობა მოვიპოვე.
მერე გერმანიაში გადავედი საცხოვრებლად. 1996 წლის ოლიმპიადის შემდეგ მალევე გამოვემშვიდობე დიდ სარბიელს. ამჟამად მასობრივი სპორტის ფედერაციის პრეზიდენტი ვარ. ვცდილობთ, ცხოვრების ჯანსაღი წესი თითოეული ადამიანისთვის ნორმად იქცეს, მასობრივ ღონისძიებებს ვმართავთ, რომელიც ერის ჯანმრთელობას შეუწყობს ხელს". წყარო: ლელო
აზარია (ძველი ებრაული) " იაჰვე (ღმერთი) შეეწია ". წინასწარმეტყველისა და მოწამის სახელია. აქედანაა გვარები: აზარიაშვილი, აზარაშვილი, აზარიძე.