სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
გარდ. მებრძოლები საზღვარგარეთ და სამშვიდობო მისიებში
ვალიკო ბერაია 1987-2012წწ გარდ. ავღანეთი დ. სოფ. ხეთა ხობი სამეგრელო ვალიკო ბერაია 1987-2012წწ გარდ. ავღანეთი დ. სოფ. ხეთა ხობი სამეგრელო

1987-2012 წწ. გარდ. 25 წლის

ბმულის კოპირება

გარდ. მებრძოლები საზღვარგარეთ და სამშვიდობო მისიებში

გვარი ბერაია სია

ხობი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

372       ბეჭდვა

ვალიკო ბერაია 1987-2012წწ გარდ. ავღანეთი დ. სოფ. ხეთა ხობი სამეგრელო

ვალიკო ბერაია 17.06.1987 - 21.02.2012 კაპრალი

მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის ასეულის ჯარისკაცი. დაიღუპა 2012 წლის 21 თებერვალს საბრძოლო მანქანის ნაღმზე აფეთქების შედეგად, ჰელმანდის პროვინციაში.


2008 წლის აგვისტოს ომი, შინდისი. მომაკვდავი რომან ზოიძე, ნათლიას, ალექსანდრე ონიანს ხელში აყვანილი გამოჰყავს და მტრის ალყაში მოქცეული, მიწაზე იჩოქებს. რუსი აგრესორების მოახლოებისთანავე, ფეხებში მოქცეული ხელყუმბარა მოქმედებაში მოჰყავს. აფეთქების ხმა... ონიანის გმირულმა საქციელმა მაშინ მტერს დიდი დანაკლისი მოუტანა... 2012 წლის 21 თებერვალი. ავღანეთი, ჰელმანდის პროვინცია. ვალიკო ბერაია ნათლიასთან, პაატა კაჭარავასთან და კიდევ ორ ქართველ ჯარისკაცთან ერთად, პატრულირებაზე გადის. ქართველების ბაზამდე 300 მეტრის დაშორებით, მათი სამხედრო ჯავშანტრანსპორტიორი, თალიბების მიერ ჩადებულ ნაღმზე ფეთქდება... ოთხკაციანი ეკიპაჟიდან მხოლოდ მძღოლი გადარჩა... ნათლია-ნათლულის ტრაგიკული, მაგრამ გმირული ისტორია, აგვისტოს ომიდან ოთხი წლის შემდეგ, საქართველოდან ძალიან შორს, ჰელმანდის პროვინციაში განმეორდა...

1987 წლის 17 ივნისს ზუგდიდის რაიონის სოფელ ხეთაში ბერაიების ოჯახში მეორე ვაჟი გაჩნდა. ვალიკო დაარქვეს. მაშინ, ალბათ, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ 24 წლის შემდეგ, სრულიად ახალგაზრდა ვალიკოს, უცხო ქვეყნიდან მშობლიურ მიწას, გმირის სახელით მიაბარებდნენ.

დიანა ბერაია, ვალიკოს და: „ჩვენი უფროსი ძმა, გიზო, პატარა იყო ბებიაჩემმა რომ აფხაზეთში წაიყვანა. იქ გაიზარდა და დღემდე იქ ცხოვრობს. მე და ვალიკო მშობლებთან ვიზრდებოდით. ჩემზე სამი წლით უფროსი იყო. ძალიან მზრუნველი, მხიარული, ენერგიული და მშრომელი ბავშვი გახლდათ. განსაკუთრებით უყვარდა ფეხბურთი. სკოლიდან რომ ბრუნდებოდა, არ ჰქონდა მნიშვნელობა, როგორი ამინდი იყო, გაკვეთილების მომზადების შემდეგ, სტადიონზე გარბოდა. მეხუთე კლასამდე კარგად სწავლობდა, მაგრამ მერე, როგორც ბიჭების უმეტესობა, ცოტა გაზარმაცდა. განსაკუთრებით უყვარდა მათემატიკა. მასწავლებელი ამბობდა, ადვილად ხსნის ყველა ამოცანასო. ვალიკო – მერვე, მე კი მეხუთე კლასში ვიყავი, მამა რომ დაგვეღუპა. დედას ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა... მეცხრე კლასიდან გამოვიდა და მუშაობა დაიწყო, ოჯახს ის არჩენდა. როდესაც სამხედრო სავალდებულო სამსახურმა მოუწია, იმ წელსვე წავიდა ჯარში. ერთი წელი ქუთაისში იმსახურა. რომ გითხრათ, ბავშვობიდან ოცნებობდა, სამხედრო გამოსულიყო-მეთქი, მოგატყუებთ. იმის გამო, რომ ცხრა კლასის განათლება ჰქონდა მიღებული და მთელი ოჯახი მასზე ვიყავით დამოკიდებული, სავალდებულოს მოხდის შემდეგ, ჯარში ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა. მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონში მსახურობდა. თავიდან ვფიქრობდით, რომ ჯარისკაცული ცხოვრება გაუჭირდებოდა, მაგრამ მალე შეეგუა და ძალიან შეუყვარდა თავისი სამსახური. იქ ძალიან ბევრი მეგობარი გაიჩინა...

ძირითადად გასული იყო და შაბათ-კვირას მოდიოდა სახლში. ძალიან ყურადღებიანი იყო. ხანდახან დღეში ხუთჯერ რეკავდა, აბა, როგორ ხართ, რამე ხომ არ გიჭირთო. ყველა წვრილმანი აინტერესებდა. ხშირად მიჰყავდათ წვრთნებზე მთაში და მაშინ ისე ხშირად ვერ ახერხებდა დარეკვას. როდესაც ამის საშუალება მიეცემოდა, გვირეკავდა და საათობით გველაპარაკებოდა. სულ გვენატრებოდა და ვენატრებოდით. მეც და დედაც სულ გზას გავყურებდით, მის ლოდინში ვიყავით. დღესაც ის განცდა გვაქვს ორივეს, გვგონია, რომ წასულია და უნდა მოვიდეს... ძალიან მზრუნველი და მეოჯახე ბიჭი იყო. მიჭირს მასზე წარსულში ლაპარაკი... ამბობენ, დრო ყველაფრის მკურნალიაო, მაგრამ...

კარგად მახსოვს, პირველი ხელფასი რომ აიღო და სახლში შემოვიდა, სულ სხვანაირი, უფრო გაზრდილი და დავაჟკაცებული მეჩვენა. ხელფასი მთლიანად ოჯახს მოახმარა. საოჯახო ნივთები შეიძინა და გვითხრა, დღეიდან არაფერს მოგაკლებთო... მართლაც არაფერი მოგვკლებია. ობლობაში გაზრდილებს, ბევრი რამ გვაკლდა. რაც ბავშვობაში დაგვაკლდა, ყველაფერს ავინაზღაურებთო, მეუბნებოდა...“

2007 წელს, სამშვიდობო მისიით ერაყში იმყოფებოდა. მისი გმირული ისტორია კი 2008 წლის აგვისტოს ომში იწყება. ის ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ცხინვალში შეიჭრა და მტერს დიდ წინააღმდეგობას უწევდა. ვალიკო ბერაიას შემდეგი გმირობა ავღანეთს უკავშირდება. 2010 წელს „ISAF“-ის სამშვიდობო მისიის ფარგლებში, ავღანეთში პირველად ჩასულმა 22 წლის ახალგაზრდამ, რამდენიმე თანამემამულე სიკვდილისგან იხსნა.

„ერაყში რომ წავიდა, ძალიან ვნერვიულობდით. მაინც ცხელ წერტილში იმყოფებოდა და გვეშინოდა. რომ რეკავდა, ისე გვამშვიდებდა, აქ არაფერი ხდება საშიშიო, რომ იმედიანად ვიყავით. ამბობდა, ქუჩაშიც გავდივართ და ხალხსაც ველაპარაკებითო. იმდენად უყვარდა თავისი სამსახური, რომ თვითონ არანაირი შიში არ ჰქონდა. ერაყიდან დაბრუნებულს, არაფერი უთქვამს, რას აკეთებდა და საერთოდ, იქ რა ხდებოდა. სამსახურზე ერთ სიტყვას ვერ წამოაცდენინებდით. 2010 წელს პირველად წავიდა ავღანეთში. როგორც მისმა ძმაკაცებმა გვითხრეს, ვალიკომ რამდენიმე ქართველი ჯარისკაცი სიკვდილს გადაგვარჩინა. ჩემი ძმა მსროლელი იყო. ერთ ღამეს, როდესაც ქართველი ჯარისკაცები პატრულირებაზე გასულან, ვალიკოს შორიდან დაუნახავს, ასაფეთქებელი მოწყობილობით შეიარაღებული რამდენიმე თალიბი ტერორისტი, რომლებიც ჩვენი ჯარისკაცებისკენ მიიწევდნენ. მას არ ჰქონდა მოწინააღმდეგისთვის სროლის უფლება, სანამ ზემდგომების ბრძანებას არ მიიღებდა. არადა ხედავდა, როგორ უახლოვდებოდნენ ტერორისტები ქართველ ჯარისკაცებს... ჩემს ძმას ინფორმაცია მაშინვე გადაუცია რაციით, თუმცა ისე ცუდად ისმოდა ხმა, რომ ვერაფერი გააგებინა. შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, მას თვითონ მიუღია სროლის გადაწყვეტილება და ტერორისტები გაუნადგურებია. იმ ღამეს ვალიკოსთვის შენიშვნა მიუციათ, მაგრამ მეორე დღეს, როდესაც ყველაფერი გაირკვა, ჩემს ძმას ამერიკული მხარისგან სიგელი და მადლობის წერილი გადასცეს. ვალიკოს ის ტერორისტები გაუნადგურებია, რომლებსაც ამერიკული სპეცრაზმი, რამდენიმე კვირის განმავლობაში ეძებდა.

ვალიკო ბერაიას ზაფხულში ქორწილი უნდა გადაეხადა. მათ ოჯახში, ლხინის სუფრის ნაცვლად, უდროოდ, სამგლოვიარო სუფრა გაიშალა. მისი გაბედნიერების სადღეგრძელო შესანდობარმა შეცვალა...

„პირველად რომ წავიდა ავღანეთში, მაშინ ამბობდა, რომ ჩამოვალ, ცოლი უნდა მოვიყვანოო... ერთ გოგონას ხვდებოდა. ოჯახის წევრებსაც გაგვაცნო. ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ... სიგიჟემდე იყო შეყვარებული იმ გოგოზე. სულ მის სახელს ახსენებდა... რაღაც პერიოდის შემდეგ, კარგად მახსოვს, მაშინ ქუთაისში ვიყავი, ვაკომ დამირეკა. ძალიან სევდიანი და სხვანაირი ხმა ჰქონდა... ჩემი ძმის ასეთი დამწუხრებული ხმა არასოდეს გამიგია. რამე ხომ არ გიჭირს-მეთქი, ვკითხე... რამდენიმე წამი ხმას არ იღებდა. ბოლოს ჩურჩულით მითხრა, ჩემი შეყვარებული გათხოვილაო... არ ვიცოდი, რა მეთქვა და რით მენუგეშებინა... არ ინერვიულო, ვაკო, ის გოგო შენი ღირსი არ ყოფილა-მეთქი... როგორც ვიცი, ავღანეთიდან ჩამოსვლის შემდეგ იმ გოგონას კიდევ ურეკავდა... ისე იყო შეყვარებული მასზე, რომ ვერ ელეოდა... დაახლოებით ერთი წლის შემდეგ თითქოს დაივიწყა, მაგრამ ერთ დღეს, როდესაც სახლს ვალაგებდი და სასტუმრო ოთახის მაგიდიდან სუფრა ავიღე, მის ქვეშ წერილი ვიპოვე... ძალიან დავსევდიანდი. თავის ცხოვრებაზე სწერდა იმ გოგოს... ერთ დღეს ვუთხარი, შენი წერილი წავიკითხე-მეთქი... არ დამაცადა ლაპარაკი, ახლავე დამიბრუნეო. მერე მასაც დაავიწყდა გამორთმევა და მეც აღარ მივეცი... იმ გოგონას სწერდა: „ჩემი ცხოვრების ერთადერთი სიყვარული ხარ. შეიძლება კიდევ შემიყვარდეს ვინმე, მაგრამ შენსავით არავინ... ასე რატომ გამწირე, ხომ იცოდი, რომ შენთვის ყველაფერს გავაკეთებდიო...“ სანამ ვაკო ავღანეთში წავიდოდა, იმ გოგოს დაბადების დღეზე სიურპრიზი მოუწყო. ქუთაისში მსახურობდა, ჯარიდან სპეციალურად იმ დღეს გაეთავისუფლა, სახლში რაღაც პრობლემები მაქვსო... უკვე გვიანი იყო, სახლში რომ მოვიდა. საჩუქარი ვერსად ეყიდა. პირველი ხელფასი, რომ აიღო, მაშინ ძალიან დიდი ფუმფულა სათამაშო დათუნია მიყიდა და მთხოვა, ამ სათამაშოს წავიღებ და ხვალ ზუსტად ასეთივეს გიყიდიო. მეც ძალიან მიყვარდა ის დათუნია, მაგრამ ერთი წამით არ გამივლია გულში, რატომ მიაქვს-მეთქი. სანამ იმ გოგოს სოფელში მიაკითხა, უკვე გვიანი ღამე იყო. საერთოდ არ ელოდებოდა მის მისვლას და ძალიან გახარებია. რატომ გათხოვდა ის გოგო, დღემდე არ ვიცით... ბოლოს, სანამ ავღანეთში წავიდოდა, სხვა გოგო მოსწონდა. სამწუხაროდ, მას პირადად არ ვიცნობდი. ვაკო რომ გაფრინდა, ის გოგოც მირეკავდა... ჩემი ძმა რომ დაბრუნდებოდა, ცოლად უნდა მოეყვანა, ზაფხულში ქორწილისთვის ვემზადებოდით...“

გარდაცვალებამდე ერთი თვით ადრე, რამდენიმე მეგობარმა, მათ შორის ჯარის მეგობარმა პაატა კაჭარავამ, ვალიკო მონათლა.

„თურმე თავის მეგობრებთან ამბობდა, ისე არ წავალ ავღანეთში, რომ არ მოვინათლოო. ერთ დღეს ჯარიდან დაეთხოვა და იმ საღამოს მონათლულა. სულ სამი ნათლია ჰყავდა, მათ შორის ჯარის უახლოესი მეგობარი პაატა კაჭარავა. ისინი ერთად დაიღუპნენ... ვალიკო პაატას ძმამ, მამა მაქსიმემ მონათლა და ერთ თვეში ავღანეთში წავიდნენ. ჩემი ძმა ამ ქვეყნიდან მართლმადიდებელი გმირის სახელით წავიდა...

გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე, 13 თებერვალს ველაპარაკე. ორსულად ვიყავი და ყოველდღე ველოდებოდი პატარას დაბადებას. ვალიკო ძალიან მხიარული იყო, რამე თუ აწუხებდა, ვერ გაიგებდით. იმ დღესაც ძალიან მხიარულად მელაპარაკა. იცოდა, ბიჭს რომ ველოდებოდით და მკითხა, „გლადიატორი“ ჯერ ისევ არ დაბადებულაო? მომავალ დისშვილს „გლადიატორს“ ეძახდა. აბა, შენ იცი, გამაგრდი, შენზე ვნერვიულობ და დღე და ღამე შენზე ვლოცულობო. მითხრა, თუ რამე დაგჭირდეს, ბანკიდან ფული გამოიტანეთ, მე ყველაფერს გავაკეთებო. ვალიკო ჩემთვის ყველაფერი იყო. სკოლის დამთავრების შემდეგ სამედიცინო უნივერსიტეტში ჩავაბარე. ჩემი სწავლის გადასახადს ის იხდიდა. სულ იმას მეუბნებოდა, იმ დღეს მომასწრო, შენ რომ ექიმი გახდები, მერე აღარაფერი მეტკინებაო...

16 თებერვალს ვიმშობიარე. ვურეკავდი, მაგრამ ვერაფრით დავუკავშირდი. მერე „ესემესი“ მივწერე, საბა დაიბადა, ბიძა გახდი-მეთქი... საბა ხუთი დღის იყო, ჩემი ძმა რომ დაიღუპა. როგორც ვიცი, „ესემესები“ წაუკითხავს, მისმა მეგობრებმა მითხრეს, ისე უხაროდა, „სალტოებს“ აკეთებდაო...

ავღანეთში ოთხი თვის წასული იყო... მაისში უკან უნდა დაბრუნებულიყო. როგორც გვითხრეს, ქართველების ბაზიდან ერთი მანქანა გასულა პატრულირებაზე. იმ დღეს ჩემს ძმას არ ევალებოდა ნაწილიდან გასვლა, მაგრამ ის მანქანა, რომელიც პატრულირებაზე იყო გასული, გაფუჭებულა და ბოლომდე ვერ გაიარა თავისი გზა. მათ გამოიძახეს დასახმარებლად მეორე ეკიპაჟი. ვალიკო და მისი სამი მეგობარი გასულან. ბაზამდე 300 მეტრი იყო დარჩენილი, რომ დანაღმულ ტერიტორიაზე აფეთქდნენ... როგორც მითხრეს, ვალიკო ზემოდან იჯდა ჯავშანტრანსპორტზე. აფეთქების დროს, ძალიან დიდ მანძილზე გაუსვრია წნევას. მაშინვე დაღუპულა... ვალიკოსთან ერთად, პაატა კაჭარავა და რუსლან მელაძე დაიღუპნენ... როგორც ვიცი, მძღოლს ფეხის ამპუტაცია გაუკეთეს და დიდხანს მკურნალობდა. სამწუხაროდ, ის ადამიანი არ გვინახავს და ვერ გამოვკითხეთ, როგორი იყო ვალიკო გარდაცვალებამდე...

მისი გარდაცვალების ამბავი იმ დღესვე გავიგეთ. კარგად მახსოვს, სახლში სტუმრები იყვნენ, ბავშვის სანახავად მოსულები. საღამოს ჩემს ტელეფონზე მეზობელმა დარეკა, მეუღლე მალაპარაკეო... ძალიან გამიკვირდა, ის მეზობელი ჩემს მეუღლეს არ იცნობდა. მივაწოდე ტელეფონი სოსოს... უცებ ისეთი კანკალი აუვარდა, რომ მივხვდი, ძალიან ცუდი ამბავი იყო ჩვენს თავს. ჩვენს სახლში სამხედროები მისულან და რომ არავინ დავხვდით, მეზობლებისთვის უთქვამთ ვალიკოს ამბავი... 25 თებერვალს ჩამოასვენეს, მამაჩემის გვერდით დავკრძალეთ...“

გამომცემლობა „პრაიმტაიმის“ წიგნი „გმირის“ მიხედვით.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 10.04.2021
ბოლო რედაქტირება 26.01.2022
სულ რედაქტირებულია 1





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0