გოგა ბერაია რევაზის ძე რეზერვისტი მედალი მხედრული მამაცობისთვის, 2008 წ.
დედას ორი ვაჟი ჰყავდა – გოგა და გიორგი. საქართველოს რომ რუსეთი დაესხა თავს, 8 აგვისტოს, დილას, დედამ ბიჭები ვერ დააკავა – დედის წინააღმდეგობის მიუხედავად, ისინი რეზერვში წავიდნენ.
დედა, მეზობლებთან ერთად, ტელევიზორს იყო მიჯაჭვული. დაბომბვის ხმა რომ მოესმა, მიხვდა, სენაკის ბაზა იბომბებოდა. ვერც ერთს ვერ უკავშირდებოდა ტელეფონით.
დედ-მამა ბაზაზე გავარდნენ. დედა ყველას, ვისაც კი თვალს მოჰკრავდა, შვილების ამბავს ეკითხებოდა. „რატომღაც სულ გოგას ვიძახდი, გიორგი არ მიხსენებია, ეს, ალბათ, რაღაც წინათგრძნობა იყო...“ – იტყვის დედა.
დედა სიბნელეში ეძებდა შვილებს. უცებ მოესმა: „ბერაიას ბიჭი დაიღუპაო“. მივარდა დედა, სახელს ეკითხებოდა. არ ვიცითო, ეუბნებოდნენ... დედას შეატყობინეს, რომ გიორგი დაჭრილი იწვა ხობის საავადმყოფოში. მშობლებმა ბაზა მიატოვეს, ხობში გავარდნენ. გიორგი მსუბუქად იყო დაჭრილი, არც მან იცოდა, სად იყო გოგა... დილითღა შეატყობინეს ოჯახს, რომ გოგა დაჭრილი იწვა სენაკის საავადმყოფოში.
მაცნემ თქმით ერთი უთხრა, მაგრამ მისმა ხმამ – მეორე... დედა მიხვდა, რა უბედურებაც ტრიალებდა მის თავს... საავადმყოფოში მისულს შვილი დაღუპული დახვდა – გოგას ჭრილობა არ ჰქონია, მაღალმა წნევამ შინაგანი ორგანოები დაუზიანა.
გოგა ბერაია 22 წლის იყო... დაიბადა 1986 წელს, ხობში. სწავლობდა ხორგის პირველ საშუალო სკოლაში. მოუსვენარი, ცელქი და ამავე დროს გამორჩეული მოსწავლე იყო. სკოლის დამთავრების შემდეგ, ტექნიკურ უნივერსიტეტში გამოცდები წარმატებით ჩააბარა და ენერგეტიკის ფაკულტეტზე ჩაირიცხა, მესამე კურსიდან წმინდა გრიგოლ ფერაძის უნივერსიტეტში გადავიდა, ეკონომიკის ფაკულტეტზე.
დედა: „სოფელს ვერ ელეოდა... თბილისში ბინა გვქონდა, იქ ყოფნა არ უყვარდა. როგორც კი დროს იპოვიდა, მაშინვე აქ ჩამორბოდა. ხშირად ამბობდა, ძალიან მიყვარს ჩემი სოფელიო... ჩვენი მეზობლის ბიჭი კონტრაქტორი იყო, ერაყში მსახურობდა. ერთხელ გოგა მოვიდა და მითხრა, სწავლას რომ მოვრჩები, კონტრაქტი მეც უნდა გავაფორმო, ერაყში უნდა წავიდე და სამშობლოს ვალი უნდა მოვიხადოო. გავგიჟდი, რამე რომ მოგივიდეს, რა მეშველება-მეთქი?! მაშინ მითხრა, სიკვდილი თუ მიწერია, რეზერვისტი ვარ და შეიძლება, სენაკის ბაზაზეც მოვკვდეო. მაშინ გავუბრაზდი, რას ამბობ-მეთქი... ახლა კი ვფიქრობ, ალბათ, რაღაც წინათგრძნობა ჰქონდა... ეს ამბავი ომის დაწყებამდე ერთი წლით ადრე მოხდა...“
ომი რომ დაიწყო, გოგა და მისი უმცროსი ძმა შინ იყვნენ. დედა გაიხსენებს, რომ ბიჭები კომპიუტერს არ შორდებოდნენ.
დედა: „მეუბნებოდნენ, ახალ ამბებს ვიგებთო... 7 აგვისტოს, გვიან ღამით, სოფლის გამგებელი მოსულა ჩვენთან, ბიჭებისთვის უთქვამს, რეზერვში ხართ გამოძახებულიო. მე ეს ამბავი დილითღა გავიგე, უკვე წასასვლელად რომ ემზადებოდნენ. შიშმა ამიტანა, არ მინდოდა გაშვება. მეუბნებოდნენ, ქვეყანას უჭირს და შენს სახლში დამალვას გვთავაზობო? ომი რომ დამთავრდება, სოფელში თავი როგორ გამოვყოთ, რა ვთქვათ, დედის კალთას ამოვეფარეთო? ჩვენი ვალია, სამშობლო დავიცვათო, – მიმეორებდა გოგა. დილით, 8 საათზე, ორივე ძმა სახლიდან გავიდა, გასვლისას კიდევ ერთხელ შევეხვეწე, ორივე ერთად ნუ წახვალ-მეთქი, ვერაფერს გავხდი... გავაცილე, ორივეს გაოგნებული ვუყურებდი... გოგამ ხელი დამიქნია და კოცნა გამომიგზავნა... ყოველ 10 წუთში ვურეკავდი. ამბავს ვკითხულობდი. მიმეორებდნენ, ყველაფერი კარგადაა და საღამოს სახლში ვიქნებითო. ვეკითხებოდი, საჭმელი თუ გაქვთ, მოვალ და რამეს მოგიტანთ-მეთქი. გოგამ უარი მითხრა, არ გვინდა, პატარა ბავშვები ხომ არ ვართო... გოგა და გიორგი სხვადასხვა ასეულში იყვნენ. გოგასთან რაღაც ტკბილეული დაურიგებიათ და გიორგისთვის შეუნახავს ცოტა... რომ დაღამდა, დავრეკე, გოგამ მითხრა, სატენი არ წამომიღია, ტელეფონი მიჯდება და ნუ გეშინიაო. ეგონათ, მელევე დაბრუნდებოდნენ უკან... მთელი ზაფხული რაღაც შიში მქონდა, სულ გოგას დავდევდი. საღამოს მეზობლის ბიჭებთან რომ გადავიდოდა, ხშირად ვურეკავდი, მსაყვედურობდა: რა იყო, პატარა ბავშვი ხომ არ ვარო?.. ხშირად მესიზმრება და მამშვიდებს: დედა, კარგად ვარ, ნუ გეშინია, მე ცოცხალი ვარ, ოღონდ ტყვედ ამიყვანესო... არ ვიცი, ეს სიზმარი რას ნიშნავს. გარდაცვლილი რომ ვნახე, ჭრილობა არ ჰქონდა, მაღალმა წნევამ შინაგანი ორგანოები დაუზიანა, სახეზე ისევ ისეთი ლამაზი იყო...“
გიორგი, ძმა: „ბავშვობიდან სულ ერთად ვიყავით, აქაც და თბილისშიც. სულ ჩემზე ზრუნავდა, იმ დღესაც რამდენჯერმე მომაკითხა, როგორ ხარო. ბოლოს რომ მოვიდა, ძეხვი და პური დაგვირიგეს, მოერიდა, არ აიღო, მე სხვა ნაწილიდან ვარო. მე თვითონ მივუტანე ერთი ნაჭერი... მალე დაბომბვაც დაიწყო. დავკარგე, ვერ ვპოულობდი...“
გოგა სოფლის სასაფლაოზე დაკრძალეს.
დედა: „ძალიან ძნელია მის გარეშე ცხოვრება... ერთი წელი მხოლოდ სასაფლაოზე დავდიოდი. აქვე ახლოს ბიჭებმა გოგას წყარო გააკეთეს, საღამოობით იქ გადავდიოდი და თავს ვინუგეშებდი. ჩემი შვილი ძალიან მაკლია, მაგრამ ის ხომ სამშობლოს კეთილდღეობას შეეწირა. სხვანაირი გოგა ნამდვილად ვერ წარმომიდგენია...“