მდინარი ბებიაშვილი -
დაბადებული 23.10.1991. უმცროსი სერჟანტი. მეორე ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის ჯარისკაცი. დაიღუპა 2017 წლის 3 აგვისტოს, ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთობლივი მოტორიზებული პატრულირებისას მომხდარი თავდასხმის შედეგად.
მდინარი ბებიაშვილი 1991 - 2017 უმცროსი სერჟანტი
3 აგვისტოს უმცროსი სერჟანტი მდინარი ბებიაშვილი, სამშვიდობო მისიის სხვა ჯარისკაცებთან ერთად, საავიაციო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე პატრულირებდა. ჯარისკაცებისთვის ეს ერთი ჩვეულებრივი დღე იყო, სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, თუმცა თავდასხმამ, რომელმაც 25 წლის მდინარი ბებიაშვილის სიცოცხლე იმსხვერპლა, რეალობა შეცვალა. ვიცე-სერჟანტი გმირად იქცა, ხოლო 3 აგვისტო ისტორიაში ჩაიწერა, როგორც ქართველი ჯარისკაცის გმირულად დაღუპვის თარიღი.
მამამ, საბა ბებიაშვილმა, იცის, რომ მისი შვილი სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების დროს თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმას ემსხვერპლა, გული სტკივა, თუმცა ამაყია, რომ მისი ვაჟი მსოფლიო მშვიდობას ემსახურებოდა. ჯარისკაცად გაუშვა და გმირად დაკრძალა...
„ბოლოს ოთხშაბათ საღამოს ველაპარაკე. პარასკევს კი დაიღუპა, წამოწოლილი იყო თავის საწოლზე, რას შვრები, როგორ ხარ-მეთქი, ვკითხე. ჩვეულებრივად ვპატრულირებთ, მეტი არაფერიო, მამშვიდებდა და თურმე ასეთი რამე ელოდებოდა ერთი დღის შემდეგ“, – იხსენებს საბა ბებიაშვილი.
უმცროსი სერჟანტი ბებიაშვილი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2010 წლიდან მსახურობდა. ის ავღანეთში უსაფრთხოების ხელშეწყობის საერთაშორისო ძალების (ISAF) მისიაში ორჯერ – 2012 და 2014 წლებში მონაწილეობდა. მიღებული აქვს მედლები „სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისთვის“.
ბებიაშვილის მამა იხსენებს, რომ მისი შვილი ყოველთვის ჯარისკაცობაზე ოცნებობდა და სკოლის დამთავრების შემდეგ აისრულა კიდეც ოცნება.
„უყვარდა ჯარის ცხოვრება. სკოლაში რომ სწავლობდა, იმ პერიოდში, ყველას, ვინც ჯარში მსახურობდა, სთხოვდა, ფორმა ჩამომიტანეთო. სკოლაში თუ სახლში ჯარის ფორმას იცვამდა, ისე იყო ჯარზე შეყვარებული. ძლიერი იყო, როგორც ფიზიკურად, ისე სულიერად. იცოდა, რომ შეიძლებოდა, საფრთხე შეჰქმნოდა. მიუხედავად ამისა, მაინც წავიდა“.
მისი მოწოდება ჯარი იყო და ხელი არავის შეუშლია. ჯარისკაცული ცხოვრების შესახებ ოჯახში თითქმის არაფერს ყვებოდა. ამბობენ, სიტყვაძვირი იყოო, თუმცა რთულია, ომზე ისაუბრო.
ორჯერ იმსახურა სამშვიდობო მისიაში. ცხოვრებას ნელ-ნელა იწყობდა, თუმცა არ დასცალდა. ისე წავიდა, გვარის გამგრძელებელი არ დაუტოვებია, ვერ მოასწრო. თურმე დეკემბერში ოჯახის შექმნას აპირებდა.
„ცოლის მოყვანა უნდოდა. საცოლე ორი წლის წინათ გაიცნო. მეგობრის შვილი უნდა მოენათლა და შემდეგ აპირებდა დაოჯახებას“, – ამბობს საბა ბებიაშვილი.
1991 წელს დაიბადა, სკოლა შორაპანში დაამთავრდა. თავად სოფელ მარტოთუბანში გაიზარდა, ორ დედმამიშვილთან ერთად. მშობლიურ სოფელში დაკრძალეს დიდი პატივით. მისი ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მის საფლავთან მეგობარი ჯარისკაცების ნაკადი არ წყდება.
გამომცემლობა „პრაიმტაიმის“ წიგნი „გმირის“ მიხედვით.
კვირის პალიტრა სტატია https://www.kvirispalitra.ge/samkhedro-thema/36242-qdaibara-chamovalth-da-chveneburad-shevikribothoq-qarthvel-jariskacebze-thavdaskhmisas-thavi-orma-teroristma-aifethqa.html?all=0&add_new=1&reply=0