1888 წლის 24 იანვარს საქართველოს ეგზარქოსმა პალადიმ (რაევი) დიაკვნად აკურთხა, იმავე წლის 28 იანვარს მღვდლად დაასხა ხელი და ახალდაბის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში განამწესა. 1889 წლის 5 იანვარს სურამის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა.
განათლებისთვის მზრუნველი მოძღვარი
მისი ქალიშვილის, თამარის მოგონებებში ვკითხულობთ:
„მამა განათლებული მღვდელი იყო. ფლობდა ქართულ, რუსულ და ბერძნულ ენებს. სურამში მცხოვრები ბერძნებისათვის იგი წირვის ნაწილს ბერძნულად ატარებდა. იგი ბევრს ზრუნავდა ხალხის სულიერ და გონებრივ განვითარებაზე. იაკობ გოგებაშვილის მითითებით მან პირველი ბიბლიოთეკა დააარსა სურამში. მას დიდი წვლილი მიუძღვის სურამში ქალთა საზოგადოება „მანდილის“ დაარსებაშიც“.
1902 წელს, მამა იოსების ინიციატივითა და ხელშეწყობით, სურამში გაიხსნა სამკითხველო და ერთკლასიანი საკვირაო სკოლა, რომლის გამგედ და საღვთო სჯულის მასწავლებლადაც თავადვე დაინიშნა.
ამასთან დაკავშირებით ჟურნალი „კვალი“ წერდა: „14 ივლისს მოხდა სამკითხველოს წევრთა კრება მღვდელ ბებიაშვილის თავჯდომარეობით. კრებაზე ის საკითხი იყო წამოყენებული, თუ, როგორ უნდა გაეუმჯობესებინათ ღარიბი სამკითხველოს მდგომარეობა. 23 ივლისს მოხდა მეორე კრება. ეს კრება მით არის შესანიშნავი, რომ პირველად წამოყენებულ იქნა კითხვა საკვირაო სკოლის დაარსების შესახებ. ეს მეტად სიმპატიური საკითხია, რადგან სურამელ გლეხთა შორის ასში სამმა არ იციან წერა-კითხვა და თუ წერა-კითხვა ეცოდინებათ, ეს ხომ დიდი ბიჯი იქნება პროგრესის გზაზე“.
მოძღვრის ოჯახი – კულტურის კერა სურამში
მამა იოსების ოჯახი სურამში კულტურის ნამდვილ კერას წარმოადგენდა.
მისი ქალიშვილი იგონებს: „ჩვენს ოჯახში რამდენჯერმე ყოფილა ჩამოსული იაკობ გოგებაშვილი სტუმრად. პატარა ვიყავი, როცა მან მაჩუქა „იავნანამ რა ჰქმნა?!“
ერთი ზაფხული ჩვენს ოჯახში გაატარა აკადემისკომა ივანე ჯავახიშვილმა. მე იმ ზაფხულს მოკლე ხნით ვიყავი ჩამოსული სახლში და არ მქონია საშუალება პირადად მომესმინა საუბარი, დედამ კი მითხრა: ბატონმა ივანემ მითხრა, ისე კარგად ვისვენებ და ვმუშაობ თქვენს სახლში, ნეტავ სულ თქვენთან მამყოფაო.
ხშირად ჩამოდიოდნენ ჩვენთან სოფრომ მგალობლიშვილი მეუღლით. ჩემი დაბადების დროსაც კი აქ ყოფილა სოფრომის მეუღლე. ასევე ხშირი სტუმარი იყო ჩვენი ოჯახისა ნატო გაბუნია-ცაგარლისა. ძალიან მეგობრული ადამიანი იყო ქალბატონი ნატო; მხიარული, ნიჭიერი, მშვენიერი ხმის მფლობელი და უკრავდა თარზე. იმის ჩამოსვლა და სურამის საზოგადოების შეკრება ჩვენთან ერთი იყო და ამ საზოგადოების სულისჩამდგმელი ბრძანდებოდა ქალბატონი ნატო“.
„საიდუმლო“ დახვრეტა
1924 წლის 28 აგვისტოს საქართველოში დაწყებული ეროვნულ-გამათავისუფლებელი აჯანყებით ისარგებლა უღმერთო ხელისუფლებამ და გააძლიერა სამღვდელოების დევნა. გამოსვლაში მონაწილეობის ბრალდებით დააპატიმრეს იმჟამად უკვე დეკანოზი იოსებიც. იგი წაიყვანეს შინსახკომში, საიდანაც უკან აღარ დაბრუნებულა. ოჯახს ჩამოართვეს სახლ-კარი, ეზო, მამული.
შემდგომში მისი ქალიშვილი თამარი იხსენებდა: „მამა 1924 წელს დახვრიტეს. დახვრეტას ხელი მოაწერა ფილიპე მახარაძემ. ფილიპე და იოსები ძალზედ ახლო მეგობრები ყოფილან სემინარიიდან. სიშორის გამო, ფილიპეს ოზურგეთში საკუთარ ოჯახში ჩასვლა ეზარებოდა და ხშირად სურამში, იოსების ოჯახში ისვენებდა. როცა მამა იოსები დახვრიტეს და ოჯახს საარსებო საშუალება აღარ გააჩნდა, მოძღვრის მეუღლე პელაგია წავიდა თბილისში ფილიპეს სანახავად. პელაგიას ფილიპესთან შეხვედრაზე უარი უთხრეს, მაგრამ მან მდივანს უთხრა, რომ მახარაძისათვის მოეხსენებინათ, თუ ვინ ითხოვდა მასთან შეხვედრას. ამის შემდეგ ფილიპე თავად გამოსულა, გადახვევია პელაგიას და იოსები მოუკითხავს. პელაგიას გული შეწუხებია, რომ მოუბრუნებიათ, ფილიპე შეკითხვია, რაშია საქმეო? – როგორ თუ რაშია საქმე, დახვრეტაზე ხელი მოაწერე და მე მეკითხები როგორ არისო?! – მიუგია პელაგიას. ფილიპესაც შეუცხადებია და უთქვამს: „სურამში ვიღაცამ უმტრო და მე ალბათ შემომაპარესო“. ფილიპე მახარაძემ პელაგიას დაუბრუნა ჩამორთმეული სახლ-კარი და მიწის ნაწილი“.
რეაბილიტაცია
1994 წლის 17 იანვრის ცნობის თანახმად, მოხდა დეკანოზ იოსებ ბებიაშვილის რეაბილიტაცია: „მოქალაქე ბებიაშვილი (ბებიევი) იოსებ ივანეს ძე, დაბადებული 1880 წელს (აქ დაბადების წელი შეცდომითაა მოყვანილი – გ. მ.), დახვრეტილ იქნა 1924 წლის აგვისტოში. საქართველოს სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 26 მაისის დეკრეტის „1921-1924 წლებში საქართველოს ეროვნულ-განმანთავისუფლებელ ბრძოლაში მონაწილეობისათვის რეპრესირებულ პირთა მიმართ სამართლიანობის აღდგენის შესახებ“ საფუძველზე მოქ. ი. ი. ბებიაშვილი (ბებიევი) რეაბილიტირებულია“.
მოამზადა დიაკონმა გიორგი მაჩურიშვილმა
სტატია ქვეყნდება შემოკლებით. სრული ვერსია იხ: „საპატრიარქოს უწყებანი“ 2014 წ., N43, გვ.17-20