მიქაელ ულუმბოელი — VI საუკუნის შუა წლებში მოღვაწე ერთ-ერთი ათცამეტი ასურელი მამათაგანი, წმინდანი (ხს. დღე — 18 ივნისი (1 ივლისი)). დააარსა ქართლში ულუმბის მონასტერი, დასაფლავებულია იქვე.
ქართლში მოვიდა ანტიოქიიდან VI საუკუნის შუა წლებში იოანე ზედაზნელთან ერთად. ცხოვრობდა ზედაზნის მონასტერში. ზედაზნიდან საქადაგებლად წმინდა მიქაელ ულუმბოელი დაემკვიდრა სოფელ ულუმბოს ახლოს, სადაც მდინარე ალისწყალთან ააშენა მონასტერი. მონასტერი არაერთხელ გამხდარა შემოსევის საგანი, რის გამოც მიქაელ ულუმბოელის ცხოვრების ამსახველი წერილობითი წყაროები დაკარგულია.
აღსრულების შემდეგ ღირსი მამა მის მიერვე აშენებულ მონასტერში დაკრძალეს.
ულუმბის ღვთისმშობლის ეკლესია — ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, მდებარეობს ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალის დასავლეთით, მდინარე ჭერათხევის ხეობაში. სამხრეთის შესასვლელის თავზე მოთავსებული სამშენებლო მხედრული წარწერის თანახმად ეკლესია აგებულია 1871 წელს ალექსი კევლიევის (კევლიშვილის) შემწეობით ადრე აქ არსებული ულუმბის მონასტრის ადგილზე.
ულუმბის მონასტერი ერთ-ერთ ასურელ მამათაგანს მიქაელ ულუმბოელს დაუარსებია (დასაფლავებულია იქვე).
მატეანეში არაფერია თქმული მონასტრის დაარსების შესახებ, თუმცა ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, მონასტრის დამაარსებლად მიქაელ ულუმბოელს მიიჩნევდა:
„ჭერათხევის... სერს ზევით არს მონასტერი ულუმბას, უგუმბათო, დიდი, დიდშენი, მიქელ იგ მამათაგანის ქმნული და დაფულულ არს მიქელ მუნვე, ზის წინამძღვარი.“ |
ულუმბოს მონასტრის დამაარსებლად მიხეილ საბინინსაც მიქაელ ულუმბოელი მიაჩნია — „წმინდა მამა მიხაილ ...აღაშენა მონასტერი თვისი მოახლო ულუმბისა ალისწყალსა ზედა, რომელსა შინა დაიდვა მრავალმოღვაწე გვამი მისი“.
ეკლესიის სამხრეთის შესასვლელის თავზე მოთავსებული სამშენებლო მხედრული წარწერის თანახმად, ეკლესია აგებულია 1871 წელს ალექსი კევლიევის შემწეობით, ადრე აქ არსებული ულუმბის მონასტრის ადგილზე.
ცნობები ულუმბოს შესახებ მოცემულია ამირეჯიბთა სიგელში, რომელიც იძლევა ძეგლის ისტორიული ცხოვრების სურათს XIII-XV საუკუნეთა მანძილზე. სიგელის მეოთხე პუნქტში მოთხრობილია XIII საუკუნის ამბავი — ქართველთა ერთ-ერთი გამარჯვება ჯალალედინთან. ბრძოლის დროს ამირეჯიბს ხელთ უგდია მოწინააღმდეგის სეფე-დროშა და იგი ულუმბოს ღვთისმშობლის ხატისათვის შეუწირავთ. ჩანს, XIII საუკუნეში ულუმბოს ეკლესია უკვე არსებობდა და მისთვის საუკეთესო რელიქვიებსაც არ იშურებდნენ.
XIV საუკუნეში ულუმბის მონასტერი მჭიდროდაა დაკავშირებული სამეფო სახლთან. მას დიდ სასწაულმოქმედად თვლიდნენ მომდევნო საუკუნეებშიც. ულუმბოს ხატის ყოვლისშემძლე ძალას ალექსანდრე პირველის დიდის დაბადებას მიაწერდნენ. ალექსანდრე ბატონიშვილის დაბადებისთანავე (1390) მეფის სახლს მონასტრისათვის შესაწირავი მიურთმევია — ულუმბოს ღვთისმშობლის მონასტერს „მოუტანა საქონელი ურიცხვი“ და შესაწირი.
ალექსანდრე ბატონიშვილის ბავშვობაში ულუმბო საფუძვლიანად დაურბევია თემურ ლენგის ლაშქარს. მონასტრის მეორეჯერ აშენება 1400-1415 წლებში სახელდება. ამ ადგილის მფლობელს ქუცნა ამირეჯიბს მონასტერი აღუდგენია. XVIII საუკუნის I ნახევარში ულუმბის მონასტერი ისევ მოქმედი იყო. XIX საუკუნეში კი უკვე დაზიანებული მონასტრის ნაგებობები, რომლის კედლებზე შემორჩენილი იყო ქუცნა ამირეჯიბისა და მისი ოჯახის წევრების პორტრეტები, ისევ დაუნგრევიათ და მის საძირკველზე ახლანდელი ეკლესია აუშენებიათ.