პიროს ბრეთელი — VI საუკუნის შუა წლებში მოღვაწე ერთ-ერთი ათცამეტი ასურელი მამათაგანი, წმინდანი (ხს. დღე — 15 (28) მაისი). დააარსა ქართლში ბრეთის ეკლესია, დასაფლავებულია იქვე.
როგორც საეკლესიო მატიანე გადმოგვცემს, „წმიდა პიროს ბრეთელმა, ღვთაებრივმა ხატმან სინანულისამან, მდიანრე ჯვარისწყლის მარცხენა სანაპიროზე, ბრეთში დააარსა სავანე — დაჰყო ზემო ქართლს დვანის წყალსა ზედა და აღაშენა მუნ მონასტერი თვისი, მოახლო ბრეთისა სოფლისა“.
ბრეთი — სოფელი საქართველოში, შიდა ქართლის მხარის ქარელის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი (სოფლები: არადეთი, დოღლაური, საღოლაშენი, წვერი). მდებარეობს შიდა ქართლის ვაკეზე, მდინარე აღმოსავლეთის ფრონეს მარცხენა ნაპირას. ზღვის დონიდან 710 მეტრი, ქარელიდან 9 კილომეტრი.
ცნობილია, რომ ცამეტი ასურელი მამებიდან ერთ-ერთმა, პიროს ბრეთელმა აქ დააარსა მონასტერი. მის მიერ აქ ჩამოყალიბებული სამონასტრო ცენტრი მთელი შუა საუკუნეების მანძილზე იყო კულტურულ-საგანმანათლებლო, მწიგნობრობის, ხელოსნობის მნიშვნელოვანი კერა. აქ შეიქმნა XI საუკუნის ბრეთის ვერცხლის საომარი ჯვარი, წარწერით, XIII საუკუნის ბრეთის ტყავის სახარება და სხვა. ბრეთის მონასტერი მნიშვნელოვან როლს ასრულებდა როგორც საკუთვრივ სოფლის, ისე ბრეთის ხევის მოსახლეობის კულტურულ დაწინაურების საქმეში. ბრეთის ხევი და სოფელ ბრეთის ფეოდალურ საქართველოს სახელმწიფოებრივი ერთიანობის ხანაში (XI-XIII საუკუნეები) უშუალოდ საქართველოს სამეფო კარს ექვემდებარებოდა.
XIV-XVI საუკუნეების მიჯნაზე ბრეთის ხევი ალექსანდრე I-მა სვეტიცხოვლის მონასტერს შესწირა. XV-XVI საუკუნეებში ბრეთის ხევის ერთი ნაწილი და თვით სოფელი ურბნისის მონასტერმა თავისი გავლენის ქვეშ მოიქცია. აქ იგი საკმაო რაოდენობის ყმა-მამულს ფლობდა და თავისი მოურავიც ჰყავდა. XVII-XVIII საუკუნეებში ზემო ქართლში ავალიშვილების სათავადოს ჩამოყალიბების შემდეგ სოფელ ბრეთის დიდი ნაწილი ავალიშვილთა საკუთრება იყო.[4] მათ ეკუთვნოდათ ბორჯობის ხეობა და მეფისაგან დაკისრებული ჰქონდათ დვანის ფრონეს მეთხალყურეობა. ბორჯობის ხეობის მოუსავლიანობის გამო მეფეს ბრეთი მიუცია დირბამდე.[5] აქ მათ სასახლეც ჰქონდათ. XVI-XVIII საუკუნეების ადმმინისტრაციულ ტერიტორიული დაყოფით ბრეთის ზემო ქართლის სადროშოში შედიოდა, რომელსაც ამილახვრები სარდლობდნენ.[4] სოფელი მოხსენიებულია იოანე ბაგრატიონის 1794-1799 წლების აღწერაში.[6] 1804 წლისათვის ბრეთის ყმა-მამულები ეკუთვნოდათ ავალიშვილებს, წერეთლებსა და დედოფალ დარიას.