კალისტრატე (კალე) ზოსიმეს ძე სალია (დ. 26 აგვისტო, 1900, სოფ. ჯგალი, ახლანდელი წალენჯიხის რაიონი — გ. 25 ივლისი, 1986, პარიზი) — ქართველი მეცნიერი, ქართველოლოგი, ისტორიკოსი.
კალისტრატე სალია სამეგრელოში, სოფელ ჯგალში, გლეხის ოჯახში დაიბადა. სწავლობდა ჯგალისა და ზუგდიდის დაწყებით სკოლებში, ხაშურის გიმნაზიაში. 1920 წელს ჩააბარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე. გაწევრიანდა სოციალ–დემოკრატიულ პარტიაში. 1921 წელს, ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ დააპატიმრეს. 1922 წელს, მეტეხის ციხეში დატუსაღებულ 62 პოლიტიკურ პატიმართან ერთად, ვლადიმერ ახმეტელის (დამოუკიდებელი საქართველოს ელჩი გერმანიაში, ემიგრანტი) ძალისხმევით საზღვარგარეთ გაასახლეს. გერმანიაში გაუმართლა და 90 უცხოელი ახალგაზრდიდან იმ ბედნიერ ხუთეულში მოხვდა, რომელიც ბერლინის უნივერსიტეტთან არსებულ გერმანული ენისა და ლიტერატურის ორწლიან ინსტიტუტში ჩაირიცხა. სწავლა განაგრძო ქ. ჰალეს უნივერსიტეტის იურიდიულ და ეკონომიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე. 1924 წელს საცხოვრებლად გადავიდა პარიზში. ჩააბარა სორბონის უნივერსიტეტის ისტორია–ფილოლოგიის ფაკულტეტზე. 1927 წელს წარმატებით დაიცვა ბაკალავრის დიპლომი. მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა ქართულ პოლიტიკურ ემიგრაციასთან. იყო 1924 წელს დაარსებული "თეთრი გიორგის" წევრი. შემდგომში გაწევრიანდა, აგრეთვე, 1934 წელს დაფუძნებულ ჟურნალ "ორნატის" ჯგუფსა და მეორე მსოფლიო ომის წინ დაარსებულ "ქართულ ფაშისტურ დარაზმულობაში". აქტიურად თანამშრომლობდა ემიგრანტულ პრესასთან.
პარიზში გაიცნო კალისტრატე სალიამ პროფესიით ექიმი, მაგრამ ასევე ისტორიის განხრით ვარშავის უმაღლესი სასწავლებლის კურსდამთავრებული ნინო ქურციკაშვილი, რომელთანაც ქორწინება ფეხბედნიერი აღმოჩნდა, და არა მარტო მათთვის... XX ს-ის 30-იან წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველ მეცნიერთა რიცხვი. სალიების მოწაფეთა შორის ბევრი გახდა ქართველოლოგი. ევროპაში ქართველოლოგიისადმი ინტერესი განსაკუთრებით მას შემდეგ გაძლიერდა, რაც აკადემიკოსმა ნიკო მარმა აღმოაჩინა ისეთი ლიტერატურული ძეგლები, რომლებიც ბიზანტიურ მწერლობაში დაკარგულად ითვლებოდა და ქართულ თარგმანებში იყო შემონახული. საჭირო გახდა მსოფლიოსათვის კავკასიისა და კერძოდ, საქართველოს ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის საფუძვლიანად გაცნობა, რაც 30-იანი წლების მეორე ნახევარში ინგლისურ ენაზე ლონდონში გამომავალმა ბეჭდურმა ორგანომ "გეორგიკამ" ითავა, მაგრამ მისი გამოცემა მეორე მსოფლიო ომმა შეაჩერა. 1948 წელს კალისტრატე და ნინო სალიებმა საკუთარი სახსრებით, ასევე, საფრანგეთის ეროვნული სამეცნიერო ცენტრის ფინანსური დახმარებითა და ნებართვით დაარსეს სამეცნიერო ისტორიულ–ლიტერატურული ჟურნალი "ბედი ქართლისა". თავდაპირველად ჟურნალი მცირე მოცულობის იყო, წელიწადში 4-ჯერ გამოდიოდა ქართულ ენაზე, ემსახურებოდა ვიწრო წრეს, ჟურნალის რედაქცია განთავსებული იყო სალიების ბინაში. 1958 წლიდან ჟურნალს ეწოდა "ბედი ქართლისა – რევიუ დე ქართველოლოჟი" ("ბედი ქართლისა – ქართველოლოგიური მიმოხილვა"). იგი გაფართოვდა მოცულობითაც. მასში სტატიები იბეჭდებოდა ფრანგულ, ინგლისურ, გერმანულ ენებზე, ზოგჯერ იტალიურადაც. ჟურნალი შეუფერხებლად გამოდიოდა 1984 წლამდე (1964 წელს შეწყდა ქართულენოვანი "ბედი ქართლისას" გამოცემა, 1984 წელს კი – კალისტრატე სალიას ავადმყოფობის გამო, ფრანგულენოვანისა). საგანგებოდ უნდა აღინიშნოს, რომ ბატონი კალისტრატე იყო ჟურნალის სული და გული, რედაქტორი და კორექტორიც კი, ხოლო მეუღლესთან ერთად – გამომცემელიც.
სალიებმა ჟურნალის გარშემო შემოიკრიბეს ქართველი მეცნიერები: მიხაკო წერეთელი, მიხეილ თარხნიშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, გრიგოლ რობაქიძე, კორნელი კეკელიძე, აკაკი შანიძე, არნოლდ ჩიქობავა, სიმონ ყაუხჩიშვილი, ელენე მეტრეველი და სხვები. ჟურნალის სამეცნიერო საბჭოს შემადგენლობაში შედიოდნენ მსოფლიოს ცნობილი კავკასიოლოგები და ორიენტალისტები. კალისტრატე სალიას 70-ე საიუბილეო წლის ერთობლივ მილოცვაში უცხოელმა ქართველოლოგებმა ასე შეაფასეს ჟურნალ "ბედი ქართლისას" წვლილი და მისი რედაქტორის მეცნიერული დამსახურება: "კალისტრატე სალიამ შეძლო თავისივე დაარესებული ბეჭდვითი ორგანოს "ბედი ქართლისას" ირგვლივ შემოეკრიბა ყველა ქართველოლოგი და კავკასიოლოგი, დაემყარებინა აუცილებელი კავშირი საქართველოსა და მის საზღვრებს გარეთ მიმდინარე სამეცნიერო–კვლევით მუშაობას შორის და გაეღვიძებინა მეცნიერთა ინტერესი ამ ლეგენდალური და შთამბეჭდავი მხარის ცივილიზაციის ყოვლემხრივი შესწავლისადმი".
მეტად მრავალფეროვანია კალისტრატე სალიას მეცნიერული მემკვიდრეობა. იკვლევდა საქართველოს ისტორიის, ქართული ლიტერატურის ისტორიის საკითხებს ("ქართველი ბერები და ქართული მონასტრები უცხოეთში", "ბაგრატიონთა დინასტიის წარმოშობა", "ქართული ლიტერატურა", "საქართველო": (ისტორიულ-კულტურული მიმოხილვა), თანაავტორები: ნ. სალია, ვ. ბერიძე, 1972; "ქართულ–ბიზანტიურ ურთიერთობათა მოკლე მიმოხილვა", 1975 წ. და სხვ). უცხოურ ენციკლოპედიებში ბეჭდავდა ქართული სინამდვილის ამსახველ წერილებს, ასევე დიდ დახმარებას უწევდა ახალგაზრდა უცხოელ ქართველოლოგებს. სამეცნიერო შრომებს, გამოკვლევებს, მონოგრაფიებს წერდა ფრანგულ, ინგლისურ და გერმანულ ენებზე. 1980 წელს ფრანგულ ენაზე გამოქვეყნდა კალისტრატე სალიას ნაშრომი – "ქართველი ერის ისტორია", წიგნს იმავე წელს მიენიჭა საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიის პრემია (1983 წელს ინგლისში გამოიცა ნაშრომის ინგლისური თარგმანი). "ქართველი ერის ისტორიას" მაღალი შეფასება მისცეს ცნობილმა ევროპელმა ქართველოლოგებმა. ჰანს ფოგტი წერდა: "ეს არის შესანიშნავი ნაშრომი, რომელსაც ქართველი ერი იმსახურებს. ფრანგი მკითხველისათვის იგი იქნება შესანიშნავი საშუალება ძალზე ნაკლებად ცნობილი ერის ისტორიისა და კულტურის შესასწავლად".
კალისტრატე სალია, როგორც ევროპაში სახელგანთქმული ქართველოლოგი, არჩეული იყო სხვადასხვა ქვეყნის სამეცნიერო ცენტრების წევრად. კერძოდ: იყო ლუვენის, ოსლოს, ბამბერგის, ბორდოს უნივერსიტეტებისა და პარიზის კათოლიკური ინსტიტუტის საპატიო დოქტორი, პროფესორი, ხმელთაშუაზღვეთის აკადემიის წევრი (1968). ასევე: პარიზის სააზიო, საისტორიო და ლინგვისტური, აგრეთვე ბიზანტიოლოგიური საზოგადოებების წევრი; საქართველოს საისტორიო საზოგადოების საპატიო უცხოელი წევრი (1977); საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საპატიო აკადემიკოსი (1983); 1964 წლიდან, ყოველწლიურად (15 წლის განმავლობში) ირჩევდნენ მეცნიერული პრესის საერთაშორისო ასოციაციის ვიცე–პრეზიდენტად.
კალისტრატე და ნინო სალიების სურვილით 1980 წელს საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს გადაეცა მათი პირადი ბიბლიოთეკა და ნივთები. წიგნადი ფონდი განსაკუთრებით მდიდარია ქართველოლოგიური და ორიენტალისტური ლიტერატურით, ლექსიკონებით, ენციკლოპედიებითა და სხვა უნიკალური გამოცემებით, რომლებიც მთელს მსოფლიოში ბიბლიოგრაფიულ იშვიათობად არის მიჩნეული. დღეს ხელნაწერთა ცენტრში გახსნილი ნინო სალიას სახელობის ბიბლიოთეკით ბევრი მეცნიერი სარგებლობს. აქ დაცულია 4400 ერთეული წიგნი და პერიოდული გამოცემა ფრანგულ, ინგლისურ, გერმანულ, იტალიურ, ბერძნულ, ესპანურ, ლათინურ და სხვა ენებზე. მემორიალურ კაბინეტში ინახება კალისტრატე და ნინო სალიების პირადი ნივთები, რომლებსაც სამუზეუმო ექსპონატის სტატუსი აქვთ მინიჭებული.
სალიების ოჯახის მოღვაწეობას კიდევ იმ მხრივაც ჰქონდა დიდი ისტორიულ–კულტურული მნიშვნელობა, რომ მათ შემოგვინახეს საზღვარგარეთ გარდაცვლილი ზოგიერთი ქართველი მეცნიერის, მწერლისა და საზოგადო მოღვაწის პირადი არქივები, რომლებიც დღეს საქართველოშია.
კალისტრატე სალია 1986 წელს პარიზში აღესრულა. თავდაპირველად დაკრძალეს ლევილის სასაფლაოზე. 1988 წლის 27 თებერვალს კი, ანდერძის თანახმად, მისი ფერფლი ქართულ მიწას მიაბარეს დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. დაკრძალულია მეუღლესთან ერთად. მათ შთამომავალი არ დარჩენიათ.გრიგოლ ბასილიასგან