უყვარდა გაზაფხული და ნუშის აფეთქება, უყვარდა მამული და სიცოცხლე...
დედას ბავშვივით იფიცებოდა, უმეგობროდ ვერ ძლებდა. ეთაყვანებოდა თბილისს და თავის უნივერსიტეტს. რატი ხომ თბილისის მკვიდრი იყო და სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი. კლასიკურ ფილოლოგიას ეუფლებოდა და ვარდისფრად ესახებოდა მომავალი...
შარშან, იმ ავბედით ზაფხულს კი, როგორც კი საქართველოს ძირძველი მიწის მთლიანობისათვის აფხაზეთში სისხლი დაიღვარა, რატი კიკაჩეიშვილი მაშინვე უყოყმანოდ ჩადგა სამშობლოს დამცველთა შორის. იგი იბრძოდა მოხალისეთა გვარდიის სპეცდანიშნულების რაზმში, რომელსაც აკია ბარბაქაძე მეთაურობდა.
იდგა აგვისტო, რიცხვი 30, წელი 1992... ეს დღე რატისთვის. საბედისწერო გამოდგა, 21 წლის ჭაბუკი ბზიფის ხეობაში აფხაზი სეპარატისტების მიერ ნასროლმა ტყვიამ იმსხვერპლა. დაიმსხვრა ლამაზი ოცნებები...
მწარედ დაიტირეს თანაკლასელებმა გმირი. რა შეუმჩნევლად დავაჟკაცებულა ბიჭი... თითქოს გუშინ იყო, 150-ე საშუალო სკოლის ეზოში თანატოლებთან ერთად ბურთს რომ დასდევდა...
მწარედ დაიტირეს უნივერსიტეტელმა მეგობრებმაც კაი ყმა, რომელიც „სულეთს შავიდა ხმლიანი, ლაღი, ლაღისა ცხენითა“ და ისიც ირწმუნეს, რომ ეს სტრიქონები პოეტს სწორედ რატი კიკაჩეიშვილისთანა ვაჟკაცისათვის მიუძღვნია და მის ქებას გარდასულ გმირებთან ერთად ჩვენც უშურველად გავიღებთ.
უყვარდა გაზაფხული და მის დადგომას ვეღარ მოესწრო. აფეთქებული ნუშის რტოებით შეამკობენ თანატოლნი გმირი ჭაბუკის მუდმივ სამყოფელს. რატის სიცოცხლის გაგრძელებაც სწორედ ეს არის.
იზაბელა გერმესაშვილი
გიორგი რურუას სტატია
1992 წელს რატის და მიშიკოს ( ხულიგანა ) ბოლოჯერ შევხდი გაგრის საავადმყოფოში.
კოლხიდის მთაზე დილის 5-6 საათისთვის დაიწყო შემოტევა და პირველი ნასროლი რპგ-ც ფეხებთან გამისკდა.მივიღე კონტუზია,ასე ავღმოჩნდი გამთენიისას საავადმყოფოში. ნელნელა დაიწყო დაჭრილების მოყვანა.მსუბუქად დაშავებულები ეზოში გადაგვიყვანეს.რომელიც
გადავსებული იყო მებრძოლეებით,ახალი შეტევა იწყებოდა ბიჭვინთის მიმართულებით.
რატიც და ხულიგანაც იქ ვნახე,იმ დღის ჩამოსულები იყვნენ.ერთი სული ქონდათ ბრძოლაში ჩაბმულიყვნენ.
რამოდენიმე ხანი ჩემი თხოვნით ჩემთან დაყვეს,რომ შემდეგ ერთად წავსულიყავით ოპერაციაზე.თავი და გონება ერთიანად დაბინდული მქონდა,თითქოს ძილღვიძილში ვიყავი,ჩამეძინებოდა,გამეღვიძებოდა …
ბიჭები ისევ იქ იყვნენ.
ხათრი არ გამიტეხეს,რამოდენიმე ხანი ჩემთან დაყვეს და როცა მიხვდენენ რომ ჩემი მდგომარეობა რთული იყო,უთქმელად წავიდნენ.
ჩვენთან ერთად იყო ლაშა ნიკოლაიშვილი ,ალეკო მეტრეველი.
იმ დღეს დაიღუპა,კოტე ჯანჯღავა,შემდეგ მიშიკო ბურძგლა,პავლიკა იოსელიანი …