მაიორი სოსო იროდიონის ძე სიჭინავა დაიბადა 1961 წლის 2 იანვარს ქალაქ სოხუმში, მფრინავისა და მედმუშაკის ოჯახში. დედამ, ქეთევან ლემონჯავამ,სოსოს სიცოცხლისადმი სწრაფვა შეაყვარა, მამამ კი – გულადობა და სიმამაცე.
სოხუმის მე-11 საშუალო სკოლის მერვე კლასის დამთავრების შემდეგ სოსომ გადაწყვიტა საბჭოთა არმიის ოფიცერი გამხდარიყო და სწავლა საბჭოთა კავშირის გმირის გენერალ-პოლკოვნიკ კონსტანტინე ლესელიძის სახელობის საქართველოს რესპუბლიკურ სპეციალიზებულ სკოლაში განაგრძო.
წარჩინებით სწავლობდა, რისთვისაც არაერთი მადლობის წერილი მიიღეს სკოლის ხელმძღვანელებმა, მომავალი ოფიცრის მშობლებმა.
სოსო სიჭინავამ 1983 წელს ქალაქ ბაქოს უმაღლესი სამხედრო მოტომსროლელთა სამეთაურო სასწავლებელი დაამთავრა. 1984-1986 წლეებში მსახურობდა ავღანეთში, ხოლო 1986-1991 წლებში – სსრკ თავდაცვის სამინისტროში სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე.
მაიორმა სოსო სიჭინავამ თავისი ხანმოკლე სიცოცხლის მანძილზე თავი გამოიჩინა, როგორც მამაცმა მებრძოლმა, ნიჭიერმა ოფიცერმა, რაც არაერთხელ დაადასტურა მისი სამხედრო სამსახურში ყოფნის პერიოდში. ამ ხნის განმავლობაში, როგორც საუკეთესო მეომარი და ხელმძღვანელი, დაჯილდოვდა წითელი ვარსკვლავის ორდენით (MM#3745008), საიუბილეო მედლით, მედლებით უმწიკვლო სამსახურისათვის და სსრკ უმაღლესი საბჭოს სიგელით.
1992 წლის 25 დეკემბრიდან სოსო სიჭინავა მსახურობდა სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში, სპეციალური დანიშნულების მთავარი სამმართველოს კონტრდაზვერვის ქვეგანყოფილების უფროსად. 1993 ფულის 26 ოქტომბერს საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლაში ერთ-ერთი ოპერაციის შესრულებისას იგი გმირულად დაიღუპა.
სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობისთვის საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 1993 წლის 26 დეკემბრის #268 ბრძანებულებით მაიორი სოსო სიჭინავა დაჯილდოვებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით სიკვდილის შემდეგ.