დიმიტრი კორახაშვილი ილიას ძე დაიბადა 1970 წლის 14 იანვარს ქ. თბილისში.
ხშირად გაგვიგია, დრო ყველაფრის მკურნალიაო. მაგრამ ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული და დაღუპული შვილების დედებისთვის ეს დრო ძლერი მონატრებისაა.
1992 – 1993 წ. ავბედითი წლები ცეცხლის ალსა და ტყვიის წვიმაში გაეხვია საქართველოს ულამაზესი კუთხე - აფხაზეთი.
ოდითგანვე ღრღნიდა საქართველოს სხეულს გარეშე თუ შიდა მტერი. ოდითგანვე ეჭირა ქართველს ერთ ხელში იარაღი და მეორეში გუთანი.
ერთ-ერთი მათგანი, საქართველოს შვილი, პატრიოტი, თავისი მშობლების მოსიყვარულე იყო დიმიტრი კორახაშვილი, რომელიც ირიცხებოდა “საქართველოს მხედრიონის “ წევრად 1992 წლის იანვრიდან, იღებდა მონაწილეობას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში.
ქ-ნი ლიანა, დიმიტრის დედა ამბობს: “თურმე რა შვილი ჰყოლია არ იცოდა, რამდენჯერმე აფხაზეთში მიმავალ შვილის დაბრუნებას ცდილობდა, მაგრამ მან მაინც თავისი გაიტანა, როგორ ჰყვარებია სამშობლო. ახლაც კი ჩაესმის დიმიტრის დედას თავისი შვილის სიტყვები ყურებში, თითქოს არცხვენდა მშობელ დედას და ღალატში ბრალს დებდა: “მე არ წავიდე, დედა, სხვა არ წავიდეს, აბა ვინ უნდა დაიცვას საქართველო, იქნებ ხვალ თბილისშიც შემოვიდნენ და ეს ბავშვებიც (დისშვილებს გულისხმობდა) დაგვიხოცონ, მერე რა თვალით შევხედო ქვეყანას, ხალხს. სირცხვილიან სიცოცხლეს სახელოვანი სიკვდილი მირჩევნიაო“.
დიმიტრი იყო ძალზე კეთილი, ოჯახის, მეგობრებისა და მშობლების მოსიყვარულე. ჰქონდა იუმორის გრძნობა, მეგობრისთვის თავის განწირვა შეეძლო, მასზე სუსტს არ დაჩაგრავდა, მშიერს დააპურებდა, შიშველს თავისი სამოსელით შემოსავდა, სხვისთვის არაფერი ენანებოდა.
დაიკარგა უგზო-უკვლოდ ქ. სოხუმში 1993 წლის 22 სექტემბერს.
თითქოს აქ დამთავრდა მისი სიცოცხლე . . . არ და არა! “ჩვენ შეიძლება ბრძოლაში მოვკვდეთ, მაგრამ არც მაშინ ვტოვებთ სიცოცხლეს!“
მრავალი ჭაბუკის ბედი უცნობია და მათ შორის დიმიტრის ადგილ-სამყოფელიც, მაგრამ იმედი არის, რომ საქართველო მიაღწევს ნამდვილ სუვერენიტეტს. აი, სწორედ ამის შემდეგ დაფასდება დაკარგული შვილების თავგანწირვა. ოჯახის წევრებსა და მეგობრებს თავიანთ გულებში დიმიტრის დაბრუნების იმედი არასოდეს ჩაქრება.
მარინა ნაჭყებია დ.1956წ. აფხაზეთის მებრძოლთა მკვლევარი დ. სოხუმი აფხაზეთი