აზორკი , არსოკ , ფარნუკ I, იგივე ხსე-ფარნუგ. არამეულის დამწერლობით შესრულებულ წარწერაში: Hsjprnwg, ბერძნულ წარწერაში: Ξηφαρνούγός[11] (ქართ. ქსეფარნუგი) (გ. 103) — ფარსმან I-ის ძე. მამის გარდაცვალების შემდეგ, არმაზის ტახტი დაიკავა. ის ერთობლივად მეფობდა მის ბიძაშვილთან, მცხეთის მეფე არმაზელთან ერთად 87 – 103 წლებში. მოიხსენიება არმაზის ბილინგვის სერაფიტის წარწერაში.
პავლე ინგოროყვას „ძველი ქართული მატიანე "მოქცევაჲ ქართლისაჲ" და ანტიკური ხანის იბერიის მეფეთა სია“ (გვერდი 521) XVII „იმიერ“ მეფედ წარმოგვიდგენს [ფ]არ[ნ]უკ II-ს, მას შეესაბამება ქართულ წყაროებში მოხსენიებული აზორკი. მისი XVII-ა „ამიერი“ თანა-მეფეა არმაზაერი (არმაზელი).
აზორკის და არმაზელის სამეფო წყვილიდან პროფესორი გიორგი მელიქიშვილი "აზორკს" განსაზღვრავს როგორც მითრიდატე I-ის სავარაუდო ადგილობრივ სახელს, "არმაზელს" კი როგორც არმაზის ტერიტორიულ ეპითეტს.
სერგი გორგაძის „საქართველოს ისტორიის“მიხედვით: აზორკი, იგივე მითრიდატე II-ა.
ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის მიხედვით: „მითრიდატე II, ქართლის (იბერიის) მეფე, ფარსმან I-ის ძე. მეფობდა I საუკუნის 70-იან წლებში. იხსენიება 75 წლით დათარიღებულ ბერძნულ წარწერაში, რომელიც 1867 წელს მცხეთის მახლობლად იპოვეს. მასში ნათქვამია, რომ იბერთა მეფე მითრიდატეს, ფარსმან მეფისა და დედოფალ ჰამასასპუხის ძეს, კეისრის მეგობარსა და რომაელთა მეგობარს, რომაელებმა ციხის გალავანი გაუმაგრეს. მითრიდატე II იხსენიება აგრეთვე არმაზისხევის სამაროვანზე 1940 წელს აღმოჩენილ ერთენოვან "არმაზულ" წარწერაში, როგორც იბერთა "მეფე დიდი, ძე ფარსმანისა, დიდი მეფისა". აქვე ლაპარაკია მისი მეთაურობით იბერთა მიერ მოპოვებულ გამარჯვებებზე.“