სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11124

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
წმიდანები
წმიდა თამარ მარჯანიშვილი 1869-1936წწ ხსენება 10 (23) ივნისი  დაბ. ყვარელი წმიდა თამარ მარჯანიშვილი 1869-1936წწ ხსენება 10 (23) ივნისი  დაბ. ყვარელი

1869-1936 წწ. გარდ. 67 წლის

ბმულის კოპირება

წმიდანები

გვარი მარჯანიშვილი სია

ყვარელი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

457       ბეჭდვა

წმიდა თამარ მარჯანიშვილი 1869-1936წწ ხსენება 10 (23) ივნისი დაბ. ყვარელი

რუსეთის წმინდა სინოდის დადგენილებით, ქართველ წმინდანს, თამარს (მარჯანიშვილი) რუსეთის საეკლესიო კალენდარში შეიყვანენ, რომლის ხსენების დღედ 10/23 ივნისი დაწესდება, როგორც ეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კალენდარშია აღნშნული.

წმინდა თამარი სხვადასხვა დროს სამი მონასტრის – ბოდბის (საქართველო), პაკროვსკის (მოსკოვში) და სერაფიმე-ზნამენსკის სკიტის (მოსკოვის მახლობლად) იღუმენია იყო.

წმინდა თამარის (მარჯანიშვილი) საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად 2016 წლის 22 დეკემბერს შერაცხა.



წმინდა თამარი 1868 წლის 1 აპიროლს საქართველოში, ყვარელში დაიბადა და 1936 წლის 23 ივნისს გარდაიცვალა.



თამარ მარჯანიშვილი (დ. 1 აპრილი1869 — გ. 10 ივნისი1936) — ქართველი სასულიერო პირი.

თამარ მარჯანიშვილი (ცნობილი რეჟისორის კოტე მარჯანიშვილის უფროსი და) სამხედრო ინჟინერ ალექსანდრე მარჯანიშვილისა და თავადის ასულ ელისაბედ ჭავჭავაძის ოჯახში დაიბადა. თამარს ბავშვობიდანვე ბრწყინვალე მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ, ჰქონდა მუსიკალური ნიჭი და შესანიშნავი ხმა. კავკასიის ქალთა ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, პეტერბურგის კონსერვატორიაში შესასვლელად ემზადებოდა, მაგრამ დედის გარდაცვალების გამო (მამით ბავშობაშივე დაობლდა) პეტერბურგიდან ყვარელში დაბრუნდა და მშობლიური მამულის მართვა იკისრა.


ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერში თამარი შემთხვევით მოხვდა. ზაფხულში უმცროს და–ძმასთან ერთად დეიდასთან სტუმრობდა სიღნაღში. მეგობრებთან ერთად სეირნობისას ბოდბის ტაძარსაც ეწვია, სადაც საღვთო ლიტურგია მიმდინარეობდა. კლიროსზე იდგა იღუმენია იუვენალია და ლოცვებს კითხულობდა, რამდენიმე და გალობდა. ტაძარში გამეფებულმა სულიერმა ატმოსფერომ თამარზე ისე იმოქმედა, რომ მტკიცედ გადაწყვიტა მონაზვნად აღკვეცილიყო და მთელი ცხოვრება ღვთის სამსახურისთვის მიეძღვნა. ახლობლები ბევრს ეცადნენ იგი საერო ცხოვრებაში დაებრუნებინათ, მაგრამ ამაოდ. 1899 წელს თამარი მონაზვნად აღიკვეცა და საეკლესიო სახელად იუვენალია ეწოდა. 1902 წელს იღუმენია იუვენალია–უფროსი გადაყვანილ იქნა მოსკოვში ერთ–ერთი მონასტრის წინამძღვრად. იუვენალია–უმცროსი კი საქართველოს ეგზარქოსის ბრძანებით ბოდბის მონსატრის იღუმენიად განამწესეს. ეს იყო უმძიმესი წლები რუსეთის იმპერიაში შემავალი საქრთველოსა და ქართული ეკლესიისათვის. იკრძალებოდა წირვა–ლოცვა ქართულ ენაზე. ამ ურთულეს პერიოდში, თამარ მარჯანიშვილის ძალისხმევით ბოდბის ქალთა სასწავლებელში ქართული ენის სწავლება სავალდებულო გახდა პირველიდან დამამთავრებელ კლასამდე. მისივე დამსახურებით ბოდბის მონასტერში წირვა–ლოცა და გალობა ქართულად აღევლინებოდა. წინამძღვარი მუდმივად ზრუნავდა ქართველ პედაგოგთა და მოსწავლეთა მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და სისტემატურად ითხოვდა ფულად დახმარებას საქართველოს საეგზარქოსოსა თუ რუსეთის სინოდისაგან. მისი შეუპოვრობა და თავგანწირვა მხოლოდ უდიდესი ძალისხმევის შემდეგ აღწევდა მიზანს.


1905-1907 წლებში რევოლუციურად განწყობილი მთიელები თავს ესხმოდნენ საქართველოს მშვიდობიან მოსახლეობას, გლეხები ხშირად მიმართავდნენ დახმარებისათვის დედა თამარს და ისიც ყველას ეხმარებოდა, იცავდა და თავშესაფარს აძლევდა მონასტერში. რევოლუციონერები განაწყებენულები იყვნენ ახალგაზრდა იღუმენიაზე და ხშირად უგზავნიდნენ მუქარის ანონიმურ წერილებს. 1907 წლის ნოემბერში თავდასხმა მოხდა ეტლზე, რომლითაც თამარი თბილისიდან ბოდბეში მიემგზავრებოდა. სინოდმა შექმნილი მდგომარეობით ისარგებლა და დედა თამარი საქართველოდან გაიწვია. ეს ფაქტობრივად გადასახლებას ნიშნავდა. თამარ მარჯანიშვილი მოსკოვში გადაიყვანეს და პოკროვის რელიგიური თემის წინამძღვრად დანიშნეს. დედა თამარს არ უყვარდა თავისი ცხოვრების ამ პერიოდის გახსენება. მან ერთდროულად დაკარგა მშობლიური სავანე, სამშობლო და სულიერი შვილები.

1908 წელს სერაფიმო–პონეტაევის მონასტერში ლოცვისას დედა თამარს ღვთისმშობელი გამოეცხადა და მონასტრის დაარსება ურჩია. სწორედ ამ პერიოდში მას განდეგილად ცხოვრების სურვილი ჰქონდა, მაგრამ სასულიერო მამების რჩევით გადაწყვიტა დამორჩილებოდა ღვთისმშობლის ნებას. 1910-1912 წლებში დედა თამარის ინიციატივით რუსულმა ეკლესიამ სერაფიმე–ზნამენსკის სკიტი ააშენა. სწორედ აქ, 1915 წლის 21 სექტემბერს, თამარ მარჯანიშვილი დიდი სქიმით შეიმოსა და სქიმიღუმენია თამარი გახდა. ამ დროიდანვე ეწოდა მას რუსიფიცირებული სახელი ფამარი. სერაფიმო–ზნამენსკოეს სავანემ მხოლოდ თორმეტი წელი იარსება. 1924 წელს ბოლშევიკებმა სავანე გაანადგურეს. დები სხვადასხვა მხარეს დაიფანტნენ. დედა თამარმა პატარა სახლი იშოვა პერხუშკოვოს დასახლებაში და იქ დაიდო ბინა თავის ათ დასთან ერთად. პერხუშკოვოში ცხოვრება დაახლოებით ისე აეწყო როგორც სავანეში.

1931 წელს დედა თამარი რამდენიმე მონაზონთან ერთად დააპატიმრეს. ბრალდებად საქართველოს 1924 წლის აგვისტოს აჯანყების მოთავეებთან კავშირი წაუყენეს და ბუტირკის ციხეში ჩასვეს. ციხეში მთელ ღამეებს ლოცვაში ატარებდა, საოცარი სულიერი ძალის მქონე მუდამ ცდილობდა სხვათა დამშვიდებასა და დაწყნარებას. გასამართლების შემდეგ 60 წლის დედა თამარს გამოუტანეს განაჩენი – ხუთი წლით თავისუფალი გადასახლება ირკუტსკის ოლქში.

კოტე მარჯანიშვილი ყოველ ღონეს ხმარობდა დის გასათავისუფლებლად, მაგრამ მის თხოვნას ხელისუფლება მუდმივად უგულვებელყოფდა. კოტე მარჯანიშვილის გარდაცვალების შემდეგ მისმა მეგობრებმა მაქსიმ გორკიმ და მხატვარმა პავლე კორინმა შეუძლებელი შეძლეს და სქიმიღუმენი თამარი 1934 წლის შემოდგომაზე ვადაზე ორი წლით ადრე დააბრუნეს გადასახლებიდან.

დედა თამარს საქართველოში ცხოვრების უფლება არ მისცეს. დასახლდა მოსკოვთან ახლოს რკინიგზის სადგურ „პიონერსკაიასთან" მდებარე პატარა სახლში. იგი უკვე მძიმე ავადმყოფი იყო, გადასახლებაში სამხრეთელი ადამიანისათვის უჩვეულო კლიმატს ვერ გაუძლო და ტუბერკულიოზით დაავადდა.

დედა თამარი 1936 წლის 10 ივნისს 67 წლის ასაკში გარდაიცვალა. წესი სერპუხოვის მთავარეპისკოპოსმა მეუფე არსენმა (ჟადანოვსკი) აუგო. დაკრძალულია მოსკოვში ვედენის მთაზე. მის საფლავზე არის წარწერა: „რომელი მრწმენა , ცხონდესვე უკუნისამდე".




სტატია, http://www.orthodoxy.ge/biografiebi/deda_tamari/deda_tamari.htm



ძმა კოტე მარჯანიშვილი 1972-1933წწ გარდ. 61 წლის, რეჟისორი, საფუძველი ჩაუყარა ქართულ საბჭოთა თეატრს დაბ. ყვარელი კახეთი

სქემიღუმენია თამარი (ფამარი), ერისქალობაში თამარ ალექსანდრეს ასული მარჯანიშვილი (ცნობილი რეჟისორის - კოტე მარჯანიშვილის უფროსი და), თავადის ასული, დაიბადა გასული საუკუნის 60-იან წლებში. იგი იყო მდიდარი ქართული ოჯახის შვილი, მიღებული ჰქონდა უაღრესად კარგი აღზრდა-განათლება. მარჯანიშვილების ოჯახში უფრო არისტოკრატული ატმოსფერო სუფევდა, ვიდრე სასულიერო. როგორც მრავალ თავადურ ოჯახში, აქაც მოწიწებით ინახავდნენ იმ დროს ძვირფას ტრადიციებს. მამა - ალექსანდრე გარდაიცვალა ჯერ კიდევ მაშინ, როცა თამარი ძალიან პატარა იყო, ხოლო დედა 20 წლის ასაკში დაეღუპა.


თამარს ჰქონდა დიდი მუსიკალური ნიჭი და შესანიშნავი ხმა, ემზადებოდა პეტრბურგის კონსერვატორიაში შესასვლელად, ჰყავდა ნიჭით, გარეგნობითა და ვაჟკაცობით გამორჩეული საქმრო... მაგრამ მოულოდნელად ბედის ბორბალი სულ სხვა მიმართულებით დატრიალდა.


დედის გარდაცვალების შემდეგ, ზაფხულში, იგი თავის დასა და ორ უმცროს ძმასთან ერთად სტუმრობდა ქალაქ სიღნაღში, დეიდასთან. აქ, ქალაქის ახლოს, სოფელ ბოდბეში მდებარეობდა იმჟამად ახალი დაარსებული წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერი. ერთ დღეს ახალგაზრდებმა გადაწყვიტეს სწვეოდნენ ახალ მონასტერს. მართლაც, ჩავიდნენ ბოდბეში და შევიდნენ ტაძარში. მიმდინარეობდა საღვთო ლიტურგია. კლიროსზე იდგა იღუმენია იუბენალია და ლოცვებს კითხულობდა. რამდენიმე და გალობდა. ახალგაზრდები ერთხანს უსმენდნენ წირვას და მერე უხმაუროდ გამოვიდნენ ტაძრიდან. თამარი მარტო დარჩათ წირვის ბოლომდე. იგი საოცრად მოაჯადოვა აქ გამეფებულმა სულიერმა ატმოსფერომ და მაშინვე მტკიცედ გადაწყვიტა - აღკვეცილიყო მონაზვნად და მთელი ცხოვრება ღვთის სამსახურისათვის მიეძღვნა.


როცა წირვა დამთავრდა, თამარი მივიდა იღუმენიასთან, აუწყა თავისი სურვილი და სთხოვა მიეღო მონასტერში. ამასობაში ახალგაზრდებმა თამარის საძებრად გამოგზავნეს მისი ბიძაშვილი, 14 წლის ყმაწვილი, რომელიც იმ დროს შემოვიდა ეკლესიაში, როცა თამარი იღუმენიას ესაუბრებოდა. ყმაწვილმა მოისმინა ყველაფერი, გამოვიდა ეკლესიიდან და ახალგაზრდებს აუწყა თამარის გადაწყვეტილება. ახალგაზრდებმა სასაცილოდ აიგდეს. „თამარს მონაზვნობა უნდა!“ - ხარხარებდნენ ისინი. სახლში დაბრუნებულებმა ეს ამბავი ნათესავებს უამბეს.


თამარმა მათ განუცხადა, რომ მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი მონაზვნად აღკვეცა. ვერანაირმა თხოვნამ, მუდარამ, ვერც დაცინვამ ვერ გაჭრა და თამარს ხელი ვერ ააღებინა ჩანაფიქრზე. მაშინ ახლობლებმა გადაწყვიტეს მისი გულისყური როგორმე მოეწყვიტათ მონასტერზე ფიქრისათვის და გულის გადასაყოლებლად თბილისში ჩამოიყვანეს. იგი გასართობად დაჰყავდათ კონცერტებსა და თეატრებში.


„მახსოვს, - ყვებოდა დედა თამარი, - ვზივარ თეატრში და ჯიბეში ხელით კრიალოსანს ვმარცვლავ“.


ბოლოს, როცა თამარი დარწმუნდა, რომ ნათესავებსა და ახლობლებს არ უნდოდათ მისი მონასტერში გაშვება და მონაზვნად აღკვეცა, იგი ჩუმად გაიპარა სახლიდან და მივიდა მონასტერში. ახლობლებმა მიაგნეს მას, მაგრამ თამარმა უარი განაცხადა დაბრუნებაზე. ბოლოს დედა იუბენალიამ დაიყოლია ნათესავები და მათაც დართეს ნება თამარს ევლო მის მიერ არჩეული გზით.


მონასტერში იგი ცხოვრობდა იღუმენია იუბენალიას უშუალო ხელმძღვანელობით, რომელსაც ძალიან შეეთვისა თამარი.


ცოტა ხნის შემდეგ თამარი მონაზვნად აღკვეცეს, საეკლესიო სახელად კი იუბენალია უწოდეს. მეუფე არსენმა მიამბო, რომ რამდენიმე ადამიანის ცნობით, რომლებიც დედა ფამარის მონაზვნად აღკვეცას ესწრებოდნენ, იმ დროს მის თავზე თეთრი მტრედი დაფარფატებდა.


1902 წელს იღუმენია იუბენალია-უფროსი გადაყვანილ იქნა მოსკოვში, სადაც ერთ-ერთი მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა. იუბენალია-უმცროსი კი საქართველოს ეგზარხოსის ბრძანებით ბოდბის მონასტრის იღუმენიად განამწესეს. ამდენად, სრულიად ახალგაზრდა დედა თამარი გახდა წმინდა ნინოს სახელობის მონასტრის იღუმენია, იმ მონასტრისა, რომელშიც იმხანად სამასი და იმყოფებოდა. იგი თავდაპირველად ძალიან დარდობდა და განიცდიდა სულიერ დედასთან - იუბენალიასთან განშორებას, რომელიც მშოებელი დედის მაგივრობასაც უწევდა მას. დედა თამარს იმ დროს დიდი დახმრება აღმოუჩინა იოანე კრონშტადტელმა.


ძალიან უყვარდა ბოდბის მონასტერი დედა თამარს, ხშირად იგონებდა მას, მაგრამ იგი დიდხანს არ ყოფილა მისი წინამძღვარი.


 


რუსეთში გადასახლება

1905 წელს რევოლუციურად განწყობილი მთიელები თავს ესხმოდნენ საქართველოს მშვიდობიან მოსახლეობას, აწიოკებდნენ და ყოველნაირად ავიწროებდნენ მას. გლეხები ხშირად მიმართავდნენ დახმარებისათვის დედა თამარს და ისიც ყველას ეხმარებოდა, თავგამოდებით იცავდა და თავშესაფარსაც აძლევდა მონასტერში. რევოლუციონერები ძლიერ განაწყენებული იყვნენ ახალგაზრდა იღუმენ იუბენალიაზე, ხშირად უგზავნიდნენ მუქარის ანონიმურ წერილებს. პეტერბურგში, სინოდში, შეშფოთებულნი იყვნენ დედა ფამარის ბედით, რომლის სიცოცხლესაც აშკარა საფრთხე ემუქრებოდა. ამიტომ უწმიდესი სინოდის ბრძანებით, შეიძლება ითქვას, დედა თამარის სურვილის წინააღმდეგ, იგი გადაყვანილ იქნა მოსკოვში და დაინიშნა პაკროვის საზოგადოების წინამძღვრად. დედას არ უყვარდა მისი ცხოვრების ამ პერიოდსი გახსენება.


რამდენადაც მახსოვს, პოკროვის საზოგადოების მონაზვნები მუშაობდნენ მოწყალების დებად, ისე როგორც მართა-მარიას საზოგადოების წევრები (ოღონდ ესენი არ იყვნენ მონაზვნები). პოკროვის საზოგადოების წინამძღვრად ყოფნისას დედა თამარი ძალიან დაუახლოვდა დიდი თავადის თევდორეს ასულს ელიზაბეტას, მართა-მარიას საზოგადოების დამაარსებელს, რომელსაც ყოველთვის განსაკუთრებული სითბოთი და სიყვარულით იგონებდა.


როგორც აღვნიშნე, დედა თამარი ძალიან იშვიათად და ცოტას ყვებოდა თავისი ცხოვრების ამ პერიოდზე. ვფიქრობ, მას მაინცდამაინც გულზე არ ეხატებოდა პოკროვის საზოგადოება. ყოველ შემთხვევაში, სწორედ აქ გაუჩნდა მას სურვილი, და ეს სურვილი შემდგომ უფრო განუმტკიცდა, განმარტოებულიყო და ბინა დაედო საროვოს მონასტრის მახლობლად, მისი წინამძღვრის სერაფიმეს მფარველობაში, რომელიც ძლიერ ახლოს იყო მასთან, მაგრამ საროვოში, უფრო სწორად, სერაფიმო-პონეტაევის მონასტერში, სადაც 1908 წლის ივნისში მივიდა და საიდანაც დადიოდა საროვოში, დედა თამარმა ერთხელ, როცა ღვთისმშობლის ხატის წინ ლოცულობდა, თითქოს ბრძანება მიიღო მისგან. ეს საოცარი ნიშანი რამდენჯერმე განმეორდა. დედა თამარი მიხვდა: ღვთისმშობელს არ სურს, რომ მან მარტოობაში განვლოს თავისი ცხოვრება. იგი ავალებდა შეექმნა ახალი სავანე, არა მარტო თავისთვის, არამედ სხვებისთვისაც. ძალზე ძნელი აღმოჩნდა დედა თამარისთვის ხელი აეღო განდეგილობაზე. თან შიშობდა: საცდური ხომ არ იყო ღვთისმშობლის ეს ბრძანება? გადაწყვიტა რჩევა ეკითხა გამოცდილი სასულიერო პირისათვის და ოქტომბერში გაემართა ზოსიმეს უდაბნოში, განდეგილ მამა ალექსისთან. მან მოუსმინა დედა თამარს და მტკიცედ განუცხადა, რომ იგი არ უნდა მიეცეს განმარტოებას, იგი ვალდებულია დააარსოს ახალი სავანე, როგორც ამას თავად ღვთისმშობელი ავალებს.


ხელაღებით მაინც არ მიუღია ეს გადწყვეტილება დედას. ფრიად ეძნელებოდა უარი ეთქვა განმარტოების სანუკვარ სურვილზე. მაგრამ მოსკოვში დაბრუნებულს მოულოდნელი ამბავი დახვდა: რიაზან-ურალის რკინიგზის სამმართველო მოლაპარაკებას იწყებდა პოკროვის საზოგადოებასთან, რათა რკინიგზის საჭიროებისათვის ეყიდა ტყიანი სააგარაკო ნაკვეთი, რომელიც საზოგადოებას ეკუთვნოდა. მოლაპარაკება გაჭიანურდა, მაგრამ ბოლოს დედა თამარის სურვილის მიხედვით დამთავრდა, რკინიგზის სამმართველოს უარი ეთქვა ნაკვეთის შესყიდვაზე. სწორედ ამ პერიოდში, ტყიანი აგარაკის დათვალიერებისას, რომელსაც მანამდე არ იცნობდა დედა თამარი, მივიდა დასკვნამდე, რომ ეს იყო იდეალური ადგილი ახალი სავანის დასაარსებლად. უნდოდა ამ დიდი და სერიოზული საქმის დაწყებამდე ერთხელ კიდევ შეემოწმებინა საკუთარი თავი და რჩევისათვის მივიდა გამოცდილ ბერ მამა ანატოლისთან, რომელიც დაჟინებით მოუწოდებდა შეესრულებინა თვით ღვთისმშობლისაგან მიღებული დავალება. დედა კიდევ რამდენჯერმე ჩავიდა მამა ალექსი ზოსიმელთან, რომელიც მთელი სულითა და გულით უჭერდა მხარს ახალი სავანის დაარსებას. მამა ალექსისთან ბოლო სტუმრობიდან დაბრუნებისას დედა ფამარმა სერგიევის სამების ლავრაში შეიარა, რათა მოთათბირებოდა მამა თობიას. დედა თამარი სულის სიღრმეში იმედოვნებდა, რომ მამა თობია, როგორც გამოცდილი და საქმიანი ადამიანი, ურჩევდა უარი ეთქვა ასეთ მძიმე წამოწყებაზე, მაგრამ მან ჯერ სიყვარულით და ყურადღებით მოუსმინა დედა თამარს, შემდეგ კი დალოცა ახალი სავანის შესაქმნელად.




სერაფიმო-ზნამენსკოეს

მონასტრის ტაძარი


ამდენად, ბერების - მამა ალექსი ზოსიმელის, მამა ანატოლი ოპტინელისა და სერგიევის სამების ხელმძღვანელის მამა თობიას რჩევითა და ლოცვა-კურთხევით საბოლოოს გადაწყდა სერაფიმო-ზნამენსკოეს ახალი სავანის დაარსება. აშაკარა იყო ღვთის შემწეობა რიაზან-ურალის რკინიგზის სამმართველოსთან მოლაპარაკებისას, მას საბოლოოდ უარი ეთქვა მიწის აღნიშნული ნაკვეთის შესყიდვაზე. ღვთის აშკარა შემწეობითვე გამოჩნდა საჭირო სახსრები ამ უზარმაზარი საქმის განსასრულებლად.


1910 წლის 27 ივლისს ბალავერი ჩაეყარა ახალ სავანეს, რომელიც 1912 წლის სექტემბრამდე შენდებოდა. სავანის გარე თუ შიდა მოწყობის ყველა საჭირბოროტო საკითხებზე დედა თამარი ეთათბირებოდა მეუფე არსენ ჟადანოველს, რომელიც 1916 წლიდან მისი და სავანის ყველა დის სულიერი მოძღვარი გახდა (და იყო კიდევ სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე - 1937 წლამდე).


სავანის კურთხევა მოხდა 1912 წლის 29 სექტემბერს. იგი აკურთხა მოსკოვის მიტროპოლიტმა ვლადიმერმა, რომელიც დედა თამარისა და მისი ახალი სავანის მიმართ დიდი პატივისცემით იყო განმსჭვალული.


სერაფიმო-ზნამენსკოეს სავანემ მხოლოდ 12 წელი იარსება. იგი 1924 წელს დახურეს და გაანადგურეს ბოლშევიკებმა. დები სხვადასხვა მხარეს დაიფანტნენ. დედა თამარმა პატარა სახლი იშოვა, პერხუშკოვოს დასახლებაში და იქ დაიდო ბინა თავის ათ დასთან ერათად. ცალკე სახლში დაბინავდა მღვდელი ფილარეტი (პოსტნიკოვი). პერხუშკოვოში ცხოვრება დაახლოებით ისე აეწყო, როგორც სავანეში. უამრავი ხალხი მოდიოდა დედა თამართან რჩევა-დარიგებისათვის.


 


საპყრობილეში

1931 წელს დედა თამარი თავის რამდენიმე დასთან ერთად დააპატიმრეს. ციხეში მასთან ერთად იჯდა მისი ერთგული მორჩილი. საკანში სხვადასხვა ჯურის პატიმრები იყვნენ - პოლიტიკური და სისხლის სამართლის დამნაშავეები. როგორღაც მოხერხდა და დედა თამარს საერთო საკანში რაღაც ფარდის მსგავსით თავისი კურთხე გამოუყვეს. სისხლის სამართლის დამნაშავენი ხშრიად ხმაურობდნენ და უწმაწურ სიმღერებს მღეროდნენ, მაგრამ როგორც კი დედა თამარი სთხოვდა, მაშინვე ჩუმდებოდნენ. მთელი საკანი დიდ პატივს მიაგებდა მას. ამანათს რომ მიიღებდა, დედა თამარი ყველას თანაბრად უნაწილებდა და ისინიც ამას ისე იღებდნენ, როგორც ღვთის წყალობას.


დედა თამარს საკანში საუკეთესო ადგილი ჰქონდა დათმობილი. იქ ყველაფერი თეთრით იყო შემოსილი. დედა თამარიც ხალისიანად და მხნედ გამოიყურებოდა, მუდამ სხვათა დამშვიდებასა და დაწყნარებას ცდილობდა. ყოველ ღამე, როგორც კი საკანში სიწყნარე დაისადგურებდა, საწოლზე მუხლმოყრილი ლოცვას იწყებდა.


მასთან ყოველთვის ძღვენი მიჰქონდათ და ყოველ დილით მისი სახელით ერთ-ერთი მონაზონი ამ „ძღვენს“ იქ მყოფთ ურიგებდა. მთელ თავის „მისაგებელს“ ნაწილ-ნაწილ ყოფდა, აკურთხებდა და უგზავნიდა ყველას. მ.იუ.-სთვის მისვლისთანავე გაუგზავნია რაღაც ქვეშაგები, რომ შიშველ იატაკზე არ დაეძინა. აღარაფერს ვამბობთ ფულით შემწეობაზე. დედა თამარი ამშვიდებდა გარშემომყოფთ. ვიღაც ახალგაზრდა, შეღებილი მსახიობი ქალი თურმე ძლიერ ნერვიულობდა, ხშირად ხმამაღლა ქვითინებდა, რითაც, რა თქმა უნდა, ყველას უფუჭებდა გუნება-განწყობას. დედა თამარმა მიიხმო იგი თავისთან, დასვა, დაუწყო გამოკითხვა სამუშაოზე. მერე სთხოვა რამე წარმოეთქვა. მსახიობ ქალს შთაგონებით დაუწყია კითხვა, მაგრამ რასაც ის წარმოთქვამდა, საოცრად შეუფერებელი იყო იღუმენიას ყურთასმენისათვის, ასე რომ, მ.იუ. უხერხულად გრძნობდა თავს, ამასთანავე აღიზიანებდა მისი მიუხვედრელობა. დედა თამარმა ბოლომდე დიდი ყურადღებით მოუსმინა. მერე რაკიღა შეატყო, რომ ქალს ლაპარაკი ამშვიდებდა, თურმე ყოველდღე უხმობდა და აიძულებდა რაიმე წაეკითხა. დიდი იყო მისი ზეგავლენა საკანში მყოფ სხვადასხვა ჯურის ადამიანებზე: სხვადასხვა წრის წარმომადგენლებზე, ტროცკისტებსა და ოპოზიციონერებზე, ებრაელებზე, ქუჩის ქალებზე, რომლებითაც სავსე იყო მაშინ ქალების სატუსაღოები. ერთმა ქუჩის ქალმა ის-ის იყო დააპირა რაღაც უწმაწურობის დემონსტრირება, რომ დედამ მიმართა: „ჩემო მეგობარო, ასე რატომ იქცევი, იცოდე, აღარ მეყვარები“ და თან ისე შეხედა, რომ ამ უკანასკნელმა თურმე სამუდამოდ შეწყვიტა თავისი ჩვეული დემონსტრაციები.  არც სხვები აძლევდნენ თავს უფლებას უწესოდ მოქცეულიყვნენ.


ხშირად უნახავთ, რომ დედა თამარი მთელ ღამეებს ლოცვაში ატარებდა და ამიტომ დღისით, როცა იგი მოსასვენებლად წამოწვებოდა, მთელი ორმოცდაათკაციანი აგუგუნებული საკანი ჩუმდებოდა: „დედას სძინავს, დედა ისვენებსო“ - ერთმანეთს ეჩურჩულებოდნენდა სრულ სიჩუმეს იცავდნენ.


დედა თამარის ზეგავლენა მოუდრეკელ უფროსობაზეც ვრცელდებოდა. ქალთა აბანოებს მამაკაცები ემსახურებოდნენ. აუცილებელი იყო მთლად გაშიშვლება და ტანსაცმლის სადეზინფექციოდ ჩაბარება. ეს წესი, რა თქმა უნდა, ყველაზე ვრცელდებოდა. გამონაკლისს მხოლოდ დედა თამარისთვის უშვებდნენ.


საკნის მეორე კუთხეში თავისი მიმდევრებით ბინადრობდა ე.ა.მ. - კათოლიკური ჯგუფის თავი მოსკოვში. იგი საკმაოდ გამორჩეული პიროვნება გახლდათ. დედა თამარი და ე.ა.მ. დიდი პატივისცემით ეწვეოდნენ ხოლმე ერთმანეთს. „პატრიარქის ვიზიტი პაპთან და პაპისა პატრიარქთანო“ - ენამახვილობდა მ. იუ.


საკნის შემადგენლობა განუწყვეტლივ იცვლებოდა, მაგრამ პატიმართა დამოკიდებულება დედა თამარისადმი და მისი დამოკიდებულება პატიმერების მიმართ მუდამ იგივე რჩებოდა. ბოლოს დედას გამოუტანეს განაჩენი - ხუთი წლით თავისუფალი გადასახლება ირკუტსკის ოლქში. იგი მხნედ მიდიოდა, მისი საუცხოო თვალები ცეცხლით ბრწყინავდნენ. ბევრი ტიროდა. საკნის ყველა ბინადარი - მორწმუნე თუ ურწმუნო, ქურდი თუ ქუჩის ქალი, მიდიოდა მასთან, რათა კურთხევა ეთხოვა და ხელზე მთხვევით გამომშვიდობებოდა.


გადასახლებაში დედა თამარს თან გაჰყვა უბრალო, ჯერ კიდევ ახალგაზრდა მონაზონი, გლეხის ქალი ნიუშა. ისინი ჩამოსხეს რომელიღაც სადგურზე, ირკუტსკიდან ორასი ვერსის დაშორებით. დედა თამარი და ნიუშა ფეხით გაუდგნენ გზას დანიშნულების ადგილისაკენ. ძალა გამოეცალათ და აი, მაშინ პირველად ატირდა დედა თამარი... მერე მავანი და მავანი დაეხმარათ და ბოლოს, როგორც იქნა, დიდი გაჭირვებით მიაღწიეს გადასახლების ადგილს. დედა თამარმა იქ ხუთი წელი დაჰყო. ცხოვრობდნენ ქოხში ერთ გლეხთან. ქოხის პატრონსა და მის ვაჟიშვილ ვანიუშას ძლიერ შეუყვარდათ იგი. გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ დედა თამარი მათ წერილებს სწერდა და საჩუქრებს უგზავნიდა.


დედა თამარმა სამხრეთელი ადამიანისათვის უჩვეულო კლიმატს ვერ გაუძლო და ტუბერკულიოზით დაავადდა. საბოლოოდ ამ სენმა გამოასალმა იგი სიცოცხლეს.


რამ გადაატანინა პატიმრობის სამწლიანი გადასახლება? მას ხომ ფეხიც ტკიოდა და ჭლექიც სტანჯავდა. რამ და რწმენამ, ნებისყოფამ და დიდმა გამძლეობამ.


გადასახლებაში დედა თამარი, როგორც ადმინისტრაციის ყველა წარმომადგენელი, ორ-სამ თვეში ერთხელ ადგილობრივ კომისარიატში უნდა გამოცხადებულიყო ხელის მოსაწერად. პირველად კომისარმა ძალიან პირქუშად, ლამის მტრულად მიიღო. მაგრამ დედა თამარის სახე, რაღაც საოცარი სულიერი ძალა, რომელსაც მისი თვალების ასხივებდა, თანდათანობით მოქმედებდა და ამ ადამაინის პირქუში კილოც მალე შეარბილა. იგი უკვე მშვიდად ესაუბრებოდა დედა თამარს, ხოლო გადასახლების დასასრულს, როცა დედა თამარი უკანასკნელად გამოცხადდა კომისარიატში ხელის მოსაწერად, კომისარი საოცარი სითბოთი დაემშვიდობა და უსურვა, რომ მეტად აღარ შეხვედროდნენ ერთმანეთს. დედა თამარი რომ წამოვიდა, ცოტა ხნის შემდეგ უკან მიიხედა და დაინახა - კომისარი დერეფანში გამოსულიყო და მზერით აცილებდა მას.


დედა თამარს დიდხანს აწუხებდა ავადმყოფობა. გადასახლებისას სენი გაუძლიერდა, სულ უფრო და უფრო უარესდებოდა მისი ჯანმრთელობა.


 


ციმბირიდან დაბრუნება და გარდაცვალება

დედა თამარს გადასახლების ვადა 1934 წლის შემოდგომაზე დაუმთავრდა. დაბრუნების შემდეგ იგი დასახლდა პატარა სახლში ბელორუსიის რკინიგზის სადგურ პიონერსკაიასთან. იგი უკვე ძალიან ავად იყო. გადასახლებაში ყელის ტუბერკულიოზიც დაწყებია. ავადმყოფობა უმოწყალოდ აძაბუნებდა.


დედა თამარს სიკვდილის არასოდეს ეშინოდა. სიკვდილი მისთვის იმ სამყაროსთან შეერთებას ნიშნავდა, რომლისკენაც იყო მიმართული მისი მოღვაწეობა მთელი სიცოცხლის მანძილზე. ეს იყო ავადმყოფობით გამოწვეული ტანჯვის დასასრულიც.


დედა თამარი გარდაიცვალა 1936 წლის 10/23 ივნისს. როცა კვდებოდა, ყველას სთხოვდა ელოცათ, ყველას გამოემშვიდობა, ყველა დალოცა და სულ მეუფეს უხმობდა, რომელიც იქვე სწირავდა და ლოცულობდა. სწორედ მის ლოცვაში დახუჭა თვალების.   წესი მეუფე არსენმა აუგო.


დაკრძალულია მოსკოვში, ვედენის მთაზე, მამა ალექსი მეჩევის საფლავის ახლოს.


დედა თამარის საფლავზე აღმართულია ხის თეთრი ჯვარი, რომელშიც ღვთისმშობლისა და ღირსი სერაფიმეს ხატებია ჩასმული. ქვედა კადონზე მეუფე არსენის ლოცვა-კურთხევით გაკეთებული წარწერაა: «Веруяй в Мя имать живот вечный».


 

სახე დედა თამარისა

დედა თამარის დარიგება ყოველთვის განსაზღვრული, კონკრეტული, ავტორიტეტული და თუ შეიძლება ასე ითქვას, მტკიცე იყო ხოლმე. ყველას ნდობას იმსახურებდა. გულითადად იღებდა ყველა მომსვლელს, საოცრად ახლო მიჰქონდა გულთან ყველას წუხილი, ყველას დარდი თუ სიხარული, საოცარი გარდასახვის უნარი ჰქონდა - შეეძლო საკუთარი თავი ჩაეყენებინა მასთან მოსული შეჭირვებულის მდგომარეობაში, მთელი არსებით განეცადა მისი წუხილი. ვფიქრობ, ამას იმიტომ ახერხებდა ასე კარგად, რომ ყველა მომსვლელს მთელი სულით და გულით, და, რაც მთავარია, უდიდესი სიყვარულით იღებდა.


ამ საოცრად პატარა ტანის ადამიანში უჩვეულო სიძლიერით იგრძნობოდა სულიერება. პირველად ბევრი ეკრძალვოდა მასთან მისვლასა და დალაპარაკებას. მაგრამ ეს პირველი კრძალვა, უკეთ, მორიდება, შიშნეულობა, მაშინვე ქრებოდა, როგორც კი შემოგხედავდა. მზერაში დიდი სითბო, სიყვარული და ყურადღება ირეკლებოდა. შესანიშნავი, საოცრად დიდრონი შავი თვალები ჰქონდა. სიბერის მიუხედავად, სახეზე მაინც შენარჩუნებული ჰქონდა არაჩვეულებრივი სილამაზისა და ქართული წარმომავლობის კვალი. მას ძალიან უყვარდა საქართველო, უხაროდა ახლობლებისა და ნათესავების ნახვა.


დედა თამარს საოცრად ლამაზი ჰქონდა ყველაფერი. ბრწყინავდა საოცარი სინატიფითა და თვალწარმტაცი სისუფთავით. ეკლესიაში წინ ხელსახოცს იფენდა და ლოცვისას ზედ იჩოქებდა. სისუფთავის ასეთ მოყვარულს ცხოვრება მოუხდა ჯერ ციხის საერთო საკანში, ხოლო შემდეგ - გლეხის ღარიბულ ქოხში.


დედა თამარი თურმე განდეგილის ჯაჭვს ატარებდა ტანზე. შეუძლებელი იყო იმის წარმოდგენა, რომ კოხტად მორგებული მონაზვნის ფაქიზი ტანსაცმლის ქვეშ, რომელიც სისუფთავისგან ქათქათებდა, ჯაჭვს ატარებდა. ისევე როგორც ძნელი იყო იმის წარმოდგენა, რომ საწოლზე ულეიბოდ, შიშველ ფიცარზე იწვა. საერთოდ კი ეძინა? იმ ოთახიდან, სადაც პერხუშკოვოში დებს ეძინათ ღამე, თუ ვინმე გამოიღვიძებდა, აშკარად ხვდებოდა, რომ ტიხარს იქით, სენაკში, დედა თამარი ფხიზლობდა. ცხადი იყო, ლოცულობდა.


დიდი ძალა ჰქონდა მის ლოცვას! იგი რწმენის უზარმაზარი ცეცხლით იყო აღვსილი.


მკაცრიც იყო. ხანდახან ბრაზდებოდა კიდევ, თუ ხედავდა, რომ რაიმე ისე არ კეთდებოდა, როგორც საჭირო იყო, ბრაზდებოდა, როცა რომელიმე დას შეეშლებოდა გალობა, რომელიც მას ძალიან უყვარდა. ყველა ერიდებოდა დედა თამარის განაწყენებას ან მისგან შენიშვნების მიღებას. მაგრამ მის წყენასა და შენიშვნაში პირქუშობის ნატამალიც კი არ იყო, ეს უფრო სრულყოფილებისა და წესრიგის მოთხოვნა იყო, რომელსაც ასე ელტვოდა მისი მგზნებარი გული. რაღაცნაირი ალერსითა და სიყვარულით წარმოთქვამდა შენიშვნასაც.


აქვე გვინდა ვახსენოთ მისი ერთი დარიგება: ნურასოდეს ჩაერევი საეკლესიო კამათში ხალხთან, რომელსაც განსხვავებული აზრი აქვს. რადგან ასეთი კამათი ვერასოდეს მიგიყვანს დადებით შედეგამდე, იგი მხოლოდ და მხოლოდ აბოროტებს და აღიზიანებს ადამიანებს. ამას კი აუცილებლად უნდა მოერიდო.


დედა თამარი ყოველთვის იყო ნათელი, გაბრწყინებული და მხიარული.


როგორ უყვარდა ბავშვები და რარიგ შეეძლო მათთან საუბარი! ბავშვებსაც საოცრად უყვარდათ იგი და გულღიად ესაუბრებოდნენ.


ზღვა ხალხი მოდიოდა მასთან და ყველა ექცეოდა მისი სულიერი მფარველობის ქვეშ. ყველას ისე გულითადად ხვდებოდა, როგორც საკუთარ შვილებს. ვფიქრობთ, სწორედ დედა თამარს ესადაგება პავლე მოციქულის სიტყვები: „ვითარცა მწუხარენი, და მარადის გვიხარის; ვითარცა გლახაკნი, და მრავალთა განვამდიდრებთ; ...გული ჩვენი განვრცომილ არს“ (2 კორ. 6, 10-12). ყველას უნაწილებდა სიყვარულს, აძლევდა გულითად რჩევას, დარიგებას, მითითებას. მთელი მიწიერი ცხოვრება, უკანასკნელ წუთამდე, „შვილებისათვის“ ზრუნავდა. მისი ლოცვა-კურთხევა დღესაც თანადგომასა და მფარველობას უწევს ყველას.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 18.02.2022
ბოლო რედაქტირება 23.06.2023
სულ რედაქტირებულია 5

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 12.10.2023
სულ რედაქტირებულია 1



მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0